ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ლევან კახიანი დაიკითხა, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. კახიანის განცხადებით, 2012 წლის ივნისში უშუალოდ წამებას არ შესწრებია, თუმცა სამხედრო პოლიციაში, ოთახიდან ესმოდა, როგორ აწამებდნენ კობერიძეს, რომელსაც ტერორისტული აქტის აღიარებას სთხოვდნენ.
სამხედრო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა დეტალურად ისაუბრა ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულზე.
„მეგის ქარდავა, დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, გიგი კალანდაძე მოვიდნენ სამხედრო პოლიციაში, შევიდნენ მეგისთან კაბინეტში, შეიყვანეს დაკავებული კობერიძე და ყვირილის ხმა გამოდიოდა. ჩემი აზრით, აფეთქების აღიარებას სთხოვდნენ. მეგის ქარდავამ მხუთავი გაზი გაუშვა ოთახში, რომელმაც სპეციფიური სუნი დატოვა. კობერიძე სამხედრო პილიციის შენობაში ერთი კვირა ჰყავდათ“, - აღნიშნა ლევან კახიანმა.
ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე პროცესი 9 აგვისტოს განახლდება. საქმეზე ბრალდებული არიან დათა ახალაია, მეგის ქარდავა, გიგი კალანდაძე, გოგა სამუშია და რომან შამათავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქე ელბერტ კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში სასტიკად აწამეს. აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუმცა მათ არანაირი ოპერატიული ცნობა ამის შესახებ არ გააჩნდათ.
როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, კობერიძე 2012 წლის 28 ივლისს ზუგდიდიდან მოიტაცეს, პირდაპირ წამოიყვანეს თბილისში, სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც შეიკრიბნენ - დავით ახალია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა, რომან შამათავა და ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ მას უნდა ეღიარებინა, თითქოს ზუგდიდში აპირებდა ტეროტრისტული აქტის მოწყობას. თუმცა ამასთან დაკავშირებით მათ არ გააჩნდათ არანაირი ოპერატიული ცნობა, არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი შედგენილი არ იყო.
მეტიც, არც დღევანდელი გამოძიებით არის დადგენილი, რომ ელბერტ კობერიძე ტერორისტული აქტის განხორციელებას აპირებდა. აღსანიშნავია, კობერიძეს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და არც ერთ პოლიტიკოსთან შეხება არ ჰქონია, ის იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობდა სამეგრელოს რეგიონში. სამხედრო პოლიციის იმ ოთახში, სადაც კობერიძე აწამეს, აღმოჩენილია სისხლის ლაქები, რომლის დნმ-იც ემთხვევა ელბერტ კობერიძის სისხლის დნმ-ს.
კობერიძის საქმე საქართველოს უახლესი ისტორიის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. წამება და არადამიანური მოპრობა ქართული ციხის სავიზიტო ბარათი იყო. ამავეს ადასტურებს გლობალური მედიაპლათფორმა „Opendemocracy“-ს სტატია, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართულ ციხეებში წამება ოდესღაც ნორმად ითვლებოდა - ეს არის ის, რაც ეფექტურად აღიკვეთა.
სტატიის ავტორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას 2016 წლის ანგარიშს ეყრდნობა, რომელიც ქვეყანაში 2004-2012 წლებში წამების პრაქტიკას ეხება. გარდა ამისა, სტატიაში მოყვანილია წამების საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, მანფრედ ნოვაკის 2005 წლის მონიტორინგისა და 2015 წელში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიშების შედარებაც.
„ერთ დროს საქართელოს ციხეებს საშინელი რეპუტაცია ჰქონდა. ყოფილი პატიმრები ყვებიან ინსტიტუციონალიზებული წამების სულისშემძვრელ ისტორიებს - ცემა, იმიტირებული დახრჩობა, ძვლების მიზანმიმართული მტვრევა დაცვის თანამშრომლების და სხვა ოფიციალური პირების მხრიდან“, - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, გამოცემა რამდენიმე პატიმრის ჩვენებასაც აქვეყნებს, სადაც პატიმრები დეტალებზე საუბრობენ „რეფორმირებულ“ ქართულ ციხეში წამების შესახებ, სადაც ყვებიან როგორ დააძრეს ფრჩხილები, დაუიზიანეს თავის ქალა, დაუმტვრიეს ფეხის ძვლები, ნეკნები, ცხვირი და კბილები.
გარდა ამისა, სტატიაში ავტორი 2015 წელს საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლის ვიზიტზეც წერს, რომელმაც ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა განახევრდა და მრავალი აღმაშფოთებელი პრაქტიკა აღმოიფხვრა.
Opendemocracy-ის სტატიას გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, სტატიაში დეტალურად არის აღწერილი წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში არსებული სისტემური დანაშაული.
„ჩვენი კომიტეტის მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც საკააშვილის მმართველობის პერიოდში სისტემურ დანაშაულს ეხებოდა, ძალიან სერიოზული ანალიტიკური მასალა გამოქვეყნდა ლონდონში. სტატიაში დეტალურად არის აღწერილი, რომ ქვეყანაში იყო ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემები წამების კუთხით და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკამ როგორ გახადა საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.