NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულს შეხვედრაზე თინათინ ხიდაშელმა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს ურთიერთობები, ვარშავაში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს მოლოდინები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა იყო ის კომუნიკე, რომელიც ქვეყანამ სამიტის შედეგად უნდა მიიღოს.
როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლისგანაც პროგრესს ელოდება. საუბარია, პროექტებზე, რომლის განხორციელებაც, საქართველომ სწორედ, ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა დაიწყოს.
„იქნება ბევრი საინტერესო სიახლე, მთელი რიგი ახალი თემების, ახალი ინიციატივების, რომლებიც ამ საუბრებისა და შეხვედრების შედეგად, საბოლოო ჯამში, წევრების ერთიანობის პირობებში უნდა გახდეს ვარშავის სამიტის მონაპოვარი - საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ერთი რამ, რაც შეგვიძლია, აბსოლუტურად ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და ორმხრივი პროექტებით დატვირთული და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზე, დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც და იმედი აქვს, რომ წარმატება ამ კუთხითაც იქნება.
„მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დავუსახეთ ვარშავის სამიტს არის ის, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები, ადვილად გასაგები და ასახსნელი პროგრესი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
NATO-ს ვარშავის სამიტზე, მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრირების აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი.
„ივლისში, NATO-ს ვარშავის სამიტზე მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრაცია გვჭირდება. ეს აუცილებელია საიმისოდ, რომ ვარშავის სამიტი გაწევრიანებისაკენ გადადგმული ნათელი და თვალსაჩინო ნაბიჯი გახდეს. სამიტის შედეგს ორი განზომილება უნდა ჰქონდეს - პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დადასტურება, პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ვერ მიიღო, ნატო-სთან ისეთი ურთიერთობა აქვს, რომელიც ბევრად აღემატება MAP-ის მიღების ტრადიციულ პროცესს, როგორიცაა წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, ასევე არსებითი პაკეტი.
გავლენიანი ამერიკული კვლევითი ცენტრის Heritage Foundation-ის ექსპერტის, ლუკ კოფის მოსაზრებით, საქართველოს წევრობა გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიის რეგიონს მეტ სტაბილურობას მოუტანს.
„აშშ-მ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს და უზრუნველყოს, რომ ვარშავის სამიტზე მიიღონ პროგრამა, რომელიც გააძლიერებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს თავდაცვითი, სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან ერთად.
ვარშავის სამიტზე საქართველოს MAP არ მისცეს, რაც იყო დიდი დარტყმა საქართველოს პროდასავლური ძალებისთვის. საქართველომ წევრობის პირობა 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო, რასაც ნატო-ს ყველა წევრის მხარდაჭერა არ აქვს. ეს ყველაზე მეტად საფრანგეთსა და გერმანიას ეხება, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ“, - წერს ლუკ კოფი.
მისივე შეფასებით, აშშ-მ და ნატო-მ მკაფიოდ უნდა აღნიშნონ, რომ წევრობისთვის MAP აუცილებელი არ არის. ფართოდ გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა, რომ MAP ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
„ნატო-ს წევრებმა არ უნდა გამოიყენონ ეს ფორმალობა საქართველოს სამომავლო წევრობის გზაზე ბერკეტის სახით. წლიური ეროვნული პროგრამით, ნატო-საქართველოს კომისიით და არსებითი პაკეტით, საქართველო უფრო ახლოს დგას ნატო-სთან, ვიდრე ეს MAP-ის ტრადიციული პროცესის ფარგლებში იქნებოდა.
აშშ-მ და ნატო-მ ვარშავის სამიტზე უნდა მიიღონ ცალკე დეკლარაცია უმაღლეს დონზე, საქართველოსთვის ნატო-ს მხარდაჭერის შესახებ. ცალკე დეკლარაცია ნატო-ს მხარდაჭერაზე საქართველოს წევრობის შესახებ იქნებოდა სწორი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომ მათი ერთგულება და მათი მსხვერპლი არ დავიწყებულა“, - წერს ლუკ კოფი.
რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არსებობს კარგი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის სპეციალური პაკეტის შექმნას გულისხმობს.
„რაც შეეხება ნატო-ს, ვიპოვეთ კარგი გადაწყვტილება - პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ გიორგისთან, საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაშიც ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა დამატებითი საშუალებები არსებობს პაკეტის „ნატო ჯორჯიან საბსენთენშენის“ ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ამით კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ანგელა მერკელმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე თვლის, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე უელსში დასახული ნატოს სტრატეგიის კონტურები უფრო მკვეთრად გამოიხატება. მისივე თქმით, ნატო ძალიან სერიოზულად ეკიდება იმ საფრთხეს, რომელიც ევროპული უსაფრთხოებისთვის რუსეთიდან მოდის. როგორც სიხარულიძე აცხადებს, ჯერ კიდევ უელსის სამიტზე გამოიკვეთა ნატოს ახალი სტრატეგიის კონტურები, რაც ალიანსისთვის იქნება პრიორიტეტული რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.
„უელსის სამიტიდან დღემდე ალიანსის მიერ გადადგმული იყო კონკრეტული ნაბიჯები ორი მიმართულებით. ერთი - გარანტიები მიეცათ წევრი სახელმწიფოებისთვის ალიანის წესდების მეხუთე მუხლთან დაკავშირებით და მეორე - პარტნიორი ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება. ვარშავის სამიტისგან ველოდები, რომ რუსეთის შეკავების სტრატეგია მკვეთრად გამოიხატება. შესაბამისად, საქართველოს თადაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვისაც ნაბიჯები იქნება გადადგმული.
ვარშავის სამიტის დღის წესრიგში მთლიანად ევროპაში და კერძოდ, შავი ზღვის რეგიონშიც, უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რაც სავარაუდოდ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსაც შეეხება“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.
ექსპერტები თვლიან, რომ საჭიროა უფრო მეტად კოორდინირებული ერთიანი სამთავრობო სტრატეგია და ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველოსათვის მეტი პოლიტიკური შედეგი იყოს ვარშავის სამიტზე. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ჯერჯერობით რთულია საუბარი იმაზე, რა ჩაიწერება კომუნიკეში. თუმცა ფიქრობს, რომ სავარაუდოდ საუბარი იქნება გაფართოებული პაკეტის მეორე ეტაპის განხილვაზე, როგორიც იყო უელსის სამიტზე.
„როგორც მოგეხსენებათ მაშინ საქართველომ საინტერესო მიმართულება მიიღო, ეს იყო ნატოს სასაწვალო ცენტრის გახსნის თემა, ინტენსიური წვრთნების ჩატარება და კიდევ სხვადასხვა მიმართულებები. როგორც ჩანს, ანალოგიური პაკეტი არის გათვალისწინებული.
ალბათ, მსგავს პაკეტზე იქნება საუბარი და არა სხვა კონკრეტულ თემატიკაზე, რადგან ამ ეტაპზე, ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი არ განიხილება. MAP-ის სტატუსის მონიჭების გარეშე საქართველოს გაწვრიანების საკითხი განხილული არ იქნება, რადგან MAP მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.