პარიზში, გუშინ, დილის 07:00 ერთ-ერთ საავადმყოფოში სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფოსათვის 3 მილიონი ლარის ოდენობის მატერიალური ზარალის მიყენება, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და უფლებამოსილების გადამეტება.
2006 წლის 23 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურისიძის მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მურუსიძემ მოლაშვილი საპატიმროში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაამწესა. მურუსიძის მიერ გამოტანილი განაჩენის საპირისპირო იყო სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი, რომელმაც დაადგინა, რომ მოლაშვილის მიმართ დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება.
9-წლიანი პატიმრობა მოლაშვილს 2006 წლის მარტში მხოლოდ ერთი წლით შეუმსუბუქეს. 2008 წელს იგი პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. მოლაშვილმა მისი უკანონო პატიმრობა და პლიუსს წამება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა. სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა.
სააკაშვილის ხელისუფლების განუყოფელი ნაწილი იყო უკანონო დაპატიმრებები, დაკავებულთა წამება და მათ მიმართ განხორციელებული არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობები. სწორედ ამ რეჟიმის მსხვერპლი გახდა სულხან მოლაშვილი. მას შემდეგ, რაც მოლაშვილმა შეიტყო, რომ ხელისუფლება აპირებდა მის დაკავებას, 2004 წლის 24 აპრილს საკუთარი ნებით გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში. მოლაშვილი პროკურატურიდან შს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. იმავე დღეს იგი აწამეს ელექტროშოკითა და სიგარეტის ნამწვავების ტანზე ჩაქრობით, რომლის ნაკვალევიც მოლაშვილს დღესაც ეტყობა სხეულზე. პარალელურად მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.
თავად მოლაშვილი წამების ფაქტს ორთვენახევარი უარყოფდა. როგორც თავად ამბობდა, იმედი ჰქონდა, რომ მისი წამების შესახებ ინფორმაციის გაუვრცელებლობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. თუმცა, თბილისის პოლიციის სამმართველოს კედლებიდან მოლაშვილის წამების ფაქტმა გაჟონა. სწორედ ამის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, რომელმაც მონახულა მოლაშვილი და მისი წამების ფაქტი გაახმოვანა.
კაკაბაძის მოლაშვილთან ვიზიტისა და სააკაშვილის ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაციის გახმაურების გამო გაათავისუფლეს №1 საპყრობილის უფროსის მოადგილე, რომელმაც მას პატიმრის ნახვის ნება მისცა, ხოლო თავად მოლაშვილი კი იმავე ღამეს გადაიყვანეს №7 საპყრობილეში (შსს-ს შენობაში) კარცერის ტიპის საკანში, სადაც ის ჩააყენეს არაადამიანურ მდგომარეობაში – მოათავსეს პატარა ბნელ საკანში, სადაც არც განათება იყო, არც წყალი და სკამიც კი არ ჰქონდა დასაჯდომად.
7 ივლისს საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტით მყოფმა მათიას იორშმა არასამთავრობოთა თხოვნის საფუძველზე, ციხეში მოინახულა მოლაშვილი, რის შემდეგაც გამართულ პრეს-კონფერენციაზე სხვა პრობლემებთან ერთად მათიას იორშმა ისაუბრა მოლაშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც. მან აღნიშნა, რომ მთელი თავისი პრაქტიკის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა ასეთი ვანდალური მოპყრობისა.
მოგვინებით მოლაშვილის წამების ფაქტი დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.
„ელექტროშოკით წამების შემდეგ სიგარეტები დააწვეს ზურგზე, რაც ნათლად ჩანდა მის სხეულზე. ტერფებზე მიღებული ჰქონდა სერიოზული დაზიანებები. ამასთანავე, იგი იმდენად დათრგუნული იყო, რომ აბსოლუტურად ყველა ფრჩხილი ბოლომდე ჰქონდა დაჭმული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება წამების საქმეს, თავის დროზე for.ge-სთან საუბრისას სულხან მოლაშვილმა აღნიშნა, რომ მის წამებაში უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია და პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ. მეტიც, მოლაშვილის იხსენებდა, რომ დაკავებამდე გიგა ბოკერიამ შეუთვალა, რომ თუ ქვეყანას არ დატოვებდა და არ გაჩუმდებოდა, დააკავებდნენ.
აი, რას ამბობდა სულხან მოლაშვილი: „ვალერი გრიგალაშვილი და გიგა ბოკერია უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩემს წამებაში. მივმართავ სამართალდამცველ სტრუქტურებს, დაიწყოს გამოძიება და დაიკითხონ ბოკერია და გრიგალაშვილი. ჩემს დაჭერამდე ბოკერიამ ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელს აჩვენა სია, სადაც მეც ვიყავი. გიგა ბოკერია ზურაბ ადეიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო პირველი იდეოლოგი ხალხის დაშინების, დაჭერის. ის იყო სისხლიანი სამართლებრივი პოლიტიკის წარმართველი. ის განსაზღვრავდა იმ დანაშაულებრივი პარტიის საქმიანობის ძირითად პრინციპებს“.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ერთ-ერთია იმ პატიმრებიდან ვინც პირადად ნახა ნაწამები მოლაშვილი. როგორც დავით მირცხულავა აცხადებს, ღამე დაკითხვა და ღამე გასამართლება ჩვეულებრივი მოვლენა იყო ნაციონალების მმართველობის დროს. მისივე თქმით, ადამიანები, მისივე ჩათვლით სიკვდილამდე მიჰყავდათ.
„სულხანი პირველად მე ვნახე, რომ მოიყვანეს. ზურგი სულ ამომწვარი ჰქონდა სიგარეტისგან, ვერ იძინებდა ისეთ მდგომარეობაში იყო ტკივილისგან. მაშინაც ამბობდა, ვინც აწამა და ამ გვარებს ასახელებდა. ამბობდა, რომ ხმებით ზუსტად მახსოვს ვინ იყვნენო. მან ხმებით იცნო ეს ხალხი, რადგან თავზე გადაფარებული ჰქონდა და ისე აწამეს. ვისაც სულხანი იმ პერიოდში ჰყავს ნანახი, შეიძლება რამეზე ილაპარაკონ?!
დღეს ნაციონალები აღელვებული რომ არიან მათი პარტიის წევრების დაკავებაზე, საქმეები შეადარონ ერთმანეთს. ღამით გაყვანაზე რომ განცხადებებს აკეთებენ, ერთი მიპასუხონ, დღისით რომელი ცნობილი პატიმარი გაუყვანიათ დაკითხვაზე?! მაინტერესებს, ნუთუ არ ახსოვთ რა ხდებოდა? თუ, იგივე, ჩემთან მიმართებაში პროცესუალური ნორმებით მიდიოდა დაკითხვა? ჩემი ადვოკატი, ეკა ბესელია არ შემოუშვეს ჩემთან.
ადამიანები, ჩემი ჩათვლით, სიკვდილამდე მიჰყავდათ. საკაცით მიმიტანეს და სამი საათი ასფალტზე ვიყავი დაგდებული დეკემბრის თვეში! ეს რა იყო! - ღამის 2 საათზე შემოდიოდა სპეცრაზმი, არ ერიდებოდნენ ასაკს, ჯანმრთელობას და ხელკეტებით კლავდნენ ხალხს ცემაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით მირცხულავამ.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. გამოძიების პროცესში ათეულობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხული არიან დროებითი მოთავსების იზოლატორის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის სამედიცინო განყოფილების ექიმები, ექთნები, ასევე სულხან მოლაშვილის სხეულზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტები. მოლაშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ევროპულ სასამართლოში დასრულდა წამების საქმეზე გამოძიება, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას დაავალა საქმის გამოძიება. მისივე თქმით, მას პროკურატურაში განუცხადეს, რომ საქმის გამოძება ინტენსიურად მიმდინარეობს.