„გრაკლიანის აღმოჩენა ბოლო არ იქნება და ეს აღმოჩენა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ამ ტოპონიმის ჰემატრია ნათლად აჩვენებდა, რომ ეს ადგილი მზის ღმერთის თაყვანისმცემელ ქურუმთა შესაკრებელი იყო“, -აცხადებს For.ge-სთან საუბარში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალეკო ცინცაძე.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰემატრია (ბიბლიის დაშიფვრის მეთოდი) მხოლოდ ბიბლიის შემქმნელ ხალხებს ჰქონდათ. ებრაელი მეცნიერები ჰემატრიას ივრითის გაშიფვრის მეთოდად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ იგი ქალდეაში შეიქმნა. სხვათა შორის, ებრაელებმა ივრითის გასაშიფრად ჰემატრიის 70 წესი აღადგინეს, ალეკო ცინცაძე კი ამბობს, რომ მან 20 წესი აღადგინა და ქართული ჰემატრია გაცილებით მარტივი აღმოჩნდა.
For.ge ალეკო ცინცაძეს ესაუბრა.
გრაკლიანის წარწერებთან მიმართებით ამერიკელ ექსპერტთა დასკვნამდე რამდენიმე წლით ადრე თქვენ ამტკიცებდით, რომ ქართულ სივრცეში ალფავიტური წერის კულტურა გაცილებით ადრინდელი იყო და ქართული ანბანის შექმნის თარიღად ძვ.წ.აღ-მდე მე-10 საუკუნეს მიიჩნევდით. რას ეფუძნებოდა თქვენი ვარაუდი?
- ხუთი წლის წინ იმ მათემატიკურ-ასტრონომიულ მეთოდზე დაყრდნობით, რასაც ჰემატრია ჰქვია და ბიბლიის გაშიფვრის ერთ-ერთი მეთოდია, ერთმნიშვნელოვნად დავამტკიცე, რომ, მინიმუმ, ძვ. წ.აღ-ის ათასი წლისთვის ქართული ანბანი უკვე არსებობდა. როგორც წესი, ასეთი კვლევები ისტორიკოსთა ყურადღების მიღმა რჩება და ამას რეაქცია არ მოჰყოლია, მაგრამ გრაკლიანის აღმოჩენამ, ასევე, ამერიკული საექსპერტო ბიუროს მიერ მისმა დათარიღებამ ჩვენი მეთოდის სიზუსტე დაადასტურა. ეს მაშინ, როცა ქართველი ისტორიკოსების მიერ გამოქვეყნებულ შრომებში ქართული ანბანის შექმნის თარიღად მითითებულია ის პერიოდი, როცა ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერები აღმოჩნდა, ანუ ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნე.
ქართული ანბანის გრაფიკა და მოხაზულობა იმის საფუძველს იძლევა, რომ იგი ძვ-წ. აღ-ის მე-10 საუკუნეს მივაკუთვნოთ?
- რა თქმა უნდა, არავითარ ნიმუშთან შეხება მე არ მქონია, მაგრამ ჰემატრიის მეთოდით გამოვიკვლიე ტოპონიმი „გრაკალი“ და აქ გამოჩნდა ორი მნიშვნელოვანი სიმბოლო -ერთი, ქურუმთა სიმბოლო და მეორე, ძე ღმერთის სიმბოლო. ანუ ზუსტად გამოჩნდა ის, რაც არქეოლოგებმა მერე არტეფაქტებით დაადასტურეს, რომ იქ მზის თაყვანისმცემელ ქურუმთა შესაკრებელი ტაძარი უნდა ყოფილიყო. ეს მეთოდი ჩვენი მოგონილი არ გახლავთ, ეს ბიბლიის გაშიფვრის მეთოდია და ვერანაირად ვერ იქნებოდა ეფექტური, ვერ იმუშავებდა, თუ ქართული ანბანური სისტემა მთლიანად ჩამოყალიბებული არ იყო, ანუ თუკი არ გვექნებოდა ანბანის განლაგების რიგი, ნომრები, სახელდებები და ა.შ. ამდენად, რადგან ტოპონიმ „გრაკალში“ ეს ყველაფერი აღმოჩნდა, ეს უკვე ცხადად მიანიშნებს მისი შექმნის პერიოდს. ეს არის ძვ. წ.აღ-ის მეორე ათასწლეულის შუა წელი და ძვ. წ.აღ-ის ათასი წლის დასაწყისი. ამ პერიოდშია ტოპონიმი „გრაკალი“ შექნილი და ამ პერიოდში ქართული ანბანური სისტემა სრულყოფილად ჩამოყალიბებულია. ამის შემდეგ სისტემას ცვლილება არ განუცდია, შეიცვალა მხოლოდ გრაფიკული მოხაზულობა და ქართული ანბანიც სამი სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. ჩვენ გვაქვს მხედრული, ხუცური და ასომთავრული ანბანი. ისმის კითხვა, რატომ უნდა გააჩნდეს ბიბლიის გაშიფვრის მეთოდი იმ ხალხის ენობრივ ჯგუფს, რომელსაც ბიბლია არ შეუქმნია? წესით, ასეთ ხალხებს ბიბლიის გაშიფვრის მეთოდი არ უნდა ჰქონდეთ, ეს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ბიბლიის დამწერ ხალხებს-ბერძნებს, ლათინებსა და ებრაელებს. ამ დროს კი ჩვენში ეს მეთოდი ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბიბლიის დაწერის სათავეებთან ვიდექით. როგორც ჩანს, სწორი იყო ნიკო მარი, რომელიც ვარაუდობდა, რომ ბიბლიის პირველი ხუთი თავის დაწერაში ქართველური ხალხები მონაწილეობდნენ.
ქართველური ხალხები, მაგრამ კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ბიბლიის დაწერაში - ქალდეველები, ხეთები, ხალიბები, ტიბარენები, მოსინიკები, მუშქები (ანუ მესხების წინაპრები)?
- ასე გენეტიკურად ქართულ გენში ვერ შევალ, მაგრამ ესენი იყვნენ მესხური წარმოშობის ხალხები, რომლებიც უკვე მეორე ათასწლეულის შუა წლებში ჩანან შუა მდინარეთში, ჯერ ეგვიპტეში ლაშქრობენ, მერე უკან იხევენ და მითანის სახელმწიფოს აყალიბებენ, შემდეგ კაბადოკიის გავლით ამოდიან საქართველოში. რა თქმა უნდა, ისინი მონაწილეობდნენ იმ პროცესებში, რასაც ქალდეა ჰქვია. სწორედ ეს სახელმწიფოები -მითანი, იბერია, ქალდეა და არიელი ერთსა და იმავე რიცხვით სიმბოლოს იძლევა ქართული ჰემატრიის გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ ისინი სწორედ ერთიან საფუძველზე იდგნენ. გენეტიკურად რამდენად ერთიანნი იყვნენ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მთავარია, რომ ცნობიერად ისინი ერთნი გახლდნენ. გარდა ამისა, ტოპონიმიდან გამომდინარე, ეს თემა დაუკავშირდა გრაალის თემას, რადგან გრაკალის ტერიტორიაზე არსებობდა ციხე იასპი და იასპი ჰქვია ქვას, რომლითაც გრაალის თასი დამზადდა.
ლეგენდის თანახმად, გრაალის თასი იესო ქრისტეს სახელს უკავშირდება. გრაალი, ფაქტობრივად, ბარძიმია, რომელსაც ქრისტეს მოწაფენი შეეხნენ საიდუმლო სერობისას და, რომელშიც მოგვიანებით ჯვარცმული იესოს რამდენიმე წვეთი სისხლი შეაგროვეს.
- დიახ და ეს გრაკალს უკავშირდება. გრაკალი ძველქართულად ნიშნავს რკალს. რკალი სიმბოლო გახლავთ ახალშობილი მთვარის. აქედან გადადის და ყრმა იესოს სიმბოლო ხდება. რკალი, როგორც გრაფიკული გამოსახულება, თასის სიმბოლოცაა. ამდენად, გრაკალი დაკავშირებული აღმოჩნდა გრაალთან. სხვათა შორის, იმდენად საინტერესოა გრაკალის ტოპონიმი, რომ ის ჯერ კიდევ აკაკი შანიძემ გამოიკვლია, რადგან ძველ ქართულში ის ნიშნავდა რკალს, რგოლს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მითანი, ანუ ხეთების ბუფერული სახელმწიფო, ქართველების წინარე ტერიტორია იყო?
- ყოველ შემთხვევაში, ეს იყო იბერიული ხალხების განსახლების ერთ-ერთი მოწინავე ფორპოსტი, ისევე, როგორც ქალდეა. ქალდეა იყო ბაბილონის ერთ-ერთი კუთხეთაგანი, ჩვ. წ. აღ-ის მე-6 საუკუნის ბაბილონის აღზევება უკავშირდება ნაბუქოდონოსორის სახელს. ამ პერიოდს უწოდებენ კიდეც ქალდეურ პერიოდს. თვითონ ნაბუქოდონოსორიც ქალდეველი გახლდათ და ის ბიბლიური ამბები, რომლებიც ქალდეაში მოხდა, დაკავშირებული იყო ამ ხალხთან. მათემატიკის, ასტრონომიის, მედიცინის, ანბანთმცოდნეობის და, საერთოდ, მეცნიერების პირველსაწყისები სწორედ ქალდეას უკავშირდება და იქ აღმოჩენილ თიხის ფირფიტებზე იშიფრება ეს ყველაფერი. მსოფლიო მეცნიერებაში საკამათოც არ არის ეს ყველაფერი. ქალდეველები ყველაფერ ამის საფუძველთან იდგნენ. ჯერ კიდევ კირიონიდან დაწყებული, მიხაკო წერეთლით, ზვიად გამსახურდიათი დამთავრებული, მიიჩნევდნენ, რომ ქალდეველები ქართველური ხალხია. ახლა მათემატიკურადაც დამტკიცდა იგივე.
თუკი ბიბლიურ ხაზს მივყვებით, სწორედ ქალდეველები იყვნენ ის მოგვები, რომლებმაც ყრმა იესოს თაყვანი სცეს.
- დიახ, ქალდეველები იყვნენ ის ვარსკლავთმრიცხველი წინასწარმეტყველები. სწორედ ამიტომ მათთვის სულიერი მომენტი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მატერიალური. ეს ხალხი ქმნიდა სულიერ ველს ქრისტეს დაბადებამდე 2 ათასი წლით ადრე. ფაქტობრივად, მომზადდა ყველაფერი ამ სამყაროში ახალი ღმერთის შემოსასასვლელად. ცნობიერად მომზადებული დახვდა იესოს მთელი სამყარო. ძველი აღთქმა უკვე დაწერილი იყო, სწორედ ამიტომ უკვე ხორციელებაში მოვიდა ღმერთი. ამდენად, ბიბლიაში ქალდეველები განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ.
ხალხთა მამამთავრად მიჩნეული აბრაამის სახელიც ქალდეველთა ქვეყანას და, კონკრეტულად, ქალაქ ურს უკავშირდება, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით აბრაამი ურიდან გავიდა და მის შთამომავლებად ითვლებიან ებრაელები და არაბები. თუმცა ქართველთა წარმომავლობასაც უკავშირებენ აბრაამს, ქალდეველთა ქვეყანასა და ქალაქ ურს. კონკრეტულად, რომელი ქართველური ჯგუფები ჩანან ქალდეველთა ქვეყანაში?
- ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, მესხურ-სემიტური შერეული ჯგუფები იყო. ებრაელებს მერე გააქვთ ეს ცოდნა ქალდეადან, ავრცელებენ და დღეს ჩვენ ისე გვაწოდებენ, თითქოს ეს ცოდნა სემიტურია. სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან ერთიანი მესხურ-კოლხური და საერთო კავკასიური სივრცე იდგა.
თქვენ ახსენეთ ბიბლიის გაშიფვრის მეთოდოლოგია-ჰემატრია. არსებობს სამგვარი მეთოდი - ნოტარიკონი, თემურა და ჰემატრია. რამდენად უტყუარია დაშიფვრის მესამე მეთოდოლოგია?
- ბიბლიის დაშიფვრის სამი მეთოდი არსებობს, მაგრამ პირველი ორი ლექსიკური ფორმაა და, რადგან ცნობიერებაში სერიოზული ძვრები მოხდა ორი ათასი წლის წინ და, ფაქტობრივად, ათასწლეულში უკვე ენობრივი ძირი განახლდა, მათი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, მათი ალბათობა მცდარია. ჯერ კიდევ 1912 წელს წერდა ამის შესახებ ცნობილი მკვლევარი ალისტერ კროული, რომ არც ერთი ეს ორი მეთოდი არ გამოდგებოდა. ერთადერთი, რომელიც რიცხულ ანალიზს ეყრდნობოდა, ეს ჰემატრია იყო და ის შეიძლება გამოეყენებინათ. მაგრამ რომელ ლექსიკაზე ვიყენებთ, ამასაც ხომ გააჩნია?! ძირითადად უცვლელი რჩება ტოპონიმიკა და ღმერთთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ამ საკითხებს ეთნომეხსიერება უფრთხილდება. ღმერთების სახელები ასე ერთი ხელის დაკვრით არ იცვლება. სწორედ ამაზე დაყრდნობით დღეს უკვე ათასამდე სიტყვა გვაქვს ისეთი, რომელთა ჰემატრიულ წარმოშობაშიც ეჭვს ვერ შევიტანთ.
თქვენ გაშიფრეთ იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომელიც ფაქტობრივად, დაშიფრული ტექსტია.
- ამ ყველაფერზე მე გავედი სწორედ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გაშიფვრის შედეგად. იოანე ზოსიმე თავის ნაშრომში წერს, რომ ქართული უფლის ენაა, სხვაზე აღმატებული და უკეთესი და მეორედ მოსვლის ჟამს ამა ენითა ამხილოს ღმერთმა სხვა ენები. აქედან გამომდინარე, რა ნახა იოანე ზოსიმემ ისეთი თავის კვლევებში იქამდე, რომ ქართული უფლის ენად მიიჩნია?! როგორც აღმოჩნდა, იოანე ზოსიმეს მთელი ხელნაწერი ჰემატრიითაა დაშიფრული. ეს მე ალბათურად სრულიად ცხადად დავადასტურე და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ამიტომ ის ასი ნაშრომი, რომელიც იქამდე იოანე ზოსიმეს კვლევას ეძღვნებოდა და ლექსიკურ ფორმებს განიხილავდა, რბილად რომ ვთქვათ, ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ კრიტიკას. რადგან დაშიფვრის მეთოდი-ჰემატრია ვიპოვე, ამის შემდეგ ძველი ქართულის უმთავრესი კითხვების ანალიზი დავიწყე იმავე მეთოდით. აღმოჩნდა, რომ ძველი ქართულის უმთავრესი ასტრონომიულ-სარწმუნოებრივ-კალენდარული ლექსიკა შექმნილია სწორედ ჰემატრიაზე დაყრდნობით. იმ პერიოდისთვის, როცა გრაკალს გრაკალი დაერქვა, ეს იყო ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის შუა პერიოდი, ფაქტობრივად, ქართული ანბანური სისტემა სრულყოფილად ჩამოყალიბებული იყო. გრაკლიანის აღმოჩენაც, ალბათ, წინარე ასომთავრულისკენ გარდამავალი ეტაპი იქნება, როცა გრაფიკული გამოსახულება საბოლოოდ სრულყოფილ გრაფიკად ჩამოიქნა, ასომთავრულად გარდაისახა.
რჩეული ერის თაობაზეც მინდა გკითხოთ, ეს უფრო სიმბოლური დატვირთვისაა თუ რეალურის?
- ბიბლია რომ ებრალთა ხელთ აღმოჩნდა, ეს რეალობაა. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ რჩეული ერობის უფლება მიიღეს იმით, რომ ისინი არიან ნაშობნი ქალდეველთანი. ანუ მესხური ტომების-ქალდეველების შვილები არიან. სარწმუნოება სწორედ ქალდეაში დაგროვილი სულიერი იმპულსების გარდასახვაა, იქიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. ამიტომ ეს განსაკუთრებული მოვლენაა, მაგრამ იმ ხალხებმაც უნდა იცოდნენ, რომ ამის სათავეებთან, რბილად რომ, ვთქვათ, სხვა ხალხი იდგა. ბიბლიიდან გამომდინარე, ქალდეასთან ქრისტეს კავშირი ნამდვილად იკვეთება. იესო ქრისტე სულიერად იმ ველის შვილია და ჩამოყალიბდა იმ ველში, რომელიც ქალდეურ კულტურაზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ არ სცნეს იგი ებრაელებმა.