არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა, რომელსაც სახელმწიფომ კარგად გაართვა თავი, თუმცა მიღწეული შედეგები საკმარისი არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ მთავარი ამოცანა არასრულწლოვანთა ინტერესებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს. სწორედ ამ მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოში მნიშვნელოვნად გაზარდა განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა, დაიკლო პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელმა როგორც არასრულწლოვნებში, ისე სრულწლოვნებში. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ პროკურორები საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ განრიდების მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ასეულობით არასრულწლოვანს მიეცა ნასამართლობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა.
მაგალითად 2010 წელს განრიდებული იქნა მხოლოდ 2 არასრულწლოვანი, 2011 წელს - 81, 2012 წელს - 125, 2013 წელს -331, 2014 წელს -203, ხოლო 2015 წელს -296 არასრულწლოვანი. განრიდებული არასრულწლოვნების რაოდენობის კლება განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის თანახმად, არასრულწლოვნის მიერ ცივი იარაღის ტარება პირველ და მეორე ეტაპზე აღარ წარმოადგენს დანაშაულს.
2013 წელს განრიდებული 331 პირიდან, 122 მათგანის მიერ ჩადენილი იყო სწორედ 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო დარჩენილი 209 პირის მიერ ჩადენილი იყო სხვა დანაშაული (ძირითადად ქურდობა). განრიდებული არასრულწლოვნების რაოდენობის მატებასთან ერთად შემცირდა არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წელს განრიდებული იქნა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების 25%, 2013 წელს 51%, 2014 წელს 40%, 2015 წელს 44%.
პროგრამის წარმატებულობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მისი ამოქმედებიდან დღემდე განრიდებული არასრულწლოვნების მხოლოდ 8%-მა ჩაიდინა ახალი დანაშაული. არასრულწლოვანთა მიმართ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა სახელმწიფომ შეინარჩუნა 2016 წელსაც და როგორც ირკვევა განრიდებული არასრულწლოვნების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიურ პერიოდში განრიდებულ პირთა რაოდენობას, ხოლო საგრძნობლად იკლო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელმა.
გარდა ამისა, ეფექტური სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად, არამხოლოდ გაიზარდა განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა, არამედ არასრულწლოვნებში შემცირდა პატიმრობის მაჩვენებელი. მაგალითად - 2009 წელს პატიმრობა გამოყენებული იქნა დევნადაწყებულ არასრულწლოვანთა 42.6%-ის მიმართ; 2010 წელს - 39, 7%; 2011 წელს -24.6%; 2012 წელს - 21.6%; 2013 წელს -11.1%; 2014 წელს -12.5%; 2015 წელს კი მხოლოდ 9.4%-ის მიმართ. აღნიშნული მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ დაბალია.
რაც მნიშვნელოვანია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი არასრულწლოვნებში საპატიმრო გირაოს გამოყენების მაჩვენებელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არასრულწლოვნებში პატიმრობის შემცირება არა საპატიმრო გირაოს, არამედ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების და დევნის ალტერნატიული მექანიზმების ხარჯზე მოხდა. 2013-2015 წლებში საპატიმრო გირაოს გამოყენება არასრულწლოვნების მიმართ 2009-2011 წლებთან შედრებით განახევრებულია, ხოლო 2016 წელს აღკვეთის აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ ერთ პირს შეეფარდა.
სტატისტიკური მონაცემებით 2009-2011 წელბში საპატიმრო გირაოს მაჩვენებელი არასრულწლოვნებში ასე გამოიყურება - 2009 წელი - 25%, 2010 წელი - 29,1%, 2011 წელი - 25,8%. რაც შეეხება 2013-2016 წლების საპატიმრო გირაოს მაჩვენებელს არასრულწლოვნებში - 2013 წელი - 12%, 2014 წელი -17,5%, 2015 წელი - 10,7% და 2016 წლის 4 თვის მონაცემებით -1,7%-ი.
ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა არასრულწლოვანთა მიმართ გამოყენებული საპატიმრო სასჯელების მაჩვენებელშიც გამოიხატა. 2016 წლის 4 თვის განმავლობაში საპროცესო შეთანხმების შედეგად არასრულწლოვანთა მიმართ გამოყენებული საპატიმრო სასჯელის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დაბალია, რამაც გამოიწვია პატიმრობის მაჩვენებლის შემცირება სრულწლოვნებში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეცვლილია არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობაც. ფუნქცინირებს არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც სპორტულ დარბაზებში არასრულწლოვნები აქტიურად ვარჯიშობენ და ჩართული არიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.
არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სპორტულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება, რაც თავის მხრივ, პოზიტიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მომავალზე. გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ჩართული არიან სპორტულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას, მათ შორის ხელოვნებას.
ის, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არასრულწლოვნების მიმართ არავითარი შეღავათი არ იყო, ეს სულაც არ იყო შემთხვევითი, რადგან დაჭერები საქართველოში ზეწოლის მექანიზმად იყო ქცეული. ზეწოლა როგორც პოლიტიკური მოტივით, ბიზნესის წართმევით, პირადი შურისძიებით და ა.შ. არასრულწოვნების დაჭერაც ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი იყო.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თვითონ სიტყვები გვკარნახობენ რა არის სწორი და რა არა. მისივე თქმით, ციხეში მომწყვდეული არასრულწლოვანი, ციხიდან ზრდასრული და იმ პიროვნებად ჩამოყალიბებული გამოდის, რა პიროვნებადაც შეიძლება ციხემ ჩამოაყალიბოს.
„ანუ, უკვე კრიმინალია. თითოეული ასეთი ადამიანის ციხეში ყოფნა, ეს არის მათი დაკარგვა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ლიბერალური პოლიტიკა არის შანსი, რომ ეს ბავშვები დაუბრუნდნენ საზოგადოებას. დაუბრუნდნენ თავისი ნიჭით, უნარითა და სიცოცხლის სიყვარულით. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება გაიოლდეს ამ ბავშვების საზოგადოებასთან ასიმილაცია. თუმცა, მარტო იმით, რომ ისინი ბრუნდებიან, ამით პრობლემა არ იხსნება. აქ ჩნდება უამრავი სხვა პრობლემა - როგორ უნდა მოხდეს დაბრუნება საიმისოდ, რომ საზოგადოებისკენ წავიდნენ და არ მოხვდნენ კრიმინალურ ქსელებში“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ასიმილაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ის პროექტები, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილის ინიციატივით დაიწყო,
„შეიძლება, ციხეში სპორტით ან ხელოვნებით დაკავება იმდენად დასაქმებად არ გამოდგეს, რამდენადაც ამ გზით მათში გაიზარდოს ინტერესმა, ისეთმა ინტერესმა, რომელიც კრიმინალურ ცხოვრებასთან არ არის კავშირში. მათში გაიღვიძოს არა მოპარვის ინტერესმა, არამედ იმან ვინ უკეთესად გამოძერწავს, დაწერს, დახატავს და ა.შ. ანუ, ინტერესების ამოვსებისთვის მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რომელიც დანერგა კახიშვილმა.
მოგეხსენებათ, რომ სწორედ ხელოვნება იზიდავს ადამიანების სულს და შეუძლია მასში იმ ნაპერწკლებისა და სურვილების გაღვიძება, რისი ძალაც რუტინულ შრომას არ შესწევს. პატიმრებში ინტერსების გაღვიძების მხრივ ძალიან კარგი საქმე კეთდება. ადამიანისთვის, რომლისთვისაც მხატვრობა ძვირფასი რამ იქნება, მისთვის დანაშაულის ჩადენა უკვე არ იქნება საინტერესო. ვიმეორებ, ის, რაც ამ მიმართულებით გააკეთა კახი კახიშვილმა, ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმისათვის, რომ ეს ბავშვები ჯასაღი გონებით და სიცოცხლის ახალი სურვილით დაბრუნდნენ საზოგადეობაში.
აი ეს არის განსხვავება ყოფილსა და მოქმედ ხელისუფლებას შორის. ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში - ამ ძახილის ქვეშ ვცხოვრობდით 9 წელი. ნაწილი ციხეში გამოკეტეს, ნაწილი უცხოეთში გაიქცა, ორივე შემთხევაში დატოვეს დამნაშავეები. ადამიანს დანაშაულის ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ნორმალური და შემოქმედებითი ცხოვრება უნდა გახდეს მისთვის მიმზიდველი და მაშინ შეგიმცირდება დანაშაული, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და უცხოეთის ამა თუ იმ ქვეყნის დასაყვედრებელი არ იქნება ის, რომ თურე საქართველოდან წასული ქართველები საშიში კრიმინალები არიან“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
სამართლის ექსპერტის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანი, რომელიც თავის იდენტიფიკაციას ახდენს არა კანონმორჩილ მოქალაქეობასთან, არამედ კრიმინალურ ცხოვრებასთან, ბუნებრივია, ის ხვალ ამ მენტალიტეტით დაუბრუნდება საზოგადოებას. თავად ემიჯნება იმას, რასაც ჰუმანიზმი და მოქალაქეთა ინტეგრაციის პრინციპი ჰქვია.
„მხარს ვუჭერ კახი კახიშვილის დაწყებულ პროექტებს და მათ შორის მხრას ვუჭერ რეჟიმის შეცვლასაც, რაზეც დაიწყო საუბარი. სხვა საკითხია პროგრამები, რომელიც დაიწყო სასჯელაღსრულების სამინისტრომ და რაც ხელმისაწვდომია ყველა არასრულწლოვანისთვის, მიუხედავად იმისა, ვიღაცა შეიძლება კვლავ ემიჯნება საზოგადოებას, მაგრამ სახელმწიფო მას აძლევს შანს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ სამინისტრო არ ჩამორჩა იმ ბრენდს, რასაც ჰქვია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემათა მოწესრიგება“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.
სამართლოს დოქტორის ლევან ხარანაულის განცხადებით, რაც უფრო ნაკლებად მკაცრი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, მით უკეთესია პრევენციის თვალსაზრისით. მისივე თქმით, სახელმწიფო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, თუნდაც ადამიანის უფლებებების დაცვის თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგია.
„წინა ხელისუფლების დროს 12 წლიდან არასრულწლოვანთა მიმართებაში გამოიყენებოდა პატიმრობა. პირველი, რაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა - ეს არის სისხლის სამართლის კოდექსიდან არასრულწლოვანთა ე.წ. ლიბერალური მართლმსაჯულების ცალკე გამოტანა, რაც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.
მნიშვნელოვანია არასრულწლოვანებთან მიმართებაში პასუხისმგებლობის დაწევის ელემენტი, ასევე მნიშვნელოვანია ცალკე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის შექმნა და გარდა კანონმდებლობისა, მისი პრაქტიკაში განხორციელება - იგივე განათლების მიღება, რაც ძალიან კარგად იკვეთება და მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით მისასლმებელია დღევანდელი სისხლის მართლის პოლიტიკა“, - აცხადებს ლევან ხარანაული.