PIIGS-ის ქვეყნები ვალებით ცხოვრებას ეჩვევიან

PIIGS-ის ქვეყნები ვალებით ცხოვრებას ეჩვევიან

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

2011 წელი გაერთიანებული ევროპისათვის თითქოს იმედისმომცემად დაიწყო. ვალებთან დაკავშირებული პრობლემები მეორეხარისხოვანი გახდა, ხოლო ძირითადი ეკონომიკების საერთო პოზიტიურმა სტატისტიკამ ბაზარს ოპტიმიზმი შემატა. მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად სიტუაცია გართულდა, არადა, გლობალურ ბაზარზე პოზიტიური განწყობა სუფევს.

ინვესტორებს განსაკუთრებით PIIGS-ის ჯგუფში (Portugal, Ireland, Italy, Greece, Spain) შექმნილი სიტუაცია აღელვებს. საბერძნეთი კარგა ხანია დეფოლტის წინაშე დგას და მისი ევროზონიდან გასვლაზე პერიოდულად საუბრობენ. ქვეყანას დიდძალი ვალი აქვს, კიდევ დამატებით კრედიტი სჭირდება, ხოლო მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიტის შემცირების მცდელობა მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, რაც გარკვეულწილად გასაგებიცაა. ამას დაუმატეთ სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის არცთუ სახარბიელო დინამიკა.

საბერძნეთის სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის ირგვლივ სპეკულაციებმა გავლენა მოახდინა ირლანდიის ვალებზე. კერძოდ, აპრილის ბოლოს მოკლევადიან ობლიგაციებზე განაკვეთის ზრდა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე გრძელვადიანზე. ასეთივე მდგომარეობაა პორტუგალიაშიც. რაც შეეხება ესპანეთსა და იტალიას, სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ირწმუნებიან, ფეთქებადსაშიში.

ყველაზე რთული მომენტი ის არის, რომ ბერძნული სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაცია უახლოესი ორი წლის მანძილზე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. არადა, ოფიციალურმა ათენმა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის მიცემული პირობა შეასრულა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტი 4,7 მილირდ ევრომდე შეამცირა. ანუ, საბერძნეთი აგვისტოში, როგორც გათვალისწინებული იყო, 8 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანშს მიიღებს. სამწუხაროდ, ქვეყნის მთავრობამ მეტი ვერ მოახერხა, რომ რესტრუქტურიზაციის რეჟიმი დასაშვები გამხდარიყო.

ასევე გეგმიური, 7,1 მილიარდი ევროს ოდენობის გახლდათ ირლანდიის ბიუჯეტის დეფიციტი პირველ კვარტალში. რაც შეეხება პორტუგალიას, მისი ბიუჯეტის კვარტლური დეფიციტი 148 მილიონი ევრო გახლდათ. როგორც ცნობილია, წელს ლისაბონმა 20,1 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა დაფაროს. დეფიციტის ეგზომ კარგი მაჩვენებელი კი ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ მოლაპარაკებებისას პოზიტიური ფონის შექმნას.

პირველი კვარტალი ცუდი შედეგით არ დაუსრულებია ესპანეთს. მისი ბიუჯეტის დეფიციტმა 6,9 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც შიდა პროდუქტის 0,64 პროცენტია და 20 პროცენტით ჩამოუვარდება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. ქვეყნის მტავრობა საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ირწმუნება, რომ 65,4 მილიარდი ევროს ოდენობის წლიურ დეფიციტს სახელმწიფო ქარალდების გამოსყიდვით და სხვა წყაროებით დაფარავს. ეს სხვა წყაროები კი ალბათ ვალი იქნება, რომელსაც ესპანეთი ევროკავშირს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შემოდგომაზე მოსთხოვს. თუ რა თანხა იქნება საჭირო, სწორედ მაშინ გაირკვევა.

ჯერჯერობით, ვალის აღებას არ ჩქარობს იტალია. მართალია, რომის ფინანასური საქმეები კარგად ვერ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, იტალიელები მიმდინარე წელს დახმარების თხოვნის გარეშე გაატანენ. ამიტომაც ხუმრობენ ეკონომისტები, რომ ჯერჯერობით შესაძლებელია აბრევიატურა PIIGS შემოკლდეს როგორც PIGS რაც, მოგეხსენებათ ნიშნავს „ღორები“. და, რომ ეს სწორედ აქტუალურია, რადგან ვალებით თავის გატანის შეჩვევა მეტი არაფერია.