ქართული „არაკრიმინალური“ ისტორიები

ქართული „არაკრიმინალური“ ისტორიები

ბატონი თემურ ბაქრაძე იხსენებს:

„მე და ჩემს ქვისლს, ბავშვობის მეგობარსა და კოლეგას, ჯანო შენგელიას ტყუპი დები გვყავს ცოლებად – გულიკო და ნაზიკო. გულიკო ჩემი ცოლია, ნაზიკო კი – ჯანოსი. რაც გათხოვდნენ, დაბადების დღეს მე და ჯანო ვუხდით. ამ რამდენიმე ხნის წინ, ისე მოხდა, რომ „ფეისბუქზე“ ჯანომ ვიღაც მაგარი დაქალი  ნაშები „გაჩითა“. „შეაბა“ და გასაცნობად და „შემდგომი მოქმედებებისთვის“, რესტორანში დაპატიჟა. ნაშები ყაბულს იყვნენ, მაგრამ შეხვედრის თარიღად 10 მაისი დათქვეს. ამ დღეს კი გულიკოსა და ნაზიკოს დაბადების დღეა და ცოლები უკვე რომანტიკულ საღამოს ელოდნენ ჩვენგან რესტორანში, რაზეც ჯერ კიდევ ორი თვით ადრე ვიყავით შეთანხმებულები. ნაშებმა კი ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს: „ფეისბუქით“ შეგვატყობინეს ან 10-ში, ან არასდროსო. მოკლედ, ორ ცეცხლს შუა ვიდექით მე და ჯანო. მართალია, ნაშებს ჯერ არ ვიცნობდით პირადად, მაგრამ „ფეისბუქზე“ დადებული მათი ნახევრადეროტიკული სურათები იმდენად მადის აღმძვრელი იყო, რომ ცოლების „გადაგდება“ გადავწყვიტეთ. ჯანომ მითხრა:

– ჯუმბერია, ბიჯო, ამათი ხელიდან გაშვება არ იქნება. გულიკიასა და ნაზიკიას რესტორანში „სტოლი“ „დავუბრონოთ“ და ვუთხრათ, „ზადანიაზე“ ვართ და როცა მევიცლით, შემოგიერთდებით-თქო. ჩვენ კი ნაშებთან შოვუბეროთ და სახლში რომ მივალთ, გოგოებს მოვუბოდიშოთ. ვუთხრათ, ვერ მოვიცალეთო და ამ ერთხელ გვაპატიებენო.

გადავწყვიტეთ, ეს სიურპრიზი ცოლებისთვის 10 მაისს დილას, სამსახურში წასვლის წინ გაგვეკეთებინა. რომ ვუთხარით, მართალია, დები დაიჯღანენ, მაგრამ რესტორანში დაგვიანების ნება მოგვცეს. ასე გვითხრეს: თავს გოუფრთხილდით პირველ რიგში და ძალიან ნუ დააგვიანებთო...

მე და ჯანო კი მთელი დღე მოუსვენრად ვიყავით სამსახურში, საღამოს 8 საათს ველოდით. სწორედ ამ დროს უნდა შევხვედროდით ტანწერწეტა, სექსუალურ ეკასა და მაკას, რომლებიც, ასევე, მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს გაცნობას... შუსრულდა თუ არა რვის ნახევარი, მე და ჯანო ქუთაისის თეატრთან დავერჭვეთ და ჩემს მანქანაში ვისხედით, თან ეკასა და მაკასთან ერთად გასატარებელ საღამოზე ვსაუბრობდით... რვას ათი წუთი აკლდა, გავიხედე და მანქანის წინ ჩვენი გამოპრანჭული ცოლები დავინახე, რომლებიც ჩვენკენ მოდიოდნენ. მიმალვას ვერ ვასწრებდით და ჯანომ მითხრა:

– დევიწვით, გონია, ჯუმბერია, ბიჯო! დაგვინახეს, მოვლენ და არ მოგვეშვებიან.  ამასობაში ეკა და მაკაც მოვლენ და ყველაფერი გეირკვევაო.

მე თავში ერთმა აზრმა გამიელვა და ჯანოს ვუთხარი:

– ნუ ღელავ. ახლავე მოვტეხავ ამათ-მეთქი.

დები გაოცებული სახით მოვიდნენ მანქანასთან და ჩემმა ცოლმა მითხრა:

– ჯუმბერია, ბიჯო, აბა, „ზადანიაზე“ ვართო?

– გულიკია, მოცილდი ახლა აქოურობას. ბარიგას ველოდებით. ყველა „ტოჩკაში“ პოლიციელები არიან ჩასაფრებულები, გვითვალთვალებენ და ბარიგები არ ეგონოთ და არ ჩაგავლონ, ოპერაცია არ ჩაგვიშალოთ-მეთქი.

– უი, ბოდიში, ბოდიშიო, – „შეიცხადეს“ ტყუპებმა და იქიდან „გაშპნენ“...

– რავარი იყო, ჯანოია, ხომ მაგრად მოვტეხე ჩვენი ცოლები-მეთქი, – ამაყად ვუთხარი ქვისლს, რაზეც ისიც დამეთანხმა...

შესრულდა რვა საათი, გადასცდა ათი, ოცი წუთი. შესრულდა ცხრის ნახევარი. შებინდდა. შემდეგ წვიმამ დასცხო და ამ დროს გულიკომ დამირეკა და მითხრა:

– ჯუმბერია, ბიჯო, ისევ „ზადანიაზე“ ხარ?

– კი, ისევ „ზადანიაზე“ ვარ. ბარიგა ავაგდეთ და სამმართველოში მიგვყავს. უნდა დავკითხოთ და როგორც კი მოვრჩებით, მოვალთ-მეთქი, – მივუგე ცოლს, მან კი ირონიით მიპასუხა:

– ჯუმბერია, ბიჯო, მალე მოათავეთ მაი ბარიგას საქმე. ეკა და მაკა გელოდებიან და წასვლას აპირებენ...

დამცხა. სახე წამომეჭარხლა და მივხვდი, მაკა და ეკა სინამდვილეში გულიკია და ნაზიკია იყვნენ და ეს ოინიც მათ მოგვიწყვეს. დები თურმე დანიძლავდნენ და ჩემი გულიკო ამტკიცებდა – ჩემი ჯუმბერიე არ მოტყუვდება და არც მიღალატებსო. ნაზიკია კი, პირიქით ფიქრობდა და ნიძლავიც მან მოიგო. მაგრამ, ორივეს ისეთი რისხვა დაგვატეხეს, კარგა ხანს ფეხაკრეფით შევდიოდით და გავდიოდით სახლიდან. მხოლოდ მაშინ შეგვირიგდნენ, ორი კვირით ანტალიაში რომ წავიყვანეთ დასასვენებლად“.

დღევანდელ მოგონებებს ქუთაისის მილიციის ყოფილი ოპერმუშაკი, ბატონი მალხაზ ტყებუჩავა დაასრულებს.

„ქუთაისში რომ ვმუშაობდი მილიციის სამმართველოს ოპერმუშაკებად, ერთი მეწყვილე მყავდა, პირობითად მას რომანი ვუწოდოთ. რომანს ძალიან პატიოსანი და მოხდენილი ცოლი ჰყავდა – იზო (პირობითი სახელი).

ერთხელ მე და რომანი ქალაქში რომ ვმორიგეობდით (ვპატრულირებდით), ძალიან მოგვშივდა და რომანმა თავის სახლში დამპატიჟა და მითხრა:

– წამოდი ჩემთან, იზოიას რამე ექნება და ვჭამოთ, თან ცოტაც „ჩავარტყათო“.

დალევაზე სასტიკი უარი ვუთხარი, რადგან მორიგეობა გვიან ღამით გვიმთავრდებოდა, ბევრი საქმე გვქონდა და „ასობისტებს“ რომ დავეჭირეთ, „გაგვტისკავდნენ“... არც სახლში ავყევი, რადგან ვიცოდი, დალევას დამაძალებდა და ცდუნებას ვერ გავუძლებდი. ამიტომ, მანქანაში დავრჩი, რომანი კი სახლში ავიდა „სუხოი პაიოკის“ ჩამოსატანად. არ გასულა ათიოდე წუთი, რომ გაცეცხლებული რომანი სადარბაზოდან გამოვარდა გინებ-გინებით, კარს წიხლი ჩასცხო და სახეშეშლილი წამოვიდა მანქანისკენ. ჩაჯდა და უშვერი სიტყვებით  დაუწყო ცოლს გინება.

– რომანია, ბიჭო, რა მოხდა, რამ გადაგრია-მეთქი, – ვკითხე მეწყვილეს, მან კი გამწარებულმა მიპასუხა:

– რაის რამ გადამრია, ბუჯო, რვა წელია, მე და იზოია ცოლ-ქმარი ვართ და ახლა გავიგე, რომ ბოზი ყოფილა, მე მაგის დედა...

იზოს პატიოსნებაში ეჭვის შეტანა სისულელე იყო და რომანს შევუტიე:

– გაგიჟდი, რომანია? რაის ბოზი, ხომ არ დეიშოკე, რაებს ბოდავ?

– ვბოდავ კი არა და... – თვალები გაუფართოვდა რომანს და მომიყვა, რომ სახლში რომ ასულა და კარი გაუღია, საეჭვო ხვნეშის ხმა გაუგია საძინებლიდან. მისულა, კარი ფრთხილად გაუღია და დაუნახავს, რომ მის საწოლზე საბანწამოფარებული წყვილი ერთ ამბავშია. რომანს მუხის სკამისთვის დაუვლია ხელი, „საბანქვეშელები“ სასტიკად უცემია და უკან წამოსულა.

– სანამ ხმები არ ჩაუწყდათ, მანამდე ვურტყი. დეიხოცნენ, გონია... მივაგდე ასე საბანწაფარებულები და წამევედი, – დაასრულა რომანმა თხრობა. ამ დროს სადარბაზოსთან ტაქსი გაჩერდა, იქიდან კი ორი უზარმაზარი ჩანთით რომანის ცოლი გადმოვიდა.

– ე, ბიჭო, აგერ შენი იზოია, – მივახედე უკან რომანი, რომელიც გაფითრდა და ამოილუღლუღა:

– აბა, ვინ ვცემე მე?..

იმ დილით, თურმე, იზოს ძმა ჩამოსულა სოფლიდან თავის ახალმოყვანილ ცოლთან ერთად. იზოს ჯერ ბავშვები წაუყვანია სკოლაში და სტუმრებისთვის დაუბარებია, – ბაზარშიც გამოვივლიო... ახალგაზრდებმა კი დრო იხელთეს და საძინებელში განმარტოვდნენ... ერთი სიტყვით, ორივე სასტიკად იყო ნაცემი და საწყლებმა თაფლობის თვე საავადმყოფოში გაატარეს. იზომ კი, ეს ამბავი რომ გაიგო, რომანს ერთი წელი არ ელაპარაკებოდა და ძლივს შევარიგე...“