თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედნტო საქმის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება რიტუალურ მკვლელობას, ეს არის ერთადერთი საქმე, სადაც, შესაძლოა, კანიბალიზმიც იკვეთებოდეს. ე.წ. კანიბალების საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს განახლდება. ირმა ყოჩიაშვილი, რომელისაც დედის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, თავს დამნაშავედ ცნობს.
რაც შეეხება მის მეგობარ მამაკაცს ბექა შენგელიას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს. მისი თქმით, მკვლელობას რიტუალური მიზანი არ ჰქონია.
გამოძიების ინფორმაციით, 18 წლის ირმა ყოჩიაშვილმა არასრულწლოვანი მეგობრისა და 23 წლის მეგობარი მამაკაცის ბექა შენგელიას დახმარებით, გამზრდელი დედა, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ გვამი დანით დაანაწევრა და ნაგავსაყრელზე დაწვა. საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ჯგუფის მიერ ირმა ყოჩიაშვილის მამის მკვლელობაც იგეგმებოდა. მისი თქმით, მამის მკვლელობის შესახებ გეგმა საქმის მასალებში იკვეთება.
საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულები დაკითხეს. ერთ-ერთი ბრალდებული, ბექა შენგელია აცხადებს, რომ გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების მიზნით და არა რიტუალური მოტივებისთვის. შენგელია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.
„თავს ნაწილობრივ უდანაშაულოს ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული“, - აცხადებს ბრალდებული შენგელია.
კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული შენგელია აცხადებს, რომ ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და მას თამამად შეიძლება ეწოდოს მსხვერპლი. შენგელია აცხადებს, რომ მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ მყოფ ირმა ყოჩიაშვილს სოლიდური თანხა გამოსძალა და მიმართა სასამართლოს, რომ შეისწავლონ ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა.
„ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას“, - აღნიშნა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.
რაც შეეხება ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს, რომელიც მოკლული ქალის შვილია, თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სრულად ცნობს. დედის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ ის იქნები ადამიანი, რომელიც ფიზიკა-ქიმიის დარგში გადატრიალებას მოახდენს. ირმა ყოჩიაშვილის თქმით, დედის მკვლელობაში მისმა მეგობარმა დაითანხმა, რადგან მისმა მშობლებმა სიცოცხლე გაუმწარეს.
„ჩემი დათანხმება და მოტივაცია გამოიწვია იმან, რომ ლუბა და ომარ ყოჩიაშვილი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც 19 წელი სიცოცხლე გამიმწარეს. მათი მხრიდან ყველანაირი ძალადობა იყო ჩემზე. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი. მე შემეძლო არ მივსულიყავი შემთხვევის ადგილას, მაგრამ ეს იყო გამოცდილება. ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში და მინდოდა მიმეღო გამოცდილება და მენახა ეს კადრები. მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ველოდი.
ციხეში იმასაც ვაცნობიერებ, რომ შეიძლება ბევრი წელი მომისაჯონ, ამიტომ ჩემს თავში კიდევ ერთი ნიჭი აღმოვაჩინე. ჩემი ცნობიერება ხელოვნებიდან ფიზიკის წიგნის განხრით წავიდა. ჩემს მეორე წიგნს ფიზიკა ქიმიაზე ვწერ და მე ვიქნები ადამიანი, რომელიც ფიზიკა-ქიმიის დარგში გადატრიალებას მოახდენს. როცა დედა შვილს ეუბნება, შენ დედამიწაზე უნდა იყო და ჩემი შვილი საფლავშიო, მერე გადაგეკეტება ნამდვილად“, - ამბობს ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი.
ბრალდებული მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ 19 წლის განმავლობაში ფიზიკური ზეწოლა იყო და სხეულზე შრამები აქვს. თუმცა, აქვე დასძინა, რომ მის სხეულზე არსებული ტატუები არ არის დაკავშირებული რიტუალებთან და სატანიზმთან.
„მე არანაირ რიტუალებში არ მიმიღია მონაწილეობა. ტანზე ბევრი შრამი მაქვს და არიან კიდეც თვითმხილველები. შვიდი წლის ასაკში გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი, რაც ჩემთვის სტრესი იყო. ჩემი ზიზღის მიზეზი მშობლების მხრიდან იყო ის, რომ მათ გარდაცვლილი ჰყავდათ შვილი და მეუბნებოდნენ, შენ მასავით არ იქცევი და არ ლაპარაკობო. მითხრეს შენ უნდა იწყვე საფლავში და ია ცოცხალი უნდა იყოსო“, - აღნიშნა ირმა ყოჩიაშვილმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულების საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ, რადგან ორივე ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო განხილვების წარმოებაზე უარი განაცხადეს. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, მას გაუუქმდეს შეფარდებული პატიმრობა და მის მიმართ არ იქნას გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არანაირი ფორმა.