ქართული მხარე შავ ზღვაზე, სამხედრო გემების რეგულარულ ვიზიტებს ითხოვს

ქართული მხარე შავ ზღვაზე, სამხედრო გემების რეგულარულ ვიზიტებს ითხოვს

8-9 ივლის დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტი გადამწყვეტი იქნება. ნატო მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება უსაფრთხოების სფეროში შექმნილი ახალ ვითარებასთან ადაპტირება. რაც შეეხება საქართველოს, უკვე ცნობილია, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას - MAP-ს ვერ მიიღებს, თუმცა საუბარია, პროექტებზე, რომლის განხორციელებაც, საქართველომ სწორედ, ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა დაიწყოს.

სწორედ ვარშავის სამიტზე გახმოვანდება რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ვარშავის სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ რაც ვარშავაში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, კონკრეტული გეგმის დასახვა მოხდება. ერთ-ერთი რასაც ქართული მხარე ითხოვს, ეს არის სამხედრო გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოში, ზუსტად ისე, როგორც ხდება თურქეთის ან ბულგარეთის პორტებში. თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს პორტები უნდა გახდეს ნაწილი მარშრუტის, ზუსტად ისე, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნები.

ხიდაშელის განცხადებით, MAP გახდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი და როდესაც საქართველოს წევრობაზე იქნება კონსენსუსი, იქნება MAP-იც. მინისტრი იმედოვნებს, რომ NATO-ს ვარშავის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში, კიდევ უფრო ნათელი ტექსტი იქნება წარმოდგენილი.

„MAP დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ, პოლიტიკური პროცესის ნაწილია და აქაც, ჩვენ უფრო მეტ სიცხადეს ვითხოვთ იმისთვის, რომ ისევ ორმაგი ინტერპრეტაცია არ იყოს. ჩვენ დღეს, პრაქტიკულ ცხოვრებაში MAP აღარ გვჭირდება. ეს უნდა იყოს ადეკვატურად ასახული დოკუმენტებში. წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება აღარ არის ჩვენთვის ეტაპი, რომელიც უნდა გავიაროთ NATO-ში გასაწევრიანებლად. ჩვენ გვინდა, რომ მეტი სიცხადე იყოს, რადგან გაჩნდა ორმაგი ინტერპრეტაციები. იმედი მაქვს, ვარშავაში კიდევ უფრო ნათელ ტექსტს მივიღებთ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ვარშავის სამიტზე მონტენეგროს გაწევრიანება არის საუკეთესო გზავნილი საქართველოსთვის იმის დასადასტურებლად, რომ შემდეგი გაჩერება საქართველო იქნება.

„ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნება განხილული. პირველი - ვარშავის სამიტზე ნატო ფართოვდება, მონტენეგროს გაწევრიანება არის საუკეთესო გზავნილი საქართველოსთვის იმის დასადასტურებლად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შემდეგი გაჩერება საქართველო იქნება და მეორე - აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება და სამხედრო პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყნებისთვის ხორციელდება, არის საუკეთესო დაცვა და ფარი ნატო-ს პარტნიორებისთვის. ამ სეგმენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სახელმწიფოები, რომლებიც შავ ზღვაზე არიან, ვინაიდან შავ ზღვაზე ნატო-ს გაძლიერება ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას შავ ზღვაზე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სამიტამდე 17 დღით ადრე თბილისში კონფერენცია „ნატო-ს ვარშავის სამიტი - გამოწვევები და მოლოდინები“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლების 2016 წლის ვარშავის სამიტის დღის წესრიგის შესახებ დისკუსიაში ჩართვას.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა ისაუბრეს 2016 წლის ნატო-ს სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანებაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე ნატო-ს აღმოსავლეთის საზღვრებზე არსებული მთავარი გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ნატო-ს პოლიტიკა, ახალი საფრთხეებსა და გამოწვევებთან მიმართებაში სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ძირითად კონცენტრირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოზე, საქართველოს ამჟამინდელი ჩართულობა ნატო-ში და საქართველო-ნატოს სამიტის შემდგომი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გააგრძელოს მზადება წევრობისთვის.

„რაც შეეხება კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო მეტ და უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას არსებითი პაკეტის გაძლიერებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და მისი ნატოსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. არსებითმა პაკეტმა უკვე აჩვენა ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. ამ პროგრესს სჭირდება განმტკიცება პრაქტიკული ხელსაწყოებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სიხარულიძე თვლის, რომ საჭირო იყო უფრო მეტად კოორდინირებული ერთიანი სამთავრობო სტრატეგია და ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველოსათვის მეტი პოლიტიკური შედეგი იყოს ვარშავის სამიტზე.

„ვარშავის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მთლიანად ევროპული კონტინეტისთვის. უმთავრესია, თუ როგორ მოხდეს რუსეთის აგრესიის შეკავება. ევროპაში კარგად ესმით, რომ რუსეთის აგრესია მიმართულია არა მხოლოდ მისი უშუალო მეზობლების, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. ვარშავის სამიტის დღის წესრიგში მთლიანად ევროპაში და კერძოდ, შავი ზღვის რეგიონშიც, უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იქნება გადადგმული. ეს, სავარაუდოდ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსაც შეეხება“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.