საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 42 წევრის სარჩელი 20 ივლისს არ დააკმაყოფილა, 21 ივლისს კი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და შანტაჟზე საგანგებო განცხადება გააკეთა.
არსებობს თუ არა ბმა პლენუმის გადაწყვეტილებასა და სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას შორის, ამის თქმა რთულია, თუმცა, მოსამართლეების მიმართ შანტაჟს თუ ვინ ახორციელებს, ამას გიორგი პაპუაშვილი ამ დრომდე არ აკონკრეტებს და მხოლოდ ზეწოლის ფორმებს ასახელებს. მისი ცნობით, ბოლო პერიოდში, ცალკეულ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებასა და დაშანტაჟებაში.
მზადყოფნის მიუხედავად, გიორგი პაპუაშვილი შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას არც მთავარ პროკურორისთვის, არც პრემიერისთვის და არც პრეზიდენტისთვის არ ჩქარობს. გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს, თუმცა, გიორგი პაპუაშვილი აპირებს თუ არა უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას და გამოცხადდება თუ არა მთავარ პროკურატურაში, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ. for.ge-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნული შეხვედრები თუ როდის გაიმართება, ისინი შესაბამისს ინფორმაციას არ ფლობენ.
გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ მთავარ პროკურატურაშიც. როგორც for.ge-ს საგამოძიებო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში გამოცხადება მისთვის სასურველ დროს შეუძლია.
სანამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეების ზეწოლის ფაქტებზე მეტ დეტალს გაასაჯაროვებს, მანამდე გიორგი პაპუაშვილს დეპუტატები რჩევებს აძლევენ.
როგორც for.ge-ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, თუ მოსამართლეების მიმართ მსგავსი რამ ხდება, ეს დანაშაულია და ვითარება უნდა გაირკვეს, ხოლო დამნაშავე და დანაშაულის მიზანი უნდა გამოვლინდეს. მისი თქმით, მოსამართლეების დაშანტაჟების მიზანი პოლიტიკური იყო, საყოფაცხოვრებო ურთიერთობები, თუ სხვა რაიმე კომერციული მიზანი, ეს ყველაფერი კანონით განსაზღვრული წესით უნდა დადგინდეს.
„სინამდვილეში რა ხდება, არ ვიცი, რადგან საფუძვლიანი ბრალდებებიც მომისმენია და უსაფუძვლოც. გამოძიება უნდა ჩატარდეს და თუ დანაშაულის ჩადენა დადასტურებული იქნება, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დანაშაული იყო თუ არა. თუ ეს არ გაკეთდა, ნებისმიერი ნათქვამი ფუჭად დარჩება, რომელსაც ვიღაცეები დაიჯერებენ, ვიღაცეები - არა. თუ მსგავსი დანაშაული ხდება, ამას სამართლებრივი შედეგი აუცილებლად უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ხმალაძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეჭვობს, რომ გიორგი პაპუაშვილის განცხადება საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანას ემსახურება. for.ge-სთან საუბარში კობახიძე აცხადებს, რომ თუ გიორგი პაპუაშვილს ასეთი ფაქტების თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია და მტკიცებულებები აქვს, მან პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს - პაპუაშვილმა ზუსტად იცის, რა სამართლებრივი პროცედურებია დასაცავი იმისთვის, რომ ეს ზოგადი განცხადება არ იყოს.
„დეტალებზე ვერ საუბრობს და თუ ასეთ ქმედებებს ადგილი ნამდვილად აქვს, მან პროკურატურას უნდა მიმართოს. დარწმუნებული ვარ, რეაგირების გარეშე არცერთი ფაქტი არ იქნება დატოვებული. მგონია, რომ ეს განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, სხვა შემთხვევაში მან პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს. თუ ზეწოლაა, ეს გარკვეული დანაშაულის ქმედებით უნდა იყოს გამოხატული, ეს კი, მხოლოდ განცხადებაა. პაპუაშვილი მოსამართლეა და მტკიცებულების ფასი ყველაზე კარგად მან უნდა იცოდეს. განცხადებებით დანაშაული რომ ვერ მტკიცდება, ეს პაპუაშვილმა უნდა იცოდეს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება განცხადება დემაგოგიისთვის“, - დასძენს კობახიძე.
თუ რა კავშირი შეიძლება იყოს პაპუაშვილის განცხადებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას შორის, ამას for.ge-სთან საუბარში ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს წევრი პავლე კუბლაშვილი ვერ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ პლენუმს განსახილველი ბევრი საქმე აქვს და შესაძლოა, პაპუაშვილის განცხადება რომელიმე სხვა საქმეს უკავშირდებოდეს. დეპუტატის შეფასებით, პაპუაშვილი მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრებზე უნდა გამოცხადდეს, მაგრამ იმ ფაქტების შესახებ საჯაროდ უნდა თქვას, რაზეც არის საუბარი.
„სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი გაუგებრობებში ჩაიკარგება პროკურატურასა და განცხადებებს შორის. პროკურატურა იტყვის, რომ მათთვის ფაქტები არ მიუწოდებია, საკონსტიტუციო სასამათლოში იტყვიან, რომ ზეწოლას აქვს ადგილი. ეს სადღაც ხომ უნდა დამთავრდეს? - მთავრდება იქ, სადაც საზოგადოებას ფაქტების შესახებ მეტი ინფორმაცია აქვს. არ მგონია, რომ ეს საკითხი პლენუმის გადაწყვეტილებას ეხება“, - დასძენს კუბლაშვილი.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელს, უმცირესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს „საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სარჩელით მიმართა, რომელიც ოლქების საზღვრებს ეხებოდა. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საზღვრები წარმოადგენს საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ე.წ. „ჯერიმანდერინგის“ შემთხვევას. მათი აზრით, საზღვრები დადგენილია ისე და იმ მიზნით, რომ ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს მმართველი პოლიტიკური ძალა. ნაციონალების საპასუხოდ, პლენუმმა დაადგინა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის, საარჩევნო ოლქების საზღვრების ანალიზის საფუძველზე საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ იკვეთება. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.