„სად მერაბიშვილ-სააკაშვილი თავისი ბანდებით და სად წესრიგი და ქვეყნის აღმშენებლობა?!“

„სად მერაბიშვილ-სააკაშვილი თავისი ბანდებით და სად წესრიგი და ქვეყნის აღმშენებლობა?!“

თაბუკაშვილის N27, ადგილი, სადაც 2010 წელს ვანო მერაბიშვილმა „გამჭვირვალე“ პოლიციის შენობა გახსნა. ერთი შეხედვით, აქ უცნაური არაფერია, მაგრამ უცნაურია თავად ისტორია, რომელიც „გამჭვირვალე“ პოლიციის შენობის მშენებლობას უკავშირდება. თაბუკაშვილის N27-ში სადაც წლების მანძილძე მთაწმინდის პოლიცია არსებობდა, მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ბიზნესმენ კოტე ჩიქოვანის საკუთრება იყო. თუმცა, ვანო მერაბიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ჩიქოვანს ქონება ჩამოერთვა, მოხდა შენობის დემონტაჟი და მის ადგილას პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა.

რა მოტივით წაართვა საკუთრება ვანო მერაბიშვილმა და შეძლო თუ არა საკუთრების დაბრუნება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბიზნესმენ კოტე ჩიქოვანს ესაუბრა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2010 წლიდან იწყება თქვენი შევიწროვება და უშუალოდ მაშინდელი შს მინისტრი იყო დაინტერესებული თქვენი ქონებით. რა იყო მოტივი, რატომაც ვანო მერაბიშვილი დაინტერესდა თქვენი ბიზნესით?

კოტე ჩიქოვანი: რეჟიმის პირობებში, არც მანამდე მქონდა ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება, მაგრამ 2010 წლის ზაფხულში ბატონი მერაბიშვილის მეოხებით, მეც და ჩემი ოჟახიც აღმოვჩნდით საშინელი წნეხის ქვეშ, რომლის შედეგებიც ალბათ, მთელი ცხოვრება გაგვყვება. მოტივს რაც შეეხება, ალბათ, კარგად იყო ინფორმირებული, რომ არ ვიყავი რეჟიმის მეხოტბე, არ ვიზიარებდი იმ ძალადობრივ პოლიტიკას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა. ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას.

საიდან ჰქონდა მერაბიშვილს ეს ინფორმაცია?

- სხვადასხვა მხრიდან მიუვიდა ხმა, რომ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. შორეული ნაცნობობაც მაკავშირებდა მასთან, მიწის კადასტრით იყო დაკავებული შინაგან საქმეთა მინისტრობამდე, გვყავდა საერთო ნაცნობებიც. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვმეზობლობდით, მთაწმინდის პოლიციის სამმართველოსთან, საერთო ეზო გვქონდა თაბუკაშვილის N27-ში. იქაურობას ხშირად სტუმრობდა „ბატონი“ ვანო, გარკვეული ინფორმაციები იქედანაც ექნებოდა.

მისთვის და მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო, პოლიციის რამე სახით სიახლოვე ოპოზიციურად განწყობილ პირებთან. ასეთ შემთხვევაში უნდა ყოფილიყავი დასჯილი, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დაუწერელი კანონი, კრედო. ჩვენ ორგანიზაციას ერქვა „საქაგროპროექტი“, რომელიც საკუთრებასთან ერთად სრულიად უმიზეზოდ გაანადგურა მერაბიშვილმა.

თქვენთან შეუთანხმებლად მოხდა ამ შენობის დანგრევა?

- რა შეთანხმებაზეა საუბარი?! - საკითხი ამ სახით არც დასმულა. საზოგადოებაც და შინაგან საქმეთა სამინისტროც მიჩვეული იყო იმას, რომ თუ მერაბიშვილს ან შსს-ს დასჭირდებოდა რამე შენობა ან ქონება, პრობლემის გარეშე შეეძლო მითვისებაც, განადგურებაც, გაყიდვაც და ასე შემდეგ, რაც უპრეცედენტო ფაქტია ნებისმიერი, ოდნავ მაინც სამართლებრივი ქვეყნისთვის. სახელმწიფო უწყებას, ვგულისხმობ პოლიციას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა საკუთრების დაცვა, თვითონ ყოველგვარი „რევერანსების“ გარეშე, გირღვევს საკუთრების უფლებას. რომელ სტრასბურგებზე და ადამიანის უფლებების კონვენციებზეა საუბარი?!

კომუნისტური მმართველობის, რეპრესიების წლებს თუ შევადარებთ, იმ დესპოტიზმს და თავხედობას, რაც 9 წლის განამვლობაში საქართველოში ტრიალებდა. ბევრი თბილისელისთვის ნაცნობია ის ტერიტორია, სადაც მოხდა ეს თავხედური ვანდალიზმი. ოპერის უკან, თაბუკაშვილის 27 ნომერში საკმაოდ დიდი ეზოა, დაახლოებით 1 ჰექტარი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი შენობებით მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის სამმართველოს ეკავა, აქვე იყო ჩვენი შენობაც, უძვირფასესი და მოცულობითი აგურის შენობა. მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული არქიტექტურის ძეგლი, შედგებოდა ორ ფლიგელისაგან და სიგრძით 110 მეტრს აღწევდა, სადაც დღეს შუშის პოლიციის შენობაა. „ბატონმა“ მერაბიშვილმა, მთაწმინდის პოლიციაში ერთ-ერთი ვიზიტისას, გადაწყვიტა ახალი პოლიციის აშენება. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს საკმაოდ დიდი ფართი ეკავა ეზოში და შეეძლო ნებისმიერი კონფიგურაციის პროექტის შედგენა, ამისათვის მაინცდამაინც ჩემი შენობის ადგილი შეარჩია. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ერთ დღეს დამიბარეს შსს-ში და განმიცხადეს, რომ ჩემი საკუთრება თაბუკაშვილის 27-ში შსს-ს ინტერესში შედიოდა და აპირებდნენ მის დანგრევას.

ვინ დაგიბარათ?

- სამინისტროს მაშინდელი საკადრო და ორგანიზაციული დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა ოთარ გოგოძემ. მან პირდაპირ განმიცხადა, რომ თქვენი შენობა გვჭირდება უნდა დავანგრიოთო და მის ადგილას ახალი, ლამაზი პოლიციის აშენებას ვაპირებთო. ჩემთვის ეს იყო შოკი, რადგან 3 წელიწადი ვაწარმოებდით სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოებს. სიტუაციის ანალიზის შედეგად გამიჩნდა გარკვეული ეჭვები, რამე ფარული ზრახვები ხომ არ იმალებოდა შსს გეგმების უკან.

პროფესიიდან გამომდინარე ვერკვევი ქალაქგეგმარების და არქიტექტურის საკითხებში და ტერიტორიის ისეთი განაშენიანების გეგმა, როგორიც მოვისმინე შსს-ში აბსურდულად და ალოგიკურად მომეჩვენა, ვინაიდან დაწყებული იყო ჩემს მიმართ თვალთვალი და მოსმენები, კონსპირაციის დაცვით ვიკითხე, მერიის არქიტექტურის სამსახურში, ხომ არ ჰქონდა შსს-ს გამოტანილი განხილვაზე რამე პროექტი ოპერის მიმდებარედ. აღმოჩნდა, რომ არანაირი ოფიციალური განცხადებით, შსს-ს ამ ტერიტორიაზე არქიტექტურის სამსახურისთვის არ მიუმართავს.

როდესაც შენობის დათმობა შემოგთავაზათ ოთარ გოგოძემ, რა უპასუხეთ მას, დათანხმდით?

- როგორც მოგახსენეთ საკითხი ასე არც დასმულა. მე ვინ მკითხა საერთოდ რამე, გაფრთხილების სახით ჩამაყენეს საქმის კურსში, რომ მოკლე პერიოდში მომიწევდა შენობის დაცლა. გოგოძესთან შეხვედრაზეც და ასევე სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზეც, ჩემს კითხვაზე - საკითხი ასეთი სახით გადაწყვეტილი გაქვთ თუ ფიქრობთ? პასუხს ვიღებდი ცალსახას და მკაცრს, საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარებოდა. მოვლენები შემდგომ ასეც განვითარდა.

გარკვეული მინიშნებებით და პირადი კავშირებით გაირკვა, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მერაბიშვილს ჰქონდა მიღებული. უნდა მოგახსნოთ, რომ შსს-ს ზოგიერთ თანამშრომელი სულაც არ იყო აღფრთოვანებული „ბატონი“ ვანოს ამ თავხედური ახირებით, მით უმეტეს როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამინისტროში სხვა პროექტიც ჰქონიათ მომზადებული, რომელიც არც ძეგლს ეხებოდა, არც საკუთრებას და როგორც პროექტი უკეთესიც იყო, მაგრამ ვინ შებედავდა „ლეგენდარულ“ მინისტრს „იდეის“ დაწუნებას?!

წერილობით მივმართე მერაბიშვილს, გადავუგზავნე შენობის ძეგლის პასპორტი, მივაწოდე დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომ თავი შეეკავებინათ ამ ქმედებებისგან. ამავე დროს, პირადი კავშირებით, რა თქმა უნდა, კონსპირაციულად, გადავეცი მასალები და გავაფრთხილე არქიტექტურის სამსახური, მერია და ძეგლთა დაცვის სამმართველო, როგორმე არ მიეცათ შენობის დემონტაჟის უფლება. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ შსს ზეწოლას განახორციელებდა პროექტის დასამტკიცებლად.

არც ძეგლის დემონტაჟის და ახალი პროექტით მშენებლობის ნებართვა არ აქვთ გაცემული. რას წარმოვიდგენდი, რომ ქვეყნის „ნომერ პირველი პოლიციელისგან“ წესი და კანონი იმდენად შორს იყო, რომ დედაქალაქის ცენტრში, ოპერისა და რუსთაველის გამზირიდან რამდენიმე მეტრში ჩაიდენდა ვანდალიზმს, გაანადგურებდა არქიტექტურის ძეგლს, უგულებელყოფდა საკუთრებას და აბსოლუტურად ყველა წესის იგნორირებით აწარმოებდა უნებართვო მშენებლობას.

დაახლოებით რამდენ კვადრატულ მეტრზეა საუბარი?

- მშენებლობამ ეზოიანდ დაახლოებით 4 000 კვ/მ-ი მოცვა. ეს არის აგვისტოს პერიოდი, დროის ის მონაკვეთი, როდესაც მასიურად ხდებოდა იმ ადამიანების დაკავება, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ბიზნესთან. ჩემს ირგვლივ დაახლოებით ათი ადამიანი დაიჭირეს და ყველას ბიზნესთან ჰქონდათ შეხება.

დაკავების ან იგივე ფიზიკური განადგურების საფრთხე იყო?

- საფრთხე იყო ყველანაირი. კაცმა არ იცის რას მოიფიქრებდნენ მერაბიშვილის უწყების ჭიუხებში. აბსოლუტურად უმტკივნეულო სიტუაციაში, სრულიად უმიზეზოდ, უცბად აღმოვჩნდი კომფრონტაციაში უზარმაზარ ძალოვან სამინისტროსთან. 2012 წლის არჩევნებამდე მთელი ჩემი ოჯახი მოსმენისა და თვალთვალის 24-საათიან რეჟიმში იმყოფებოდა. ჩვენთან მომსვლელიც და წამსვლელიც ყველა გარკვეულ წილად კონტროლდებოდა. მთლიანად ვიყავი მოწყვეტილი ყველა საქმიანობას. ჩემი ოჯახი დღესაც არ გამოსულა ბოლომდე მაშინდელი წნეხიდან, ისეთი სტრესი აქვთ მიღებული, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება გაყვეს.

გარეთ, რომ გავდიოდი არ ვიცოდი დავბრუნდებოდი თუ არა. შექმნილი იყო გარემოება, რომ მთელმა სამინისტრომ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ყოველგვარი ეჭვების გარეშე იცოდა, რომ უშუალოდ ვანო მერაბიშვილთან მოვექეცი დაპირისპირებაში და რამე რომ მომსვლოდა პირდაპირ მისი დაკვეთად აღიქმებოდა, ყოველგვარი მესამე პირების გარეშე. იმდენად ცხადი იყო ყველაფერი, რომ ჩემმა ადვოკატმა მანანა კობახიძემ საქმის კურსში ჩააყენა თომას ჰამერბერგი, რომელმაც მოგვწერა, რომ კონტროლზე ვყავდი აყვანილი.

დარწმუნებული ვარ, ჩემს საქმესთან დაკავშირებით, მერაბიშვილი ელოდებოდა არჩევნების ჩატარებას და რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება, „მომხედავდა“ ძალიან ცუდად. უახლოეს საათებში უნდა დამეტოვებინა ქვეყანა. ძალიან არ შევუშინდით შექმნილ სიტუაციას, რამაც ჩვენ შემთხვევაში გაამართლა. დელიკატურად და სამართლებრივად სწორად გავუწიეთ წინააღმდეგობა და ამან გადაგვარჩინა.

მაგრამ მოხდა დემონტაჟი...

- როგორც ადრე შემოდიოდა მტერი, ზუსტად ასე მოხდა. ერთ დღეს ალყა შემოარტყეს შენობას, ჩაჭრეს კომუნიკაციები, შემოავლეს სამშენებლო ღობე დაიწყეს შენობების დემონტაჟი. ეს ყველაფერი ორ დღეში მოხდა. გვქონდა დიდი საინჟინრო და გეოდეზიური არქივი, რომელიც მთელ საქართველოს ტერიოტრიას მოიცავდა, იყო მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ბიბლიოთეკაზე და საოჯახო ნივთებზე აღარ ვლაპარაკობ.

ძლივს გამოვასწარით. ჩემი მობილურიდან კავშირი თითქმის გაწყვეტილი იყო. როგორც ციხეში, დაახლოებით ისე ვიყავი. რაღაც პერიოდი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გამიუარესდა. ხედავ, რომ საკუთარ ქვეყანაში უსამართლობის ტყვე ხარ, მონასავით გექცევიან, ყველაფრის უფლებას გართმევენ... ძალიან რთულია როდესაც ასეთ სიტუაციას, უშუალოდ აწყდები.

ნებართვის არარსებობის მიუხედავად, პოლიციის შენობა გაიხსნა?

- დიახ და დღესაც უნებართვოდ დგას, რადგან იურიდიულად დღესაც არსებობს ის შენობა, რომელიც მერაბიშვილის ბრძანებით დაანგრიეს. რაც შეეხება ახალი პოლიციის შენობას, იურიდიულად ეს შენობა არ არსებობს. ახალმა ხელისუფლებამ შექმნილ სიტუაციაში მოახერხა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში აეყვანა ეს ტერიტორია და იურიდიულად არსებული შენობები. დღევანდელი მთაწმინდის პოლიციის სამმართველო სხვის (კერძოდ ჩემს) საკუთრებაზე აღარ ფუნქციონირებს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თქვენ მიმართეთ შესაბამის სტრუქტურებს, რა ხდება დღეს თქვენი საქმის გარშემო?

- საქმის კურსში ჩავაყენეთ ყოფილი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვაცნობე, რომ ცენტრალური რაიონის პოლიციის სამმართველო უნებართვოდ იდგა ჩემს ტერიოტორიაზე. ღარიბაშვილმა კონტროლზე აიყვანა ეს საქმე. საქმეში უშუალოდ ჩაერთვნენ ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ღარიბაშვილის მოადგილე დავით ხუციშვილი. სახელმწიფოს უნდა აეზღანაურებინა ზარალი, რამდენიმე მილიონზე იყო საუბარი, მაგრამ ძიების საბოლოო შედეგი სჭირდებოდათ, რაც შეიძლება დროში გაწელილიყო. ამიტომ, ჩვენც წავედით გარკვეულ დათმობებზე, ეკონომიკის სამინისტრომაც მოინდომა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა ჩემთვის უძრავი ქონების გადმოცემა.

ანუ, ქონებრივი ანაზღაურება მოხდა?

- დიახ. რამდენიმე მილიონი ლარის სანაცვლოდ გადმოგვეცა უძრავი ქონება, რომელიც სხვათა შორის მერაბიშვილის დროსაც სახელმწიფო საკუთრებაში იყო იმავე ეზოში და იმავე მისამართზე. წარმოიდგინეთ, იქვე ჰქონდათ ფართობი, სადაც შეეძლოთ აეშენებინათ პოლიციის შენობა და არ წაერთმიათ ჩემთვის ქონება, მაგრამ ასე არ მოიქცა, უბრალოდ წამართვა და გაანადგურა საკუთრება, დასაბრუნებელიც არ დატოვა.

თუკი იყო ტერიტორია, სადაც შეიძლებოდა კანონის საფუძველზე აშენებულიყო პოლიციის შენობა, მაშინ რითი ხსნით იმას, რომ თქვენს საკუთრებაში არსებული ტერიტორაზე მოინდომა მშენებლობა?

- იმიტომ, რომ წინააღმდეგობას წააწყდა ჩემი მხრიდან. მონა რომ ვყოფილიყავი, საერთოდ არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ეს ლოგიკა დავინახე, რადგან წინააღმდეგობა გავუწიე, თუნდაც დელიკატური, ადგა და დამსაჯა.

თქვენთან მიმართებაში სახელმწიფო მოიქცა სწორედ. თქვენ ხართ მერაბიშვილის უშუალო მსხვერპლი და დღეს როდესაც ისმენთ იგივენაციონალური მოძრაობისმხრიდან, რომ მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი, რომ ის კვირიკაშვილის პირადი პატიმარია, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- კვირიკაშვილიც და ღარიბაშვილიც წესიერი ადამიანები არიან. მერაბიშვილთან მათი შედარება არასწორად მიმაჩნია. არაერთხელ მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ბოკერიას, უგულავას და მათი ლიდრების საქმიანობის შეფასებაში თუ ჩავრთავთ ისტორიკოსებს, ფსიქოლოგებს და მწერლებს, გავაკეთებთ მათი ქმედებების ანალიზს, აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ისინი იყვნენ ქვეყნის მტრები, რადგან ქართულ სახელმწიფოზე არ მუშაობდნენ.

კრიმინალობაში აჯობეს იმ კრიმინალებს, რომელიც ვითომ დაამარცხეს. რომელი კრიმინალი დაამარცხეს? თავად ჩაენაცვლნელნ ყველა სფეროში და ახალი დანაშულებრივი სინდიკატი ჩამოაყალიბეს. სად მერაბიშვილ-სააკაშვილი თავისი ბანდებით და სად წესრიგი და ქვეყნის აღმშენებლობა?!, ეს მცნებები ანტონიმებად უნდა განვიხილოთ.