რეჟისორისა და მწერლის გოდერძი ჩოხელის ვაჟი 28 წლის ნიკოლოზ ჩოხელი რამდენიმე თვის წინ მძიმე ავარიაში მოჰყვა. მისი მდგომარეობა დღესაც მძიმეა. ნიკოლოზს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს.
ტრაგედია იანვარში ჟინვალის სამხედრო გზაზე მოხდა. ავტომანქანაში ისხდნენ ნიკა, მისი ძმა - ლუკა და მათი ბიძაშვილი. შემთხვევით ჟინვალიდან მომავალი ჯიპის ტიპის ავტომანქანა გზაზე მოცურდა და მათ ავტომანქანას მსუბუქად დაეჯახა. ამის შემდეგ ნიკა, ლუკა და მათი ბიძაშვილი მანქანიდან გადავიდნენ და ჯიპის მძღოლსა და მგზავრებს ესაუბრებოდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, მოყვარული ალპინისტები აღმოჩნდნენ. საუბრის დროს გზაზე მეორე ჯიპი მოსრიალდა და ნიკა ხევში გადაისროლა.
ალპინისტებმა ნიკას ძებნა დაუწყეს. როცა იპოვეს, იგი კონტაქტური იყო, თუმცა ვეღარ ინძრეოდა. ხევიდან ამოიყვანეს, მაგრამ მკერდის ძვლები და თავი გატეხილი ჰქონდა, ფეხებში კი მგრძნობელობა დაკარგვოდა. მაშინვე სასწრაფო ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს გოგი მაღალაშვილმა და გელა მენთეშაშვილმა. თუმცა მესამე-მეოთხე მკერდის მალების მოტეხილობამ, ზურგის ტვინზე კომპრესიით, ანუ ზურგის ტვინის დაბეჟილობით თავისი შედეგი გამოიღო. ზურგის ტვინის დაბეჟილობის შედეგად განვითარდა ქვედა პარაპლეგია, ანუ ქვედა კიდურის დამბლა. მედიკოსებმა ოჯახს დაუწერეს დასკვნა, რომ ამ ტიპის მკურნალობა საქართველოში არ ტარდება და პაციენტი საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობასა და რეაბილიტაციას. ამასთან, მისი რეაბილიტაცია ხანგრძლივვადიანი პროცესია, პირველ ეტაპზე სამი თვე დასჭირდება და შემდგომ შეიძლება მუდმივი რეაბილიტაცია ესაჭიროებოდეს, რაც საზღვარგარეთიდან მისი დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდება.
ოჯახს ზუსტად ვერავინ ეუბნება, რა იქნება მომავალში, თუმცა ცნობილია, რომ ავსტრიაში სამკურნალოდ ნიკას პირველ ეტაპზე 50 ათასი ევრო ესაჭიროება.
გოდერძი ჩოხელის მეუღლე ნინო მელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისმა ოჯახმა საზოგადოებისგან, სრულიად უცხო ადამიანებისგან იგრძნო დახმარება, ისევე, როგორც პოეტებისა და ხელოვანი ხალხისგან.
„მეც ხომ საზოგადოების წევრი ვარ და ვხედავ, რამდენი ადამიანი ითხოვს ყოველდღიურად დახმარებას, არა მარტო სოციალურად გაჭირვებაში მყოფი, არამედ - ავადმყოფი ადამიანები. ერთი შეხედვით, იფიქრებთ, 50 ათასი ევრო, ასე თუ ისე, შეიძლება შეგროვდესო, მაგრამ ძალზე რთული შესაგროვებელი ყოფილა. უნდა შევარჩიოთ ყველაზე იაფი კლინიკა ავსტრიაში, ეს გახლავთ ვენასთან ახლოს მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრი. თორემ შვეიცარიასა და გერმანიაში ბევრად უფრო ძვირი მოგვთხოვეს, იქ საუბარი იყო 70 ათასზე, 120 ათასზე. ჩვენი დედაქალაქის მერიაც სოლიდურად დაგვეხმარა. მართალია, ბიზნესმენები პირადად არ შემხმიანებიან, მაგრამ შესაძლოა, ვიღაცამ ჩარიცხა კიდეც გარკვეული თანხა ნიკას ანგარიშზე. საპატრიარქოში ვიყავი უწმინდესთან, მითხრეს, შუამდგომლობას დაგიწერთო. რასაკვირველია, საპატრიარქოს თვითონ არ აქვს თანხები, მაგრამ რატომღაც არსად აღინიშნება დიდი სულიერი მხარდაჭერა. მარტო მატერიალური მხარდაჭერა ხომ არ არის საკმარისი? მას შემდეგ, რაც უწმინდესთან ვიყავი, უკვე სამი კვირაა ჩვენთან მობრძანდებიან მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი და სასულიერო პირები და ყოველდღიურად შვიდჯერ ზეთის ცხებას უტარებენ ნიკას, აზიარებენ, ეს ძალიან დიდი თანადგომაა“,-აცხადებს ნინო მელაშვილი.
რაც შეეხება ავსტრიას, იქ მკურნალობის დასაწყებად მთლიანი თანხის ჩარიცხვას ითხოვენ. თანაც, პაციენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს გამყოლი, რომელსაც, ასევე, ესაჭიროება საარსებო პირობები. ექიმები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელიც სამი თვე ვერ დადის, დეპრესიაში ვარდება და ამიტომაცაა აუცილებელი გამყოლის გამგზავრება.
უშუალოდ ის ადამიანები კი, რომლებმაც ჟინვალის გზაზე ავარია მოახდინეს, ჩოხელების ოჯახს არ დახმარებიან. როგორც ნინო მელაშვილი ამბობს, ავარიაში მონაწილე ორი მანქანიდან პირველის მფლობელმა თქვა, რომ მხოლოდ მანქანა დააზიანა და იმის საფასურს გადაიხდიდა, ყოველგვარი თანადგომის გარეშე, ხოლო მეორე ადამიანი გაჭირვებულია, ყოფილი პოლიტპატიმარია, მას შესაძლებლობა არ აქვს და ოჯახი არც ითხოვს მისგან რაიმე დახმარებას.
რამდენადაც ცნობილია, საქმეში ჩაერთო რეჟისორი თემურ ბაბლუანიც, რომელიც ნიკა ჩოხელის ნათლიაა. იგი პირადად დაეხმარა ოჯახს და ერთ-ერთ ბიზნესმენსაც სთხოვა თანადგომა, მან კი სიტყვიერად აღუთქვა დახმარება.
ნიკა ჩოხელის დასახმარებლად გააქტიურებულია ტელეფონის ნომერი- 0901901940. ზარის ღირებულება ერთი ლარია. ნიკოლოზის დასახმარებლად, ასევე, ფუნქციონირებს შემდეგი ანგარიში: სს ბანკი ქართუ CRTUGE22 GE59CR0000009413673601 მიმღები: ნიკოლოზი ჩოხელი