გენო აროშიძე ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჯერ ქონება წაართვა, შემდეგ კი ე.წ. რეფორმირებული ქართული ციხის სისასტიკე გამოიარა. ბიზნესმენი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებული ტრამვის შედეგად დაინვალიდებულია, მარცხენა ყურში არ აქვს სმენა, დაზიანებული აქვს თირკმელი. ბიზნესმენი მოუწოდებს ყველას ხმამაღლა ილაპარაკონ სისტემური დანაშაულის შესახებ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესმენმა თავიდან დაიწყო ბიზნეს-საქმიანობა.
for.ge ბიზნესმენ გენო აროშიძეს ესაუბრა.
თქვენ იმ ბიზნესმენთა კატეგორიას წარმოადგენთ, რომელიც იმ სისტემის მსხვერპლი გახდა, რომელმაც ქვეყანაში 200-ზე მეტი ადამინი პოლიტპატიმრად აქცია. ბატონო გენო, რა ხდებოდა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში?
გენო აროშიძე: დიახ, მე, როგორც ბიზნესმენი იმ სისტემის უშუალო მსხვერპლი ვარ. ყველა სახის ძალადობა გამოვიარე, დაწყებული ბიზნესისა და პირადი ქონმების წართმევიდან, დამთავრებული სასტიკი წამებით. იმ რეჟიმის პირობებში ორჯერ დამაკავეს.
ვის ინტერესებში შდიოდა თქვენი დაკავება?
- „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოხდა ჩემი დაკავება. 2008 წელს მე და ჩემი მეგობრები შევუერთდით მაშინდელ გაერთიანებულ ოპოზიციას. ვხელმძღვანელობდით ე.წ. მობილურ ჯგუფებს, რომ არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარებულიყო. მოგეხსენებათ რა ძალადობა იყო მაშინ ქვეყანაში. ნაციონალები მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და ბიულეტინებს ყრიდნენ და ამას პოლიცია აკონტროლებდა. ცალკე მუშაობდნენ ზონდერ ჯგუფები.
ჩვენი ჯგუფი მეტ-ნაკლებად აბალანსებდა ძალებს და საბოლოო ჯამში ჩვენ მოვიგეთ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში. სამწუხაროდ, შემდეგ უკვე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გაურიგდნენ მიხეილ სააკაშვილს, რისი წინააღმდეგი ვიყავით. ლიდერებს ვუთხარი, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება სააკაშვილთან გარიგება-თქო და ასეც მოხდა. დაიწყო მუქარები, მირეკავდნენ, რომ თუ არ გავჩუმდებოდი, ყველაფერს დავკარგავდი.
ვინ გირეკავდათ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
- ანონიმურად რეკავდნენ, მაგრამ როდესაც შევხვდი სოდ–ის და კუდ–ის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.
შეხვედრა შემოგთავაზეს?
- რა თქმა უნდა, მითხრეს, რომ ხელმძღვანელის დავალება უნდა გადმოეცათ. დავალების ავტორი კუდ–ის ხელმძღვანელი დათა ახალაია იყო. იმ პერიოდში ბიზნესის ნაწილი წართმეული მქონდა, მაგრამ შენარჩუნებული მქონდა ტვირთების გადაზიდვის ბიზნესი. შემომითვალა, რომ თავი დამენებებინა ოპოზიციისთვის და წართმეული ბიზნესის დაბრუნებაზე დამეწყო მოლაპარაკება მათთან, მაგრამ ამ მოლაპარაკებაზე არ წავედი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი.
8 ივნისს დილის საათებში თამარაშვილის კუთხეში მოხდა ჩემი დაკავება. დაახლოებით 8-10 მანქანა იღებდა მონაწილეობას ჩემს დაკავებაში. დაკავების სპეცოპერაციას სოდ–ის უფროსის, ერეკლე კოდუას პირველი მოადგილე, ნუკრი ჩიკვილაძე ხელმძღვანელობდა. პირადად მან და სოდ–ის პირველი სამსახურის უფროსმა კახა მირიაშვილმა ჩამიდეს ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება და შემდეგ უკვე პირდაპირ ჩაყარეს მანქანაში. ეს ყველაფერი ხდებოდა დღისით.
დაკავების შემდეგ რა ხდება?
- მითხრეს, რომ დაკავებული ვარ ნარკოტიკების მოხმარება-შეძენა-შენახვის ბრალდებით. წამიყვეს სოდ–ის შენობაში, სადაც ჩემს დაკითხვას პირადად აწარმოებდა ერეკლე კოდუა, რომელმაც ასეთი რამ მითხრა: „რატომ ფიქრობ, რატომ ჩაგიდეს ნარკოტიკიო?“, – რაზეც ვუპასუხე, რომ მიზეზი იყო ჩემი კავშირი ოპოზიციასთან. ამაზე გაბრაზდა და მეკითხება – რა არის ოპოზიციაო? იცოდე, რომ ჩემთვის პირადად ეს შენი ოპოზიცია მამაკაცის სასქესო ორგანო არისო.
მარტო ერეკლე კოდუა აწარმოებდა თქვენს დაკითხვას?
- იქ იყო ერეკლე კოდუა და კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც საერთოდ ხმას არ იღებდა, უბრალოდ იღებდა ჩემს დაკითხვას. მათი მიზანი იყო ჩემზე კომპრომატები შეეგროვებინათ, ანუ თანამშრომლობა დამეწყო და მერე ეს გამოეყენებინათ როგორც კომპრომატი, რადგან შემომთავაზა დამესახელებინა რეალიზატორი. მე ვუთხარი - მე მეკითხებით ვინ არის რეალიზატორი, როდესაც თქვენ ჩამიდეთ ნარკოტიკები-თქო?
ვინ უნდა დაგესახელებინათ?
– მითხრა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, დაასახელე ნებისმიერი პიროვნება და თანამშრომლობაში ჩაგეთვლებაო. ვუთხარი - მთავაზობ უდანაშაულო პიროვნება დავღუპო იმიტომ, რომ თავისუფლება მივიღო-თქო და ამის წინააღმდეგი წავედი. გამოდის, რომ თანამშრომლობა არ გინდაო და რუსულად მითხრა, რომ მაშინ 10–11 წელი იქნები ციხეშიო. ასე დავშორდით მე და ერეკლე კოდუა ერთმანეთს. იქიდან უკვე გლდანის ციხეში გადამიყვანეს. 6 თვეში გაფორმდა საპროცესო გარიგება და გამანთავისუფლეს. ამის შემდეგ გავაგრძელე ბიზნესში საქმიანობა.
რაც შეეხება თქვენს ბიზნესს, რომლიც წაგართვეს, როგორ დაიწყო თქვენი შევიწრობა?
– იყო ასეთი ტერმინალი და ახლაც ფუნქციონირებს „კარიბჭე“, ვაწარმოებდი ტვირთების გადაზიდვას. ფინანსურმა პოლიციამ ჯერ ტერმინალის დირექტორი ბორის მჭედლიძე დაიჭირა და 10 დღეში მეც დამიჭირეს. ეს უკვე დავით კეზერაშვილის და დავით ქარსელაძის ინტერესში შედიოდა, რადგან თვითონ იყვნენ ამ ბიზნესით დაკავებული და არ უნდოდათ კონკურენტები. დაკავებმადე მე და ბორის მჭედლიძეს კონფლიქტი მოგვივიდა დავით კოდუასთან, რომელიც თავის დაცვასთან ერთად შემოგვივარდა ტერმინალში, რასაც მოჰყვა კონფლიქტი. ამ კონფლიქტის შემდეგ მეგობარმა მითხრა, რომ დამეტოვებინა საქართველო, რადგან ეს კონფლიქტი რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა და ცუდად დამთავრდებოდა. ასეც მოხდა, დამიჭირეს და ნამდვილი ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო.
ალბათ ძალიან მძიმეა იმ დღეების გახსენება, მაგრამ თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდებოდა მაშინ ე.წ. რეფორმირებულ ციხეში? დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კეთდება განცხადება, რომ არადამიანურ მოპყრობას არ ჰქონდა ადგილი, კადრები სადაც ასახული იყო პატიმრების წამება, ეს მხოლოდ დადგმული იყო...
- ის ადამიანი, ვინც ამას ამბობს, ნამყოფია გლდანის ციხეში? ეს ე.წ. რეფორმირებული ციხე 300 000 ადამიანმა გამოიარა და ყველა იტყუება? მანახეთ ის პიროვნება, რომელსაც გლდანის ციხე აქვს გამოვლილი და ამ კადრებზე ამბობს, რომ დადგმულიაო. ეს ხომ აბსურდია! გაშიშვლება, ცემა და წამება ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. პირვეად, როდესაც 2008 წელს დამაკავეს, ჩემს ცემა–წამებას ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი ხელმძღვანელობდა.
რა მიზეზით გაწამეს პირადად თქვენ?
– არანაირი მიზეზი არ იყო, რადგან ყოველდღიურად ხდებოდა ცემა–წამება. ღამის 10 საათზე ქვრებოდა შუქი, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა დაგვეძინა. უცებ აინთებოდა საკანში შუქი, შემოვარდებოდნენ ციხის თანამშრომლები და იწყებოდა პატიმრების მასობრივი ცემა-წამება. პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, გოდების ხმა ისმოდა, ისეთ დღეში გვაგდებდნენ. თუ ვინმე არ მოეწონებოდათ, ანუ მათი აზრით, კარგად არ იყო ნაცემი, ჩაყავდათა კარანტინში, ან აბანოში სადაც კამერები არ ეყენა, იქ გრძელდებოდა ცემა-წამება. არავინ არ გვიხსნიდა რატომ გვცემდნენ.
მაგალითად საკანში შემოგვივარდა გიორგი ავსაჯანიშვილი და გვეუბნება - რატომ ხმაურობდით გუშინ წინო? ვუთხარი, რომ არ ვხმაურობდით და თუკი გუშინწინ ვხმაუროდით, რატომ მაშინ არავინ არ მოგვცა შენიშვნა-თქო? როგორ გავბედე მისთვის შეპასუხება, ამიტომ ჩამიყვანეს აბანოში, სადაც უბრალოდ დამლეწეს. ჩამიყვანეს კარანტინში, გამაშიშვლეს და ამ მდგომარეობაში სასტიკად მცემეს. მერე კარანტინის კიბეებზე დამაგდეს. გონს რომ მოვედი, ჩემთვის უცხო გარემოში აღმოვჩნდი, პატიმრებმა მითხრეს, რომ ეს იყო მორგი. ჩემთან ერთად იყო 18 წლის ბიჭი, არ დავასახელებ მის ვინაობას, იმიტომ, რომ საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საშილენ შეურაცხყოფაში რას გულისხმობთ, გააუპატიურეს?
- როდესაც გონზე მოვედი, დავინახე, რომ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ბიჭია გდია კუთხეში, ისეთი ნაცემი იყო, რომ საუბარი არ შეეძლო. ციხის თანამშრომლები კი უყვირიან, რომ ქურდებს შეაგინეო, ეს ბავშვი ეუბნებოდა, რატომ უნდა შევაგინოო. არ შეაგინა ამ ბავშმა, ამ დროს გლდანის ციხის ერთ–ერთმა თანამშრომელმა ჩაიხადა შარვალი და მიადგა ამ ბავშვს, დროზე გააღე პირიო, მე დასისხლიანებული ვეგდე იატაკზე და ეს სცენა, რომ დავინახე შევძახე, რას შვრები, პატარა ბიჭია, რას უკეთებ არ გრცხვენია-თქო. ამაზე საერთოდ გაგიჟდნენ და გაგრძელდა ჩემი ცემა, რომელსაც ოლეგ ფაცაცია ხელმძღვანელობდა.
რომ შემომხედოთ ნამდვილად ვერ შემატყობთ, რომ ინვალიდი ვარ, მაგრამ ცემის შედეგად დამაინვალიდეს გლდანის ციხეში, ცემისგან დამაყრუეს, მარცხენა ყურში ახლაც არ მესმის, ნეკნები ჩამიმტვრიეს, დაზიანებული მაქვს ასევე თირკმელი. ვერ წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა კარანტინის დაშლის დროს, თუ 200 კაცი ჰყავდათ კარანტინში, მხოლოდ 150 კაცი ამოდიოდა თავისი ფეხით, 50 პატიმარს ნელ-ნელა მოათრევდნენ ისეთი ნაცემები იყვნენ. შემდეგ კარანტინში ჩადიოდნენ ე.წ „ქათმები“ ანუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პატიმრები, რომლებიც სხვა კორპუსში ცხოვრობდნენ, ეს ქათმები რეცხავდნენ სისხლის კვალს.
ძალიან მძიმე ისტორიას ჰყვებით და თავისთავად საინტერესოა, თუ მიმართავდით სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატია. სხვათა შორის მის არც ერთ მოხსენებაში სიტყვა – წამება, ნახსენები არ არის...
- არ მიმიმართავს, ან როგორ შეიძლებოდა მისთვის მიმართვა, რადგან სახალხო დამცველი არ იყო დამოუკიდებელი ადამიანი. შვიდთავიანი გველეშაპიდან ერთ-ერთი თავისთვის მიმემართა? როგორ უნდა მიმემართა ტუღუშისთვის, როცა ყველამ ვიცოდით რას წარმოადგენდა და ვინ დანიშნა იმ პოსტზე. მისთვის გაგზავნილ წერილს აუცილებლად გაეცნობოდა დათა ახალია, ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და ეს ჯგუფი.
მაგალითად, ქსანში მიღების პროცესი იყო ასეთი - უნდა დაგეჩოქა მიშა სააკაშვილის სურათის წინ და საქართველოს ჰიმნი უნდა გემღერა. იდეოლოგია იყო ასეთი. დავალება იყო, რომ პატიმრები მოექციათ ასეთ მდგომარეობაში. ეს იყო სისტემური დანაშაული. 24 საათის განმავლობაში გოდება ისმოდა მთელი გლდანის ციხეში. ხან ვის კლავდნენ, ხან ვის აწამებდნენ და ხან ვის აუპატიურებდნენ. პირადად მოვუწოდებ ყველას, ილაპარაკონ, უთხრან საზოგადოებას, რა ხდებოდა „რეფორმირებულ“ ქართულ ციხეში.
ამ სისტემური დანაშაულის ავტორებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტპატიმრად მიიჩნევს. თქვენ, როგორც ყოფილი პატიმარი, რომელმაც გამოიარეთ ეს სისტემა თვლით, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან?
- არავითარი პოლიტპატიმრები ისინი არ არიან. მათ გაცილებით მძიმე ცოდვა აქვთ ჩადენილი, ვიდრე ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ვინ არის პოლიტპატიმარი, ვანო მერაბიშვილი რომელიც ორ გვამს ითხოვდა პირდაპირ ეთერში? ესენი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. იმ კადრებზე, რაც 2012 წელს აჩვენეს, გახსოვთ საზოგადოების რეაქცია? - ეს რა საშილება ვნახეთო, მეცინებოდა, რადგან ეს იყო ზღვაში წვეთი. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უფლება პოლიტიკური საქმიანობა აწარმოოს. ასეთი წარსულის მქონე პარტიას რა უფლება აქვს, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. თქვენ ერთი ადამიანი ნახეთ რომელმაც აღიარა დანაშაული?
არა...
- არც მე არ მინახავს. დანაშაულის აღიარების ნაცვლად კაციჭამიებს პოლიტიპატიმრებს უწოდებენ, მათი განთავისუფლება და ყველაფრის თავიდან დაწყება უნდათ, მაგრამ ეს არ მოხდება.
სააკაშვილის მართველობის დროს ბიზნესის წარმობა იყო რთული, მაგრამ დღეს ამ მხრივ რა მდგომარეობაა?
- როგორც ბიზნესმენი ერთ შედარებას გავაკეთებ. პირადად მე გაკულაკებული ვარ, ვწვალობ, რომ დავიბრუბრუნო ჩემი კუთვნილი ქონება და ვცდილობ ფეხზე წამოვდგე. ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ როგორც საბაჟოზე, ასევე ფისკალური სტრუქტურებიდან. პირიქით, ხელშეწყობა ხდება. მაშინ იცით რა ხდებოდა? მაგალითად, ბიზნესმენს ჰქონდა საშუალება, რომ ბრაზილიაში შეეძინა შაქარი და შემოეტანა ქვეყანაში, პირველ რიგში იცით რას აკეთებდა ბიზნესმენი?
ნაცნობებით იწყებდა გამოკითხვას, ბრაზილიიდან რომ შაქარი შემოვიტანო რა მოხდებაო? იქიდან პირდაპირ მოდიოდა პასუხი, უი, არ ქნა, არ გაბედო, არ შემოიტანო, იმიტომ, რომ ეს კეზერაშვილის თემაა, ეს ცისკარიშვილის მამის თემაა, ეს ახალაიების თემაა. ანუ ყველაფერი ტაბუდადებული იყო. ძალიან სერიოზული ნაცნობი უნდა გყოლოდა, რომ გეწარმოებინა ბიზნესი, თუმცა, ესეც არ იყო გარანტი, რომ უპრობლემოდ გაგეკეთებინა ბიზნესი, რადგან არსებობდა რაღაცა ფონდები, სადაც თანხებს გარიცხინებდნენ.