სრული სვლით უკან - უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისკენ!

სრული სვლით უკან - უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისკენ!

[მანანა აბაშიძე]
უკრაინის ჯერ კიდევ ახლად არჩეულად წოდებულმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა პირველი მრგვალი თარიღი აღნიშნა - 100 დღე ინაუგურაციიდან. დღეს მოქმედ ლიდერთა შორის ძნელი გასახსენებელი იქნება პირველი პირი, რომელმაც სულ რაღაც 100 დღეში მოასწრო და ამდენი საკამათო ნაბიჯი გადადგა.

მთლიანობაში, ყველა მათგანს თუ შევაჯამებთ, ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთება: უკრაინა არამარტო საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ამბობს უარს პროდასავლურ კურსზე. იანუკოვიჩი მმართველობის სტილითაც ცდილობს თავის რუს კოლეგებს დაემსგავსოს. საინტერესოა, რომ ამას უკვე მიაქცია ყურადღება დასავლურმა მედიამ. ასე მაგალითად, ერთ-ერთ სლოვაკურ გაზეთში (SME) გამოქვეყნდა სტატია სათაურით, ”იანუკოვიჩის ახალი კურსი - პუტინიზაცია”:

- ”უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ იანუკოვიჩი პუტინის გზით მიდის. ამ სემთხვევაში ისინი გულისხმობენ არა პრორუსულ კურსს, არამედ, უკრაინის ახალი ხელისუფლების მცდელობებს, განდევნოს ტელეეკრანებიდან ყველა, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ”- ნათქვამია სტატიაში.

ამ და კიდევ ზოგიერთი სხვა ფაქტების გათვალისწინებით, უკრაინის პრეზიდენტის მმართველობის პირველი 100 დღის განხილვისას სწორედ ამ ორ მთავარ ტენდენციაზე უნდა შევაჩეროთ ყურადღება.

პრორუსული კურსი
ხელისუფლებაში მოსვლის 100 დღის განმავლობაში, იანუკოვიჩმა რუსეთის მიმართულებით იმდენი ნაბიჯის გადადგმა მოასწრო რამდენიც, მის წინამორბედებს ალბათ, თავიანთი მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ გადადუდგამთ. მათგან ყველაზე დიდი აღშფოთება ცხადია, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში 2042 წლამდე(მინიმუმ, შესაძლოა, მეტი ხნითაც) დატოვებამ გამოიწვია. აღარაფერს ვამბობთ ისეთ წვრილმან დეტალებზე, როგორებიცაა:

”გოლოდომორის” უარყოფა - იანუკოვიჩის აზრით, ეს მთლიანად საბჭოთა რესპუბლიკების ტრაგედია იყო და არა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

სტეფან ბენდერასთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების შეჩერება - რაც იანუკოვიჩის ინიცირებით მოხდა - და ა.შ.

მსგავს ”წვრილმანებს” შორისაა, ისეთი უმნიშვნელოვანესი თემა როგორიცაა, რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება. სხვათაშორის, ამ თემით იანუკოვიჩი ყველაზე დიდ ხანს ”ჟონგლირებდა”. თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ამ საკითხის ირგვლივ კამათსაც წერტილი დაესვა.

უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტის ინიციატივით, უკრაინის პარლამენტმა მიიღო დადგენილება რომელშიც ნათქვამია, რომ ”უკრაინული ენა რჩება ერთადერთ სახელმწიფო ენად. თუმცა, ხელისუფლება იძლევა გარანტიას, რომ უზრუნველყოფილი იქნება რუსული ენის თავისუფალი განვითარება, გამოყენება და დაცვა. სწორედ ისევე, როგორც სხვა ეროვნული უმცირესობების ენებისა”.

ერთი შეხედვით, თითქოს, ნეიტრალური ფორმულირებაა და უკრაინულსაც აარფერი ემუქრება. თუმცა, პრაქტიკაში, ეს ნეიტრალიტეტი სულ სხვაგვარად გამოიყურება.

რადას მიერ ზემოთხსენებული გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რაღაც 2-3 დღეში, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის განათლების მინისტრის, დიმიტრი ტაბაჩნიკის ინიციატივით, სკოლებში დამოუკიდებელ სასწავლო დისციპლიჯნად, შეტანილ იქნა რუსული ლიტერატურის კურსი. ამისთვის საჭირო საათები კი, უკრაინული ლიტერატურისთვის განკუთვნილი საათების შემცირების ხარჯზე გამოიძებნა.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ პირველი 100 დღის მიჯნაზე მყოფი იანუკოვიჩის ბოლო დღეები მართლაც დატვირთული იყო პრორუსული ინიციატივებით. ასე მაგალითად, 5 ივნისს რადამ შესაშური ოპერატიულობით დაამტკიცა კანონ-პროექტი, რომელსაც ”უკრაინის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საფუძვლები” ეწოდება. მისი ძალით, უკვე სამართლებრივად გაფორმდა ის, რასაც მანამდე უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ ზეპირი განცხადებებით აანონსებდა: უკრაინა ოფიციალურად გამოცხადდა ”არაბლოკურ სახელმწიფოდ”. ანუ ნატოზე უარი უკვე სამართლებრივ დონეზე ითქვა. იანუკოვიჩის თქმით, ახლა მთელი ყურადღება ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება - გაღრმავებაზე და შემდგომ ინტეგრაციაზე იქნება გადატანილი.

უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ადგილობრივი სოციოლოგები თუ პოლიტიკური ექსპერტები სხავათაშორის, ამბობდნენ, რომ რიტორიკის და ზეპირი განცხადებების დონეზე, ეს მიდგომა ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება. ”არსებული კვლვების თანახმად, უკრაინის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, დაინტერესებული და მომხრეა ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისა. პარალელურად, თიტქმის ამდენივე, ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება”-აღნიშნავენ უკრაინელი მკვლევარები.

სოციოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ახლა უკრაინელებისთვის საგარეო პოლიტიკურ კურსზე უფრო მნიშვნელოვანი, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაა. ამის დასტურად, იხსენებენ იმას, რომ შავი ზღვის ფლოტისთვის ბაზირების ვადის გაგრძელების შემდეგაც კი, საერთო აღშფოთების ფონზე, ოპოზიციამ, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხის გამოყვანა უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებშიც კი ვერ შესძლო.
”ამგვარად, ნათელია, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლებისთვის ”საჯილდაო ქვა” სწორედ ეკონომიკური პროგრამა იქნება” - ასკვნიან ისინი.

ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვარის ნიველირება
- ”ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება სახიფათოა არამარტო უკრაინის თითოეული მოქალაქისთვის, არამედ, მთლიანად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ცემს ქვეყანაში დაწყებულია დიდი უბედურება და ეს, საბოლოოდ, ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიგვიყვანს. ყველაფერი რაც უკრაინელებისთვის მართლაც ფასეულია, ამ 100 დღის განმავლობაში ან უკვე განადგურდა, ან მათი მნიშვნელობა მეტისმეტად ნიველირებულია” - განაცხადა ექს-პრემიერმა იულია ტიმოშენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თანაგამომსვლელებთან შეხვედრისას.

ტიმოშენკოს შეშფოთება უსაფუძვლო რომ არ არის, ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს.

ზევით უკვე ვახსენეთ, რადას მიერ შესაშური ოპერატიულობით მიიღო დოკუმენტი ”უკრაინის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საფუძვლები”. იმავე საღამოს, ამასთან დაკავშირებით, სასახლეში ”უკრაინა”, იანუკოვიჩი ამ დოკუმენტის პატივსაცემ პომპეზურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ოპოზიციამ და ახალი კანონით აღშფოთებულმა მოსახლეობამ სცადეს, სასახლის პიკეტირება მოეხდინათ.

ცხადია, მათ ეს ვერ შესძლეს. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილენი ალყაში მოაქცია და აიძულა შენობიდან მოშორებით გადაენაცვლებინათ. სასახლის გარშემო გათავისუფლებული ადგილი კი, ”რეგიონების პარტიის” მიერ ოპერატიულად მობილიზებულმა ხელისუფლების მხარდამჭერებმა დაიკავეს. ისინი იანუკოვიჩისა და მიღებული დოკუმენტის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ აქციის ჩატარება პირდაპირ სასამართლომ აკრძალა. ამ ფონზე, უკრაინელი ჟურნალისტები სულ უფრო და უფრო ხშირად იხსენებენ ლეონიდ კუჩმას მმართველობის პერიოდს და აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს მკაცრად აკონტროლოს მედია - არამარტო ტელევიზიები, არამედ, პრესაც. რამდენიმე ტელეარხს მაუწყებლობის ლიცენზია უკვე ჩამოართვეს. ხოლო ვისაც ლიცენზია ჯერ კიდევ აქვს, ბეჭდური მედიის ინფორმაციით, რეგიონების პარტიის მაღალჩინოსნები სხვადასხვა გზებით ცდილობენ მათ ხელში ჩაგდებას.

პარალელურად, იანუკოვიჩი მაქსიმალურად აძლიერებს სახელისუფელბო ვერტიკალს. მისი თქმით, ეს იმითაა განპირობებული, რომ აუცილებელია ”პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის სწრაფი, მობილიზებული და შეთანხმებული ურთიერთობა რაც საბოლოოდ, პოლიტიკური არასტაბილურობის დასრუელაბმდე მიგვიყვანს”-ხშირად აღნიშნავს თავის გამოსვლებში უკრაინის პრეზიდენტი. ასე ცდილობს იგი, შეალამაზოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. მისგან განსხვავებით, უფრო პირადპირები არიან ექსპერტები. ინტერვიუებში ისინი უკვე, გამოკვეთილ ტენდენციებზე საუბრობენ.

- ”ტენდენცია აშკარაა... ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე: ან სენარჩუნდეს კონკრეტული დემოკრატია ან ჩამოყალიბდება ახალი, უკრაინული მოდელი უკვე არსებული რუსული მართვადი დემოკრატიისა. ავტორიტარული ტენდენციები უკვე გამოიკვეთა”- აცხადებს გამოყენებითი პოლიტიკის ცენტრ ”პენტას” მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, ვლადიმერ ფესენკო. მის მოსაზრებებს სრულად იზიარებს მეორე ექსპერტიც.

- ”იანუკოვიჩმა თავიდანვე დაისახა მიზნად, ”ნარინჯისფერი რევოლუციის” მეკვიდრეობის მთლიანი ნიველირება. ამ მოკლე დროში მან თიტქმის მიაღწია კიდევაც ამას. აღდგენილია მკაცრი სახელისუფლებო ვერტიკალი; საფუძველი ჩაეყარა და გამყარდა სტაბილურობისა და მართვადობის პრინციპს პოსტ-საბჭოთა გაგებით... ახლა უკვე, ხელისუფლება აშკარად მზადაა, ხელყოს ”ნარინჯისფერი რევოლუციის” მთავარი მონაპოვარი: მედიის თავისუფლება!.. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად ძალაგამოცლილია და სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებს”-აღნიშნავს უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში კიევის გლობალური სტრატეგიების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვადიმ კარასევი.

ის ყველაფერი რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, ექსპერტებს სესაძლებლობას აძლევთ, განაცხადონ, რომ იანუკოვიჩი ცდილობს, უკრაინა მართოს სწორედ იმავე სტილით, როგორითაც რუსეთს მართავენ მისი დღევანდელი მმართველები. თავის მხრივ, ალბათ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საყოველთაოდ ცნობილია: რუსეთი, მცირედ სახეცვლილი მეთოდებით, მაგრამ ფაქტობრივად, საბჭოური წესებით იმართება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკრაინელი ექსპერტები ასკვნიან: უკრაინა სრული სვლით უკან, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისკენ მიექანება.