მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტი ლიკვიდირებულია? - „ჩემი შვილი ნაციონალებმა აქციეს ტერორისტად“

მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტი ლიკვიდირებულია? - „ჩემი შვილი ნაციონალებმა აქციეს ტერორისტად“

თარხან ბათირაშვილი ლიკვიდირებულია. 30 წლის პანკისელის გარდაცვალების ფაქტს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ადასტურებს. ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ის ინფორმაციით, ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი ერაყში, მოსულიდან სამხრეთით, ქალაქ შირკატთან მოკლეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაქვემდებარებაში მყოფი საინფორმაციო საშუალებები უმარ ალ-შიშანის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ.

სააგენტო არ აკონკრეტებს, როდის მოკლეს ბათირაშვილი. საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ქისტი თარხან ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. 1986 წელს დაბადებული აბუ ომარ ალ-შიშანი აშშ-ის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ვაშინგტონს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ალ-შიშანი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მთავარ მრჩევლად ითვლებოდა. პარალელურად ე.წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ბათირაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. კონფლიქტის შემდეგ, ის საქართველოში იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს. 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ საქართველო დატოვა და 2012 წელს სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ რუსული მედია პერიოდულად ავრცელებედა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის გარდაცვალებისა და დაკავების შესახებ ინფორმაციას, რაც ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

პანკისელი ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა. გასული წლის დეკემბერში რუსული მედია წერდა, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ კირკუკში დააკავეს. ბოლო ცნობა ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ პენტაგონმა მარტში გაავრცელა. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, თარხან ბათირაშვილი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამერიკული ავიაციის საჰაერო დარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა.

ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებენ პანკისის ხეობაში. თემურ ბათირაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ცოცხალია. შესაბამისად, ჭიშკარი სამძიმრის მისაღებად არ გაუღია.

„ტელევიზორში უთქვამთ, რომ თარხანი გარდაიცვალაო. ბევრჯერ გამოუცხადებიათ ეს ინფორმაცია, მაგრამ ყველა ჯერზე ტყუილი აღმოჩნდა. ჩემი შვილი ნაციონალებმა აქციეს ტერორისტად. 2008 წელს რუსების წინააღმდეგ ომობდა, მაგრამ ამათმა დააკავეს, სპეციალურად გაუკეთეს ოპერაცია ფილტვებზე, რომ ჯარიდან გამოეგდოთ. თქვენ არ იცით რამდენს წვალობდა, რომ აღედგინათ სამხედრო სამსახურში, მებრძოლი იყო, მაგრამ ნაციონალებმა გაანადგურეს ჩემი შვილი იმიტომ, რომ რუსების წინააღმდეგ იბრძოდა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას თემურ ბათირაშვილი.

ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ახმეტის გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილი, რომლის განცხადებით პანკისში მისი ოჯახისთვის ბათირაშვილის გარდაცვალება არავის შეუტყობინებია. ინფორმაციას არც მისი ნათესავები არ ადასტურებენ. ბათირაშვილის გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს არც ჩეჩნური დიასპორის წარმომამდგენელი მექა ხანგოშვილი, რომლის განცხადებით, ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ არაერთხელ გაავრცელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„პანკისის ხეობაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. დიდი შესაძლებოლობაა იმისა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. ამ დრომდე სამძიმარზეც არავინ მისულა მასთან სახლში, როგორც წესი, ასეთ ინფორმაციას არ მალავენ. ძალიან რთულია ამ ინფორმაციის დადასტურება. აქამდეც ბევრჯერ გავრცელდა და შემდეგ არ დადასტურებულა. ამიტომ, ძალიან ძნელია ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დადასტურება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მექა ხანგოშვილი.

ერთადერთი ვინც ამ ინფორმაციას ადასტურებს პანკისის მკვიდრი თემურ ბაღაკაშვილია, რომლის ინფორმაციით, ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით მიიღეს.

„ორი დღის წინ, როდესაც ორი ბიჭის გარდაცვალების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია, მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო თარხან ბათირაშვილი დაჭრილი ან გარდაცვლილი ყოფილიყო, რადგან მისი პირადი დაცვის წევრი სოფელ ბირკიანში მცხოვრები 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილი გარდაიცვალა. დუისში მხოლოდ თარხან ბათირაშვილის მამა ცხოვრობს. ნათესავები თბილისში ჰყავს და ველოდებით მათ ჩამოსვლას, რომ უახლოეს საათებში ჭიშკარი გააღონ სამძიმრის მისაღებად“, - განაცხადა თემურ ბაღაკაშვილმა.

26 წლის ბექა ტოხოსაშვილი, რომლიც თარხან ბათირაშვილის პირად დაცვაში მუშაობდა, ამავდროულად ბათირაშვილის თანასოფლელია. ტოხოსაშვილი შირკატთან მომხდარი შეტაკების დროს გარდაიცვალა. ტოხოსაშვილი მე-18 პანკისელია, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ სირიაში დაახლოებით 50-მდე პანკისელი ახალგაზრდა იბრძვის.

ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დადასტურება უჭირს სამხედრო ანალიტიკოსს ვახტანგ მაისაიას, რომლის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ამ ინფორაციით მოწინააღმდეგეს შეუქმნან მცდარი ილუზია, რომ დამალონ ბათირაშვილის ადგილმდებარეობა.

„ისინი გადავიდნენ კონტრშეტევაზე, საკმაოდ დიდი წარამტებას მიაღწეს ალეპოსთან. გარკვეულწილად პოზიციები დაიბრუნეს რაკის მიდამოებში და თანადათან უახლოვდებიან პალმირას, ანუ იბრუნებენ პოზიციებს. სახალიფო გადავიდა კონტრშეტევაზე და შეიძლება სტრატეგიას ბათირაშვილი გეგმავდეს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ნებისმიერი დეზინფორმაცია „ისლამური სახალიფოს“ წისქვილზე ასხამს წყალს.

ბათირაშვილი ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაურია. პირადად გეგმავს სამხედრო ოპერაციებს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მიზანმიმართულად გავრცელებულ ინფორმაციასთან გვქონდეს საქმე, რომ ამით მოწინააღმდეგეს შეუქმნან მცდარი ილუზია, თითქოს გარდაცვლილია და შეეცადონ მისი ადგილმდებარეობის დამალვას.

ეს არის საინფორმაციო ომის ერთი ნაწილი. საერთოდ ჯიჰადისტებს ახასიათებთ ის, რომ მათი ლიდრების შესახებ ნაკლებად ავრცელებენ ინფორმაციას. განსაკუთრებით ახლა, როდესაც მასშტაბური ხასიათის ბრძოლები მიდის და რამდენიმე ტერიტორია უკან დაიბრუნეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავა ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი გარდაცვლილია, რადგან მისივე თქმით, ინფორმაციას არა მხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ი ავრცელებს, არამედ სხვადასხვა წყაროებიც ადასტურებენ, რომ ბათირაშვილი ლიკვიდირებულია.

„ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თუ სხვა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდრების ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა შემდეგ ერაყის ნაცვლად სირიაში აღმოჩენილან, ან პირიქით. ბოლო ინფორმაციით თარხან ბათირაშვილი მოკლულია ერაყში.

ჩვენ გვახსოვს, რომ ის აქტიურობდა სირიაში, მაგრამ ის დაიღუპა მოსულთან, სადაც ბოლო პერიოდში ერაყის სამთავრობო არმია და სუიტი მოხალისეები უტევენ „ისლამური სახელმიფოს“ პოზიციებს. თუ გავითვალისწინებთ „ისლამური სახელმწიფოს“ დაქვემდებარებულ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თარხან ბათირაშვილი მართლაც დაიღუპა ამ ბრძოლაში“, - აცხადებს ვასილ პაპავა.

მისივე თქმით, „ისლმაური სახელმწიფოს“ იერარქიაში ბათირაშვილს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, რომელიც ბრძოლის ველზე გამოირჩეოდა მთელი რიგი სამხედრო უნარ-ჩვევებით.

„მისი ავტორიტეტი დიდი იყო არა მარტო „ისლამურ სახელმწიფოში“, არამედ სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. აქედან გამომდინარე, ბათირაშვილის გარდაცვალება დიდი მორალური დარტყმაა მათთვის, თუმცა არა მგონია, რომ ფრონტალური გარღვევა მოხდეს ბოევიკების რიგებში. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ სტუქტურა ისეა მოწყობილი, ძალიან სწრაფად ახერხებენ დანაკლისის შევსებას.

მართალია, ნაკლებად ავტორიტეტული პიროვნებით, თუმცა მკაცრი დისციპლინით და დიდი შემართებით. ასეთი ორგანიზაციებისთვის პიროვნება არ წარმოადგენს დიდ დანაკლისს. არ იქნება ბათირაშვილი, მაგრამ იქნება სხვა. ეს არის ქსელური ორგანიზაციები, შესაბამისად პიროვნების ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა for. ge-სთან საუბრისას ვასილ პაპავამ.