„გადაგდებული“ მილიციის ოპერები

„გადაგდებული“ მილიციის ოპერები

დღეს მორიგ სახალისო ამბებს შემოგთავაზებთ და სიტყვას ქართველ სამართალდამცველებს გადავცემ. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ რეზო ნოდიას გადავცემ.

„ერთხელ მე და ჩემი კოლეგა, ოთარ ქორიძე, ქუთაისში მიგვავლინეს ერთ-ერთი ძებნილის სათვალთვალოდ. ოცდაოთხი საათის განმავლობაში მანქანაში ვისხედით და იქიდან „ვალივერებდით“ დურბინდით. არც თვალი მოგვიხუჭავს და ლუკმაც არ ჩაგვიდევს პირში. ერთი სიტყვით, გვშია და, იმის თავიც არ გვაქვს, მანქანიდან გადავიდეთ და საჭმელი ვიყიდოთ. უცებ გზაზე ათიოდე წლის გოგონა დავინახეთ, რომელიც ჩანთით ხელში მოდიოდა. მე სამმანეთიანი ამოვაცურე ჯიბიდან, გოგონა მოვიხმე და ვუთხარი:

– ერთი, შენს გაზრდას, გასტრონომში რომ დიდი ხაჭაპური იყიდება, წადი და ის იყიდე-მეთქი.

ბავშვმა ფული გამომართვა და წავიდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ვხედავ, ისევ მოდის. ხელში უზარმაზარი ხაჭაპური უჭირავს და ჭამს. მოგვიახლოვდა, მანეთიანი გამომიწოდა, „მადლობა ბიძიაო,“ – მითხრა და ჭამა-ჭამით განაგრძო გზა...

მშიერი კი დაგვტოვა იმ ბავშვმა, მაგრამ, ხურდაც მოგვიტანა და, რაც მთავარია, იმდენი ვიხარხარეთ მე და ოთარმა მშიერ კუჭზე, ჭამა გადაგვავიწყდა...“

კრიმინალურ ესტაფეტას ბატონი ომარ სავლაშვილი გააგრძელებს.

„წარმოშობით საგარეჯოს რაიონიდან ვარ. სანამ მშობლიურ მხარეში დავბრუნდებოდი სამუშაოდ, თბილისიის მილიციის სამმართველოს „ომონში“ (მილიციის განსაკუთრებული რაზმი) ვმსახურობდი. ერთ დღეს ჩემი თანასოფლელი მიხო მესტუმრა სახლში და აღელვებულმა მითხრა:

– შენს იქით გზა არ მაქვს და უნდა დამეხმაროო.

რა ხდება-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა:

– მე და ვანუას რომ საზიარო ვენახი გვაქვს, იმის დიდ ნაწილს მედავება. წართმევა უნდა და იქნებ ჭკუა ასწავლო. მინდა, ისე სცემო,  ერთი თვე საავადმყოფოში დაწვეს და დაფიქრდეს, რომ ფინთად იქცევაო...

ვანუა მიხოს ძმა იყო. ამ სიტყვებზე გავბრაზდი და მიხოს ცემაც კი დავაპირე. მაგრამ, ერთმა აზრმა გამიელვა თავში. არ შევიმჩნიე და მივუგე:

– ვანუას ცემაში რამდენს გადაიხდი-მეთქი?

– ფასი შენ თქვიო, –  მომიგო მიხომ და ათას ხუთას მანეთზე შევთანხმდით.

– ერთ კვირაში ჩამოვალ. ფული მომეცი და ვანუას ისე დავზილავ, ვერ იცნობ-მეთქი, – ვუთხარი მიხოს და გავისტუმრე.

მეორე დღეს უკვე ვანუა მესტუმრა სახლში. მანაც ანალოგიური შეკვეთა მომცა – მიხო სცემეო. მასაც ათას ხუთას მანეთზე შევუთანხმდი და გავისტუმრე.

ერთი კვირის შემდეგ სოფელში ჩავედი. ძმებს ცალ-ცალკე ფული გამოვართვი და 3 ათასი მანეთი შევინახე. მეორე დღეს კი ორივე ძმა ჩემთან დავიბარე სხვადასხვა დროს. ჯერ მიხო მოვიდა. ათი წუთის შემდეგ ვანუაც გამოჩნდა და ერთმანეთი რომ დაინახეს, გაკვირვებულები მომაშტერდნენ.

– აბა, ვიწყებ „ზაკაზის“ შესრულებას-მეთქი, – ვუთხარი ღვიძლ ძმებს და ორივე ისე დავზილე, სულ ვაი-ვუი ვაძახებინე... შემდეგ წინასწარ გაშლილ სუფრასთან დავსვი, მთელი ღამე ვაქეიფე და შევარიგე. რომ გათენდა, წინ გავირეკე მათი ფულით ნაყიდი ნაკვეთი ვუჩვენე და ვუთხარი:

– აბა, თუ არ გინდათ ჟაჟი შეგიყენოთ გვერდებში, დაამუშავეთ-მეთქი.

რას იზამდნენ, მიყვნენ და ნაკვეთის დამუშავებას შეუდგნენ, რომელიც მათ საზიარო ვენახზე სამჯერ დიდი იყო და ერთი მტკაველის გამო კი ერთმანეთს არ ინდობდნენ. შრომამ ძმები „პახმელიაზეც“ გამოიყვანა, გონებაც გაუნათა და მას მერე სიამტკბილობით შრომობდნენ ერთად. უზარმაზარი ნაკვეთიდან ჭირნახულს იღებდნენ და არც მე მაკლებდნენ პატივივისცემას“.

დღევანდელ მოგონებებს ბატონი ჯუმბერ ავალიანი დაასრულებს.

„ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ ძმები გორგილაძეების მოუხელთებელი ბანდა. ოთხნი იყვნენ და მთელ მილიციას სისხლს გვიშრობდნენ. ორი წლის განმავლობაში ნახევარი საქართველო „გააუთოეს“ და ძებნის სამსახურს ქანცი გვქონდა გაწყვეტილი მათ დევნაში. კუდზე კი ვეჯექით, მაგრამ მაინც ვერ ვიხელთებდით და მაშინდელი ჩვენი მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ყველას მოხსნით გვემუქრებოდა... ერთ მშვენიერ დღეს, ახმეტიდან ჩემმა კოლეგამ და დიდი ხნის მეგობარმა სოსო აღნიაშვილმა დამირეკა და მეუბნება:

– კარგი ამბავი რომ გითხრა, ციკანს დაკლაავ?

სოსო მოქეიფე, ხუმარა კაცი იყო, სიტყვაზე გამოჭერა უყვარდა და, რომ არ გავბითურებულიყავი, მივაგებე: – მე უფრო კარგ ამბავს გეტყვი და ციკანი შენ დაკალი-მეთქი.

– მართლა, მართლა, არ გატყუებ. რომ გითხრა, დაკლაავ? – ჩაუკახურა ისევ სოსომ.

რომ იტყვიან, პურმარილი დაძველებული გვქონდა, თან სოსოც მენატრებოდა და მივუგე:

– ჯანდაბას შენი თავი, მითხარი, როდის ჩამოდიხარ თბილისში, ციკანს დაგიკლავ  და კარგად შევუბეროთ-მეთქი...

– მაშ, მისმინე ეხლა, – თქვა სოსომ, – მააჯექი შენს ავტოსა და ახმეტაში გამოგაზე. შენ რო სისხლი გაგიშრეს, ი გორგილაძეები საავადმყოფოში ყრიან...

თავიდან ვიფიქრე, რომ სოსო მატყუებდა და ჩემი ჩატყუება უნდოდა საქეიფოდ. მაგრამ, შვილები რომ დაიფიცა, დავუჯერე და ჩემს სამ თანამშრომელთან ერთად ახმეტაში გავემგზავრე. საავადმყოფოში რომ მივედით, ძმები გორგილაძეები დაკბენილ-დაგლეჯილები დაგვხვდნენ პალატაში გაშოტილები. სოსომ თითი გაიშვირა მათკენ და ამიხსნა:

– ეს ვერანები მოპარული „უაზიკითა“ მთაში მიდიოდნენ, რომ დაღესტანში გადაპარულიყვნენ დასამალათა. გზაში ცხვრის ფარა შეხვედრიათ და ერთ-ერთ ვერანს უფიქრია, ბატკანსაც თან გავიყოლებთო. მანქანის კარი გაუღია, ხელი უტაცნია ცხვრისთვინა და შიგ შეუგდიათ, კარი კი გამოუხურავთ... ბრიყვები! არ იცოდნენ, რომ ფარებს ქოფაკები დაჰყვებიან. ამ სითეთრეში შეშლიათ, ცხვრის მაგივრად, მეცხვარე ნაგაზი შეუგდიათ მანქანაში და, მეცხვარეებს რომ არ ემარჯვნათ, მურა ოთხივეს წირვას გამოუყვანდა...

სოსოს კოლორიტულ ტონსა და თხრობის მანერაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ კარგა ხანს ვხარხარებდი. გორგილაძეები ორი დღის შემდეგ გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით ჩამოვიყვანე თბილისში. ის ორი დღე კი მე, სოსომ და ჩვენმა კოლეგებმა ზღაპრულად მოვილხინეთ და, ტრადიციულ სადღეგრძელოებთან ერთად, ნაგაზ მურასაც პერსონალურად ვადღეგრძელებდით, რომელმაც შრომა შეგვიმსუბუქა“.