რა მიმოწერა ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს ალექსანდრე კარპოვთან?

რა მიმოწერა ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს ალექსანდრე კარპოვთან?

ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რაც პროკურატურამ შეკრიბა. შესაბამისად, გიორგი ბადაშვილს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა.

პროკურატურის ვერსიას არ მიყვება კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი, რომლის განცხადებით, პროკურატურას არ დაუმუშავებია და არც გაუანალიზებია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს მისი გადაადგილების შესახებ მასალები. ასევე არ მომხდარა სატელეფონო ზარების დამუშავება და აღნიშნული მასალები მხოლოდ მას შემდეგ გამოიკვლიეს, რაც ოჯახმა მოითხოვა.

თუმცა, როგორც ჩიქოვანი აცხადებს სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით შემაჯამებელი დასკვნა და დეტალური ინფორმაცია ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის ცნობილი ამ დრომდე არ გამხდარა.

ადვოკატის თქმით, დაგვიანებით მოხდა ეროსი კიწმარიშვილის პირადი სივრცის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქსა და სკაიპს ეხებოდა.

„არ მომხდარა მისი პირადი სივრცის შესწავლა. ცნობილია, რომ ეროსი კიწმარიშვილი სახლიდან გასვლამდე კომპიუტერთან იყო და მუშაობდა, თუმცა არ მომხდარა იმის დადგენა თუ რომელ ვებ-გვერდებს სტუმრობდა და რა ოპერაციებს ახორციელებდა ის. ამასთან, მას შემდეგ, რაც მოვითხოვეთ ჩვენ მისი პირადი სივრცის შესწავლა და მივაღწიეთ შეთანხმებას გამოძიებასთან, მოხდა ეროსი კიწმარიშვილის „ექაუნთის“ გატეხვა და გარკვეული მასალების წაშლა.

მაგალითად, წაიშალა მისი მიმოწერა ალექსანდრე კარპოვთან. ალექსანდრე კარპოვი იყო ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი. კაპროვი ეროსი კიწმარიშვილთან მიმოწერას ადასტურებს ზურა კიწმარიშვილთან, თუმცა აღნიშნული მიმოწერა გამოძიებისთვის ხელმიუწვდომელია, რადგან ის ვიღაცამ წაშალა. საფუძვლიან ეჭვს იწვევს ამ მასალის დაკარგვა“, - აცხადებს მერაბ ჩიქოვანი.

მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე თავის არეში და მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა, თუმცა გამოძიების სამართლებრივ შეფასებაში ეს დაზიანებები გამოტოვებულია.

„გამოძიება ამტკიცებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი დატოვებულია ავტომობილის უკანა სავარძელზე, ასევე ავტომობილის წინა სავარძლის თავის საყრდენზე. საეჭვოა, რატომ არ აღმოჩნდა ავტომობილში სხვა პირების ტანსაცმლის კვალი? ასევე რატომ არ არის ეროსი კიწმარიშვილის მაისურის ან სხვა ტანსაცმლის კვალი ავტომობილში? ამასთან, საიდან აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი წინა სავარძელზე, როდესაც პიჯაკს მხოლოდ უკანა სავარძელზე ინახავდა?

რაც შეეხება იარაღზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალს, იარაღის ლულაზე არსებული ეს დნმ ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, ხოლო სასხლეტზე აღმოჩენილია დნმ-ის ორი კვალი. პროკურატურა გადაჭრით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, თუმცა ექსპერტიზა ამ ფაქტთან რადიკალური არ არის და ამბობს, რომ შესაძლოა, სასხლეტზე აღმოჩენილი კვალი ეკუთვნოდეს ეროსი კიწმარიშვილს. კითხვა ჩნდება, თუ რატომ არის პროკურატურა ასე დარწმუნებული აღნიშნულში?“, - აღნიშნა მერაბ ჩიქოვანმა.

ამასთან, ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იყო. არგუმენტად კი ზურა კიწმარიშვილს ავტომობილის გარეთ სისხლის კვალის არარსებობა მოჰყავს. ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ არ მოხდა კავკასიური აღნაგობის მამაკაცის იდენტიფიცირება, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის სახლთან საეჭვოდ მოძრაობდა.

რა ვერსიები აქვს და რატომ ფიქრობს, რომ ეს იყო მკვლელობა, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.

ზურაბ კიწმარიშვილი: პროკურატურის ინფორმაციით, ფანჯარა იყო ჩაწეული, მაგრამ გასროლის შემდეგ, იმ ადგილზე, სადაც ავტომობილი იდგა, არც კედელზე და არც იატაკზე სისხლის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იდგა.

პროკურორი ნინო აღლემაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეროსი კიწმარიშვილს ფინანსური პრობლემები არ ჰქონია. ბატონო ზურაბ, თქვენს ძმას ჰქონდა ფინანსური პრობლემები?

- არ ვიცი ქალბატონმა პროკურორმა სად მოისმინა ინფორმაცია, რომ ეროსი კიწმარიშვილს ვალები არ ჰქონდა. ჩვენგან ასეთი განცხადება არ ყოფილა გავრცელებული. ვალები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ვალები არ არის მტკიცებულება. უპასუხისმგებლობაა საუბარი იმაზე, რომ ვალები არის მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანმა თავი მოიკლა. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ასეთი მსჯელობა. ვაღარებ, რომ იყო ვალები, მაგრამ ამ ვალებს ეროსი უმკლავდებოდა. პროკურატურის შემაჯებელი განცხადებიდან მკვლელობის მოტივად სახელდება ვალები, რაც ძალიან უსუსური და უსაფუძლოა ეროსის შემთხვევაში.

თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას, ვინ არისს კავკასიური აღნაგობის მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ მოძრაობდა ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელ სახლთან, რადგან პროკურატურა ამ ადამიანის შესახებ არ საუბრობს...

- ეს უცნობი პიროვნება, რომელიც ფიგურირებს ვიდეო მასალაში და რომელზეც ჩვენ თავიდანვე დავსვით საკითხი, რომ გაერკვიათ, მთელი ამ ისტორიის პატარა ფრაგმენტია, რომელსაც არსად არ მივყავართ, რადგან არც ვიცით ვინ არის, იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა მისი პიროვნების დადგენა. ეს პიროვნება ეროსის გარდაცვალების წინაპერიოდში ჩნდება, საეჭვოდ მოძრაობს მისი საცხოვრებელი სახლის პერიმეტრზე. მას არაქართული იერი აქვს. გეტყვით იმასაც, რომ ეს კადრები ვაჩვენეთ სამხდრო პირებს, ასევე სპეციალური მომზადების დანაყოფის სპეციალისტებს და ყველა ამბობს, რომ ტიპიური სპეცრაზმელის გარეგნობა აქვს.

თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო მკვლელობა, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც მოკლა ეროსი კიწმარიშვილი?

- გამოძიების მიერ აუცილებლად უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული ეს ადამიანი. გამოძიებას უნდა ჰქონდა საშუალება, რომ ამ ადამიანის შესახებ მიეღო ინფორმაცია. მე არ ვამბობ, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა, რომ მკვლელია, ან რამე კონკრეტული ამოცანა ჰქონდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ასეც ყოფილიყო. კითხეთ პროკურორს რატომ არ მოხდა მისი პიროვების იდენტიფიკაცია? უამრავი კითხვაა დაწყებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან, დამთავრებული იმ ჰაკერებიდან, რომლებმაც ძალიან საეჭვო დროში გახსნეს ეროსის პირადი სივრცე და არავინ იცის რა ჩაიდინეს, ეს მას უკეთესად ეცოდინება, იმიტომ, რომ პროკურატურა ცალკე იძიებდა ამ საქმეს.

ამბობთ, რომ ეს იყო მკვლელობა, მაგრამ რა შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მოტივი?

- მე არაფერს არ ვამტკიცებ. მოვისმინე ძალიან ბევრი ვერსია, რომელთა ნაწილი აბსურდულად მომეჩვენა, მაგრამ არის ვერსიები, რომელსაც ვერ უარვყოფ და მიმაჩნია, რომ არაფერი წარმოუდგენელი არ არის, მათ შორის ის, რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ პერიოდში აქტიურად იყო გამოსული პოლიტიკურ ასპარეზზე. ფაქტობრივად მან ძალიან მოკლე პერიოდში ბევრი გეგმები დაისახა მიზნად. განაახლა ძველი კონტაქტები. შეხვედრა ჰქონდა ჟურნალისტებთან და პროდიუსერებთან.

ასევე, მოლაპარაკება ჰქონდა „რუსთვი 2“-თან, რომ „60 წუთის“ ტიპის გადაცემა გაშვებულიყო ამ ეთერით. ხშირად მომისმენია, რომ მისი ნაბიჯები, რომლის გადადგმას აპირებდა, შეიძლებოდა პილიტიკური ჭრილში განხილულიყო, როგორც ხელისშემშლელი მოვლენა.

შეიძლება ამან გამოწვია ისიც, რომ დაგეგმილიყო ეს ძალადობრივი აქტი. ამ ეტაპზე ჩვენ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ მუშაობს, გამოვითხოვთ პირად ნივთებს, ვიდეო მასალებს და დავიწყებთ მის განხილვას. შესაძლებელია მნიშვნელოვანი დეტალი აღმოვაჩინოთ, რომელსაც წარვუდგენთ გამოძიებას, რომ განაახლონ გამოძიება.

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა, ამბობს, რომ მეორე პირის კვალი არ არის, შესაბამისად, სათქმელიც არაფერია...

- როცა არ არის მეორე პირი და ყველაფერი ნათელია - ეს განცხადება სცილდება ექსპერტის კომპეტენციას. ექსპერიმენტით, რომელშიც მონაწილეობდა ქალბატონი მაია, დადგინდა, რომ თავისუფალ პირობებში იქ უცხო პირი ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ სისხლის ლაქებს დაფარავდა. შემდეგ მე თავად მივიღე მონაწილეობა ექსერიმენტში და ქალბატონმა მაიამ თქვა, რომ ვარაუდის ფორმატში ექსპერტი ვერ შევა, სხვა ვერაფერი ვერ დამიპირისპირა.

როდესაც მე მივიღე მონაწილება ექსპერიმენტში, იქ მყოფმა ექსპერტებმა თქვეს, რომ ასე რატომ მოიქცეოდა პოტენციური მკვლელი, ან ასე რატომ დადგებოდაო, რაზეც ვუთხარი, რომ დადგებოდა თუ არა, ასეთი პოზა შესაძლებელს ხდის, რომ მომხდარიყო გასროლა.

იცით, ბოლოს ასეთი ფრაზაც იყო - „მკვლელს ფიზიკა ეცოდინებოდაო“. არ ვიცი, შეიძლება იცოდა ფიზიკა, ან შეიძლება გამოცდილი იყო და იცოდა როგორ უნდა მორიდებოდა სისხლის კვლას ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა. უსუსურია ის ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა და რომელიც გამოიყენეს იმის დასტურად, რომ არავინ არ იყო. ეს არის ხელოვნურად ჩატარებული ექსპერიმენტი და ხელოვნურად მიღებული პასუხი, რომელიც სამწუხაროდ გამოძიებამ არგუმენტად გამოიყენა.