„ნატო-ს წევრობა რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად გვჭირდება“

„ნატო-ს წევრობა რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად გვჭირდება“

NATO-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე აცხდებს, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის, სხვადასხვა მიმართულებით აქტიური მზადება მიმდინარეობს. სამიტამე 21 დღით ადრე გამოცემა Washington post ნატო-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად NATO გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გაფართოების შესახებ ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ დეკემბერში იმისთვის, რომ ვარშავის სამიტამდე დებატები თავიდან ავიცილოთ. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ დეკემბერში საქართველოს MAP-ს მისცემენ“, - აცხადებს ნატო-ს მაღალჩინოსანი.

Washington Post წერს, რომ საქართველოს მხარდაჭერი ქვეყნებისთვის ნატო-დან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტი, რომ მონტენეგროში, რომელიც ცოტა ხნის წინ ალიანსში მიიწვიეს, კორუფციის ძალიან მაღალი დონეა, ის საქართველოსთან შედარებით ნატო-ს მისიებში მინიმალურ მონაწილეობას იღებდა და სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით თბილისს ჩამორჩება. გამოცემა წერს, რომ ყველაზე მეტად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენს.

გერმანიისა და საფრანგეთის ამ პოზიციის გამო გამოცემასთან საუბარში იმედგაცურებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის განცხადებით, რუსეთზე მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ, მეტისმეტად აწუხებთ რას ამბობს და რას ფიქრობს რუსეთი და ძალიან ცოტას ფიქრობენ, რა სურს თავად ნატოს.

როგორც ცნობილია, 2008 წლის მარტში, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მიცემას ვეტო სწორედ გერმანიამ და საფრანგეთმა დაადეს. სწორედ ეს ქვეყნები ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დროის საკითხია. მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება.

„საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დროის საკითხია. ის რეფორმები, რომლებსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ, გავუგზავნოთ რუს პოლიტიკოსებს სიგნალები იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის მტერი არ არის, ხოლო ნატო-ში წევრობა ჩვენთვის რუსეთთან კონფრონტაციის ელემენტს არ წარმაოდგენს. უნდა გავიდეს გარკვეული დრო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის კონსტრუქციულმა პლიტიკამ და პრაგმატულმა მიდგომამ შედეგი გამოიღოს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, პრემიერის განცხადებით, რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რომ მას სტაბილური პარტნიორი ჰყავდეს სამხრეთ საზღვართან.

„საქართველო რუსეთისთვის მტრული სახელმწიფო არ არის. ჩვენ დაინტერსებული ვართ ურთიერთობების ნორმალიზებით, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე. რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რომ მას სტაბილური პარტნიორი ჰყავდეს სამხრეთ საზღვართან. ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ძალის გამოყენებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს გამორიცხულია.

ჩვენ ნატო-ს წევრობა უპირველეს ყოვლისა, რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად გვჭირდება. ამას გარდა, ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი არ არის. ეს არის სახელმწიფოთა კავშირი, რომელშიც არსებობს ადამიანის უფლებების საერთო სტანდარტები, საერთო დემოკრატიული ნორმები. საქართველომ მიზნად დაისახა, გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო, ააშენოს ინსტიტუციური დემოკრატია. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ მივისწრაფით ნატო-სკენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გერმანიისა და საფრანგეთის სიფრთხილეს იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ისევე როგორც საქართველოს, ევროპასაც სურს იყოს უსაფრთხოდ, რადგან იგივე პრობლემის გამო ევროპას არ სურს გააღიზიანოს რუსეთი. არის თუ არა ეს სწორი პოლიტიკა ევროპისგან? - პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამაზე კამათი შეიძლება, მაგრამ ევროპის გაგება, როცა სიფრთხილეს ავლენს, ძნელი არ არის.

„არც იმის გაგებაა ძნელი, რომ ამერიკა გაცილებით უფრო თამამია. ბევრი მიზეზის გამო რუსეთის ტანკი ამერიკამდე ვერ მიაღწევს. რუსეთი ევროპულ კონტიგენტზეა და შესაბამისად, ყველა ევროპული ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, ძალიან ბუნებრივია სიფრთხილე. თუკი ჩავდგებით ევროპის მდგომარეობაში, გაგვიადვილებს ევროპის გაგებას და აღმოვაჩენთ, რომ ევროპა ჩვენზე უფრო დიდად დაცული არ არის. ისე კარგად, როგორც ჩვენ, ცოტა ვინმეს შეუძლია გაიგოს ევროპის ის პრობლემა, რის გამოც ევროპა ჩვენ უარს გვეუბნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივი თქმით, საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას, მაგარამ ამავე დროს დასავლეთს ეშინია რუსეთის. ეშინია არა მხოლოდ საკუთარი თავის გამო, არამედ იმიტომ, შეიძლება რუსეთმა პრობლემები შეუქმნას საქართველოს.

„ამ პირობებში არის სხვა გამოსავალი, თუ მაინცდამიანც MAP უნდა მივიღოთ? საკითხის ასე დაყენების შედეგია ის, რომ თავდაცვის მინისტრი სულ უფრო ხშირად აყენებს საკითხს, რომ MAP არ არის საქართველოს ერთადერთი მიზანი. საქართველოს მიზანი არის გარანტირებული თავდაცვისუნარინობის გაძალიერება. თუ ეს მოხერხდა რამე სხვა საშუალებით და არა MAP-ით საქართველოსთვის რა მნიშვნელობა აქვს?! როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა, რომ იპოვნონ სხვა გზები, რაც შეიძლება ნაკლებად მწვავე იყოს იგივე რუსეთისათვის და ამავე დროს ევროპის სახის შენარჩუნება გახდეს შესაძლებელი.

როდესაც საქართველოსთან მიმართებაში დამსახურებულ ნაბიჯს არ დგამს დასავლეთი, მთელი მსოფლიოსთვის ხდება ცხადი, რომ დასავლეთი ათმაგი სტანდარტებით მოქმედებს, რაც იგივე ნატოს მსოფლიო ავტორიტეტზე ცუდ გავლენას ახდენს. მსოფლიოც უბრუნდება იმ რეალობას, რომ დასავლეთი ყოვლისშემძლე არ არის. თუ ამ რეალობას გავითვალისწინებთ, ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ ეცდებიან რაღაცა ახალი გზების მოძებნას, რადგან მათ ინტერესებშია, რომ საქართველოს გაწვდილ ხელს, საპასუხო ხელი გაუწოდონ“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.