ძველი ჰაერი სჯობდა თუ ახალი - შემოწმება თავიდან იწყება

ძველი ჰაერი სჯობდა თუ ახალი - შემოწმება თავიდან იწყება

ჰაერის დაბინძურებისა და მისგან გამოწვეული დაავადების საკითხის გააქტიურებამ საქართველოს მთავრობა ძალიან გააღიზიანა. ამიტომაც მინისტრები უშუალო ქმედებაზე გადავიდნენ. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოს პირველი ადგილი უკავია ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიხედვით. აღნიშნული ანგარიში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობოდა.

საქართველოს მთავრობამ მყისვე გააკრიტიკა აღნიშნული მონაცემები და დაუფარავად დაუპირისპირდა სააგენტოს კვლევას. ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოში 11-12 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მისია მოიწვია.

სტუმრები საკმაოდ ოპერატულად ჩამოვიდნენ საქართველოში და მაშინვე ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს შეხვდნენ. შემდეგ კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, აგრეთვე ენერგეტიკისა და ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროების და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან ისაუბრეს.

როგორც ჯანმო-ს ექსპერტმა ანეტე პრუს იუსტინმა აღნიშნა, გამოქვეყნებულ მონაცემებს განაპირობებს სამი ფაქტორი. ესენია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობა, ასევე მოსახლეობის მიერ მყარი საწვავის მოხმარება. მისივე განმარტებით, მყარი საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მონაცემები 2003 და 2005 წლის იყო, რომელიც 2012 წლის ანალიზისთვის გამოიყენეს. განახლებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში მიღწეული პროგრესი 2003 წლიდან დღემდე მოყოლებული საკმაოდ სწრაფია.

„გავეცანით ახალ მონაცემებს. ახლა რომ მოხდეს გადახედვა, სავარაუდოდ, ჩვენი რიცხვები განსხვავებული იქნება და ალბათ, უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე არის, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ვითარება მაინც ყურადსაღები იქნება“, - აღნიშნა ანეტე პრუს იუსტინმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო გამოქვეყნებულ ციფრებს არ დაეთანხმა. ქვეყანას ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე ტელეკონფერენციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე ჯანდაცვის მინისტრმა წერილი გააგზავნა ჯანმო-ს ხელმძღვანელ პირებთან და სამ დღეში გადაწყდა მისიის საქართველოს გამოგზავნა.

„თავადაც აღიარებენ, რომ წინასწარ უნდა მომხდარიყო ქვეყანასთან კონსულტირება. ასევე აღიარებენ, რომ ერთ-ერთ მდგენელად 2003-2005 წლის მონაცემები გამოიყენეს. დღეს თავისი თვალით დარწმუნდნენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა სულ სხვაა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში „ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება“, რომლის თანახმადაც, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსთვის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში რიგი პარამეტრები გაუგებარი იყო. ამიტომ ჰაერის დაბინძურებაზე საბოლოო მონაცემები ახალი გადათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე იკვეთება ასეთი სიტუაცია, რომ იმ ფაქტორებზე, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ადგილს ამ რეიტინგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაცემი არის მყარი საწვავის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჰაერის დაბინძურებაზე, აღებული იყო 11-13 წლის წინ. საბედნიეროდ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ამ მონაცემების გადათვლა თავიდან მოხდება. თუმცა, ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ თუ ეს ფაქტორი იყო ე.წ. შენობის შიდა ჰაერის სისუფთავე, შენობის გარე სისუფთავე, გამონაბოლქვი, მართლაც ყურადღებას იმსახურებს“, - აღნიშნა მინისტრმა.