გვენ სტეფანიმ სოლო კარიერა დაასრულა

გვენ სტეფანიმ სოლო კარიერა დაასრულა

გუშინ ჯგუფი “No Doubt”-ის ყოფილმა ვოკალისტმა გვენ სტეფანიმ პრეს-კონფერენცია მოიწვია და სოლო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

 

ქალბატონი გვენის ცნობით, ჯგუფთან განცალკევების შემდეგ პირადი კარიერის მოწყობა ჰქონდა განზრახული, მაგრამ ახალმა საქმიანობამ იმაზე მეტი ენერგია წაართვა ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა დაგეგმილი. ის ძალიან დაიღალა და შემოქმედებითი შვებულების აღება განიზრახა.

 

გვენ სტეფანიმ სოლო გამოსვლები 2003 წლიდან დაიწყო. მისი პირველი ალბომი “Love. Angel. Music. Baby.” გაყიდვაში 2004 წლის ნოემბერში გამოვიდა. მეორე ალბომმა “The Sweet Escape”-მ დღის სინათლე 2006 წელს იხილა. ამ ორივე ნამუშევრის მხარდასაჭერად მომღერალმა თავის დროზე მსოფლიო ტურნეები მოაწყო.

 

ჯგუფი “No Doubt”-ის ბოლო სტუდიური ჩანაწერი 2001 წლით თარიღდება. მისი სახელწოდება “Rock Steady” გახლდათ.

 

2004 წლიდან 2008 წლამდე ჯგუფს ახალი არაფერი არ შეუქმნია. სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა გვენ სტეფანიმ მუსიკალური მოღვაწეობის ცალკე გაგრძელება.

 

2008 წელს ჯგუფის წევრები კვლავ შეერთდნენ და ახალი ალბომის გამოშვება განიზრახეს. სამწუხაროდ ეს იდეა ვერ განახორციელეს, რადგან გვენ სტეფანი საკუთარი პროექტებით იყო დაკავებული.