„მინისტრების საარჩევნო სიაში გადასვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ“

„მინისტრების საარჩევნო სიაში გადასვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ“

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში გაიმართება. პარტიის აღმასრულებელი მდივანი არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სიაში მოქმედი მინისტრები და დეპუტატები იყვნენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო სიაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

„თითქმის დასრულებულია სამუშაო პროცესი მაჟორიტარების სიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ გვარებს, რომელიც გავრცელდა, ეს სია ნამდვილად არ შემიძლია დაგიდასტუროთ, თუმცა არის გარკვეული დამთხვევები“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახი კალაძე ამბობს, რომ საარჩევნო სია ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუმცა იქნება თუ არა თავად საარჩევნო სიაში, ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„არ ვიცი, რა სიებზე საუბრობთ ან ვინ ავრცელებს ამ სიებს. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს მომავალში წარადგენს სიას და თუ ვინ იქნება სიაში, მაშინ გახდება ცნობილი. მოხდება წარდგენა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში. ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - აცხადებს კახი კალაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემადგენლობა პრაქტიკულად უცვლელია. უკვე გადაწყვეტილია, რომ საარჩევნო სიაში იქნებიან პოლიტსაბჭოს ძველი და ახალი წევრები - ირინე ფრუიძე, სოფიო კილაძე, მანანა კობახიძე, გია ვოლსკი, იარკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, ირაკლი კობახიძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, რომან კაკულია, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ რამდენიმე მინისტრის პორტირება მოხდება საარჩევნო სიაში, როლის პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. არსებული ინფორმაციით, სიის მეორე ნომერი დავით სერგეენკო იქნება, საპატიო მესამე ადგილს კახი კალაძე დაიკავებს. გარდა ამისა, საუბარია, რომ მინისტრთა კაბინეტიდან საარჩევნო სიაში გადაპორტირდება სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხზე მასთან არც კონსულტაციები გამართულა.

„როცა ვამბობ, რომ შემოთავაზება არ ყოფილა, გასაგებია პასუხი. სავარაუდოდ, მინიმუმ არჩევნებამდე გავაგრძელებ იმ ადგილზე მუშაობას, სადაც ვარ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მასთან არც კონსულტაციები მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ სიაში იქნებიან ძალიან ღირსეული კანდიდატები. ამ საკითხებზე ჩემთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ძალიან სწორადაც იქცევიან“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ჯავახიშვილის მსგავსად, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება თბილისის მერი და მისი არც ერთი მოადგილე. შეგახსნებთ, რომ კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია დავით ნარმანიას საარჩევნოს სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.

„სხვა მეტი კითხვა ამ დილა უთენია, დავით ნარმანია იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, - არ გაქვთ? არ იქნება. მე ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა იქნება სიაში, ძალიან ღირსეული კანდიდატები იქნებიან, სიითი შემადგენლობა იქნება ძალიან საინტერესო და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ისევე, როგორც იქნებიან, ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები“, - ასეთია დავით ნარმანიას კომენტარი.

„პი არ საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორის გივი ხაჭაპურიძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებაში არსებობს იმედგაცრუება, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია ახალი სახეებით დაკომპლექტება.

„რეალურად „ქართული ოცნება“ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, პოლიტიკური პარტია მოითხოვს განახლებას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ განახლებული ძალებით და შემადგენლობით შეუდგებიან ქვეყნის განვითარებას. მნიშვნელოვანია განახლებული გუნდი, შეიძლება ნაკლებად ცნობადები იყვნენ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს მათი პროფესიონალიზმის დამტკიცება საზოგადოებისთვის, რომ ეს ადამიანები მნიშვნელოვანი არიან ქვეყნის აღმშენებლობისთვის და სწორედ ამიტომ აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ სიაში. ვფიქრობ, რომ ლოგიკური და სწორი იქნება იმ ადამიანების ცვლილება, რომლებიც საზოგადოებაში არასასურველ პიროვნებებთან ასოცირდებიან“, - აცხადებს For.Ge-სთან საუბრისას გივი ხაჭაპურიძე.

სიის პროფესიონალებით განახლების აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, ძირითად აქცენტი მაჟორიტარებზე გაკეთდება, რადგან სიით მაქსისმუმ 30%-ის მოპოვებას შეძლებს „ქართული ოცნება“.

„მაჟორიტარები განსაკუთრებულად საინტერესო სეგმენტია „ქართული ოცნებისთვის“. ძალიან მცირე თეორიული შანსია იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, რადგან აქტივობა იქნება 40-45%. ასეთი დაბალი აქტივობის პირობებში, ადმინისტრაციული რესურსისა და მაჟორიტარების ხარჯზე უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვთ, მაგარამ არა საკონსტიტუციო უმრავლესობის“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება მინისტრებს და მათ შანსებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ არალოგიკურია კახი კალაძის მაჟორიტარობა, რადგანაც ის არის პარტიის გენერალური მდივანი და მასზეა პარტიის ორგანიზაციული საქმიანობა.

„პოლიტიკური მენეჯმენტის თავალსაზრისით არ მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს ასეთ ვითარებაში მაჟორიტარად კენჭისყრა. რაც შეეხება სერგეენკოს, მისი სიაში ყოფნა, რა თქმა უნდა, საინტერესოა „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ კვირიკაშვილთან ერთად, ფაქტობრივად, ერთადერთი მინისტრია, რომელიც მეტ-ნაკლებად კეთილგანწყობას იმსახურებს საზოგადოებაში, რასაც ვერ ვიტყვი თეა წულუკიანზე, მისთვის ყველაფერი ზედმეტია, მათ შორის მთავრობა.

ამ ადამიანმა ძალიან სერიოზული თვითლუსტრირება მოახდინა. აბსოლუტურ ნეგატივშია და მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერებშიც. მხოლოდ გაღიაზიანებას იწვევს, არანაირი პოზიტიური განწყობა მის მიმართ არ არსებობს, მან მხოლოდ ზიანი შეიძლება მიაყენოს სიას. იგივეა ნარმანია, ძალიან წესიერი ადამიანი, მაგრამ ის ადამაინი არ არის, რომელსაც პლუსის მოტანა შეუძლია. უბარლოდ, არაფერი არ არის“, - აღნიშნა For.Ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემადგენლობას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 2012 წელს, ვიდრე დღეს. მისივე თქმით, პოლიტიკურ ველზე დიდი არჩევანი არ არის, შესაბამისად სიის კრიტიკა შედეგს არ იძლევა.

„სიმართლე გითხრათ, მინისტრების საარჩევნო სიაში გადასვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ. გითხრათ, რომ დღევანდელი მინისტრების საპარლამენტო სიაში გადასვლის შემთხვევაში სია უფრო გაკეთილშობილდება, ან მიმზიდველი გახდება, ასე ნამდვილად არ არის. გამონაკლისია დავით სერგეენკო. ერთია, რომ სერგეენკო მნიშვნელოვანია სიისთვის, მაგრამ რამდენად კარგია ეს უშუალოდ მთავრობისთვის, ეს საკითხავია. ასე მარტივად არ არის საქმე. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დადებითი მუხტის მომტანი არ იქნება მინისტრების საარჩევნო სიაში შეყვანა“, - აცხადებს For.Ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.