მეცნიერების ინტერესი გვავალდებულებს განვაცხადოთ...

მეცნიერების ინტერესი გვავალდებულებს განვაცხადოთ...

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი სათაკილო ვითარება, როგორშიც ის უკანასკნელი კვირების განმავლობაში აღმოჩნდა ჩაყენებული. ამ კედლებში განვითარებულმა მოვლენებმა თვით ისეთი გულშემატკივრებიც კი შეაბეზრა, რომელთაც აკადემიაზე ცუდს ვერ დააცდენინებდით...

მეცნიერებათა აკადემიის სახელით გაკეთებულმა განცხადებებმა და აკადემიკოსის მაღალი სახელის ცალკეულ მატარებელთა გამოხდომებმა თვით ყვითელი პრესაც კი გააფერმკრთალა, კერძოდ, ის მედიასაშუალებები, რომელთაც ამ მდაბალსიტყვაობას თავიდანვე დიდი ხალისით გაუღეს კარი.

პირდაპირ საკითხზე რომ გადავიდეთ: რამ, რა მოვლენამ გამოაღვიძა ესოდენი შეშფოთებით ასაკოვან, დაფასებულ მეცნიერთა ეს კონკრეტული სამეგობრო, რომელსაც დღემდე მაინცდამაინც არ გამოუმჟღავნებია ფხიზელი დამოკიდებულება ქვეყნის მეცნიერული სისტემის ნგრევის გამო?

როგორ ვთქვათ და თურმე იმან, რომ აკადემიის შესახებ საქართველოს კანონში რამდენიმე შესწორება შედის!

და ამ დროს მეცნიერება, რომელიც თვითონ უნდა იძლეოდეს საკითხის დინჯი, გაწონასწორებული ანალიზის მაგალითს, რომელიც აკადემიზმს, ქცევისა და მეტყველების კულტურას უნდა წარმოაჩენდეს, უარს ამბობს მსჯელობაზე, განსჯაზე და პირდაპირ განუკითხავი შეურაცხყოფის რიტორიკაზე გადადის!

მაგრამ იქნებ თემაა ისეთი, რომელიც ვნებათა ასეთ გამძაფრებას მოითხოვს?

არა! საკითხი შეეხება ხუთიოდე შესწორებას აკადემიის შესახებ კანონში.

ხელისუფლება და ოპოზიცია, სამთავრობო და არასამთავრობო, სამოქალაქო და კერძო თემის წარმომადგენელი - ყველა შეეჩვია იმას, რომ ცივილიზებული დემოკრატიული პროცესის უმთავრესი პოზიტივია მუდმივი მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე და მუდმივი ბრძოლა კანონის აღსრულებისათვის. ყველამ გაითავისა კანონებით ურთიერთობის კულტურა და, უნდა ვიფიქროთ, ჩვენმა ბრძენმა ხალხმა საბოლოოდ თქვა უარი ვენდეტაზე, ლინჩის წესზე, წყევლა-გინებასა და მოწინააღმდეგის გაჩხიბვა-გათვალვაზე...

მაშ, რად გამოდის აკადემიის სახელით და ამ ძველი მეთოდების არსენალით ესოდენ პატივდებულ და ნაპატივარ მეცნიერთა ერთი ჯგუფი?

თურმე იმიტომ, რომ პირადად მათი ინტერესი დაზარალდება!

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მათი მგზნებარე განცხადებები, უბედურების მომასწავებელი ვაი-უშველებელი და პოლიტულტიმატუმებით გაჯერებული მათი ღია წერილები ხელისუფლების პირველი პირების მისამართით.

სინამდვილეში, თუკი ამ ტექსტებს სიძულვილის ელფერსა და შანტაჟის რიტორიკას ჩამოვაცილებთ, არაფერი არ დარჩება, გარდა იმისა, რომ შეიძლება ვინმეს ორი წლის (არჩევნების ვადის გასვლის) შემდეგ თანამდებობრივი უფლებამოსილება შეეზღუდოს. კერძოდ, იმ ძირითადი პუნქტებიდან, რომელთაც კანონის შესწორებები შეიცავს:

აკადემიის სტატუსის ამაღლებას იწონებენ;

მისი ფუნქციის უფრო გამოკვეთას მიესალმებიან;

აკადემიის ბიუჯეტის შენარჩუნებასა და მატებაზე, ცხადია, უარს არ ამბობენ;

სტიპენდიატის ინსტიტუტის შემოღებას ისე, ყასიდად აბიაბრუებენ, თორემ დიდად არ აუტკიებიათ თავი იმის გააზრებით, სინამდვილეში რა პროცესს უდებს სათავეს მოქმედ მეცნიერთა ახალგაზრდული ნაკადის "შემოჭრა" მილევად რეჟიმში მყოფი აკადემიისათვის.

ორადორი რამ, რაც ყოველგვარი პოზიტივის გამაბათილოებელი, ქვეყნის დაქცევის მომასწავებელი აღმოჩნდა, ყოფილა შემდეგი:

1. აკადემია რომ წევრ-კორესპონდენტებით აღარ შეივსება;

2. დაწესდება ადმინისტრაციულ (პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის) თანამდებობაზე არჩევის ასაკობრივი ზღვარი - 70 წელი.

ცნობისათვის: წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტი ნაციონალურმა ხელისუფლებამ გააუქმა 2007 წელს, როდესაც ამ სახით შემოიღო აკადემიის კანონი, და სასაცილოა, რომ ამ "უბედურებას" დღევანდელ ხელისუფლებას უკუჟინებენ. მაშინ არცერთ მათგანს ასეთ "ძალადობაზე" კრინტიც არ დაუძრავს!

ამიტომაც უდის ამ პროტესტს ახლა პოლიტიკური სპეკულაციის სუნი და ამიტომაც გამოუჩნდათ, მაგალითად, გიორგი ვაშაძე მთავარ ლობისტად პარლამენტში.

იძულებული ვართ ღიად ვთქვათ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების დაქცევაში, დედაუნივერსიტეტისა და აკადემიის დამხობაში ამ კატეგორიის ადამიანებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი - ზოგს ბრძნული დუმილით, ზოგს მხურვალე ტაშის კვრით, ზოგსაც - ლომაიასთან და მისნაირ "რეფორმატორებთან" უანგარო, გულმხურვალე თანამშრომლობით!

ახლა ესენი აქეთ ჩვენ და იქით "ქართულ ოცნებას" უკიჟინებენ აკადემიის "საბოლოოდ განადგურების" მცდელობას, მაშინ როცა სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გამოვიდა აკადემია "მართული კვდომის" მდგომარეობიდან, არჩევნები ჩაატარა, ფუნქციების მოპოვებაზე დაიწყო ფიქრი...

რაც შეეხება ასაკობრივ ცენზს:

ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ასაკობრივი ზღვარის დაწესება კარგად გამოცდილი პრაქტიკაა და ის (მაქსიმუმ 65 წელი) წარმატებით გამოიყენება განათლებისა და მეცნიერების სისტემაშიც - უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში. ასეთი ადმინისტრაციული ბარიერი მხოლოდ ხელს უწყობს კრიზისში მყოფი სტრუქტურების გაჯანსაღებისა და მმართველობის ევროპულ ფორმებთან დაახლოების პროცესს.

უხერხულია, ღირსეული ადამიანისათვის არსაკადრებელია, საკუთარ თანამდებობრივ მდგომარეობას დაუკავშირო ამ მართლაც სახელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის - მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მხოლოდ იმას ფიქრობდე, ორი წლის შემდეგაც ისევ გარანტირებული არჩევნები შევინარჩუნოო. ბოლოს და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა იმისი თვალსაჩინო მაგალითი მაინც წარმოგვიდგინა, რომ ქვეყნის ბედი საკუთარ კეთილდღეობასთან  არ გავაიგივოთ და, პირიქით, შეგვეძლოს საკუთარი ინტერესებიც დავუქვემდებაროთ საქვეყნო საქმეს.

დიახ, ეს ვაი-უშველებელი არსებითად პერსონალური კაპრიზების დაკმაყოფილებისთვის არის გამიზნული. ნურავის ეგონება, რომ ეს რამდენიმე მყვირალა კაცი მთელი აკადემიის გულისთქმას გამოხატავს. აკადემიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ მწარე ირონიით უყურებს ამ პერსონათა თვითლუსტრაციას...

დაბოლოს, ახალი კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ყველაზე მთავარი არგუმენტი - მიუღებლობა იმ პიროვნებისა, ვისაც ეკუთვნის ინიციატივა აკადემიის საკანონმდებლო გაჯანსაღების შესახებ.

ეს არის აკადემიკოსი ივანე კიღურაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.

ამ ღვაწლმოსილი ადამიანის მეცნიერულ ავტორიტეტზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს საზოგადოებას ჩინებულად ახსოვს, რაოდენ თავგამოდებით იცავდა იგი ეროვნული განათლებისა და მეცნიერების ინტერესებს ჯერ კიდევ ნაციონალურ ხელისუფლებამდე. ნაციონალური ვოლუნტარისტული მმართველობის პირობებში კი ამ ინტერესების დაცვა სასიცოცხლო მიზნად აქცია...

და მისი წასვლაც საპარლამენტო ასპარეზზე ამ საქმეში - განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკაში - "ქართული ოცნების" მხარდაჭერას ისახავდა მიზნად... გადაიდგა კიდეც ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები:

- მაგალითად, სამეცნიერო კადრების დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა;

- მაგალითად, კანონი სახელმწიფო ენის შესახებ.

- მაგალითად, უმაღლესი განათლების კანონის ცვლილებები მეცნიერების მოწყობასთან დაკავშირებით...

აკადემიის კანონის შესწორებებიც ამ მიზანდასახულებისაა - ისინი მეცნიერებაში შორსწასული სტაგნაციის დაძლევას ისახავს მიზნად.

მაშ, რა ვქნათ, თუ სტაგნაციის შემოქმედთ ასეთი ცვლილებები არ მოსწონთ? დავემორჩილოთ შანტაჟს, წავიყაროთ თავზე ნაცარი და დაველოდოთ იმ დროს, როცა ესენი უფლის შთაგონებით ერთ მშვენიერ დღეს გაკეთილშობილებულნი გაიღვიძებენ?! თუ ჩვენც იმას ვუცადოთ, რის იმედსაც არცთუ შეფარულად ამჟღავნებენ - არჩევნების შედეგებს დაველოდოთო!..

აი, სინამდვილეში რისი იმედი ჰქონიათ!

იმედია, საკანონმდებლო ხელისუფლებას, მის უმრავლესობას არ უმტყუნებს პოლიტიკური სიბრძნე და პიროვნული სიმტკიცე, რომ კიდევ ერთი "გამარჯვება" არ იზეიმონ ქვეყნის სასიცოცხლო ძალების (მათ შორის, სამეცნიერო სისტემის) გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების მოწინააღმდეგეებმა.

P.S. ფაქტია, რომ მათემატიკოსმა აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ ამ შემთხვევაშიც გამოავლინა შესაშური ინტერდისციპლინარული განსწავლულობა - კერძოდ, ექსპერიმენტული ქიმიის სფეროში. მან დაამზადა ორიოდე ფურცელი ლაკმუსის ქაღალდი, რომლის გამოყენებითაც სრულიად უცთომლად გამოამჟღავნა ჩვენი პოსტსაბჭოური სამეცნიერო საზოგადოების მენტალურ-პოლიტიკური შეფერილობის მთელი სპექტრი...

აკად. ავთანდილ არაბული

აკად. მალხაზ ზაალიშვილი

აკად. წევრ.-კორ. თენგიზ ზაალიშვილი

აკად. ვახტანგ კოკილაშვილი

აკად. თემურ ნანეიშვილი

აკად. რომან შაქარიშვილი

აკად. გიორგი ჩაგელიშვილი

აკად. ალექსანდრე ხარაზიშვილი