თურქეთი ულტიმატუმს უყენებს ევროკავშირს. ოფიციალური ანკარა უვიზო რეჟიმს ოქტომბერში მოელის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგრანტების საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას აღარ შეასრულებს.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტევიუში განაცხადა.
„თუკი ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ გადაწყდება, იძულებულები ვიქნებით, უარი ვთქვათ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელზეც 18 მარტს შევთანხმდით“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა იმედოვნებს, ევროკავშირი უვიზო რეჟიმის დაწესების კონკრეტულ თარიღს დაასახელებს.
„ეს შესაძლოა, იყოს ოქტომბრის დასაწყისი ან შუა რიცხვები, ჩვენ საბოლოო თარიღს ველოდებით“, - დასძინა მინისტრმა.
მარტში მიღწეული შეთანხმების თანახმად, საბერძნეთში ჩასული ყველა არალეგალი მიგრანტი თურქეთს უნდა მიეღო, სანაცვლოდ, ევროკავშირი თითოეული დაბრუნებული მიგრანტისთვის თურქეთის ტერიტორიიდან ერთ სირიელ ლტოლვილს შეიფარებდა. ამისათვის კი ბრიუსელს 2016 და 2017 წლებში 3-3 მილიარდი ევრო უნდა გამოეყო თურქეთისთვის.
ამავდროულად, მიგრანტთა საკითხზე შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას ჰპირდებოდა.
თუმცა დღეს თურქეთი აჩქარდა და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მოითხოვა უვიზო რეჟიმის დაწესება. რამ განაპირობა თურქეთის მაღალჩინოსნის ასეთი ულტიმატუმი?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების ფონზე თურქეთის მხრიდან ევროკავშირის მისამართით ულტიმატუმი მოსალოდნელიც იყო. ევროპამ დაუფიქრებლად მისცა თურქეთს გაუჭრელი კოზირის კარტი ხელში, ნაცვლად იმისა, რომ ევროპას თავისი საზღვრები გაემკაცრებინა და აღმოსავლეთ გერმანელი კომკავშირელი ქალის - მერკელის მეშვეობით ზომაგადასული ტოლერანტობა არ გამოემჟღავნებინა, რომელმაც ტევტონი რაინდების დროიდან მოყოლებული, გერმანელების მიერ ჩადენილი ყველა ცოდვის მონანიება რატომღაც ახლა მოინდომა და ყველა კარი გაუხსნა მიგრანტებს.
„საზღვრები რომ გაემკაცრებინა ევროპას, ეს მიგრანტები თურქების პრობლემა იქნებოდნენ. თურქებმა უკვე 6-7 მილიარდი ევრო ჩაიჯიბეს, მიგრანტებისთვის პატარა დასახლებებივით ააშენეს, მაგრამ იქ დაგროვილი ასი ათასობით მიგრანტი ევროპის საფეთქელთან მიდებული პისტოლეტია. ამიტომაც ახლა თურქეთის ტონი კატეგორიულია, თუ არ მომცემთ უვიზო რეჟიმს, მაშინ გავხსნი კარებს და ამ ასი ათასობით მიგრანტს შემოვუშვებ ევროპაშიო. თანაც, ევროპას ვადა მისცეს ოქტომბრამდე. ახლა ევროპა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდება, მას ხომ არ ჰყავს დე გოლის, ადენაუერის, ჩერჩილის დონის პოლიტიკოსები. დღეს ევროპაში პიგმეები (აფრიკული დაბალსიმაღლიანი ნეგროიდული ხალხი) არიან. ტიტანები წავიდნენ და პიგმეები დარჩნენ ევროპაში. ის დრო დგება, ჩერჩილი რომ წინასწარმეტყველებდა სტალინის სიკვდილის შემდეგ, პიგმეების დრო მოდის ევროპაშიო. ამიტომ დაფუცხუნდებიან ევროპელები, მაგრამ არა მგონია, უვიზო რეჟიმს დასთანხმდნენ. ეს ანკარამაც კარგად იცის, რომ არ დათანხმდება ევროპა, მაგრამ თურქები ევროპას კიდევ მეტ თანხას გამოსძალავენ, თანხას გაუორმაგებენ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, სწორედ გაცილებით მეტი თანხის მიღების მიზნით იყო თურქეთის ეს რბილი შანტაჟი ნაკარნახევი.
მისივე თქმით, თურქეთის ულტიმატუმი ევროკავშირის მიმართ კიდევ სხვა გარემოებითაცაა განპირობებული. კერძოდ, ახლა თურქეთში დაიწყება რთული პროცესები, რასაც ჰქვია ათი ათასობით ბრალდებულის გასამართლება. ეს სტალინის ხელწერაა, 37 წელს ჰგავს ეს ყველაფერი. ნიურნბერგის პროცესზე სულ რაღაც 24 ნაცისტი გაასამართლეს და ფაშისტების მთელი დანაშაული (ჰოლოკოსტი და ყველაფერი) მარტო 24 კაცს აჰკიდეს. რასაკვირველია, იყო სხვა პროცესებიც, ლაიფციგის და სხვა, მაგრამ ნიურნბერგის პროცესი ყველაზე ტოტალური იყო. თურქეთშიც დაახლოებით აქეთკენ მიდის საქმე, მინიმუმ, 30-40 ათასი, თუ მეტი არა, დაპატიმრებული ჰყავთ. ამიტომ თურქეთს ახლა სურს, ამ ადამიანების გასამართლებას ევროპა ცოტა გაგებით შეხვდეს და არ მოახდინოს ერდოღანის დემონიზაცია. ამდენად, ეს უფრო კლასიკური აღმოსავლური დიპლომატიაა და ამიტომაც ევროპელებს სთხოვენ უვიზო რეჟიმს.
„ევროპა თავის თავზე იწვნევს საკუთარ შეცდომებს. მან ვერ დაიცვა ის ოქროს შუალედი, რაზეც ნაპოლეონი წერდა ელენეს კუნძულზე, რომ არც დიქტატურაა კარგი და არც ასეთი ტოლერანტობა. ევროპამ კარგად იცის, რომ ამ ისლამისტ მიგრანტებში ათასობით და ათი ათასობით შეგზავნილი, ისლამური სახელმწიფოს აგენტია, რომლებიც მათ აფეთქებენ, მაგრამ ამისთვის უდანაშაულო მუსლიმანსაც ხომ ვერ ჩაუკეტავენ კარს?! მათი გარჩევა ხომ შეუძლებელია?! ეს ძალზე მარჯვე სვლა იყო ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგების მხრიდან, როცა ევროპას შეუსიეს მილიონობით მიგრანტი და მათ მიერ შეგზავნილი ჯიჰადისტების მეთვალყურეობა შეუძლებელია. თითო მიგრანტს მეთვალყურეობა რომ დაუწესონ, დღე-ღამეში ექვსი პოლიციელია საჭირო. ამ დროს კი ევროპელი პოლიციელი ორი-სამი საათი თუ მუშაობს და მერე სახლში მიდის“.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირმა გამოყო 3 მილიარდი დოლარი, რათა 3-დან 6 მილიონამდე არალეგალი მიგრანტის შეკავება მოეხდინათ თურქებს და საკუთარ ტერიტორიაზე მოწყობილ დროებით ბანაკებში განეთავსებინათ. ამ შეთანხმების შედეგად თურქეთს უნდა მიეღო უვიზო მიმოსვლის უფლება და უნდა დაჩქარებულიყო ევროკავშირში მისი გაწევრიანების გრაფიკი. თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა თურქეთში და ანკარამ გადაწყვიტა სიკვდილით დასჯა შემოეღო (რასაც, სავარაუდოდ, მაინც არ გააკეთებენ), ევროკავშირმა გარკვეული შეზღუდვები დაუწესა თურქეთს. უფრო მეტიც, გერმანიის მთავრობამ აკრძალა ერდოღანის პირდაპირი ჩართვის განხორციელება იმ მიტინგიდან, რომელიც თურქებმა ანტიპუტჩისტური სოლიდარობის გამოხატულების ფორმატში ჩაატარეს.
„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, თურქეთმა გადაწყვიტა, რომ მას უკვე აღარ მიიღებენ ევროკავშირში. ამას ემატება გერმანიის პარლამენტის მიერ სომხების გენოციდის აღიარება, რაც თურქული საზოგადოების თვალში ერთგვარი გამოწვევა იყო. ამან განაპირობა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების არათუ გაუარესება, არამედ ჩიხში შეყვანა. ამიტომ დღეს ორივე მხარე თავისუფალია იმ ვალდებულებებისგან, რასაც მიაღწიეს მარტის თვეში. შედეგად, თურქეთმა დაასწრო ევროკავშირს და ოქტომბრისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგრანტების საკითხზე მიღწეული შეთანხმების გაუქმებით დაემუქრა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და განმარტა, რომ რთულია იმის თქმა, მიაღწევს თუ არა თურქეთი საწადელს, ანუ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე უვიზო რეჟიმის მიღებას ევროკავშირისგან.