ლალი სესიაშვილს განაჩენს დღედღეზე გამოუტანენ

ლალი სესიაშვილს განაჩენს დღედღეზე გამოუტანენ

[ნინო მიქიაშვილი]
ჯგუფთან ერთად (რომლის წევრები ერთმანეთს არ იცნობდნენ), დიდი ოდენობით ქონების მითვისებაში მსჯავრდებულ ახალგაზრდა ქალს, რომელიც საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს და მზადაა ციხეში იჯდეს, სანამ თავის სიმართლეს დაამტკიცებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მზია ლომთათიძე დღედღეზე განაჩენს გამოუტანს.

პრესა.გე საქალაქო სასამართლოში გამართულ თითქმის ყველა პროცესს დაესწრო, მაგრამ იქ არავის წარმოუდგენია და დაუსაბუთებია რა ქონება მიიტაცა მსჯავრდებულმა. ფაქტიურად, ლალი სესიაშვილს ედავებიან იმაში, რომ იგი გასესხებული 6,500 დოლარის უკან დაბრუნებას მოითხოვდა, რა დროსაც, ალბათ, მისდა მოულოდნელად, გადაიკვეთა მისი და ძმები: ახალაიებისა და კოდუების ახლობლის, აბესალომ, იგივე ბადრი გულორდავას გზები. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი გულარდოვა ახლა თავს მშობლიურ საქართველოს აფარებს – რუსი სამართალდამცავები ქართველ ბიზნესმენს ბიუჯეტისთვის მიყენებული დიდი ოდენობით ზარალის გამო ეძებენ.

კონკრეტულად რა კავშირია ერთმანეთთან ქართველი უფლებადამცველების მიერ, უკანონო პატიმრად აღიარებული ლალი სესიაშვილის საქმე აბესალომ გულორდავასთან, ამას მსჯავრდებულის დასთან, ნათია სესიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნათია სესიაშვილი: ჩემმა დამ, 2005 წელს, საშუამავლო ფირმის მეშვეობით, იპოთეკური ხელშეკრულების საფუძველზე 6 500 აშშ დოლარი გაასესხა. ერთი წლის განმავლობაში მას პროცენტი არ გადაუხადეს; მსესხებლებთან არც ხვეწნამ გაჭრა, არც მუდარამ და ამიტომ, იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული ერთ–ერთი მუხლის საფუძველზე, ჩემმა დამ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა; არბიტრმა ჩემი დის (და მასთან ერთად 2 იპოთეკარის) სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.

მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟომ სააღსრულებო ფურცელი გამოწერა, ლალი ისევ შეეხმიანა მსესხებლებს (მჟავანაძეებს) და გააფრთხილა, რომ ქობულეთში მდებარე, მათი კუთვნილი სახლი, რომელიც იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული, შეიძლებოდა საჯარო აუქციონზე გასაყიდად გაეტანათ, რადგან ისინი იპოთეკური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს არ იხდიდნენ. იმის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა, რაზეც ახლა გიამბობთ, საქმის მასალებში დევს.

თხოვნები, გაფრთხილებები მჟავანაძეებმა ყურს მიღმა გაატარეს; 2006 წლის 7 ნოემბერს მათი ბინა საჯარო აუქციონზე გაიყიდა; ჩემმს დას (და მასთან ერთად ორ იპოთეკარს) თავისი კუთვნილი თანხა ანგარიშზე ჩაურიცხეს.

რატომ და როგორ ჩაერია ამ საქმეში პროკურატურა?
– ამაზე ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ. საქმე იმაშია, რომ ამ ბინის საჯარო აუქციონზე გაყიდვიდან 1 წლის შემდეგ, მჟავანაძეები გაყიდულ და იმ წუთისთვის დაკეტილ სახლში შეიჭრნენ და სხვისი საკუთრება გაყიდეს; ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მაქვს – 2007 წლის ნოემბერში, მჟავანაძეებმა გულორდავებთან ურთიერთშეთანხმების ხელწერილი გააფორმეს. ბუნებრივია, ამ დეტალების შესახებ იმ წუთში არაფერი ვიცოდით; ეს მოგვიანებით შევიტყვე, როცა დამოუკიდებლად დავიწყე ჩემი დის საქმის გამოძიება.

მჟავანაძეებმა უშუალოდ აბესალომ გულორდავას მიჰყიდეს, აუქციონზე გაყიდული სახლი?
– მაშინ აბესალომ გულორდავა რუსეთში იყო; საქართველოში მისი და, მარინა გულორდავა ცხოვრობს; ურთიერთშეთანხმების ხელწერილში წერია, რომ მარინა გულორდავა და აბესალომ გულორდავას წარმომადგენელი, გურამ ჭანტურია ჩავიდნენ ქობულეთში, შეხვდნენ მჟავანაძეებს, ბინა დაათვალიერეს, მოეწონათ და ყიდვაზე დათანხმდნენ; ბეს სახით 160 000 დატოვეს. ეს ფაქტი საქმის გამოძიების ეტაპზე მჟავანაძეებმაც და მარინა გულორდავამაც აღიარეს – ბე გადავიხადეთ და მერე დარჩენილი თანხა ნელ–ნელა გადავრიცხეთო.

ანუ აღიარეს, რომ აუქციონზე გაყიდული ბინა ხელმეორედ გაიყიდა?!
– დიახ, აღიარეს, რომ გაყიდული ბინა იყიდეს. სწორედ ესაა თაღლითობა და არა ის, რასაც ჩემს დას უსამართლოდ აბრალებენ.

გულორდავებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს?
– მას შემდეგ, რაც გამოძიების ეტაპზე ზემოხსენებული ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება წარვადგინეთ და აბესალომ გულორდავას სახელი ამოტივტივდა, როგორც ჩანს, პროკურატურისთვის ხელსაყრელი არ იყო რუსეთში “სახელგანთქმულ“ ბიზნესმენზე ხმამაღლა ვინმეს ელაპარაკა; ადგნენ და ქობულეთის სახლი მარინა გულორდავაზე გადააფორმეს და შესაბამისად, გამოძიების დროს, 2009 წლის 9 ივნვარს, მარინა გულორდავა დაკითხეს. სასამართლოზე მას ჩვენება არ მიუცია. ჩვენმა ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ სასამართლოზე მათი დაკითხვა არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ ეს ყურად არც მოსამართლემ იღო და არც პროკურორმა.

რა თქვა გამოძიების ეტაპზე დაკითხულმა ბიზნესმენის დამ?
– იმ მომენტში არ ვიცოდით, რომ ეს სახლი უკვე სხვისი საკუთრება იყო, ამის შესახებ მოგვიანებით გავიგეთ, როცა მჟავანაძეებმა სახლის ჩვენთვის გადმოფორმება ვერ შეძლეს, მაგრამ ჩემს ძმას რუსეთიდან უკვე გადმორიცხული ჰქონდა 160 000–იო. ანუ გამოდის რომ ბინის საბოლოოდ გადაფორმებამდე, გულორდავებმა უკვე იცოდნენ, რომ მათ მჟავანაძეებმა ბინა თაღლითური გზით მიჰყიდეს, ფაქტიურად თანხა გამოსძალეს, მაგრამ გულორდავებს უკან არ დაუხევიათ – როცა დარწმუნდნენ, რომ ბეს სახით გადარიცხულ თანხას უკან ვერ ამოიღებდნენ, გადაწყვიტეს რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, 160 ათასი არ დაეკარგათ და ბინა საბოლოოდ გადაეფორმებინათ. მათ ალბათ არ ადარდებდათ ამ საქმის გამო უდანაშაულო ლალი სესიაშვილს დაიჭერდნენ, თუ ნახევარ თბილისს;

რამდენი გადაიხადეს გულორდავებმა ამ სახლში?
– ვიცი ის, რომ მჟავანაძეებმა თაღლითური გზით ეს ბინა 365 000–ად გაყიდეს.

რატომ დაინტერესდნენ გულორდავები მაინცდამაინც ამ სახლით, რა იცით ამის შესახებ?
– სახლის მეპატრონის შვილის, რომან მჟავანაძის განცხადებით, აბესალომ გულორდავას წარმომადგენელი, გურამ ჭანტურია მჟავანაძეების სახლში მივიდა და განაცხადა, რომ ბადრი გულორდავას ქობულეთში სახლის შეძენა უნდა და ამ სახლს ხომ არ ჰყიდითო. უშუალოდ ამ საკითხის ირგვლივ მეტი არაფერი ვიცი.

თქვენი ინფორმაციით, ამ საქმესთან ძმებ ახალაიებსა და კოდუებს კონკრეტულად რა აკავშირებთ? 2009 წლის აპრილში, სანამ ამ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო დაიწყებდა, ამ საქმეზე, ჩვენს მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ მოკვლევაში, ახალაიებისა და კოდუების გვარები წამოტივტივდა.
– ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა, ბუნებრივია არ გამაჩნია, მაგრამ თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებს დეტალურად შეისწვალით, ცხადი გახდება, რომ ამ საქმით “ზემოდან“ არიან დაინტერესებულები; ეს არის ორჯერ ორი ოთხი. იმ ოჯახისგან (ჩოკოშვილები), რომელმაც აუქციონზე გაყიდული სახლი შეიძინა, ვიცი ის, რომ მათ გამოძიების ეტაპზე, პროკურატურიდან უთხრეს – “ამ საქმით ახალაიები არიან დაინტერესებულები და უნდა დათმოო“.

მოგვიანებით, ოღონდ ისევ გამოძიების ეტაპზე, ამავე ოჯახის წევრებმა მითხრეს – “ჩვენ მაგათთან რას გავხდებით?! გულორდავა კოდუების ბავშვობის მეგობარი ყოფილაო“. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი – ადამიანს ბინა ყველა ვარიანტში უნდა გადაეფორმებინა, რადგან პირველ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდა გადახდილი, რისი დაკარგვაც არ უნდოდა და ამიტომ, საქმეში თავისი გავლენიანი ახლობლები ჩარია.

რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობით, აბესალომ გულორდავას საქმიანი პარტნიორია იმ უკრაინული ჟურნალის მფლობელის ძმა, რომელმაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე, აქედან ჩასულ ეგრეთ წოდებულ დამკვირვებლებს ჟურნალისტის მოწმობები დაურიგა.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ და როგორ ჩაერია პროკურატურა ამ საქმეში – ერთი ხელით მჟავანაძეებმა აუქციონზე გაყიდული სახლი გულორდავებს უკაცრავად და შეასაღეს და მეორით, გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სახელზე საჩივარი შეიტანეს – სახლი წაგვართვეს, არიქა, გვიშველეთო. არადა, აუქციონის შემდეგ მჟავანაძეებმა ბინა ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ნებაყოფლობით დატოვეს (ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებშია) და ახალ მფლობელს, ანუ ჩოკოშვილებს გადასცეს. მჟავანაძეების საჩივარი პროკურატურამ შესაშური სისწრაფით განიხილა და გამოძიება დაიწყო. 2009 წლის თებერვალში ჩემს დას დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.

როდის დააკავეს თქვენი და, რომელიც იძებნებოდა?
– 2010 წლის 4 თებერვალს, თბილისში, ქუჩაში დააკავეს. მაშინ უკვე საქალაქო სასამართლოს მისთვის 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება და 22 ივნისს თუ არა, 29–ში ალბათ, მოსამართლე მზია ლომთათიძე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ლალი აქტიურადაა ჩართული სასამართლო პროცესში; ბოლო სხდომაზე ნერვებმა უმტყუნა და პროკურორს უყვირა – “მითხარით რა დავაშავე?! დამიდეთ ჩემი დანაშაულის დამამტკიცებელი ერთი დოკუმენტი მაინც და ხმას აღარ ამოვიღებო“. ამაზე მოსამართლე გადაირია – “პროკურორისთვის კითხვების დასმა არ შეიძლებაო“.

შემდეგ მოსამართლეს სთხოვა – “მაშინ თქვენ მოგმართავთ, ვიღაცამ ხომ უნდა გამცეთ პასუხი?! მაგიდაზე მთელი 8 ტომი გიდევთ და ამ რვა ტომიდან ერთ საბუთს მაინც დაადეთ ხელი, რომელიც ჩემს დანაშაულს ამტკიცებსო“ და იმათმა ხმა ვერ ამოიღეს.

დაახლოებით ორი კვირის წინ, პროკურატურიდან შემოუთვალეს, “დაწეროს განცხადება, შემოგვთავაზოსო“. ამაზე ადრეც იყო ლაპარაკი – “ოღონდ სესიაშვილი საპროცესოზე წავიდეს და მაგისი არაფერი არ გვინდაო“. ალბათ, გასაგებია, რომ თანხაზეა ლაპარაკი. ძალიან უნდათ, რომ ლალიმ დანაშაული დაიბრალოს და თქვას “თაღლითი ვარო“; ეს მათ შეკერილ საქმეს წერტილს დაუსვამს და მშვიდად ძილის საშუალებას მისცემთ. რასაკვირველია, ლალი ამ გარიგებაზე უარს ამბობს – “არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, ამას ვერ დავიბრალებ და ვერც სხვას, უდანაშაულოს დავადებ ხელს; აქ ვიჯდები და ჩემს სიმართლეს საქართველოში თუ არა, ევროსასამართლოში მაინც დავამტკიცებო“. ანუ სხვაზეც სთხოვენ ხელის დადებას.

უშუალოდ ვისზე სთხოვენ ხელის დადებას?
– ეს დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით ნოტარიუსზე, აღმასრულებელზე, არბიტრზე. ჯერ საქალაქო სასამართლოში და ახლა სააპელაციოში პროცესები მიდის ტენდენციურად, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, დღევანდელ სასამართლოებში, როცა მოსამართლეები პროკურატურის ინტერესებს ურცხვად ატარებენ, სხდომები ტენდენციურად მიჰყავთ და ზუსტად ის გადაწყვეტილებები გამოაქვთ, რაც პროკურატურას უნდა.

ამის გამო, ჩვენმა ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს განცხადებით მიმართა – “პროცესები არასწორად მიდის და გთხოვთ, თქვენ, ან თქვენი წარმომადგენელი სხდომებს დაესწროს, რათა ამაში თავად დარწმუნდეთო“. ზაზა ხატიაშვილი სხდომებს ხშირად ესწრება, ისევე, როგორც ასოციაცია “კანონი ხალხისთვის“ ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი.

ჩემი დის საქმით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაინტერესება გამოხატა, განაჩენი მოითხოვა, მივაწოდეთ, მაგრამ ჯერჯერობით მისგან რაიმე პასუხი არ მიგვიღია; ველოდებით.

მოგეხსენებათ, ეკა ბესელიამ, “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დაფუძნების შემდეგ უკანონო პატიმრების სიის შედგენა დაიწყო, რომელშიც ჩემი და რიგით 35–ეა. ლალის საქმის ვითარება იციან “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ლიდერებმა – ნანა კაკაბაძემ და გელა ნიკოლაიშვილმა; ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში ორჯერ გავიდა ამ საკითხზე მომზადებული სიუჟეტი, ისევე როგორც მომზადდა გადაცემა, რადიო “მონტე კარლოზე“, სადაც “ობიექტივი“ მაუწყებლობს. ასე რომ, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ლალის, როგორც უკანონო პატიმარს, აქვს მორალური მხარდაჭერა, რაც მას უკანონო პატიმრობაში, სამართლის პოვნის დიდ იმედს აძლევს, ისევე, როგორც ჩვენ, მისი ოჯახის წევრებს.