გუშინ საღამოს დასრულდა კანის 64-ე კინოფესტივალი. ამ ღონისძიების დახურვისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე, ჟიურის თავმჯდომარემ, ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ მისი გამარჯვებულები ოფიციალურად დაასახელა.
კანის კინოფესტივალის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - “ოქროს პალმის ტოტი” გადაეცა რეჟისორ ტერენს მალიკის სურათს “ნატვრის ხე”. ეს ფილმი მოგვითხრობს ერთი უბრალო მამაკაცის ისტორიას, რომელიც მუდმივად სიცოცხლის არსის ძიებაშია და ეჭვის ქვეშ აყენებს საკუთარ რწმენასა და ცხოვრებისეულ ფასეულობებს.
კინოფესტივალის საპატიო “გრან პრი” ერგო თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის სურათს “ერთხელ ანატოლიაში” და ძმები დარდენების ნამუშევარს “ბიჭუნა ველოსიპედით”.
საუკეთესო რეჟისორისათვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო ფილმი “დრაივის” გადამღებმა, დანიელმა ნიკოლას ვინდინგ რეფნიმ.
საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა კირსტენ დანსტი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სურათში “მელანქოლია”. საინტერესოა რომ ამ ფილმის რეჟისორი დანიელი ფონ ტრიერია. ეს პიროვნება კინოფესტივალის დღეებში “პერსონა ნონ გრანტად” გამოცხადდა და დახურვის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა კატეგორიულად აეკრძალა. ამისი მიზეზი აღმოჩნდა ფონ ტრიერის მიერ გაკეთებული რამდენიმე სკანდალური ხასიათის განცხადება. დანიელმა რეჟისორმა არ დამალა რომ ის ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევარია. “ებრაელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემი პირადი სიმპათიები მაინც ადოლფ ჰიტლერის მიმართ იხრება” – განაცხადა ფონ ტრიერმა, თავისი ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე.
კანის 64-ე კინოფესტივალის საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა ფრანგი ჟან დიუჟარდენი, რომელმაც სურათში “მსახიობი” ითამაშა.
სპეციალური პრიზი გადაეცა ფრანგი რეჟისორი მაივენ ლე ბესკოს სურათს “პალიცია”.
საუკეთესო სცენარისტად აღიარეს ებრაელი რეჟისორი იოსეფ სედარი.
კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის მთავარი ჯილდო მიიღო ფინელი კინორეჟისორის აკი კაურისმიაკის სურათმა “ჰავრი”.
კიდევ ერთი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა იტალიელი რეჟისორი პაოლო სორენტინოს სურათი “სადაც არ უნდა იყო”.
კანის 64-ე კინოფესტივალის საზეიმო დახურვის წინა საღამოს დასახელდნენ ნომინაცია “განსაკუთრებული ხედვის” გამარჯვებულები.
ყველაზე საუკეთესოდ სცნეს რუსი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი ”ელენა”.
“განსაკუთრებული ხედვის” ჯილდოები აგრეთვე გადაეცათ კორეელი რეჟისორი კიმ კი დუკის სურათს “არირანგი” და გერმანელი კინორეჟისორი ანდრეას დრეზენის ნამუშევარს “ უკან დასახევი გზა მოჭრილია”.
საუკეთესო რეჟისორის წოდება ირანელმა მოჰამედ რასულოვმა დაიმსახურა. მისი ფილმი “ნახვამდის” კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად მიიჩნიეს. საინტერესოა, რომ რასულოვი საკუთარი სურათის წარმატებას ვერ დაესწრო, რადგან ირანის ხელისუფლებამ მას ქვეყნის დროებით დატოვებაზე უარი განუცხადა.