ზნაურის მოსახლეობის მიმართვა თიბილოვს

ზნაურის მოსახლეობის მიმართვა თიბილოვს

„ჩვენ, ზნაურის რაიონის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა დაჟინებული თხოვნით მოგმართავთ, მოაშოროთ საკონტროლო გამშვები პუნქტები ე.წ. სასაზღვრო ზონაში, რომლებიც ჩვენს სოფლებში შემოსასვლელად არის დადგმული“, - ასე იწყება მიმართვის წერილი, რომლის ადრესატიც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვია.

წერილში, რომელსაც ამ ეტაპზე ზნაურის რაიონის რამდენიმე ასეული მოსახლე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტები, რომლებიც 2015 წლის ნოემბრის დადგენილებით, ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საზღვრისპირა სოფლებში შესასვლელად გაკეთდა, არღვევს მათ კონსტიტუციურ უფლებებს და ეწინააღმდეგება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 24-ე მუხლს - „ყველას, ვინც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფება, აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება მის ტერიტორიაზე“.

რეალურად კი „აღნიშნული რეჟიმი წყვეტს ამ სოფლების მოსახლეობას დანარჩენი ქვეყნისგან, ცხინვალისგან“, - მიიჩნევენ წერილის ავტორები და დამატებით ფსიქოლოგიურ-ემოციურ პრობლემებზეც საუბრობენ. კერძოდ, ადამიანები წნეხის ქვეშ ექცევიან, როდესაც მოხუცი მშობლების სანახავად წასვლისას მათგან ე.წ. საშვის აღებას მოითხოვენ; ასევე, შეურაცხმყოფელია მოპყრობა, როდესაც საკუთარ მიწაზე ვერ გადაადგილდები და მთელ დროს საპასპორტოში კარგავ. ეს კი უნდობლობას იწვევს „ხელისუფლების“ მიმართ.

For.ge-ს ინფორმაციით, თიბილოვისადმი მიწერილი წერილის ხელმომწერები ძირითადად ზნაურის რაიონში მცხოვრები ოსები არიან. ჩამონათვალში ქართული გვარის მქონე ადამიანთა ხელწერა არ იკითხება. სავარაუდოდ, ეს მძიმე პოლიტიკური ფონით აიხსნება, რის გამოც ქართველებს თავიანთი პრობლემის შესახებ წერილის დაწერაც ეკრძალებათ. თუმცა, არის სხვა გარემოებაც. კერძოდ, რას ნიშნავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 24-ე მუხლი და დე ფაქტო რეჟიმის კონსტუტიცია?! ან კიდევ, რამდენად ლეგიტიმურია ამ მუხლში ჩაწერილი ფრაზები, რომ „ყველას, ვინც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფება, აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება მის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) ტერიტორიაზე“.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ზნაურის მოსახლეობის მხრიდან თიბილოვისადმი მიწერილი წერილი სხვა არაფერია, თუ არა მიხეილ სააკაშვილის პროვოკაციული ქმედებების შედეგი. წლების განმავლობაში არაფერი კეთდებოდა, რომ ახალგორის მიმართულებით რაიმე სერიოზული ძვრები დაწყებულიყო.

ერთი მხრივ, ექსპერტი არ გამორიცხავს ერთგვარ პროვოკაციასაც, რათა ახალგორის ტერიტორიის კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია განხორციელდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლებელია ამ წერილის გამოყენება ქართული მხარის სასიკეთოდ იმ კონტექსტში, რომ თავად ზნაურის რაიონში მცხოვრები ოსური მოსახლეობაც უკმაყოფილოა დე ფაქტო რეჟიმის მიერ შექმნილი აუტანელი პირობებით, ადგილობრივმა ოსებმაც გამოხატეს პროტესტი და მათ გორთან და საქართველოს სხვა ქალაქებთან ურთიერთობა უფრო სურთ, ვიდრე ოკუპირებულ ცხინვალსა და ჯავასთან. ამდენად, ამ პოსტების გაუქმება კარგი იქნება, რადგან გაძლიერდება საქართველოს შიდა ტერიტორიებთან ახალგორის მოსახლეობის კომუნიკაცია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა; აღარ მოხდება სეგრეგაცია, ანუ ქართველების დისკრიმინაცია, როცა ქართულ მიწაზე ქართული წარმოშობის მოქალაქეებს არ უშვებენ.

„საკონტროლო გამშვები პუნქტები ძირითადად განკუთვნილი იყო ქართული მოსახლეობის არშეშვებაზე დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე. არადა, ეს ადამიანები ცხოვრობენ ახალგორის რაიონში, მათ აქვთ სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, ჰყავთ ნათესავები. მათ შორის, ბევრი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახალგორის რაიონში გადადიოდა და იქ ახორციელებდა თავის საქმიანობას. ბუნებრივია, ახალგორის საზღვრებთან გაკეთებული საკონტროლო გამშვები პოსტები მათ გადაადგილებას დღემდე აბრკოლებს. ის ფაქტი, რომ ხელმომწერთა შორის ოსები არიან, აიხსნება იმით, რომ, როგორც ჩანს, წერილს ხელი მოაწერეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა. ამით სურდათ, მათი მოთხოვნა ლეგიტიმურად ჩათვლილიყო დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან. მოგეხსენებათ, ბევრმა ქართველმა არ მიიღო ოსეთის მოქალაქეობა და რუსეთის მოქალაქეობა ამჯობინა. ცხადია, ამ პუნქტებში ოსებსაც ამოწმებენ, რადგან ყველა ადამიანი, რომელიც გადადის ჩვენს მიერ კონტროლორებადი ტერიტორიიდან, მათთვის საშიშ ფიგურად ითვლება“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ამასთან, არ გამორიცხავს, ოსებმა კიდევ უფრო გაამკაცრონ რეჟიმი. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-ს მიერ ქართველი მოქალაქის დაკავება აბსურდული ბრალდებით, ვითომ ის ტერორისტი და ჯაშუში იყო. ახლა ეს წერილიც გამოჩნდა და ეს შემთხვევითი დამთხვევა არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმი კიდევ უფრო აპირებს პროვოკაციების მოწყობას ჩვენი მიმართულებით და შესაძლოა, ეს ნატოს სამიტის შედეგების ფონზეც გააქტიურდეს.

ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის არანაირი კონსტიტუცია იურიდიულად არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს ოლქი გაუქმდა დაახლოებით 1990 წლისთვის. ამიტომ ნებისმიერი მითითება რაიმე კონსტიტუციაზე ან კანონზე, გარდა საქართველოს კონსტიტიცისაა და საქართველოს კანონმდებლობისა, აბსოლუტური უკანონობაა.

„თუკი სიტუაციას შიგნიდან, ანუ ოკუპირებული ტერიტორიიდან შევხედავთ, ჩემთვის გასაგებია, რომ აქ ქართველი ხელმომწერები არ არიან, რადგან ქართველების მიმართვას ნაკლები ძალა ექნება ოსური ხელმძღვანელობისთვის. ამიტომ ოსებზე გააკეთეს აქცენტი და მათ მოაწერეს წერილს ხელი, რათა ქართველებს არ დაბრალებოდათ რაიმე დესტრუქციული საქმიანობა. ესეც ერთგვარი ხრიკია საწადელის მისაღწევად. არავინ იცის, თიბილოვი რას უპასუხებს, მაგრამ მგონია, ბევრი არაფერი შეიცვლება, არც თიბილოვს სცხელა ამისთვის და არც ისეთი პოლიტიკური ფონია დღეს იმ ტერიტორიაზე, რომ პოსტების გაუქმების გადაწყვეტილებები მიიღონ“, - აღნიშნა ირაკლი ცქიტიშვილმა.