NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრი, სემ კოპერსმითი ამბობს, რომ ქართული მედია რეგიონში ბევრად უფრო თავისუფალია, თუმცა შეინიშნება რუსული პროპაგანდის გავლენა. მისივე თქმით, არის ვარაუდები, რომ აღურიცხავი თანხები მიემართება და ამით ფინანსდება სხვადასხვა პარტიები, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან. სემ კოპერსმითის დასკვნაში ახალს და სენსაცურს ვერაფერს ხედვას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ამ შემთვევაში NDI-ის ინფორმაცია სრულიად სანდოა.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
რამდენად საგანგაშოა ეს განცხადება და როგორ ფიქრობთ იგრძნობა ქართულ მედიაში რუსული ფულის გავლენა მით უფრო რეგიონებში?
სოსო ცისკარიშვილი: ბოლოს და ბოლოს მივედით იმ ეტაპამდე, რომ სამწუხაროდ, NDI-ის სახელით ვცელდება სრულიად სანდო ინფორმაცია. ჯობდა ისეთი რამე ეთქვა, რასაც არ დავიჯერებდით. ყოველგვარი კვლევის გარეშე გადავავლოთ თვალი გაზეთს „საქართველო და მსოფლიო“-ს და თუკი საკუთარი არსებობის განმავლობაში ოდნავ გადაკრული სიტყვა იყოს ნათქვამი რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ ბოდიშს მოვუხდი მის დამფუძნებელს. სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება ამ აღვირახსნილი თემების ავტორების მიმართ არ არსებობს. შორს ვარ აზრისგან, რომ ასეთი გამოცემა უნდა დაიხუროს, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია, რომ იქ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე სისტემატური რეაგირება უნდა იყოს დანარჩენი მედიის მხრიდან.
სამწუხაროდ, ეს პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ „საქართველო და მსოფლიოთი“, აქ საუბარია იგივე ელექტრონულ მედიაზე, პარტიებზე, რომლებიც ასევე ფინანსდებიან რუსული ფულით. ის, რომ რუსული ფული ყოველგვარი კონტროლის გარეშე შემოდის ქვეყანაში და ამაზე უკვე საუბრობს NDI, ეს საფრთხეა ქვეყნისთვის? ფაქტია, რომ რუსეთი კეთილი მიზნებისთვის არ დებს ამ თანხებს ქვეყანაში...
- ჩემთვის ხელმიუწვდომელია პარტიების მიმართ რაიმე არგუმენტი, რომ ისინი რუსული ფულით იკვებებიან. ეს თემა გავრცელებულია სწორედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ თუ ასეთ ინფორმაციას ფლობს სუს-ი და არის გასუსული, მაშინ ჩავთვალოთ, რომ სუს-იც რუსული ფულით სულდგმულობს. რასაკვირველია, არ უნდა დაგვეხუჭა თვალი და არ უნდა მიგვძინებოდა, როდესაც ნახევარი წლის წინ ფედერალურმა აკადემიამ ძალიან სერიოზული ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც გვამცნობდნენ, რომ ერთ რუსული ინიციატივით ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში რასაც ჰქვია „ანტი ფაშიზმი“ გაწევრიანდა 100 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ თემის შეფასება და ანალიზი არ უნდა გასულიყო ჩვენი მედიასივრციდან, რომლეიც სრულიად დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენი მკითხველისთვის.
დიახ, როგორც ხელისუფლება, ასევე, საზოგადოება ვალშია ჩვენი ხალხის წინაშე, რადგან ჩვენ ვერ ვახერხებთ, ან არ გვსურს, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს დეტალური და სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დღევანდელი რუსეთი, რა არის დღევანდელი მოსკოვი. სრულიად უსაფუძვლოა ეს ნოსტალგია, რადგან ჯერ კიდევ ვიღაცის ცნობიერებაში შეიძლება იყოს ჩარჩენილი საბჭოთა კავშირის პერიოდის დაბრუნების სურვილი.
ქართულ საზოგადოებაში იგრძნობა საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?
- უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ პრორუსული და პროსაბჭოთა განწყობები. პრორუსული განწყობების არსებობა ჩემს მიერ არ არის აღქმული როგორც რეალობა, მაგრამ რასაკვირველია, არსებობს პროსაბჭოთა ცნობიერება, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე თაობას კარგად ახსოვს, რომ საბჭოთა კავშირში სიტყვა „უმუშევარი“ არ იყო ხმარებაში. თუ ვინმეს არ ჰქონდა სამსახური მას ეძახდნენ მუქთახორას და აკავებდნენ, მეორე დღეს კი ის სადღაც მოშაობდა.
რასაკვირველია, დღევანდელი უმუშევრობის ფონზე საფუძვლიანია ასეთი ნოსტალგია, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი და მოსკოვი იგივეა რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს, საერთოდ არ უნდა არსებობდეს და უამრავი არგუმენტი არსებობს იმისა როგორ გაველურდა მთლიანად რუსეთი. მათ შორის, ცხადია - მოსკოვიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ვიცით რა ინტერესი აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, ასევე, ჩვენ ვიცით პარტიები რომლებიც ატარებენ პრორუსულ პოლიტიკას. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსალოდნელია პრორუსული ძალების გააქტიურება საქართველოში?
- სერიოზულ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც პრორუსლულ ძალებს ვაიგივებთ ანტიდასავლურ ძალებთან. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. განსაკუთრებულ ცვლილებას არჩევნებამდე ვერ მივაღწევთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება არანაირ პროპაგანდას არ ექვემდებარება, თითოეულ ჩვენთაგანს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია და მყარი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ ვინ, ვინ არის.
როგორი პიარტექნოლოგიებიც არ უნდა იხმარონ, ისინი მაინც საკუთარი ხედვით იხელმძღავნელებენ, ხშირ შემთხვევაში - მცდარით, მაგრამ რუსული რეალობისკენ განსაკუთრებული ლტოლვის საფუძველი მათ არ გააჩნიათ და არც უნდა გააჩნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რბილი და ხისტი ძალა სულ უფრო აქტიურად მოქმედებს საქართველოს ტერიოტორიაზე. მიზანი ცხადია - საქართველოს სვლა ევრაზიული კავშირისკენ, ნაცვლად ევროკავშირისა.
შეძლებს რუსეთი ამ არჩევანის წინაშე დააყენოს საქართველოს მოსახლეობა? იგივე გერმანიისა და საფრანგეთის პოზიცია, რომლის საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოს უვიზო მიმოსვლაზე, დიდი დარტყმაა საქართველოს პროდასავლური ძალებისთვის. ასეთმა ნაბიჯებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მოსახლეობის განწყობაზე?
- რასაკვირველია ნაწყენი და გულმოსული საზოგადოება გარკვეულ კონტრგანწყობებს დაექვემდებარება, მაგრამ ესეც ისევ ხელისუფლების და საზოგადოების გათვითცნობიერებული ნაწილის შეცდომაა. ჩვენ არ გვქონდა სრული ინფორმაცია რა ვალდებულებები ჰქონდა საქართველოს, რომ მიეღო ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ ბოლო მომენტში გაგვაგებინეს, რომ თურმე თითოეული ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები არიან საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებნი და არა ევროკავშირის მაღალჩინოსნები.
ვიცით, რომ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 5%- ზე ნაკლები თუ იტყვის, რა იყო ეს ვალდებულებები. საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობა არის დღევანდელი განწყობის წინაპირობა. ადრე თუ გვიან ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ სათანადო კონტრპროპაგანდა, რომ ავიცილოთ იმ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომლებიც შესაძლოა, დაქვემდებარონ რუსული პროპაგანდას. უნდა იყოს ღია დისკუსიები, უნდა ვიცოდეთ რეალურად რა არის დღევანდელი ევროპა და რა არის დღეავანდელი რუსეთი.
ჩვენ თუ იმ ინფორმაციის ამარა დავრჩით, რომ მოსკოვი ნახევარ საუკუნოვანი წარსულის წინანდელი შვება გვეგონება, ცხადია ვავნებთ ჩვენს პერსპექტივას. მაგრამ, ის, რომ ევროპას თავად შეექმნა ბევრი სირთულე მიგრანტებთან დაკავშირებით, სრულიად საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ არ გვქონოდა ასეთი ოპტიმისტური განწობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომ ზედმეტი მოლოდინი არის სერიოზული შეცდომა, რაც დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ მხოლოდ 2015 წელს გერმანიაში მყოფი 4 000 -ზე მეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე პატიმარი გახდა. სამწუხაროდ, ამაზე საუბარს გავურბოდით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით მუშაობს რეგონებში, სადაც უმუშევრობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. რა უნდა დაუპირისპიროს სახელმწიფომ ამ პროპაგანდას, რომელიც საშიში და საფრთხის მატარებელია? ამ საფრთხეზე საუბრობს აშშ და სენატმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად გამოყოფილი იქნება თანხები რუსული პროპაგანდის აღსაკვეთად...
- რატომღაც, ჩვენში ჩამოყალიბდა იმის განცდა, რომ პროპაგანდა არ არის კონტრპროპაგანდის ღირსი. კონტრპროპაგანდას, როგორც ტერმინს, მხოლოდ საბჭოთა წარსულს მიაწერენ. თუ მოიძიებთ რომელიმე მედიას, სადაც დაწვრილებით იქნებოდა აღწერილი რატომ მოგვატყუა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც გასული წლის 17 დეკემბერს ბრძანა, რომ რუსეთი მზად არის უვიზო მიმოსვლისთვის, რამდენიმე დღეში კი გადაიფიქრა.
ეს ხომ მისი სტილია?
- გასაგებია, მაგრამ ამის ანალიზის სურვილიც არავის არ გააჩნია. საყვედურის გამოთქმაც კი ვერავინ ვერ გაბედა.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძალიან საეჭვოდ გამოჩნდა თემურ ხაჩიშვილი, რომელიც ღიად საუბრობს რუსულ პენსიების სიკეთეებზე, რუსეთზე როგორც არადამპყრობელზე, არამედ კარგ მეზობელზე. ვიცით თემურ ხაჩიშვილი წარსულიც და მისი პოლიტიკური გემოვნებაც. ქართულ პოლიტიკაში ღია რუსული პროპაგანდით შემოსვლა, ადასტურებს, რომ რუსეთი ქართულ პოლიტიკაში დებს თანხებს და მისთვის სულ ერთი არ არის, რა ძალებით დაკომპლექტება საკანონმდებლო ორგანო?
- ეს თავად რუსეთის მახასიათებელია, როდესაც ასეთი ადამიანები წარმოადგენენ მათ სახეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფა და შესაბამის პასუხს მიიღებს ჩვენი ამომრჩველებისგან. ის, რომ 40 -მდე პოლიტიკური პარტია აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, უკვე მიმანიშნებელია იმისა, რომ იქნება შფოთი. შფოთს კანონიერი ხერხით შეამცირებს ხელისუფლება, თუ რამე უკანონო მოქმედებას მოიაზრებს, ამაზე იქნება დამოკიდებული შედეგი იმ პროცესისა რასაც ჰქვია არჩევნები და შედეგი იმ პროცესისა, რასაც ჰქვია რუსული გავლენა საქართველოში.