„ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ლობისტურ კოზირს ნაცმოძრაობა ვეღარ გამოიყენებს“

„ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ლობისტურ კოზირს ნაცმოძრაობა ვეღარ გამოიყენებს“

საქართველოში პერიოდულად ჩნდება კითხვები, რას აკეთებენ „ქართული ოცნების“ ლობისტური კომპანიები და რატომ ვერ ჯაბნიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტურ კომპანიებს?!

ლობისტური კომპანიების მეშვეობით „ნაცმოძრაობის“ „ადვოკატირება“ იმდენად ძვირადღირებული და ხანგრძლივვადიანი პროცესი იყო, რომ ეს ინერცია დღემდე გრძელდება და ლობისტები ნაციონალების რეჟიმის გამართლებას დღემდე ახერხებენ. ასეთი ფაქტები კი საქართველოს მოსახლეობას უარყოფითად განაწყობს დასავლეთის მიმართ. ამის ნათელი მაგალითია ბოლო დროს მერაბიშვილის სახელის რეაბილიტაციისა და ლამის, პოლიტპატიმრად მისი წარმოჩენის მცდელობა. ამდენად, საკითხავია, ვისთვის ვუხდით ფულს ლობისტურ კომპანიებს?!

ლობისტების მიმართ მოსახლეობაში დაგროვილი ნეგატიური განწყობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman-თან ხელშეკრულება გააგრძელა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ლობისტური კომპანია საქართველოს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობების გაღრმავებაში დაეხმარება.

Pillsbury Winthrop Shaw Pittman ვალდებულია, საქართველოს მთავრობას დაეხმაროს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით მუშაობაში; ასევე, მედიასა და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებთან ურთიერთობაში; მოაწყოს შესაბამისი ღონისძიებები და შეხვედრები; აშშ-ის ლიდერებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

უფრო კონკრეტულად, კომპანიამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მთავრობის ურთიერთობების გაუმჯობესებას თეთრი სახლის ოფიციალურ პირებთან, კონგრესის წევრებთან, პრეზიდენტობის კანდიდატებთან და მათ მრჩევლებთან, რომ მათ საქართველოს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მხარდაჭერა დააფიქსირონ.

კომპანიას, ასევე, ევალება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში ვიზიტების მხარდაჭერა, ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი და მათ შესახებ საქართველოს მუდმივი ინფორმირება.

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ლობისტური კომპანიისგან სტრატეგიული რჩევები საგარეო პოლიტიკის, საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავების, აშშ-თან თავდაცვის კუთხით ურთიერთობების გაძლიერების, დიპლომატიური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ს შორის 2016 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. ამ მომსახურებისთვის თანხები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, რაც თვეში 30 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, საქართველომ ამავე კომპანიასთან ხელშეკრულება გასულ წელსაც გააფორმა.

წინა ხელშეკრულების მიხედვით, ლობისტურ კომპანიას უნდა მიეწოდებინა ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია და დახმარებოდა საქართველოს მთავარი ღონისძიებების ჩატარებაში, მათ შორის, აბრეშუმის გზის ფორუმისა და გაეროს გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ორივე ხელისუფლება („ნაცმოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“) ერთმანეთს დიდი ხანია ეცილება, ვინ ხარჯავს უფრო მეტ ფულს უცხოეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე ზემოქმედებისთვის?

მაგალითად, თავის დროზე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეში გიგა ბოკერიას ამხელდა და განმარტავდა, რომ საქართველოს უშიშროების საბჭომ, ბოკერიას ხელმძღვანელობით, ლობისტურ კომპანიებზე ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი დახარჯა. სწორედ ბიუჯეტიდან უკანონო დანახარჯებს უკავშირებდა ივანიშვილი „ვაშინგტონ პოსტსა“ და სხვა გამოცემებში ახალი ხელისუფლების მისამართით დაბეჭდილ პასკვილებს.

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე ჩვენი ქვეყნიდან ყოველწლიურად ასობით ათასი აშშ დოლარი ირიცხება. არის თუ არა გახარჯული თანხები საქართველოს პოზიციის განსამტკიცებლად ადეკვატური?

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლობისტური კომპანიების დაქირავებისას რისკფაქტორი არსებობს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, ნაცმოძრაობა როგორ ქირაობს ლობისტურ კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ, ნეგატიურად არასწორი წარმოდგენა შექმნან ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უფრო ადრე კი, იგივე ნაცმოძრაობა როცა ქირაობდა ლობისტებს, მათ, ასევე არასწორი, მაგრამ პოზიტიური წარმოდგენის შექმნა ევალებოდათ საქართველოში „დემოკრატიის აღორძინების“ კუთხით. ამდენად, ლობიზმი ინსტრუმენტია, რომელიც რაღაცის წინააღმდეგაც შეგიძლია მიმართო და დადებითისკენაც.

ამიტომაც, წინა წლებში, ხშირ შემთხვევაში, მცდარ პოზიციებს გამოხატავდა აშშ და არასწორი, არასაკმარისი ინფორმირების საფუძველზე აკეთებდა ასეთ დასკვნებს. ბოლო პერიოდში კი ეს ყველაფერი დადებითისკენ შეიცვალა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ხდება ორი მიზეზის გამო - ახლანდელმა ხელისუფლებამ გაააქტიურა საინფორმაციო კამპანია, აგრეთვე, დიპლომატიური ურთიერთობის ეფექტი და ეს არის იმ ლობისტური ჯგუფების შედეგი, რომლებსაც სახელმწიფო ქირაობს, რათა უცხოეთში მიიღონ ადეკვატური ინფორმაცია საქართველოში არსებული პროცესების შესახებ.

„უშუალოდ კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ის საქმიანობის შესახებ საკმარისად ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ ლობისტური კომპანიის დაქირავება დადებითი მოვლენაა და ეს გარკვეულ პრობლემებს აგვარიდებს საერთაშორისო ასპარზზე. ასეთი კომპანიები ბევრია დასავლეთში. ისინი სხვადასხვა სექტორზე მუშაობენ-პოლიტიკურ ასპექტში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მიზნობრივ და სოციალურ ჯგუფებთან. განსხვავება ის არის, რომ ნაციონალების დროს ცრუ წარმოდგენებისთვის იხდიდა თანხას სახელმწიფო და თან ბევრად მეტ თანხას. ეს თანხები ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს არ ემსახურებოდა, არამედ კონკრეტულ პირთა (სააკაშვილის, ბოკერიას) ინტერესებს. დღეს ეს ყველაფერი რადიკალურად შეცვლილია. დღეს უფრო ინფორმირებულები არიან და ეს მარტო ლობისტური ჯგუფების კეთილგანწყობით არ აიხსნება“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლობისტური კომპანიები არა მარტო ქვეყნის გარეთ ალაგებენ სიტუაციას, არამედ ქვეყნის შიგნითაც და ეს წარმატებული პრაქტიკაა. ამდენად, გვინდა თუ არ გვინდა, ამ თამაშის წესებში უნდა ჩავერთოთ. პოლიტოლოგის თქმით, შევარდნაძის დროს ცოტა სხვა სიბრტყე გვქონდა, რადგან თავად შევარდნაძე იყო ფიგურა, რომელსაც ამერიკის პოლიტიკური ელიტა მეტ-ნაკლებად იცნობდა, სააკაშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კი დასავლეთში კითხვები ჩნდებოდა.

„ქართული ოცნება“ მთელი ოთხი წლის განმავლობაში არა მარტო ლობისტური მიმართულებით მუშაობდა, არამედ იმისთვის, რომ დასავლეთში განწყობა შეეცვალა. მოგვცემენ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მერკელის განცხადებებიც ადასტურებს, რომ ევროპაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიდგომა შეიცვალა და ამ ეტაპზე საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ლობისტურ კოზირს ნაცმოძრაობა ვეღარ გამოიყენებს. ამიტომ კონკრეტულ ლობისტურ კომპანიას თვეში 30 ათასს დოლარს გადაუხდიან, თუ 100 ათასს, მთავარია, რა ამოცანა დგას ხელისუფლების წინაშე და ამ ლობისტურმა კომპანიამ რა სამუშაო უნდა გასწიოს.

როდესაც სააკაშვილი და ნაცმოძრაობა ლობისტებისთვის დიდ თანხებს იხდიდნენ, ამის საფასურად მათ გააპრავეს 2007 და 2008 წლის მოვლენები. 2012 წელსაც მათ ამერიკის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. თუმცა, სააკაშვილისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება შავის თეთრად წარმოჩენა და ამას არ ითხოვს, ამიტომ გადახდილი თანხა საკმარისია იმისთვის, რომ ამ ლობისტურმა კომპანიამ თეთრი სახლის დერეფნებში გზამკვლევის ფუნქცია შეასრულოს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ, რომლის აზრითაც, დღესაც „ნაცმოძრაობის“ ლობისტური კომპანიების ინტერესშია, არ დაკარგონ სოლიდური გასამრჯელო, ამიტომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ მათ მუდმივად ეყოლებათ აყვანილი რაღაც სიმაღლეზე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობას“ დღესაც ჰყავს ამგვარი კომპანიები დაქირავებული და ამის გამოძახილი უნდა იყოს ერთ-ერთი კონგრესმენის განცხადება ივანიშვილის ფინანსების გაყინვის თობაზე. თუმცა თეთრი სახლის დამოკიდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და საქართველოსადმი პოზიტიურია. უფრო მეტიც, კარგა ხანია, ამერიკაში არ ჩნდება კითხვები იმ კონგრესმენებსა და სენატორებს შორის, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ.