ანგელა მერკელი სამხედრო ხარჯების გაზრდას უჭერს მხარს

ანგელა მერკელი სამხედრო ხარჯების გაზრდას უჭერს მხარს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხედრო ხარჯების გაზრდას უჭერს მხარს. ამის შესახებ მერკელმა „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კანცლერის თქმით, ევროკავშირს კვლავ არ შესწევს ძალა, დაიცვას საკუთარი თავი გარე საფრთხეებისგან. ანგელა მერკელის აზრით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ნატო-ს ამოცანა არ უნდა იყოს და ეს ნიშნავს, რომ უნდა დაახლოვდეს ისეთი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები, როგორიცაა გერმანიის (რომელიც თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1,2 პროცენტს ხარჯავს) და აშშ-ის (რომელიც ამავე მიზნებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3,4 პროცენტს ხარჯავს).

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტების საკითხი ვარშავაში დაგეგმილი ალიანსის სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება. სავარაუდოდ, გერმანიის კანცლერის ნათქვამი, რომ ევროკავშირს კვლავაც არ შესწევს ძალა, დაიცვას საკუთარი თავი გარე საფრთხეებისგან, უფრო ისლამისტ მებრძოლებს შეეხება, თუმცა „გარე საფრთხეებში“, ღიად თუ შეფარულად, ასევე, უნდა იგულისხმებოდეს რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მერკელისა და პუტინის რევერანსები ყოველგვარ ზღვარს სცდება და გერმანიის პოზიცია ზოგჯერ რუსეთისთვის სასარგებლო, ხოლო საქართველოსთვის წამგებიანი ხდება.

ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, პუტინ-მერკელის ურთიერთობას ია-ვარდით მოფენილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს ამ ორი პერსონის ურთიერთობის კონკრეტული მონაკვეთის შესახებ. ეს ინციდენტი პუტინის მხრიდან სამარცხვინო საქციელად შეფასდა გერმანელთა თვალში. საუბარია იმაზე, რომ 2007 წელს სოჭის რეზიდენციაში პუტინმა, რომელმაც ძაღლებთან მიმართებით მერკელის შიში კარგად იცოდა, სპეციალურად მიიყვანა თავისი შავი ლაბრადორი კონი. თანაც ცინიკურად ჰკითხა შეშინებულ მერკელს, „ხომ არ გაწუხებს ძაღლი? კიი? მეგობრული ძაღლია, დარწმუნებული ვარ, კარგად მოიქცევა“, - უმეორებდა პუტინი მერკელს აღნიშნული შეხვედრისას. ხოლო, როცა კონი მერკელის ფეხებთან მოკალათდა, პუტინი ჩუმად იღიმებოდა. საბოლოოდ მერკელმა მდგომარეობიდან გამოსვლა სცადა და აღნიშნა „კიდევ კარგი, ჟურნალისტებს არ ჭამს“.

მას შემდეგ, რაც მედიაში ერთი ამბავი ატყდა, რომ პუტინი მერკელის შეშინებას შეეცადა, რუსეთის ლიდერი თავის მართლებას შეუდგა, რომ მან არაფერი იცოდა მერკელის შიშზე. მოგვიანებით პუტინმა მოუბოდიშა მერკელს და დასძინა, რომ პატივს სცემს ამ „გულწრფელ“ პიროვნებას, რადგან მათ შორის „ნდობის დონე ძალიან მაღალია“.

მიუხედავად იმისა, რომ მერკელმაც და პუტინმაც კარგად იციან ერთმანეთის ენა, პუტინმა გერმანული დრეზდენში კგბ-ში მსახურებისას შეისწავალა, ხოლო მერკელმა - აღმოსავლეთ გერმანიაში აღზრდისას, თუმცა ენობრივი ბარიერის გადალახვა მათ მაინც არ აკავშირებთ და მათი ურთიერთობა პერიოდულად ფეთქებადსაშიში ხდება. მართალია, ერთხელ პუტინმა თავი იმართლა მერკელის წინაშე, რომ რუსეთს არასდროს უომია გერმანიასთან და რუსები მხოლოდ ნაციზმს ებრძოდნენ, რისი მსხვერპლიც თავად გერმანია იყო, მაგრამ გერმანიის კანცლერმა მაინც მხარი დაუჭირა რუსეთის მიმართ სანქციებს ყირიმის ანექსიის გამო. უფრო მეტიც, დღემდე გერმანელი ქალბატონი პუტინის ხმამაღალ კრიტიკოსად ითვლება.

ამის მიუხედავად, მიმდინარე წლის დასაწყისში, მერკელმა მხარი დაუჭირა ევროკავშირისა და რუსეთის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნას, რაც იმით ახსნა, რომ, საბოლოო ჯამში, ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე ერთიანი ეკონომიკური ზონა უნდა შექმნილიყო.

რა სტადიაშია გერმანია-რუსეთის ურთიერთობა და რისთვის ზრდის სამხედრო ხარჯებს ანგელა მერკელი?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რასაკვირველია, ანგელა მერკელის მხრიდან სამხედრო ხარჯების გაზრდის მთავარი მიზეზი რუსეთია. ამას ემატება ისიც, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ვაშინგტონიდან სულ საყვედური ისმის ევროპის მისამართით, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ კურსი აიღო მიზანდასახულ პოლიტიკაზე, რაც სამხედრო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებდა. შესაძლოა, თავის დროზე ევროპის მხრიდან ხარჯების შემცირება იმითაც აიხსნას, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, აღარ არის ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია და ნატო ისედაც 10-15-ჯერ უფრო ძლიერია რუსეთზე. თანაც ამას დაემატა ევროპაში სოციალური ხარჯების ზრდა, ეკონომიკური რყევები, ლტოლვილთა პრობლემები, გაუთვალისწინებელი ხარჯები, მილიონობით ახალი ლტოლვილის შენახვა, დაბინავება, დახმარება, მათთვის 700-700 ევროს დარიგება ჯიბის ფულად.

პოლიტოლოგის თქმით, ანგელა მერკელს რუსეთის მიმართ ტერმინი „მოკავშირე“ არასდროს წამოსცდენია, პარტიონიორობაზე კი ყოფილა საუბარი და ეს ეხებოდა მხოლოდ ვაჭრობას და არა - პოლიტიკას, რადგან რუსეთისა და გერმანიის პოლიტიკური ფასეულობები, მიზნები არასოდეს ემთხვეოდა ერთმანეთს.

„ეს მშვენივრად იციან კრემლშიც და ბერლინშიც. განსაკუთრებით უკანასკნელი ორი-სამი წელია კრიტიკული, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავის დასავლეთ საზღვარზე ჯარების ზრდა. მიაქციეთ ყურადღება, რუსეთმა დაიწყო ჯარების გაზრდა არა სამხრეთით, საიდანაც რუსეთი არ ელოდება საფრთხეს, არამედ - დასავლეთით. ეს არის სამი ძლიერი, ყველანაირად აღჭურვილი დივიზია. სულ ახლახანს ბრიუსელში სამი ანალიტიკური მოხსენებაც დაიდო, სადაც მსოფლიო მასშტაბის ავტორიტეტული სპეციალისტები დაჟინებით მიუთითებენ, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ბალტიისპირეთის ძალით დაბრუნება. ეს იქნება ყირიმის სცენარის გათამაშება ბალტიისპირეთში, მაგრამ ყირიმში შეჭრა მოხდა უსისხლოდ, „მწვანე კაცუნებისა“ და „მწვანე თავაზიანი ადამიანების“ „დამსახურებით“, როგორც მაშინ ამბობდნენ. ბალტიისპირეთში კი სულ სხვა სიტუაცია იქმნება. ასევე, რუსეთს თავისი გეგმები აქვს პოლონეთთან მიმართებით. ამიტომაც უკვე განიხილება და, ალბათ, წლის ბოლომდე რეალობად იქცევა ნატოს ჯარების გარკვეული კონტინგენტის განთავსება ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკაში. ეს პროცესი პოლონეთში დაიწყო, რუმინეთშიც უკვე განთავსდა რაკეტსაწინააღმდეგო სადგურის პირველი კომპონენტები“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მერკელის მხრიდან სამხედრო ხარჯების გაზრდა მხოლოდ რუსეთიდან მომავალი საფრთხით არ აიხსნება. თურქეთთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შედეგად, თურქეთის მიერ გერმანიისა და ევროკავშირის იმედგაცრუების შემდეგ არალეგალური მიგრაციის ტალღა არათუ შემცირდა, პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა. მით უმეტეს, არალეგალური მიგრაციის ეგიდით ფაქტობრივად ხდება ჯიჰადისტი მებრძოლების გადაადგილება და ისინი ქმნიან მასობრივი ტერორისტული დაშინების აქტის საფრთხეს. საუბარია ისეთ ტერორისტულ აქტებზე, როგორებიც მოხდა აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში, პარიზში და სხვა. განსაკუთრებით, ევროპელებს შიშის გრძნობა გაუჩნდათ ორლანდოში მომხდარი ტერაქტის შედეგად, როდესაც გამოჩნდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ უკვე ამერიკაშიც აქტიურობს და შეუძლია განახორციელოს სერიოზული ტერორისტული ქმედებები. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წინაშე მწვავედ დადგა თავდაცვისა და ერთიანი საგარეო პოლიტიკის ფორმატის შექმნა. ევროპამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს სამხედრო პოლიტიკური ორგანიზმის ჩამოყალიბება.

„ევროკავშირს გააჩნია თავისი სამხედრო პოლიტიკური სტრუქტურები, რაც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჰელსინკის სამიტის დროს 1999 წელს და ისინი აქტიურად მონაწილეობენ როგორც სამხედრო-პოლიტიკური კრიზისების მართვის, ასევე, ანტიტერორისტული ტიპის ოპერაციებში. ევროკავშირს გააჩნია ეს გამოცდილება, მაგრამ ეს გამოცდილება იმდენად მწირია, რომ, როგორც ჩანს, ევროკავშირი ცდილობს უფრო მეტად გაზარდოს თავისი უსაფრთხოების პირობები. გერმანია უკვე ნაკლებად ენდობა ამერიკის დახმარებას სამხედრო- პოლიტიკური და კონტრტერორისტული ბრძოლის საკითხებში და ცდილობს, თავისი უფლებები დაიცვას. ეს ბუნებრივიცაა. რაც შეეხება რუსეთისგან თავდაცვას, მართალია, გერმანიისთვის რუსეთის ფაქტორი საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ არც ისე სერიოზული, როგორც ეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების წინაშე დგას. პრობლემა არა მარტო ბალტიის სახელმწიფოებს ეხება, არამედ- შვედეთსა და ფინეთსაც, გარკვეულწილად - დანიასაც. გერმანელები და ფრანგები ყოველთვის ცდილობდნენ, რუსეთთან დაემყარებინათ უფრო რბილი ძალის კონტაქტები, რომ პოლიტიკურად შესძლებოდათ მასთან დიალოგში შესვლა, განსხვავებით, ამერიკელებისგან, რომლებიც რუსეთთან მიმართებით უფრო ხისტ პოზიციას ავლენდნენ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და განმარტა, რომ ნატოს ვარშავის სამიტზეც საკმაოდ სერიოზული სტრატეგიის მიღება იგეგმება სწორედ ტერორიზმის ბრძოლის საკითხებში, რადგან ევროპელებს აშინებთ ტერორიზმის სხვადასხვა გამოვლინება, მათ შორის, ISIS-ის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოების უნარიანობა, არალეგალური მიგრაცია, ტრეფიკინგი და სხვა თანმდევი ნეგატიური გამოწვევები.