მიმდინარე წლის სექტემბერში, დაარსებიდან ორმოცდაათი წელი უსრულდება ცნობილ ამერიკულ ჯგუფს “The Beach Boys”-ს.
ჯგუფი 1961 წელს, ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარე პატარა დასახლებულ პუნქტში გოტორნში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის იდეა სამ ძმა უილსონებს გაუჩნდათ. ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ბას გიტარა-ბრაიან უილსონი, ვოკალისტი-კარლ უილსონი, მედოლე-დენის უილსონი, ვოკალისტი-მაიკლ ლავი და გიტარისტი-ალან ჯარდინი.
მათი პირველი ალბომი “Surfin' Safars” 1961 წლით არის დათარიღებული. სამწუხაროდ მას წარმატება არ მოჰყოლია.
ჯგუფმა პოპულარობას 1963 წელს მიაღწია, როდესაც გაყიდვაში მათი სინგლი “Surfin' USA” გამოჩნდა.
“The Beach Boys”-ის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი 1995 წელს გამოშვებული ალბომი “Stars and Stripes. Vol. 1” აღმოჩნდა. ამის შემდეგ მუსიკოსები ძირითადად ძველი კომპოზიციების გადაკეთებით იყვნენ დაკავებული. ჯგუფის ბოლო მუსიკალურმა ალბომმა “Sounds Of Summer. The Very Best” დღის სინათლე 2002 წელს იხილა.
მიმდინარე წელს ამ ამერიკულ ჯგუფს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით გასული წლის ზაფხულში “The Beach Boys”-ის წევრები ერთმანეთს შეხვდნენ და 2011 წლის ზაფხულში რამდენიმე კონცერტის ჩატარება განიზრახეს. სამწუხაროდ ამ პროექტს ასრულება არ ეწერა.
გუშინ ჯგუფის ბას-გიტარისტმა ბრაიან უილსონმა პრეს-კონფერენცია მოიწვია. მისი ინფორმაციით, იმის მიუხედავად რომ შარშან მან და მისმა კოლეგებმა რამდენიმე კონცერტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, ამ პროექტს ვერ ახორციელებენ. ჯგუფის თითოეული წევრი ძალიან დაკავებულია და მათი ერთად თავმოყრა ვერ ხერხდება.
ასევე მოუცლელობის გამო ერთად ვერ იზეიმებენ ჯგუფის დაარსების საიუბილეო თარიღსაც.
“სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. “The Beach Boys” ჩვენთვის ისტორიის კუთვნილება გახდა. ჯგუფის თითოეულ წევრს ამჟამად საკუთარი ცხოვრება გააჩნია. საიუბილეო დღეებში ერთი კონცერტის ჩატარება გვსურდა, მაგრამ ამ საქმეს თავი ვერ მოვაბით”- განაცხადა ბრაიან უილსონმა.