როგორი შეიძლება იყოს ომი ნატოსა და რუსეთს შორის?!

როგორი შეიძლება იყოს ომი ნატოსა და რუსეთს შორის?!

როგორი შეიძლება იყოს ომი ნატოსა და რუსეთს შორის?! - უკვე მერამდენედ ინტერესდება ამ საკითხით ამერიკული მედია.

ამჯერად ამერიკული გამოცემა The Week აქვეყნებს ანალიტიკოს კაილ მიზოკამის სტატიას, თუ როგორი განვითარება შეიძლება ჰპოვოს მოვლენებმა იმ შემთხვევაში, თუ ნატოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყება.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ გარკვეული მონაცემების თანახმად, პუტინის რუსეთს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში განლაგებული ნატოს სამხედრო ძალების განადგურება თურმე სულ რაღაც ხუთ დღეში შეუძლია. შესაბამისად, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და, ალბათ, პოლონეთიც ახალი რკინის ფარდის მიღმა აღმოჩნდებიან.
თუმცა შეუძლია თუ არა სინამდვილეში ამის გაკეთება რუსეთს, რომელიც დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირს აჩრდილს წარმოადგენს? ჭეშმარტი სიტუაცია უფრო რთული ხომ არ არის, ვიდრე ეს ზოგიერთებს წარმოუდგენიათ?!
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში მაიკლ კარპენტერი კონგრესში გამოსვლისას ეთანხმება იმ დასკვნას, რომელიც სტრატეგიული კვლევების ცენტრმა წარადგინა. ამ დასკვნის თანახმად, თუ რუსეთის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანია ელვისებურად განხორციელდება, სამწუხაროდ, ნატო მათ დაცვას ვერ შეძლებს. ამ სამი პატარა სახელმწიფოს ჯარები კი რუსულ არმიას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. მით უმეტეს, რომ
რუსეთს ამ რეგიონში ძალიან ძლიერი ძალა ჰყავს კონცენტრირებული.
შესაბამისად, მოსკოვს ნატოსთან ომში ძალიან ბევრი უპირატესობა ექნება: ომი მისსავე საზღვრებთან იწარმოებს და მას მეტი საშუალება ექნება დამატებითი ძალების გადასროლისა და მათი ამუნიციით მომარაგებისთვის სულ რაღაც 150 კილომეტრის არეალში. გარდა ამისა, მოსკოვი მოულოდნელი თავდასხმის ფაქტორითაც ისარგებლებს.
თუმცა რუსეთს სუსტი მხარეებიც აქვს. კერძოდ, ორი ათეული წლის განმავლობაში რუსეთი ძირითადად საბჭოთა კავშირის დროინდელი ჯარითა და შეიარაღებით არსებობდა. 1990-იან წლებში რუსეთში ეკონომიკური კრიზისი განვითარდა და არმიას ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა, ხოლო მძიმე და ძვირადღირებული ტექნიკა, ფაქტობრივად, განადგურდა.

2014 წლისათვის კი, როცა რუსეთის ეკონომიკა, როგორც იქნა, ფეხზე წამოდგა, მთავრობამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზება დაიწყო. თუმცა, ეკონომიკურმა სანქციებმა და ნავთობზე ფასების დაცემამ მოდერნიზების პროცესი შეაყოვნა. ახალი მოდელის ტანკები და მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლები მცირე რაოდენობით გამოუშვეს და არმია ისევ მოძველებული ტექნიკის ამარა დარჩა.
გარდა ამისა, The Week-ის პუბლიკაციის თანახმად, რუსეთის არმია ისე კარგად გაწრთვნილი არაა, როგორც ნატოს ჯარები. ჩეჩნეთში რუსულმა არმიამ საკუთარი სახე ცუდად აჩვენა - ისინი ბრძოლებში ძირითადად ცეცხლის ძალას ეყრდნობოდნენ და „მტვრად ქცევის“ პრინციპით მოქმედებდნენ. რუსეთის არმიაში დაბალ დონეზეა ლოჯისტიკაც, რაც 2008 წელს საქართველოსთან ომში მწვავედ გამოვლინდა. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ რუსულ სახმელეთო ძალებს გადაადგილება და ბრძოლა მთიან ადგილებში მოუხდათ, ასეთი წრთვნები კი მათ გავლილი არ ჰქონდათ. მოუმზადებელი აღმოჩნდა სამხედრო ტექნიკაც. ნატოს ჯარები რომ ასეთ სიტუაციაში ყოფილიყვნენ, რუსებთან შედარებით, საბრძოლო ამოცანებს უფრო კარგად შეასრულებდნენ.
პუბლიკაციაში, ასევე, მოტანილია ყირიმის მაგალითიც, როცა რუსეთმა ყირიმში „ჰიბრიდული ომის“ ახალი ტიპი აჩვენა. მართალია, მოსკოვმა ვერ შეძლო ყირიმში პირდაპირი შეჭრა, მაგრამ იმპროვიზირება მოახდინა „ჰიბრიდული ომით“, რომელსაც ირონიულად „იაფ ომსაც“ უწოდებენ.
„რუსეთ-ნატოს ომის რეალური საფრთხე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ნატოს ომის წაგება შეუძლია. თავისი რეზერვებით, მობილურობით, სამხედრო-ტექნიკური პოტენციალით, ნატოს საბოლოო ჯამში ომის მოგება შეუძლია. საფრთხე სხვა რაღაცაშია: როცა რუსეთს მოძველებული ჩვეულებრივი იარაღი გამოელევა, სერიოზული მარცხის წინაშე დადგება, ამ დროს ვაითუ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თავის საზღვრებთან ახლოსაც კი. ეს კი სავსებით შესაძლებელია სრულმასშტაბიან ატომურ ომად გადაიზარდოს“,-ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის ავტორიც ასკვნის, რომ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ნატო რუსეთთან ომს აუცილებლად უნდა მოერიდოს, თუმცა არც ძალის პოზიცია უნდა დაივიწყოს. როცა რუსეთი დაინახავს, რომ ბალტიის ქვეყნების დაცვაში ნატო მტკიცე სოლიდარობას ამჟღავნებს, მოსკოვი მიხვდება, რომ თავდასხმა წამგებიანი იქნება. ამიტომ ნატო გამარჯვებული გამოვა ამ სიტუაციიდან.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების ალბათობას უშვებს, თუმცა აინტერესებს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? რა მოჰყვება რუსეთის მხრიდან ბალტიისპირეთის, პოლონეთის ან სხვა ქვეყნების ერთდროულ დაპყრობას?

„გასაგებია, თუ რუსეთი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ომი უნდა დაიწყოს ნატოსთან, სანამ ნატო შეძლებს თავისი რეზერვების ამოქმედებას, რუსეთი უცებ დაიკავებს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს და არა მარტო ბალტიისპირეთს. რეალურად რომ ვთქვათ, რუსეთს დღევანდელ მთელ სასაზღვრო პერიმეტრზე, უკრაინაში იქნება თუ სხვაგან, ძალები მობილიზებული ჰყავს და ევროპაში არსებული ნატოს ძალების მზადყოფნამდე შეძლებს ამ ტერიტორიების ოკუპირებას. კი ბატონო, ხუთ დღეში დაიკავებს, შესაძლოა, ხუთი დღეც არ დასჭირდეს ბალტიისპირეთის, პოლონეთის დაკავებასაც, მაგრამ ორ ან სამ თვეში ნატო ხომ მოახდენს მთელი თავისი ძალების მობილიზებას და დაიწყება ნატო-რუსეთს შორის საომარი მოქმედებები?! თუ რუსეთი დარწმუნებულია იმაში, რომ ნატო ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს, ცხადია, ისევე განვითარდება პროცესები, როგორც სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან ომის შემთხვევაში. საქართველოსთან მიმართებით, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის მხრიდან დამამშვიდებელი სამი მილიარდი დოლარი მივიღეთ, როგორც ომის კომპენსაცია, სხვანაირად ამას ვერანაირად ვერ შევაფასებთ, მაგრამ უკრაინასთან მიმართებით უკვე სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ვგულისხმობ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომლებიც დღეს თუ ხვალ გაცილებით მეტად იმუშავებს, ვიდრე გუშინ მუშაობდა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე განმარტებით, მართლაც არ არის რუსეთი მზად იმისთვის, რომ ნატოსთან ხანგრძლივი ომი აწარმოოს, მაგრამ იმისთვის, რომ ბალტიისპირეთის ანექსირება მოახდინოს, ისევე როგორც საქართველოსი, ამის პრობლემა რუსეთს არ აქვს და შეიძლება ეს ერთდროულად გააკეთოს კიდეც. თუმცა პუტინი უნდა დაფიქრდეს, ამის შემდეგ რა მოხდება - დაიწყება ფართომასშტაბიანი ომი, თუ ისევ სანქციებზე შევჩერდებით?!