„რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, რომელიც არ შეეხება საქართველოს“

„რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, რომელიც არ შეეხება საქართველოს“

სერგეი ლავროვის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი ალიანსმა აიძულა დაეპყრო საქართველო და „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ ეღიარებიან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსეთის პირველი დიპლომატის მოსაზრებით, ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წამქეზებელმა ფრაზამ, რომ თბილისი NATO -ში იქნება, თავისი როლი შეასრულა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ რუსული საგარეო პოლიტიკის სიცრუე და დემაგოგია არ შეიძლება განხილული იყოს რაიმე საფუძველთან ერთად.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

რა გზავნილია სერგეი ლავროვის განცხადება, რომ საქართველოსთან საომარი მოქმედების დაწყების გადაწყვეტილება რუსეთს NATO - მიაღებინა?

სოსო ცისკარიშვილი: რუსული საგარეო პოლიტიკის ფრაზეოლოგია მუდმივი სიცრუის გავრცელების გზით არსებობს. თუკი 2008 წელს NATO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოიყენა საქართველოს ტერიტორიის დასაპყრობად, უკაცრავად, მაგრამ 1992-93 წლებში ვინ შემოუშვა რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიის დასაპყრობად და ვინ დააკარგვინა თბილისს აფხაზეთზე მართვისთვის ყველა ბერკეტი?! ეს მოხდა მაშინ, როდესაც ტერმინი NATO მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის ირაკლი წერეთლის მიერ გამოიყენებოდა. დანარჩენი საქართველო ამ თემაზე საერთოდ არ საუბროდა არც გარეთ და არც ტრიბუნიდან. მხოლოდ 1995 წელს ბატონმა შევარდნაძემ ბრძანა, რომ საქართველომ შესაძლოა, მალე დააკაკუნოს NATO-ს კარებზეo, ეს იყო და ეს. ამიტომ, რუსული საგარეო პოლიტიკის სიცრუე და დემაგოგია არ შეიძლება განხილული იყოს რაიმე საფუძველთან ერთად.

ლავროვის მოსაზრებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს საკუთარ რიგებში უფრო მეტი ქვეყანა გააწევრიანოს და ისინი რუსეთს მოსწყვიტოს. თუმცა, არ საუბრობს იმაზე, რომ NATO არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. საინტერესოა, რატომ არ ცდილობს რუსეთი გაანალიზოს ის მთავარი პრობლემა, რატომ მიისწრაფვიან ქვეყნები ალნიანსისკენ და არა რუსეთისკენ?

რუსეთი ცდილობს გაანალიზოს ყველა და ყველაფერი, გარდა საკუთარი თავისა. ამაზე მიგვითითებს თავად რუსული დემოკრატიის ხარისხი, სადაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ადამიანი არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას. ის სანქციები, რომელიც მის მიმართ არის ამოქმედებული დასავლეთის ცივილიზებული ქვეყნების მიერ, ადრე თუ გვიან, მოიტანს შედეგს. მაგრამ მთავარია, არ გადავლახოთ ის წითელი ხაზი, რომელიც ახალი სამხედრო აგრესიის საფუძველს მისცემს რუსეთს. ეს თემა არ უკავშირდება ნატოსთან საქართველოს ურთიერთობას.

დღეს, როდესაც საეჭვოდ აჭიკჭიკდა რუსეთის აქამდე ხმაამოუღებელი თავდაცვის მინისტრი, ცხადია მიმანიშნებელია იმისა, რომ შეიძლება ხელისგულები დაიტყავონ იმისათვის, რომ რაღაცნაირად საქართველოს სიღრმეში მეტი კომფორტი მოიპოვონ რუსმა დამპყრობლებმა. ცივილიზაციის ღირებულებები მათთვის აღარაფერს ნიშნავს. რუსეთის შეფასებისას ამ ჭეშმარიტებას ადასტურებს თავის წიგნში „კავკასია“ უკვდავი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (მამა) - „რუსეთი უმართავი სტიქიაა, იგი შემოიჭრება, რომ გაგანადგუროს. მის თანამედროვე მონაპოვრებში არის სკიფების, ჰუმების და თათრების ბარბაროსობის გამოძახილი. შეუძლებელია გაიგო - მით უმეტეს ცივილიზაციისა და კულტურის თანამედროვე დონის პირობებში - ეს ერთდროული და თანაბარი მოთხოვნილება სხვისის დაბყრობის და უპასუხისმგებლობა საკუთარის შენარჩუნებისა და გაუმჯობესიებისთვის“. ამით ყველაფერი ცხადია. მსოფლიო რუკის სივრცეში საქართველოს დანახვაზე პუტინს რომ ხელები ექავება, ეს არ გახლავთ რამე მოულოდნელობა გამომდინარე იქიდან, რაც მან და მისმა წინამორბედმა ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ.

აქიდან გამომდინარე რუსეთის მხრიდან NATO- თემის გამოყენება საფუძვლიანია?

- სრულიად უსაფუძვლოა, რადგან რუსეთის სამხედრო ძალებმა დააკარგვინეს მართვის საშულებები თბილისს და საკუთარ მიწად მიითვისეს აფხაზეთი, 2008 წელს კოდორი და სამხრეთ ოსეთი. რაც არ უნდა ფერუმალით შევკმაზოთ რუსი ოკუპანტების სახე, ჭეშმარიტება სახეზეა. მათი სიკეთე შესაძლებელია საუკუნეების მერე იყოს შემჩნეული, მაგრამ დღევანდელი რუსეთი, რომელიც დიდად განსხვავდება საბჭოთა კავშირის ნაწილი რუსეთისგან, მხოლოდ სიავის მომტანია.

აქეთ რომ გვაყვედრიან, გზა გავუხსენით ქართულ ღვინოსო, ბარემ ისიც დააყოლონ, რომ სწორედ ქართული ღვინის მიმართ რუსი მეცენატების ლტოლვის დასაკმაყოფილებლად შეწყვიტეს 2006 წელს ალკოჰოლური სასმელების იმპორტი რუსეთში. შეაჩერეს ეს დარგი და რა მოხდა? - გადახედეთ რა მოხდა, საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის ქარხნების და გადამამუშავებელი მრეწველობის მეპატრონეები რუსეთის მოქალაქეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე საქართველოსი.

დიახ, ვფლობდი ინფორმაციას, რომ მისხალ-მისხალ იყო დათვლილი რუსეთში რა რაოდენობის შემოსავალს იღებს საქართველო თავისი ალკოჰოლური სასმელებით. მაშინვე იყო მიღებული გადაწყვეტილება - რატომ საქართველოს - ჩვენ ჩვენი წილი შევიტანოთ და ჩვენ წამოვიღოთ ეს დიდი სიმდიდრე როგორც შედეგი. ასე რომ, ნურავის დააყვედრებენ ამჟამად ქართული ღვინის ექსპორტს, რადგან თავად ექსპორტიორები არიან დაინტერესებულნი რუსეთში ამ საქმით, გამომდინარე თუნდაც იქიდან, ეს ექსპორტიორები თავად რუსეთის მოქალაქეები არიან.

ლავროვის ამ განცხადებას წინ უსწრებდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ არსებობს საფრთხე სამხრეთ კავკასიაში სირიის მსგავსი კრიზისი დაიწყოს და მისივე განცხადებით, ამ საფრთხისთვის კრემლში ემზადებიან. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ემზადება სირიის სცენარის სამხრეთ კავკასიაში გადმოსატანად?

- არა თუ ემზადება, ეს მათი ხანგრძლივი დროიდან გამოყოლილი ოცნება გახლავთ. ამ თემით აპელირება დასჭირდება იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც აღმოჩნდა დღევანდელი თურქეთი. მაგრამ როდესაც ვეცნობით სხვადასხვა წყაროდან ერთსა და იმავე ინფორმაციას, რომ თურმე რუსეთს გაუფრთხილებია თურქეთი, რომ იწყება სამხედრო გადატრიალების მცდელობა - უკაცრავად, რატომ ჰქონდა ეს ინფორმაცია თურქეთის დაზვერვაზე ადრე რუსეთს? არაერთი მიმანიშნებელი ვერსია ქვეყნდება თავად თურქულ მედიაშიც, რომელიც ასე თუ ისე, მაინც არსებობს და ცდილობს მიაგნოს ჭეშმარიტებას.

აგვისტოში დადგემილი რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების შეხვედრა, სერიოზული გავლენის მქონე იქნება საქართველოსთვისაც.

რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, რომელიც არ შეეხება საქართველოს. ამიტომ, რასაკვირველია ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება დასავლეთის ხელისუფლებებს. კი, ბატონო, მარტივია თურქეთის გარიცხვა ვიზალიბერალიზაციის რიგში მყოფი ქვეყნებიდან, არ უნდა დიდი ხნის ბჭობა იმასაც, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში შეძლებს თუ არა თურქეთი ევროსაბჭოს წევრობას.

მაგრამ ასეთი სანქცია არ უნად იყოს საფრთხის შემცველი მთავარი თემის მიმართ, რასაც ჰქვია ნატოსა და თურქთის გაყრა, რაც თავისთავად ნიშნავს თურქეთის გართხმას რუსეთის მუხლებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე არა მარტო ჩვენ ვფიქრობთ, არამედ სერიოზული ანალიტიკური ძალები სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ ცივილიზებული ქვეყნის ლიდერს. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენთვის დიდი არჩევანი არ არსებობს. ჩვენ მაშინ ვიქნებით მშვიდად და წელგამართული ჩვენი შავი ზღვის რეგიონში, თუ თურქეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება.
მაგრამ ჩამოყალიბდება? თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მათ არ უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის მოსაზრება სიკვდლით დასჯის თაობაზე...

- ეს ჩვენი ერთადერთი გამოსავალია. ამიტომ სჭირდება არა ზურგის შექცევა, არამედ მაქსიმალური ძალისხმევა დასავლეთიდან, რომ დემოკრატიამ იხაროს თურქეთის სივრცეში და გაიმიჯნოს რუსეთი თავისი ზემოქმედებით თურქეთზე, რომლის მიზანიცაა თურქეთში არადემოკრატიული პროცესების აღზევება. არ მგონია დიდხანს გასტანოს იმ სტატუს-ქვომ, რომელიც ამჟამად გაუგებრობაში აგდებს არა მხოლოდ ევროპელებს, არამედ უპირველესად თურეთის მოსახლეობას. რასაკვირევლია ამ ვითარებაში ჩვენც გვექნება საკუთარი სათქმელი.

იმედი მაქვს, რა დაძაბულიც არ უნდა იყოს წინასაარჩევნო ვითარება ამერიკაში და ასევე, ტერორიზმით განადგურებულ ევროპაში, თუკი აგვისტოში დაგეგმილი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრამდე ევროპელი და ამერიკელი ლიდერების მხრიდან არ იქნება პირდაპირი კომუნიკაცია თურქეთის პრეზიდენტთან, მაშინ კიდევ უფრო გაჭირდება თურქეთის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე საუბარი.

შესაძლებელია ითქვას, რომ რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებამ გადაინაცვლა თურქეთში?

- შევხედოთ მსოფლიო რუკას, უნდა ვაღიაროთ - იქნება ეს რუსეთი, აშშ, ევროპა თუ ავსტრალია - მათთვის პარტნიორად და იქ მიმდინარე პროცესებით ბევრად უფრო საინტერესოა თურქეთი და არა საქართველო. ეს ჩვენი ბედია და ვფიქრობ, რომ უკანსაკნელ ხანებში ჩვენ ვქმედებთ უშეცდომოდ, მაგრამ არ უნდა დაგვჩემდეს პასიურობა, სხვის ნაკვალევზე არ უნდა ველოდოთ საკუთარ სვლას.

ჩვენ გვაქვს უნარიც, საფუძველიც და საბაბიც ვიყოთ აქტიურნი იმ სამომავლო გზების დასახვისთვის, რომელიც თურქეთსა და საქართველოს, როგორც პარტნიორებს, კიდევ უფრო დააახლოვებს. რამდენიმე ათეული წელია კეთილმეზობლობის მაღალი საფეხურები დავძლიეთ ერთამნეთთან ურთიერთობაში და არ გამოვრიცხავ, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, თურქეთის მოსახლეობის ნაკადი გაიზარდოს საქართველოს მიმართულებით, რისთვისაც ჩვენ აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ.