„სატრანზიტო გზით შემოსული თანხა იმხელა არ იქნება, რომ ოსებმა იარაღი იყიდონ“

„სატრანზიტო გზით შემოსული თანხა იმხელა არ იქნება, რომ ოსებმა იარაღი იყიდონ“

სომხური მხარე საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას.

სომხეთის ტრანსპორტის მინისტრ გაგიკ ბეგლარიანის თქმით, „სამხრეთ ოსეთის“ გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს. თუმცა იმის გამო, რომ საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის პოლიტიკური უთანხმოებაა, ამ პროგრამის განხორციელების შანსი 50/50-ზეა.
როგორც ცნობილია, სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტის გახსნა ლარსზე მომხდარი სტიქიის გამო გახდა აქტუალური, რადგან თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის პირობებში საქართველო სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. ცნობილია ისიც, რომ რუსეთს სურს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დახურული ეს გზა სომეხი ტვირთმზიდავებისთვის დროებით მაინც გაიხსნას.

თუმცა ამ გზის აღდგენასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები: სატრანზიტო გზის აღდგენა ხომ არ უბიძგებს ოსურ მოსახლეობას იარაღის შესყიდვისკენ? ან კიდევ, ოდესღაც საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე გავლის ნებას ოსები მისცემენ თუ არა ქართველებს, თუ მხოლოდ სომეხ მძღოლებს დართავენ ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოდ გადაადგილების ნებას? გარდა ამისა, არსებობს სამცხე-ჯავახეთის პრობლემაც, ხომ არ შეეცდება ოფიციალური ერევანი „მშვიდობიანი სომხური მოსახლეობის“ დახმარების საბაბით საქართველოს ტერიტორიის მითვისებას?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალზე არაორდინარული სიტუაციაა, ვინაიდან დარიალის ხეობაში არსებული ბუნებრივი კატაკლიზმების გამო სომხეთს შეექმნა პრობლემა და გზის გახსნამდე სომხური მოსახლეობა ზარალშია, ვერ გაიტანს რუსეთში ვერც ხილს და ვერც სხვა პროდუქციას. ამიტომ არსებობს ორი გზა, ერთი, რომ მოხდეს ამ ნედლეულის ფოთამდე ტრანსპორტირება და ფოთიდან ბორნით გავიდეს რუსეთის ტერიტორიაზე და მეორე, რომ დროებით გაიხსნას ცხინვალის რეგიონზე გამავალი გზა და ქართულმა მხარემ გაატაროს ტვირთი.

პოლიტოლოგის განმარტებით, თუკი ჩვენი ხელისუფლება ნორმალურად და ღიად წარმართავს პროცესს, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. თუმცა, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც დადგება საბაჟოს გადასახადის საკითხი, სად უნდა გადაიხადონ თანხა და ვის გადაუხადონ?!

„გულწრფელად გითხრათ, ამ გზის აღდგენაში პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ, ამ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. სომხური მოსახლეობის დაცვის საბაბით ჯავახეთში პროცესების დაძაბვასა და სამაჩაბლოზე ტვირთების გატარებას შორის კავშირს ვერ ვხედავ. სულ სხვა ვითარებაა, როდესაც ლაპარაკია აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე და იქ რუსეთის მიერ ტერიტორიის წართმევა-ოკუპაციაზე. დარწმუნებული ვარ, თუკი ამავე ნაბიჯს გადადგამს სომხეთი, მაშინ სომხეთი უბრალოდ იზოლაციაში მოექცევა ჩრდილოეთის მხრიდან. გარდა ამისა, თუკი ჯავახეთში ვინმეს პროვოკაციის მოწყობა სურს, ამისთვის ცხინვალის რეგიონზე გამავალი გზის თემატიკას კი არ გამოიყენებს, არამედ - სულ სხვა თემას მოიფიქრებს. რა დიდი პრობლემაა პროვოკაციის მოწყობა ჯავახეთში, თუკი ამაზე წავა სომხური ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლებაც ამ პროვოკაციას აჰყვება?!. შესაძლოა, ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ისეთი ნაბიჯების გადადგმა გვიწევდეს, რომელიც აღფრთოვანებას არ იწვევს მოსახლეობაში, მაგრამ იმისთვისაა ხელისუფლება, რომ ხანდახან ისეთი გადაწყვეტილებებიც მიიღოს, რომელიც დღეს და ხვალ პოლიტიკურ ქულებს არ მოუტანს, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ქართულ-ოსური ურთიერთობის განხრით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სივილ ფორუმის“ ხელმძღვანელი თემურ არბოლიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ გზის აღდგენა ძალზე კარგია, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ოსური და აფხაზური კონფლიქტების მოგვარებაა. ერთ-ერთი მთავარი, რაც ამ კონფლიქტების მოგვარებას ხელს უშლის, ქართული მხარის მხრიდან ამ რეგიონების იზოლაციაა. ჩვენი დევიზია ევროპა და ასევე უნდა გვინდოდეს მეტი ევროპა ცხინვალსა და სოხუმში და, პირიქით, მეტი ცხინვალი და სოხუმი ევროპაში. აფხაზური გამოფენები ევროპაში ჩვენ ხელს არ გვიშლის, უნდა წავახალისოთ აფხაზები და ოსები და მათი ნდობა დავიბრუნოთ, თორემ მათი ერთადერთი თვალსაწიერი რუსეთია.

„უნდა მოვახერხოთ ამ რეგიონებთან თანამშრომლობა, მათ შორის, ეკონომიკური პროგრამებით. ეს შეეხება აფხაზეთის მხარეში რკინიგზის აღდგენასაც და ცხინვალის გავლით როკის უღელტეხილის გამოყენებასაც სატრანზიტო გზად. ახლა ზოგიერთი ამბობს, რომ ოსების მხრიდან ეს შემოსავალი დაიხარჯება იარაღის შესყიდვაში, მაგრამ სისულელეა, სატრანზიტო გზით შემოსული თანხა იმხელა არ იქნება, რომ ოსებმა იარაღი იყიდონ. თუ დასჭირდებათ, იარაღი ისედაც აქვთ რუსეთისგან. რაც შეეხება საფრთხეებს, ერთადერთი საფრთხე შეიძლება იყოს იქ გამავალი სატვირთო ავტომობილების მძღოლების უსაფრთხოების დაცვა. სომეხი მძღოლისგან განსხვავებით, იქნება კი ქართველი მძღოლის უსაფრთხოება დაცული, ან შეუშვებენ კი ქართველ მძღოლს ამ ტერიტორიაზე? ეს მოლაპარაკების საკითხია, რომ არა მხოლოდ სომხებმა ისარგებლონ ამ გზით, არამედ-ქართველებმაც“, - აღნიშნა თემურ არბოლიშვილმა და განმარტა, რომ, ფაქტობრივად, ეს გზა აგვისტოს ომომამდეც დახურული იყო.

„მართალია, იმ დროს დიდი ლიახვის ხეობა საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იყო, მაგრამ ბოლო სოფლის -კეხვის იქით ქართველები მაინც ვერ გადადიოდნენ; როკის გზა მაინც დახურული იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. ახლა კი ამ გზის აღდგენა აწყობთ ოსებსაც, სომხებსაც და რუსებსაც“.

რაც შეეხება შეკითხვას, ამ გზის აღდგენით ირიბად ხომ არ ვაღიარებთ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ექსპერტმა განმარტა, რომ გზის აღდგენით არავინ არაფერს აღიარებს. უბრალოდ, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ხშირად პოლუტიკურ საკითხებს წყვეტს ეკონომიკა. ამიტომ არა მხოლოდ ფოთისა და სარფის სატრანზიტო გზა უნდა გამოვიყენოთ, არამედ - რუსული მიმართულებაც, რაც ჩვენს ეკონომიკასაც წაადგება.