„კანონმდებობით უნდა აიკრძალოს ფასის დასახელება უცხოურ ვალუტაში“

„კანონმდებობით უნდა აიკრძალოს ფასის დასახელება უცხოურ ვალუტაში“

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის -კობა გვენეტაძის ნათქვამმა, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მათთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა გახდეს, უფრო კეთილი სურვილების შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე რეალობას მისადაგებულის.

შეუძლიათ კი ჩვენს მოქალაქეებს დოლარის გარეშე ცხოვრება, როცა იმპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში ყველა გზა მაინც დოლარისკენ მიდის?!

როგორ უნდა შეიქმნას ნიადაგი დედოლარიზაციისკენ? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი საბანკო საქმეებში ლია ელიავა ესაუბრა.

როგორც წესი, ლარის პატივისცემას ჩვენი საზოგადოების ქვედა ფენებიდან მოითხოვენ, ამ დროს კი ეროვნული ბანკის მესვეურნი რამდენად ქმნიან წინაპირობას, რომ ხალხი დოლარის გარეშე ცხოვრებას შეეჩვიოს?

- ჩვენთან ლარის მიმართ პატივისცემის დაბრკოლება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქცია აკისრია სახელმწიფოში ეროვნულ ვალუტას. დღეისათვის ლარს ფულის ხუთი ფუნქციიდან შენარჩუნებული აქვს მხოლოდ ერთი და ეს არის გადახდის საშუალება. ყველაზე მნიშვნელოვანი-დაგროვების ფუნქცია ლარს არ გააჩნია. შესაბამისად, მოსახლეობას არასდროს ექნება სტიმული დააგროვოს ლარი და ამ საკითხის მოგვარება-გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ ეროვნულ ბანკს იმით, რომ შეამციროს დოლარის მასა ქვეყანაში და იგი ჩაანაცვლოს ლარის მასით. სხვანაირად, რამის მიღწევა გამორიცხულია და ეკონომიკური თვალსაზრისით, ან კიდევ მოსახლეობის ინტერესის თვალსაზრისით, გამორიცხულია ეროვნული ვალუტის ავტორიტეტის ზრდა, როგორც მოსახლეობაში, ისე-ბიზნესში.

ისტორიულად რომ მივყვეთ, 23 წელია, ვერ ხერხდება ეროვნული ვალუტის პატივისცემა. კუპონის მიმართ ცინიკურად იყო ჩვენი მოსახლეობა განწყობილი. 1993 წლიდან 95 წლამდე კუპონის მოქმედების პერიოდი და მისი გაუფასურება ტრაგედიად იქცა ათასობით ადამიანისთვის, რომლებმაც დაკარგეს წლობით ნაგროვები დიდძალი თანხა. სწორედ მაშინ დაწინაურდა დოლარი, როგორც დაგროვება-გადახდის საუკეთესო საშუალება და დღესაც დოლარის როლის დაკნინება მოსახლეობისთვის ადვილი არ იქნება.

- დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა კომპლექსური საკითხია და მარტო ეროვნული ბანკი ამას ვერ მოერევა. მთავრობას ამ მიმართულებით უკვე აქვს გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლებას. სანამ ეს პროცესი სრულფასოვნად არ აიდგამს ფეხს, დოლარიზაციის თავიდან აცილება შეუძლებელია. თანაც გაითვალისწინეთ, ეს ის ქვეყანაა, რომელიც 80%-ით დამოკიდებულია იმპორტზე, ანუ პრაქტიკულად, უცხოურ ვალუტაზე.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ერთხელ დაიცავს ლარის კურსს, მეორედაც, მესამედაც, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდება, ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის უფრო მასშტაბურ გაუფასურებას მივიღებთ. ინტერვენციების გარდა, სხვა რა ბერკეტი რჩება ეროვნულ ბანკს?

- ეროვნული ბანკის მხრიდან დოლარიზაციის თავიდან აცილებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს გაუზარდა სარეზერვო მოთხოვნები უცხოურ ვალუტაში, ეს მაინც არ არის მთავარი ნაბიჯი დოლარიზაციასთან ბრძოლაში. დოლარიზაციის შემცირების კვალობაზე აუცილებელია დოლარი ჩანაცვლდეს ლარით. თუმცა, ლარით ჩანაცვლების პროცესი ეროვნული ბანკისთვის ყველაზე მტკივნეულია, რადგან იგი ვერ მართავს ინფლაციის პროცესებს. ანუ კანონის მოთხოვნას ფასების სტაბულურობის შესახებ ეროვნული ბანკი ვერასდროს ვერ ასრულებდა და ახლაც ვერ ასრულებს.

ინფლაციის მაჩვენებელს საკმაოდ ძლიერი რყევები აქვს და ეს სტაბილურ ვითარებად ვერ ჩაითვლება. ამიტომაც ეროვნულ ბანკს ყოველთვის ეშინოდა ლარის მასის ზრდის, ახლაც ეშინია, რადგან ჰგონია, რომ გაექცევა ინფლაცია. გარდა ამისა, აუცილებლად მისაღებია ადმინისტრაციული ზომები იმისთვის, რომ სიტყვა „დოლარი“ ამოღებულ იქნას როგორც სამეურნეო, ისე ეკონომიკური და სამთავრობო საქმიანობის პრაქტიკიდან. კანონმდებობით უნდა აიკრძალოს ფასის დასახელება უცხოურ ვალუტაში, ასევე, აიკრძალოს რეკლამაში უცხოური ვალუტის ხსენება; კანონით უნდა აიკრძალოს ანგარიშსწორების განხორციელება, უძრავი ქონების ან ავტოსანტრანსპორტო საშუალებების გაყიდვა ან რეგისტრაცია უცხოურ ვალუტაში. ეს არის კომპლექსური პრობლემა და მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, პარლამენტმა შესაბამისი ღონისძიებები ერთობლივად უნდა მიიღონ. ცალ-ცალკე თითოეული სტრუქტურა ამ მიმართულებით არაფრის მაქნისია.

ექსპერტების აზრით, ჩვეულებრივ მოქალაქეს საშუალება უნდა ჰქონდეს, საბანკო მონოპოლიის გვერდის ავლით ფასიან ქაღალდებში დააბანდოს ფული. ეს ხომ ლარის კურსს გაამყარებდა?

- იმისთვის, რომ ჩვენისთანა ჩამორჩენილ ქვეყანაში რაღაცას მიაღწიო, ამას უნდა უსწრებდეს საკანონმდებლო საფუძველი. უნდა აუკრძალო ჩინოვნიკებს, ნებისმიერ საჯარო მოხელეს, იქონიოს უცხოეთში ანგარიში.

დოლართან მიმართებით ამდენი შეზღუდვის დაწესება ძალადობად ხომ არ აღიქმება?

- არავითარ შემთხვევაში. ყველამ პატივი უნდა სცეს თავის ეროვნულ ვალუტას, აქ არაფერი არ არის დისკრიმინაციული. თუკი უცხოური ვალუტა გინდა, წადი საზღვარგარეთ და მოიხმარე, რამდენიც გენებოს. მეორე მომენტიცაა, საქართველოში ლარი ცოტა ოდენობითაა, ის სამ-ოთხჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე უცხოური ვალუტა. ეს მცირე ოდენობა ქვეყნისთვის კატასტროფულია. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ეკონომიკის მონეტიზაციის მაჩვენებელი 16%-ია, ანუ ლარის მასა არის მთლიანი შიდა პროდუქტის 16%, ეს კატასტროფაა. პროცენტი წინა წლებში შედარებით იზრდებოდა, ზრდიდა ეროვნული ბანკი ფულის მასას და 14-დან 18%-მდეც გაზარდა, ახლა კი ისევ დავარდა 16%-მდე. ვიმეორებ, ეს ეროვნული ბანკის შიშით აიხსნება, რომ მას ინფლაცია გაექცევა. ამიტომაც ამცირებს ფულის მასას. ამ დროს კი მსოფლიო ეკონომისტები თანხმდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში, როდესაც მონეტიზაციის კოეფიციენტი 30%-ზე ნაკლებია (ანუ ჩამორჩენილ ქვეყნებზეა საუბარი), ეკონომიკა ვერ ვითარდება. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს არა მარტო ესაჭიროება დოლარის მასის შემცირება, არამედ ლარის მასის გაზრდასაც საჭიროებს. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან ვერ ვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ხალხს ლარი არ აქვს ხელთ, ლარის შიმშილს განიცდის საქართველოს ეკონომიკა. ფაქტობრივად, რა გამოდის? როდესაც ეროვნულ ბანკს უჭირს მუშაობა, უჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ის თავის ვიწრო უწყებრივ ინტერესებს გადააყოლებს ხოლმე ეკონომიკის ინტერესებს. აქ ძალიან სერიოზული კონფლიქტია შიდა უწყებრივ ინტერესებსა და ეკონომიკის ინტერესებს შორის, რაც აღმოსაფხვრელია. გონივრული ქმედების შემთხვევაში, დოლარიზაციის 15%-მდე მკვეთრი შემცირება შესაძლებელია.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ დოლარის დიდი მასა, მათაც აქვთ უარყოფითი როლი დოლარიზაციის პროცესში?

- კომერციულ ბანკებს უშუალოდ ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ ქვეყანაში არასწორი მონეტარული პოლიტიკა ტარდება. ამ შემთხვევაში, კომერციული ბანკების ბრალეულობა არის ის, რომ ისინი ასახავენ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ის, რომ კომერციულ ბანკებს სისტემატურად სჭირდებათ დოლარის დიდი მასა, რათა მოახდინონ გადარიცხვები იმპორტირებული საქონლის შემოტანაზე, ან მოემსახურონ უცხოეთიდან ფიზიკური პირების გადმორიცხვებს და მოსახლეობისთვის თანხების ხელზე გაცემას, ეს არის ასახვა ჩვენი მრუდე სტრუქტურულად დამახინჯებული ეკონომიკისა. ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციული ბანკის ნებისმიერი ნაბიჯი მკაცრად გააკონტროლოს და რეგლამენტირება მოახდინოს. მხოლოდ ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული, ვნებს თუ არგებს კომერციული ბანკების საქმიანობა საქართველოს ეკონომიკას.

კიდევ ერთს გეტყვით, ეს შეეხება სავალუტო ჯიხურების საქმიანობას. ეროვნული ბანკი არ უნდა გასცემდეს ასე უაზროდ ამხელა ოდენობის ლიცენზიებს სავალუტო ჯიხურებზე და აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს სავალუტო ჯიხურების საქმიანობას, ანდა დახუროს ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს წარმოდგენა არ აქვს, რა ოდენობის უცხოური ვალუტა ტრიალებს ქვეყანაში, რადგან სავალუტო ჯიხურები ეროვნულ ბანკში მიწოდებულ ანგარიშგებაში არასწორ ინფორმაციას იძლევიან. უკანასკნელად როცა დაახურდავეთ დოლარი ან ლარი, სავალუტო ჯიხურმა მოგცათ ქვითარი? რა თქმა უნდა, არ მოგცათ, ანუ ისინი საქმიანობენ კანონის მიღმა, არ იხდიან გადასახადებს და სხვა. ეროვნული ბანკი ამის გამო ვერ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, თუ რამდენი დოლარი ტრიალებს ქვეყანაში. მოკლედ, წესიერი კადრებითაა დასაკომპლექტებელი ეროვნული ბანკი.