2013 წელს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ რეფორმას, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, საქართველოს მთავრობა ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობის ფართო სპექტრს შეეხო და ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა.
2012 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 2 მილიონზე მეტ პირს დაზღვევა არ ჰქონდა. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობის ამ სეგმენტის, ანუ 6-დან 60-წლამდე ასაკის პირთა დაზღვევას ისახავდა მიზნად.
თავის დროზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ უნივერსალური ხელმისაწვდომობისაკენ.
ე.წ. უნივერსალური მოცვის იდეა გაცხადებული იყო ჯერ კიდევ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 1948 წლის კონსტიტუციით, როდესაც ჯანმრთელობა გამოცხადდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად.
2014 წლის მაისში გაეროს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და ჯანმოს მიერ შემუშავდა ერთობლივი ჩარჩო ჯანმრთელობის უნივერსალური მოცვის მიღწევების მონიტორინგისათვის ორი მიმართულებით:
1) ფინანსური დაცვა: 2030 წლისთვის არავინ უნდა გაღარიბდეს და არ უნდა ცხოვრობდეს სიღარიბეში სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების გამო.
2) სერვისების მიწოდება: 2030 წლისთვის ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე.
შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპიც საქართველოში 453 სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. მინიმალური პაკეტი ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელ და იმ სტაციონარულ მომსახურებას მოიცავდა, რომლის დაყოვნების შემთხვევაშიც, პაციენტი შეიძლება, გარდაცვლილიყო, ან კიდურისა თუ სხვა ორგანოს დაკარგვის რისკის წინაშე დამდგარიყო. იმის გამო, რომ მწვავე ურგენტული შემთხვევები მოსახლეობისთვის ხშირად მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა, გადაწყდა, რომ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომლის მაქსიმალური თანხა 15 ათასი ლარი იქნებოდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
აღსანიშნავია, რომ პირველივე ურგენტულმა პროგრამამ გამორიცხა უმეთვალყურეო ადამიანების, ე.წ ბომჟების პრობლემა. აქამდე ასეთ ადამიანებს ხელს არავინ ჰკიდებდა, რადგან მათი მკურნალობის საფასურს არავინ იხდიდა. შესაბამისად, როდესაც პოლიციას ან სასწრაფოს ასეთი ადამიანი მიჰყავდა კლინიკაში, ცალკეული კლინიკები უარს ამბობდნენ დაფინანსების გარეშე მათ მომსახურებაზე.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველ ეტაპს მალე მეორე ეტაპიც მოჰყვა და 2013 წლის 1-ლი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის მინიმალური პაკეტი საბაზისო პაკეტმა ჩაანაცვლა. ეს სამედიცინო მომსახურების გაფართოებას ნიშნავდა. კერძოდ, გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაც დაემატა. ასევე, პროგრამის ფარგლებში დაიწყო მშობიარობის ხარჯების დაფინანსებაც, სადაც ლიმიტი ფიზიოლოგიური მშობიარობისას – 500 ლარს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს შეადგენდა. ამასთანავე, გაფართოვდა პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების სპექტრიც.
საყოველთაო დაზღვევამ პაციენტთა ნაკადის ზრდა გამოიწვია, რადგან უფრო მეტ ადამიანს მიეცა ექიმისთვის მიმართვის შესაძლებლობა. მხოლოდ 2015 წელს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ქვეყანას 700 მილიონი ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, C ჰეპატიტის მკურნალობას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამ კონტექსტში საინტერესოდ ჟღერდა მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში უკანასკნელი პაციენტის განკურნებამდე გაგრძელდებოდა. სწორედ ამ მიზნით საქართველოში ჩამოიტანეს განკურნების თითქმის 100%-იანი ალბათობით გამორჩეული უახლესი პრეპარატი „ჰარვონი“, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს წარუდგინა და აღნიშნა, რომ 2015 წლის მთავარი პროექტი C ჰეპატიტის, როგორც დაავადების, მართვა და ელიმინაცია (განდევნა) იქნებოდა.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო ეგვიპტისა და მონღოლეთის შემდეგ მესამე ადგილზე იყო C ჰეპატიტით დაინფიცირებული მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებს შორის. თუმცა ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებულთა უმრავლესობისთვის მკურნალობა ახალი ხელისუფლების მოსვლამდე ხელმიუწვდომელი იყო.
ცე ჰეპატიტის ვირუსისა და ღვიძლის მაღალი დაზიანების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილში დაიწყო.
მკურნალობის კურსის ღირებულება დაახლოებით 80,000-100,000 ამერიკული დოლარი გახლდათ, რასაც პროგრამაში ჩართული პაციენტები უფასოდ იღებდნენ. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ისთვის საქართველო ტესტ-ქვეყანას წარმოადგენდა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის.
პირველ ეტაპზე ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირდა 6,571 პაციენტი, რომელთაც ღვიძლის დაზიანების მე-3 და მე-4 ხარისხი ჰქონდათ.
მოგვიანებით დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მეორე ეტაპის დაწყება დააანონსა, რაც იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი სახელმწიფო C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების არარეგალური გადაყიდვისგან თავის დაცვასა და პაციენტების ობიექტურ შერჩევას მოახერხებდა. ეს უკანასკნელი მიღწევადი იყო, თუკი პაციენტების შემრჩევ კომისიას არ ეცოდინებოდა პროგრამაში ჩართული პირის სახელი და გვარი და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას მხოლოდ ამ პირისთვის მინიჭებული კოდის მიხედვით განიხილავდა.
მთლიანობაში, C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამა პირველ ეტაპზე 5000 ბენეფიციარს შეეხო. მეორე ეტაპზე კი ამ პროგრამაში 20 ათასი პაციენტის ჩართვა გადაწყდა.
რაც შეეხება შედეგებს, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ პაციენტთა 83 % განიკურნა.
ერთ-ერთი ბენეფიციარი გიორგი მჭედლიშვილი აღმოჩნდა. გიორგის C ჰეპატიტთან ბრძოლის 12-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ის პროგრამის პირველი ფაზის მონაწილე იყო და ბოლო ანალიზების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის დახმარებით მან დაავადება დაამარცხა.
ცნობისთვის, საქართველოში ამჟამად С ჰეპატიტით დაავადებული დაახლოებით 160 ათასი ადამიანია. სახელმწიფოს ყოველწლიურად 20 ათასი პაციენტის მკურნალობა შეუძლია.