"ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“

„საფრანგეთი სირიასა და ერაყში ტერორისტებთან ბრძოლას გააძლიერებს. გავაგრძელებთ დარტყმების მიტანას მათზე, ვინც ჩვენს მიწაზე გვესხმის თავს“, - ასეთია საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიცია, ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, რომლის შემდეგადაც 84 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 10 ბავშვია, 50 ადამიანის მდგომარეობა კი, კრიტიკული. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, პატრიკ კალვარი ამბობს, რომ მომავალში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტების განსახორციელებლად თვითმკვლელ ტერორისტებს სულ უფრო ხშირად გამოიყენებს. მისი თქმით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტაქტიკა და მეთოდები შეცვლა მხოლოდ იმისთვის, რომ თავდასხმებს უფრო მასშტაბური და უფრო დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.

საფრანგეთში სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, ტერორისტების მიზანი შიშისა და პანიკის დათესვაა. „მაგრამ საფრანგეთი ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი დემოკრატიაა, რომელიც დესტაბილიზაციის უფლებას არავის მისცემს“, - განაცხადა მანუელ ვალსმა.

ნიცაში განხორციელებული ტერაქტის შემსრულებელს, მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია, რომელსაც მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. თავდამსხმელი განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩეოდა. მეზობლების ცნობით, ის მუსლიმებისთვის წმინდა თვეს რამადანს, მარხვას სრულად არ იცავდა. როგორც ირკვევა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მან სატვირთო მანქანა იქირავა.

ტერორისტი თავდასხმის განხორციელებამდე, ნიცას სანაპიროს მიმდებარე ქუჩაზე სატვირთო მანქანით 9 საათის განმავლობაში იდგა. თავდამსხმელმა მასთან მისულ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ნაყინის გამყიდველია და მანქანაში სწორედ ეს პროდუქცია აქვს, რის გამოც პოლიციამ მანქანის შემოწმებისგან თავი შეიკავა. თვითმხილველების განცხადებით, თავდასხმის დროს ტერორისტი ისლამურ ლოზუნგებს სკანდირებდა.

მაშ ასე, საფრანგეთი ახალი ტერაქტების მოლოდინშია, შესაბამისად გამკაცრებულია უსაფრხოების ზომები. ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურამდეა გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ ტერაქტების საფრთხე ისევ მაღალია. საფრანგეთს  დახმარებას სთავაზობს აშშ. პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით, ამერიკამ შესთავაზა საფრანგეთს ნებისმიერი სახის დახმარება, რომელიც მათ შესაძლოა, დასჭირდეთ, რათა ამ ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოხდეს.

ფრანგ ხალხს დახმარებას სთავაზობს ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგის განცხადებით თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანების და იმ ძირეული ფასეულობების წინააღმდეგ, რომელსაც ნატო იცავს.

„მაგრამ ტერორიზმი დემოკრატიას, თავისუფლებასა და ჩვენ ღია საზოგადოებებს ვერასდროს დაამარცხებს. ფრანგ ხალხს ძლიერ სოლიდარობას ვუცხადებთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შარშანდელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა რუსეთში. რუსეთის შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთში 1 300-ზე მეტი ტერორისტული ხასიათის დანაშაული და 830 ექსტრემისტული სახის დანაშაული მოხდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნულმა რიცხვებმა 750 და 740 შეადგინა, რაც 43%-ია და 11%-ით ნაკლებია მიმდინარე წელთან შედარებით.

შესაბამისად, რუსეთი პირველი პირი მიიჩნევს, რომ ტერორიზმის დამარცხება  ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

„რუსეთმა იცის, რა არის ტერორი და საფრთხეები, რაც რუს ხალხს არაერთხელ გადაუტანია. ნიცაში მომხდარი დანაშაული, რომლის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც, განხორციელდა განსაკუთრებული სისასტიკითა და განსაკუთრებული ცინიზმით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გაერთიანებული ძალისხმევით შესაძლებელია ტერორიზმის დამარცხება“, - განაცადა ვლადიმირ პუტინმა.

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს გერმანია. გერმანია უსაფრთხოების ზომებს ფრანგულ მხარესთან შეთანხმებით ამკაცრებს აეროპორტებში, ავტომაგისტრალებზე და სარკინიგზო გადასასვლელებზე. ფედერალური პოლიცია კონტროლს ამკაცრებს სასაზღვრო გადასავლელებზე.

ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომების გადახედვას გეგმავს ლონდონის მთავრობა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მერი სადიკ ჰამა აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადება ტერორისტებს დაამარცხებს. მისივე თქმით, დედაქალაქის პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ლონდონელების უსაფრთხოება უზრუნველყონ. ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო მთავრობის საგანგებოს სხდომა გაიმართება ბრიტანეთში, სადაც გადაწყდება ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ძალისხმევის გაორმაგება.

„ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში როგორ მოიქცეს.

„ეს მოვლენა ნიშნვას, რომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში როგორ მოიქცეს. საქართველო ამ თალსაზრისით არის სახელმწიფო, რომლის უშიშროების სამსახურები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.