თურქეთი რუსი ტურისტების დაკარგვას ვერ შეეგუა

თურქეთი რუსი ტურისტების დაკარგვას ვერ შეეგუა

თურქეთი და რუსეთი გაბზარული ეკონომიკური ურთიერთობის გამთელებას იწყებენ. 4 მილიონზე მეტი ტურისტი, შეიძლება, წელსვე ჩავიდეს თურქულ კურორტებზე. 2 ქვეყნის პრეზიდენტი თითქმის შეთანხმდა. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად არ შეუშინდებიან რუსი ტურისტები ტერაქტებს. თუკი მათი სურვილი შიშზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მაშინ საქართველოში და ყირიმში გეზაღებულმა ვიზიტორებმა შეიძლება მარტშრუტი თურქეთისკენ დაიგრძელონ.

რუსული ოფიციალური წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის ლიდერ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს 45 წუთის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა ურთიერთობების ნორმალიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ერდოღანმა “ღრმა სინანული” გამოთქვა თურქული მხარის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან მომხდარის გამო ბოდიშიც მოიხადა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ერდოღანის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ თურქეთის პრეზიდენტს რუსეთის წინაშე ბოდიში არ მოუხდია.

კრემლის პრესამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე თანამშრომლობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს და რუსეთ-თურქეთის მთელი რიგი ურთიერთობები განვითარდეს. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ მინისტრთა კაბინეტს დაავალებს თურქეთთან “ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობა აღდგეს, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში”.

ამასთან, კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსული მხარე იმედოვნებს, რომ თურქეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც რუსი მფრინავის მკვლელობა ედება ბრალად, ობიექტური ხასიათის იქნება.

ორ ქვეყანას შორი ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზება, პირველ რიგში, ტურისტულ მიმართულებაზე აისახება. ამ მომენტისთვის ანკარას ყველაზე მეტად ეს აინტერესებს. ახლა ზაფხულის საკურორტო სეზონია და როგორც წესი, ამ დროს თურქეთი რუსი ტურისტებით სავსე უნდა იყოს. ისინი უზარმაზარ თანხას “ტოვებენ” ქვეყანაში, რომელის დაკარგვაც თურქეთის მთავრობას სულაც არ აწყობს.

სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთი თურქეთში ტურისტული ნაკადის სიდიდით მეორე ადგილზეა (ტურისტების საერთო მოცულობის 12%) გერმანიის შემდეგ (15%). 2014 წელს თურქეთს რუსეთის დაახლოებით 4,5 მლნ მოქალაქე ესტუმრა, 2015 წელს კი მათი რაოდენობა 20%-ით შემცირდა.

თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. მაშინ რუსეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს თურქეთში ტურისტული მიზნით გამგზავრება აუკრძალა, ასევე დააწესა ემბარგო თურქული საქონლის იმპორტზე.

სატელეფონო საუბრისას ერდოღანი და პუტინი შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, თუმცა ჯერ უცნობია როდის გაიმართება ეს შეხვედრა.  რუსული მედიის ინფორმაციით, 1-ლი ივლისს სოჭში, შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციის ფარგლებში რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება.

როგორც თურქეთიდან, ისე მოსკოვიდან გავრცელებული პოზიტიური სიგნალების მიუხედავად, რუსეთი აცხადებს, რომ ტრაგიკული საავიაციო ინციდენტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორებას დრო დასჭირდება. თავის დროზე თურქეთისათვის დაწესებული სანქციების გაუქმების პირობად პუტინმა დაასახელა ბოდიშის მოხდა თურქეთის ხელისუფლების მიერ, ზარალის ანაზღაურება და დამნაშავეების დასჯა.