საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, ქვორუმის უქონლობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში „უგულავა-კაბელების“ გაერთიანებული საქმის განხილვა ადვოკატების სხდომაზე არგამოცხადების გამო გადაიდო, რასაც თავად „უგულავა-კაბელების“ გაერთიანებული საქმის ადვოკატები საბოტაჟს უწოდებენ. იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ ამ ყოველივეში პრეზიდენტის პასუხისმგებლობაცაა, რომელმაც არ დაიშალა და ხელი მაინც მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ცვლილებებს.
„კაბელების საქმის“ ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ამ საკითხმა პოლიტიკურ სიბრტყეში გადაინაცვლა, შესაბამსად თვლის, რომ ამ ფაქტით საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ.
„რამდენიმე მოსამართლე არიდებს თავს და რეალურად საბოტაჟს უცხადებს საქმის წარმოებას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ პროცესთან. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ საქმით. სრულ უმსგავსობასთან გვაქვს საქმე, მოსამართლეები ემალებიან სასამართლოს“, - აღნიშნა იოსებ ბარათაშვილმა.
სხდომაზე არ გამოცხადების გამო მოსამართლეებს აკრიტიკებს გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია, რომლის განცხადებით, ზოგიერთი მოსამართლე 30 ვერცხლად გაიყიდა. მისივე თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საკონსტიტუციო სასამართლოს რიგი მოსამართლეები იხდიან მანტიებს და უარს აცხადებენ თავის უფლებამოსილების განხორციელებაზე.
„ისინი უარს ამბობენ სამოსამართლო ეთიკაზე, ადამიანურ ღირსებაზე. რატომ არ გამოცხადდნენ? იმიტომ, რომ 30 ვერცხლად გაიყიდნენ, ნამუსზე ხელი აიღეს და უკვე ამ ადამიანებს არათუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, უბრალოდ ნამუსიან ადამიანებადაც ვერ დავინახავთ და მათ მიერ მომავალში მიღებული განცხადება იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ბასილაიამ.
ბრალდებას არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვედა და სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დილომატები. სიჭინავა აცხადებს, რომ სასამართლოს დღის წესრიგს ვერავინ განუსაზღვრავს.
„ბათუმში ჩავალთ და შევთანხმდებით, როდის მოხდება საქმეების ჩანიშვნა. ამ საქმეებზე მიუღებლად ჩავთვალეთ დასწრება. სასამართლოს ვერავინ ვერასდროს განუსაზღვრავს დღის წესრიგს. სავარაუდოდ, მე ვფიქრობ, პლენუმი დღეს, ხვალ, ან ამ დღეებში შეიკრიბება და ცხრავე მოსამართლე გადავწყვეტთ თუ რას ვშვრებით“, - განაცხადა ოთარ სიჭინავამ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს მართლმსაჯელების განხორციელებას სხვა საქმეებზე. რაც შეეხება დღეს ჩანიშნულ პროცესებს გახმაურებულ საქმეებზე, როგორც სიჭინავამ განმარტა, თავმჯდომარემ იცოდა, რომ მოსამართლეები სასამართლოს ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო აღნიშნულ პროცესზე დასწრებას არ აპირებდნენ.
„ზოგადად, სასამართლოს ირგვლივ შქმნილი ვითარება არაჯანსაღია, თუმცა ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ მოახდენს. ვერავინ მიგვითითებს რა როგორ გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა თუ ვის რა მოსწონს და ვის რა არ მოსწონს. რაც შეეხება ადვოკატების განცხადებას, ადვოკატები მხარეთა წარმომადგენლები არიან, თავიანთი ინტერესები აქვთ და მოსამართლის კომპეტენციაში მათი პასუხი არ შედის“, - აღნიშნა ოთარ სიჭინავამ.