„განსაკუთრებით აშშ-სთან მიმართებაში ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა „ფეტო“-ს ლიდერის გადმოცემა“

„განსაკუთრებით აშშ-სთან მიმართებაში ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა „ფეტო“-ს ლიდერის გადმოცემა“

„არ არსებობს რაიმე სახის ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის უკან იდგა „ფეტოს“ ტერორისტული ორგანიზაცია და მისი ლიდერი ფეთულაჰ გულენი. ამას ადასტურებს პუტჩისტების აღიარებითი ჩვენებები. მაგრამ ამ ჭეშმარიტების ყველაზე ნათელი დადასტურებაა ჩვენი გენშტაბის უფროსის ჩვენება, სადაც იგი აღწერს 15 ივლისის ღამის მოვლენებს“, - აცხადენს for.ge-სთან საუბრისას თურქეთის ელჩი საქართველოში,ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, რომლის განცხადებით თურქეთი იმედოვნებს, რომ მოკავშირეობისა და სამართლიანობის ფარგლებში მოხდეს  „ფეტოს“ ლიდერის თურქეთისათვის გადმოცემა.

for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან.

თურქეთში მდებარე ინჯირლიკის სამხედრო ბაზის დახურვა მოითხვა ათასობით ადამიანმა თურქეთის ხელისუფლებისგან. რუსული პრესა წერს, რომ თურქული გამოცემა Yeni Safak-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამერიკელი თადარიგის გენერალი ჯონ კემპბელი ინჯირლიკის ბაზაზე სამხედრო გადატრიალების წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს ატარებდა და დახმარებას უწევდა. ბატონო ელჩო, იკვეთება გენერალ კემპელის ამბოხებულებთან კავშირი?

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ:თურქეთში, ფეთულაჰ გულენის ტერორისტული ორგანიზაცია „ფეტო“-ს მიერ 15 ივლისს, განხორციელებული წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ ინჯირლიკის ბაზასთან დაკავშირებით გავრცელდა ბევრი ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილიც არ შეესაბამება სინამდვილეს. გადატრიალების მცდელობის მეორე დღეს, უსაფრთხოების დანაყოფების მიერ ჩატარდა ოპერაცია თურქეთის შეირაღებული ძალების იმ წევრების გამოსავლენად და დასაკავებლად, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პუტჩში. აქედან გამომდინარე, მიღებული უსაფრთხოების ზომების შესაბამისად, დროებით შეჩერდა ინჯირლიკის ბაზის ფუნქციონირება, რაც ძალიან მალევე აღდგა და ამჟამად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

გასულ კვირას თურქეთს ეწვია აშშ-ს გენერალური შტაბის უფროსი დანფორდი, რომელიც იმყოფებოდა ინჯირლიკის ბაზაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, იმავე შემართებით გაგრძელდება ტერორისტულ ორგანიზაციადაიში წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც თურქეთისა და ამერიკისათვის ასევე, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ არავითარი ცვლილება არ მომხდარა ინჯირლიკის ბაზის ლოკაციისა და როლის თვალსაზრისით. თურქეთში ვიზიტის დროს, აშშ-ს გენერალური შტაბის უფროსმა, ისევე როგორც მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ, გაზგასმით განაცხადა, რომ აშშ მკაცრად გმობს გადატრიალების მცდელობას და მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიული გზით არჩეულ მთვრობას. მან აგრეთვე გარკვევით უარყო გავრცელებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აშშ-მ წინასწარ იცოდა მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ. ჩვენც რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ჩვენი მოკავშირისა და პარტნიორის, აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

რა თქმა უნდა, რეალობას შეესაბამება ისიც, რომ აშშ-სა და ჩვენი დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისაგან ველოდებით არა მხოლოდ სიტყვიერ, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს თურქეთში დემოკრატიის დამხობისკენ მიმართული პუტჩის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ველით, რომ აშშ-მ და ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა კატეგორიული პოზიცია დააფიქსირონ „ფეტო“-ს უცხოეთში არსებული საგანმანათლებლო, მედია და ბიზნეს კავშირების განეიტრალების საკითხში.

განსაკუთრებით აშშ-სთან მიმართებაში ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა „ფეტო“-ს ლიდერის გადმოცემა, რომელიც უკვე მრავალი წელია ცხოვრობს ამერიკაში, რათა  ასობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი ტერორისტი თურქეთში წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვართ მეგობრები და მოკავშირეები, არამედ იმის გამოც, რომ იგი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპს.

ნატოს წევრი, სუპერ სახელმწიფო აცხადებს 3 თვიან საგანგებო მდგომარეობას, ეს დემოკრატიული პროცესების განვითარებას არ აფერხებს?

-თურქეთში, 15 ივლისის, პუტჩის დროს დაიღუპა 200-ზე მეტი და დაშავდა ათასობით ადამიანი, ხოლო მისი წარმატების შემთხვევაში უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა მთელი რეგიონი. აღნიშნულის გათვალისწინებით, თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 120-ე მუხლის თანახმად, თურქეთის დიდი ეროვნული კრების მიერ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

ეს იყო სრულიად ბუნებრივი, კანონიერი და შექმნილ საფრთხეებზე  თანაზომადი რეაქცია, რასაც ითვალისწინებს ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა და შესაბამის შემთხვევებში ხდება მისი გამოყენება. გასულ პერიოდში, ბევრად უფრო მცირე მაშტაბის ტერორისტული თავდასხმისა და საფრთხეების გათვალისწინებით, მსგავსი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საფრანგეთსა და ბელგიაში. საფრანგეთმა გასულ კვირას კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობის მოქმედება, რომელიც დაიწყო 2015 წლის ნოემბრის თვეში.

განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანი არაა ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და თვისუფლების შეზღუდვა, არამედ პირიქით, იგი ემსახურება მის კიდევ უფრო ეფექტურ დაცვას. ჩვენმა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და შესაბამისმა უწყებებმა მრავალჯერ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საგანგებო მდგომარეობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო უწყებების უფრო ეფექტური და სწრაფი მუშაობის უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ათწლეულების განმავლობაში ოფიცალურ სტრუქტურებში ფეხმოკიდებული ტერორისტული ორგანიზაციის გაუვნებელყოფა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მცდარია მოსაზრება თითქოს საგანგებო მდგომარეობა არაა დემოკრატიული რეჟიმი. პირიქით, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელიც ემუქრებოდა დემოკრატიულ წყობას, იგი წარმოადგენს დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლერების მიზნით შემოღებულ ზომას. ამჟამად, ამ საკითხზე სრული კონსესუსი და მტკიცე მხარაჭერა არსებობს ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენასა და პარლამენტში წარმოდგენილ პილიტიკურ პარტიებს შორის.

ასევე მიუღებელია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ძალიან დიდია, სამსახურიდან დათხოვნილი და დაკავებული პირების რაოდენობა და მათ შორის არიან ჟურნალისტები და მეცნიერები. ამ საკითხში მნიშვნელოვანია არა რაოდენობა ან პროფესია - არამედ მათი კავშირი დანაშაულთან. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო და სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს სრული გამჭვირვალობის პირობებში და ყველას აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული დაცვისა და გასაჩივრების უფლება.

ამასთან საკითხი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს თვალთახედვიდან არის ის, რომ გადატრიალების მცდელობა მოაწყო ორგანიზაციამ, რომლის წევრებმაც დაახლოებით 40 წლის განმავლობაში შეაღწიეს სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა მნიშვნელოვან რგოლში, ამიტომ საჭიროა, რომ სახელმწიფო გაიწმინდოს ამ დიდი საფრთხისგან. ამასთანავე, იყო ჟურნალისტი ან მეცნიერი არ გამორიცხავს რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას/მხარდაჭერას ან დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ მიმართულ გადატრიალებაში მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ ამ პირებს არ დაუმტკიცდებათ „ფეტო“-სთან კავშირი, მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული რაიმე სახის სასჯელი.

საფრთხეებისა და ყველა იმ ელემენტების ნეიტრალიზების თვალსაზრისთ, რომელიც გადატრიალების მცდელობის დროს გამოიყენეს, სამთვიანი ვადა საკამარისია?

-რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, ამას მხოლოდ შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს. ჩვენი მთავრობის პოციზიაა, რომ იგი შეძლებისდაგვარად დასრულდეს 3 თვიანი პერიოდის ამოწურვამდე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოითხოვოს მისი კვლავ 3 თვით გახანგრძლივებაც. ამასთანავე, ტერორისტული ორგანიზაცია „ფეტო“-ს კავშირების დადგენის მიზნით უკვე დაწყებულია გამოძიება, რაც დაჩქარდება საგანგებო მდგომარეობის დროზე ადრე მოხსნის მიზნით. 

შესაძლებელია თურქეთში მართლაც აღსდგეს სიკვდილით დასჯა?

-სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე სიკვდილით დასჯის შემოღებას  კვლავ აქტიურად ითხოვს საზოგადოება. თუ მხედველობაში მივიღებთ გადატრიალების მცდელობის მუხანათურ ხასიათს, დანაკარგს, რომელიც იწვნია ჩვენმა ხალხმა პუტჩის წინააღმდეგ ბრძოლისას და განცდილ ტრაგედიას, ასეთი რეაქცია სრულიად ბუნებრივია. ამასთანავე, ვერცერთი დემოკრატიული ქვეყანა თვალს ვერ დაუხუჭავს და ვერ უგულებელყოფს  ხალხიდან წამოსულ ამ მოთხოვნას.

მიუხედავად ამისა, დღემდე ჩვენი მთვრობის მიერ ამ მიმართულებით არ გადადგმულა არც ერთი ოფიციალური ნაბიჯი გარდა იმ განცხადებისა, რომ ეს მოთხოვნა განიხილებოდა პარლამენტში ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. ასევე, ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დაამტკიცებდა, იგი ხელს მოაწერდა ამ გადაწყვეტილებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მას რაიმე სხვა ძალისხმევისათვის არ მიუმართავს. აქედან გამომდინარე, სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რაიმე სახის სპეკულაცია ან ვარაუდების გამოთქმა არაა მართებული. ჩვენ უნდა დაველოდოთ პროცესის დემოკრატიულ განვითარებას.    

რაც შეეხება გადატრიალების ორგანიზატორს აშშ-ში მცხოვრები ფეტჰულა გიულენს, ბატონო ელჩო, ფაქტებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ მან ჩაიდინა?

-არ არსებობს რაიმე სახის ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის უკან იდგა „ფეტოს“ ტერორისტული ორგანიზაცია და მისი ლიდერი ფეთულაჰ გულენი. ამას ადასტურებს პუტჩისტების აღიარებითი ჩვენებები. მაგრამ ამ ჭეშმარიტების ყველაზე ნათელი დადასტურებაა ჩვენი გენშტაბის უფროსის ჩვენება, სადაც იგი აღწერს 15 ივლისის ღამის მოვლენებს.

იგი აღნიშნავს, რომ როდესაც ის დააპატიმრეს პუტჩისტებმა, ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ქვეშ მოითხოვდნენ მისგან მათ მხარეს გადასვლას, მაგრამ იმის გამო, რომ გენშტაბის უფროსი არ დათანხმდა მუხანათურ შეთქმულებაში მონაწილეობას, ერთ-ერთმა ოფიცერმა მოსთხოვა მას გასაუბრებოდა ტელეფონით მათ „იდეურ წინამძღოლს“ ფეთულაჰ გულენს. არსებობს კი ამაზე უფრო ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ გადატრიელების მცდელობის უკან იდგა „ფეტო“.

ეს შეკითხვა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ორგანიზაცია და მისი ლიდერი წლების განმავლობაში საკუთარ თავს მშვიდობისმოყვარე კონფესიურ თემად წარმოაჩენდა, რითაც სამწუხაროდ, შეძლო როგორც თურქეთში, ასევე სხვა ქვეყნებში საზოგადოებისა და ოფიციალური წრეების შეცდომაში შეყვანა. ამჟამად, ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ორგანიზაცია ოსტატურად იფარებს კონფესიური თემის ნიღაბს და თავიდანვე მისი მთავარი მიზანი იყო ოფიციალურ უწყებებში მალულად ფეხის მოკიდება და სათანადო დროის შერჩევა იმისათის, რომ ხელში ჩაეგდო სახელმწიფო მმართველობა.

ამ თვალსაზრისით „ფეტო“ ერთ-ერთი ყველაზე საშიშია მსოფლიოში ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის. ამ გაერთიანებისათვის, რომელიც ერთი შეხედვით არ ჰგავს კლასიკურ ტერორისტულ ორგანიზაციას, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დასაშვები აღმოჩნდა ისეთი გზა, როგორიცაა სამხედრო გადატრიალება და რელიგიის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენება, რა მიზნითაც მათ შექმნეს მზაკვრული და საიდუმლო სტრუქტურები.

ჩვენი საელჩოს ტვიტერის გვერდზე შესაძლებელია იხილოთ „ფეტოს“ ლიდერის ფეთულაჰ გულენის ქადაგება, რომელიც  საიდუმლოდ ჩაიწერა 1997 წელს, სადაც თავის მომხრეებს მკაცრ მითითებებს აძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სახელმწიფო სტრუქტურებში შეღწევის შემდეგ საკუთარი თავი არ უნდა გამოამჟღავნონ, მანამ, სანამ ძალაუფლებას ხელში არ ჩაიგდებენ და ნაადრევად არ უნდა გადავიდნენ ქმედებაზე.

როგორც ამბობენ მან დატოვა აშშ-ი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის კავშირებს, ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მან ისევ სცადოს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება...

-ტერორისტული ორგანიზაცია „ფეტოს“ ლიდერი ფეთულაჰ გულენი დღემდე იმყოფება აშშ-ში. თურქეთმა აშშ-ს მხარეს გადასცა ყველა საჭირო მტკიცებულება და საქმე, რათა მოხდეს  აღნიშნული პირის სწრაფად დაკავება და თურქეთისათვის გადმოცემა. ამასთან,  გრძელდება პუტჩისტების დაკითხვა და „ფეტოსთან“ კავშირის დამატებითი მტკიცებულებების გამოვლენისას ახალი მასალაც ეტაპობრივად ეცნობება აშშ-ს. ამ საკითხში ჩვენი თხოვნა და მოლოდინია, რომ აშშ-ის უწყებებმა არ გააჭიანურონ საკითხის დამატებითი მოკვლევა და მოკავშირეობისა და სამართლიანობის ფარგლებში, მოხდეს  „ფეტოს“ ლიდერის თურქეთისათვის გადმოცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი უეჭველად უარყოფითად აისახება ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებზე.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე,  „ფეტოს“ საიდუმლო სტრუქტურისა და მისი წევრების შენიღბვის ოსტატობიდან გამომდინარე, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ჯერ კიდევ იყვნენ „ფეტოს“ წარმომადგენლები.  რაკიღა ორგანიზაციამ ვერ შეძლო სახელმწიფო სადავეების ხელში ჩაგდება, რისთვისაც ისინი 40 წლის განმავლობაში არ იშურებდნენ ძალისხმევას,  არც ისაა გამორიცხული, რომ  პუტჩის შემდგომ პერიოდში, მათ ჩაიდინონ ახალი ავანტიურისტული ქმედება. არ გამოგვპარვია ის ფაქტი, რომ „ფეტოს“ ლიდერ ფეთულაჰ გულენის  ბოლო გამოსვლები გაჯერებულია მხარდამჭერებისადმი მნიშვნელოვანი მესიჯებით  და მუქარით იმ ხალხის მისამართით, რომელმაც ღირსეულად დაიცვა თურქეთში დემოკრატიული მთავრობა და მისი ლიდერი.

15 ივლისის ღამეს მოხდა ისტორიული ფაქტი - დამარცხდა გადატრიალების მცდელობა და თურქეთმა ყველას ნათლად დაანახა, რომ ქვეყანაში ასეთი რამ აღარასოდეს  განმეორდება. ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენმა პრეზიდენტმა, რომელიც არ შეუშინდა გადატრიალების მცდელობას და არ უღალატა ხალხის დემოკრატიულ არჩევანს; ჩვენი მთავრობის წევრებმა და სრულიად პოლიტიკურმა სპექტრმა; პარლამენტმა, რომელმაც გაბედული პოზიცია დაიკავა და მედიამ, რომელმაც მთელი ღამის განმავლობაში შეინარჩუნა თავისი პრინციპული დამოკიდებულება. უნდა აღინიშნოს ჩვენი უსაფრთხოებისა და საჯარისო ნაწილების როლი, რომელთა დიდმა უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა გადატრიალების მცდელობაში.

თუმცა იმ ღამის ნამდვილი გმირია ჩვენი ხალხი, რომელიც დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოვიდა ქუჩაში, არ შეუშინდა სამხედრო თვითმფრინავებიდან და ტანკებიდან გახსნილ ცეცხლს, ჩაიდინა ისტორიაში თითქმის უპრეცედენტო გმირობა და 200-მა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლეც კი გაწირა. დღეს თურქეთის დემოკრატია, როგორც არასდროს ისეთი ძლიერია და შესწევს ძალა გაუმკლავდეს ყოველგვარ საფრთხეს, რაც ჩვენი ხალხის გმირული თავდადების დამსახურებაა, ვინაიდან მათ წინააღმდეგობა გაუწიეს სამხედრო ფორმაში გადაცმულ გაბოროტებულ ტერორისტებს, რომლებმაც დაბომბეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების შენობა.

დაბოლოს, სამხედრო ამბოხის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი გიორგი კვირიკაშვილი ჩავიდა მეზობელ თურქეთში, რასაც თქვენ ისტორიული ვიზიტი უწოდეთ. ბატონო ელჩო, რა დატვირთვა ჰქონდა კვირიკაშვილის ვიზიტს?

-პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი იყო პირველი უმაღლესი რანგის უცხოელი სახელმწიფო პირი, რომელიც  გადატრიალების მცდელობის შემდეგ ჩავიდა თურქეთში და ამით საქართველოს სახელმწიფომ, მთავრობამა და ხალხმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და სოლიდარობა თურქეთისადმი. თურქი ერი არასოდეს დაივიწყებს ამ საქციელს, რაც ერთი შეხედვით, ბუნებრივია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეზობლური და ისტორიული  ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით. იოლია იყო მეგობარი ლხინში, ნამდვილი მეგობარი გასაჭირში იცნობა. საქართველომ 15 ივლისის შემდეგ  კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ჭეშმარიტი მეგობარია.

ამასთან კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა თურქეთ-საქართველოს შორის პირველი უმაღლესი რანგის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა. აღნიშნული საბჭოს შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობების კიდევ უფრო სწრაფად განვითარებისა და  უფრო მკაფიო და ჯანსაღი საფუძველის შექმნის თვალსაზრისით. საბჭოს სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა 5 ახალ ხელშეკრულებას ეკონომიკის, ტრანსპორტის, სოციალური დაცვასა და სამართლებრივ საკითხებში და შეთანხმება იქნა მიღწეული სამომავლო, კონკრეტულ პროექტებზე.

ამგვარად, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ვიზიტი გადატრიალების მცდელობის შემდეგ იყო მნიშვნელოვანი სოლიდარობის მესიჯი და  შესაძლებელი გახდა თურქეთს კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ  სტრუქტურებში   ინტეგრაციის საკითხებში. ამასთან, ამ ვიზიტის დროს გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ურთიერთობების ყველა სფეროში. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ეს ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით ისტორიულ ვიზიტად შეფასდა.