თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორი გიორგი ბუთხუზი 18 ივნისს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ მისი ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რაც ცენტრის ადმინისტრაციისა და 24-საათიან რეჟიმში მომუშავე თითოეული თანამშრომლის მიმართ შეგნებულ ცილისწამებად შეაფასა და სასამართლოში სარჩელის შეტანაც დააანონსა.
მანვე განმარტა, რომ „ბიზნესკურიერს“ აძლევს გონივრულ ვადას, რათა დაადასტუროს სასწრაფო სამედიცინო ცენტრის კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში შეიტანს სარჩელს პატივისა და ღირსების შელახვისთვის. ასევე, გიორგი ბუთხუზმა აღნიშნა, რომ მათი იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს ანზორ მელიას წინააღმდეგ, რაც უახლოეს საათებში შევა სასამართლოში.
საქმე ისაა, რომ „ბიზნესკურიერის“ ეთერით კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელმა ანზორ მელიამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრი სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებებსა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, თითქოს „არამიანცის“ ტერიტორიაზე განლაგებულ კლინიკებს 90%-ით შეუმცირდათ პაციენტთა ნაკადი.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ამ ბრალდების საპასუხოდ, წარადგინა სტატისტიკური მონაცემები, რომელითაც გაირკვა, რომ ანზორ მელიასა და, ასევე, სხვა კლინკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მოიმატა.
კერძოდ, ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წლის აპრილის თვეში ანზორ მელიას კლინიკა „გულში“ შესულია სასწრაფოს მიერ გადაყვანილი 94 პაციენტი, ხოლო წელს ისევ აპრილის თვეში ეს ციფრი 140-ს შეადგენს. გარდა ამისა, შარშან მაისის თვეში ამავე კლინიკაში შეყვანილი იყო 129 პაციენტი, ხოლო წლევანდელ მაისის თვეში-151.
გიორგი ბუთხუზის თქმით, „ბიზნესკურიერის“ რეპორტაჟის გასვლამდე ერთი დღით ადრე მან ეს მონაცემები „რუსთავი 2“-საც გადაუგზავნა და ამ მონაცემებითვე აქარწყლებს იგი კლინიკა „გულის“ ერთ-ერთი ექიმის მორიგ ბრალდებას, თითქოს მათ ადრე 16 პაციენტი შესდიოდათ ყოველდღიურად.
„ანზორ მელია აცხადებდა, რომ ორი წლის წინ თებერვლის თვეში მას საერთოდ არ ჰყოლია პაციენტი, ჩვენი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი, 2014 წლის თებერვლის თვეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მას შეყვანილი ჰყავდა 176 პაციენტი. ასევე, იგი აცხადებდა, რომ პირველი მაისიდან 18 ივნისამდე ჰყავდა მხოლოდ ორი პაციენტი გულის მწვავე დაავადებებით, არადა, დასახელებულ პერიოდში კლინიკა „გულში“ მწვავე გულის დიაგნოზით შეყვანილია 13 პაციენტი. ბატონი ანზორი აპელირებდა იმაზეც, რომ შპს პირველ საავადმყოფოს არ გააჩნია კარდიოლოგიური პაციენტების მიღების შესაბამისი ლიცენზია, ეს მაშინ, როცა კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად, შპს პირველ საავადმყოფოს გააჩნია გადაუდებელი პაციენტების მიღების საშუალება, ასევე, მას ჰყავს 24-საათიან რეჟიმში მორიგე კარდიოლოგი, გააჩნია კათეტერიზაციის ლაბორატორია, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მიიღოს გულით დაავადებული პაციენტები. ბატონი ანზორი, ასევე, აპელირებდა კატასტროფის ბრიგადებზე, რომლებსაც, თითქოსდა, მთელი საქართველოს გავლით პაციენტები მიჰყავდათ კონკრეტულ კლინიკებში. არადა, კატასტროფის სამსახური არ შედის თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტრუქტურაში და იგი ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს“, - აღნიშნა გიორგი ბუთხუზმა და განმარტა, რომ არსებობს მონოპროფილური საავადმყოფოები (როგორიცაა კლინიკა „გული“), რომლებიც იღებენ მხოლოდ ერთი ტიპის დაავადების ავადმყოფებს და არსებობს პოლიპროფილური საავადმყოფოები (მათ შორის, პირველი საავადმყოფო), რომლებიც იღებენ ათობით სხვადასხვა ნოზოლოგიის პაციენტებს. შესაბამისად, მათი შედარება აბსოლუტური სიბეცეა და შეუძლებელია, ამაზე დაყრდნობით რაიმე სტატისტიკა გამოიყვანონ.
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ასევე გააბათილა ანზორ მელიას ერთ-ერთი ბრალდებაც და აღნიშნა, რომ მათ პაციენტები გადაჰყავთ მკაცრად დადგენილი ჰოსპიტალიზაციის სქემის მიხედვით და ითვალისწინებენ ტერიტორიულ პრინციპს, კონკრეტული კლინიკის სერვისებს, შესაძლებლობებს და პაციენტის სურვილსაც, რომელსაც, კონკრეტულ კლინიკაში უკვე ჰყავს მკურნალი ექიმი.
გიორგი ბუთხუზის თქმით, სამწუხაროა, რომ ბატონ ანზორს და „ბიზნესკურიერს“ პაციენტთა ნაკადი გამოყვანილი ჰყავთ, როგორც შემოსავლის წყარო, რადგან რეპორტაჟში გამოყენებული იყო შემდეგი ფრაზა: „პაციენტის მიწოდება“. არადა, მიწოდება შეიძლება სამშენებლო მასალის, პროდუქტების, ხოლო პაციენტის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ცენტრის დირექტორისთვის გაუგებარია.
„ძალიან ხმამაღლა აცხადებდა ანზორ მელია კორუფციულ გარიგებებზე და ფულის გათეთრების სქემებზე. შეიძლება, იგი მიჩვეულია კორუფციულ გარიგებებს, რომელსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა თუნდაც წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ახლა კორუფციული გარიგებები არ ხდება. ჩემთვის გასაკვირია, რატომ არის ბატონი ანზორი ასე კარგად გათვითცნობიერებული ამ კორუფციულ გარიგებებში. ვიმეორებ, თუ ანზორ მელიასთან მაისის თვეში შესულია 151 პაციენტი, „პირველ საავადმყოფოში“ მხოლოდ 31 პაციენტია შეყვანილი“.
For.ge-ს შეკითხვაზე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს ბრალდებები უფრო პოლიტიკურ ჭრილში ხომ არ უნდა განვიხილოთ იმის გათვალისწინებით, რომ ანზორ მელია ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მამაა, გიორგი ბუთხუზმა აღნიშნა, რომ, სხვათა შორის, სანამ ანზორ მელია მათ ბრალს დასდებდა, იგი სტუმრობდა სასწრაფო სამედიცინო ცენტრს. აქ მას აჩვენეს ზემოხსენებული სტატისტიკური მონაცამები, იგიც დარწმუნდა მათ რეალობაში და კმაყოფილი წავიდა ცენტრიდან, შემდეგი სიტყვებით, არანაირი პრეტენზია არ მაქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართო. თუმცა იმუქრებოდა, რომ წავიდოდა ჯანდაცვის სამინისტროში და იქ გაარკვევდა, რატომ აქვს „პირველ საავადმყოფოს“ ლიცენზია. ამდენად, გიორგი ბუთხუზი ფიქრობს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კორუფციაში დადანაშაულება პოლიტიკური მიზნებისთვის მიმართული პოლიტიკური განცხადებაა. უფრო მეტიც, ამას წინ უძღოდა ნაცმოძრაობის ერთ-ერთი წევრის განცხადებაც, რომელმაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მკვდარი და უმოქმედო უწოდა. შესაბამისად, ეს არის ბრალდებების ჯაჭვი ასეთი წარმატებული სფეროს მიმართ.
For.ge-ს კითხვის საპასუხოდ, ხომ არ იყო ნაციონალების დროს უფრო მეტად დატვირთული ანზორ მელიას კლინიკა და იქ რეალური პაციენტები იგზავნებოდა, თუ ეს იყო გაბერილი რიცხვი, გიორგი ბუთხუზმა განმარტა, რომ ამის დამადასტურებელ კონკრეტულ სტატისტიკას არ ფლობს, მაგრამ გაბერილი ციფრებით მანიპულირება არ არის გამოსარიცხი ანზორ მელიას მიდგომიდან გამომდინარე, რომელიც ცალსახად ითხოვს პაციენტების მასთან შეყვანას, ეწინააღმდეგება ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას, მას აშფოთებს ისან-სამგორის რაიონში ბევრი ახალი და მრავალი შესაძლებლობის მქონე საავადმყოფოს გახსნა და იგი ცდილობს მარტო თვითონ იყოს მონოპოლისტი.