იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. უშიშროების ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ძებნიდან მისი საქმის განხილვის შემდეგ მოხსნეს. ახლა გიორგაძე სასამართლოს დადგენილებას ელოდება და სწორედ ამის შემდეგ აპირებს საქართველოში დაბრუნებას. საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის გამო იგორ გიორგაძე 21 წელი ძებნილი იყო და რუსეთში იმყოფებოდა. გიორგაძის სახელს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტსაც უკავშირებდნენ.
იგორ გიორგაძის წინააღმდეგ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 1995 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა. გიორგაძეს ბრალად ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება.
2016 წლის 30 მაისს საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მიეწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, მის მიმართ შეწყდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც პირი, რომელიც სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვეტას ექვემდებარება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მსგავსად წინა შემთხვევებისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზემოთ მითითებული საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე. კერძოდ, იგორ გიორგაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის საკითხის განხილვისას ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს არ გამოუთხოვია და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს არ მისცემიათ შესაძლებლობა ინტერპოლისთვის წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და მასალები, რაც იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას დაასაბუთებდა.
ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებენ ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.
გიორგაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლო განხილვების დასრულებამდე მისი საქართველოში დაბრუნება მიზანშეწონილი არაა, რადგან მის მიმართ, შიდა ეროვნული სამართლებრივი პროცედურები შეწყვეტილი არ არის. შესაბამისად, გიორგაძის ჩამოსვლის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. მისივე თქმით, დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ იგორ გიორგაძის მიმართ, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო განხილვების შემთხვევაში, ის გამართლდება.
„იგორ გიორგაძის მიმართ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ის ამჟამად ბრალდებულის მაღალი სტატუსის მქონე პირია. შესაბამისად, სასამართლო გამოძიების პროცესში უნდა დადასტურდეს, ან უარყოფილი იქნეს ის ბრალი, რომელიც მას წარდგენილი აქვს. სამართლიანი განხილვის პირობებში იგორ გიორგაძის უდანაშაულობის დადასტურება გარანტირებულია“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მოსიაშვილის განცხადებით, 90-იანი წლების თითქმის ყველა გაუხსნელი საქმე იგორ გიორგაძის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველი გახდა. თუმცა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების მასალების შესწავლის შემდეგ ადვოკატებმა გადაწყვეტეს, რომ მიემართათ ინტერპოლისთვის, რათა გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვეტილიყო, რადგან საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ გიორგაძისთვის თუნდაც ბრალი წარედგინათ.
„ვინაიდან დავინახეთ აშკარად, რომ სახეზეა პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაცია ამ პირის მიმართ, გადავწყვიტეთ მიგვემართა ინტერპოლისთვის და მოგვეთხოვა წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტა, რადგან ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლს არ შეესაბამებოდა იგორ გიორგაძის მიმართ განხორციელებული წითელი ცირკულარით ძებნა.
ინტერპოლის მიმართ გაგზავნილ განცხადებაში აღვნიშნეთ საქმის მასალებში არსებული გარემოებები, რომლითაც დასტურდებოდა პირის მიმართ პოლიტიკური დევნა. ინტერპოლის სამდივნოს მიერ ეს ობიექტურად და სიღრმისეულად იქნა შესწავლილი, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება იგორ გიორგაძეზე წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის“, - ამბობს გაგი მოსიაშვილი.
მისივე თქმით, პროკურატურა მოცემულ ეტაპზე შეზღუდულია იმაში, რომ გიორგაძეს ძებნილის სტატუსი კვლავ მიანიჭოს, ვინაიდან ერთი მხრივ, საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და მეორე მხრივ, დადასტურებულია, რომ ინტერპოლის რესურსის გამოყენება მიზანშეუწონელია პოლიტიკური დევნილი პირის მიმართ.
„იგორ გიორგაძეს ბრალი აქვს წარდგენილი 90-იან წლებში მომხდარ და გაუხსნელ საქმეებზე, მათ შორის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მომხდარი ტერაქტის, ხაბეიშვილის საქმეებსა და ჭანტურიას მკვლელობაზე. თუმცა, ჯერჯერობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლოს არავითარი განაჩენი არ გამოუტანი, თუმცა ამის მიუხედავად გარკვეული პირების მხრიდან ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაზეც აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას და მას სამართლებრივ მსვლელობას მივცემთ.
საქმის მასალებით ჩანს, რომ გიგლა აგულაშვილი და კობა ნარჩემაშვილი ამ პერიოდში არიან საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებლები, თუმცა ისინი ბრალდების მხარის მხრიდან დასაკითხ პირთა სიაში არ არიან შეყვანილნი. შესაბამისად, მათი დაკითხვა სავარაუდოდ არ მოხდება, თუმცა ამას დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოზიცია ეკავა მაშინ ან უკავია დღეს. მთავარია, რომ თუნდაც მათ მიერ გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაციით, არ დასტურდება იგორ გიორგაძის ბრალეულობა“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, გიორგაძის საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. for.ge-სთან საუბრისას ბესელიამ აღნიშნა, რომ ქართველ სამართალდამცავებს ინტერპოლის გადაწყვეტილებასთან შეხება არ აქვთ და ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თავისი ახალი სტანდარტით იღებს.
„1995 წლიდან გიორგაძის მიმართ სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული და ეს პროცესი საქართველოში შეწყვეტილი არ არის. ინტერპოლის სიიდან ამოღება საქართველოში სისხლის სამართლის დევნის სიიდან ავტომატურ ამოღებას არ ნიშნავს. საქმე, რომელიც გიორგაძის მიმართ იყო, ისევ არის დარჩენილი. ბუნებრივია, მის მიმართ ის ღონისძიებები გატარდება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. გახსოვთ, რომ ძებნილთა სიიდან თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ამოღება მოხდა, რაც ქართული მხარის უკმაყოფილების მიზეზი გახდა“, - აცხადებს ეკა ბესელია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ უშიშროების ყოფილ მინისტრის მიმართ პასუხისმგებლობები არსებობს, რომელიც არავის არ მოუხსნია. მისივე თქმით, გიორგაძის ჩამოსვლას სამართალდამცავების მხრიდან შესაბამისი მოქმედებები მოჰყვება
„ინტერპოლის რეგულაციები მნიშვნელოვანწილად შეიცვალა და არა მხოლოდ ქართველი ძებნილების მიმართ. პრინციპი შეცვალეს, რომ თუკი რომელიმე ქვეყანა რომელიმე პირს დევნილის სტატუსს აძლევს, მის მიმართ ცირკულარული ძებნა იხსნება. თუმცა, ეს გადაწყვეტილება იგორ გიორგაძის მიმართ იმ კითხვებს არ ხნის, რომელიც მის მიმართ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს 1995 წლიდან გააჩნიათ. სამართალდამცავების მხრიდან საქართველოში მის ჩამოსვლას შესაბამისი მოქმედებები მოჰყვება.
„მას დააპატიმრებენ თუ დაკითხვაზე დაიბარებენ, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ამას შესაბამისი მოქმედებები მოჰყვება. ძებნასთან დაკავშირებით პროკურატურა საკითხს ისევ დააყენებს. ქართველი სამართალდამცავების მხრიდან გიორგაძის მიმართ არაფერი არ შეცვლილა და მას ქართული მხარე ეძებს. იგორ გიორგაძის მიმართ პასუხისმგებლობები არსებობს, რომელიც არავის არ მოუხსნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკიმ.
გიორგაძე საქართველოში ჩამოსვლის შანს ვერ ხედვას პოლიტიკური პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე, რომლის განცხადებით, მისთვის უცნობია რატომ გააქტიურდა ეს თემა.
„ძალიან არ მჯერა, რომ იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოვიდეს. მე არ ვიცი როგორ ამოიღეს ის სიიდან, თუმცა აქ კორუფციაზე საუბარი არ შეიძლება. მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ მოხდა მისი ამოღება სიიდან. ალბათ, ჰყავს ადვოკატები, რომლებიც ამ საკითხზე ამუშავა, ეგეთებიც ხდება ხოლმე. იმედია ძალიან მალე დააბრუნებენ იქ, საიდანაც ამოიღეს.
პროკურატურის განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს, აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ოფიციალურ უწყებებს, იგორ გიორგაძის ინტერპოლის სიიდან ამოღებაზე რაიმე მოთხოვნა ან რაიმე მსგავსი არ ყოფილა, მათ არ მოუთხოვიათ, რომ სიიდან ყოფილიყო ამოღებული. თუმცა, გიორგაძე და არა მხოლოდ ის, ასეთ რამეებს ახერხებენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ შევარდნაძის პერიოდის დაბრუნება სურს. მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს, რომ საქართველო მძიმე წარსულში დააბრუნოს.
„ბოლო დღეების განმავლობაში დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის მეთაურობით ცდილობს შევარდნაძის შავბნელი, ჩამოშლილი პერიოდის აღდგენას“, -ასე ფიქრობს აკაკი მინაშვილი, თუმცა რა შუაშია და როგორ აკავშირებს ერთმანეთთან იგორ გიორგაძეს და ბიძინა ივანიშვილს გაუგებარია.