მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ფიზიოლოგიურ მშობიარობას, საქართველოში კი - საკეისრო კვეთას

მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ფიზიოლოგიურ მშობიარობას, საქართველოში კი - საკეისრო კვეთას

ამ ორიოდე წლის წინ For.ge წერდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მავნე ტრადიციის შემცირებისკენ მოუწოდებდა მეან-გინეკოლოგებს. კერძოდ, მინისტრის სურვილი იყო, მეანებს აეხსნათ სამშობიარო ტკივილებით შეშინებული ახალგაზრდა დედებისთვის ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობა საკეისრო კვეთასთან შედარებით.

ამ მხრივ სერგეენკოს ყველაზე მძიმე შემთხვევად სენაკის სამშობიარო სახლის მაგალითი მოჰყავდა, სადაც 80% საკეისრო კვეთა კეთდებოდა და ეს იყო მეანის და არა - ორსულის პრობლემა.

იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ფიზიოლოგიურ მშობიარობას და მიიჩნევენ, რომ საკეისრო კვეთა მხოლოდ და მხოლოდ ზრდის დედისა და ახალშობილის ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს, საქართველოში ახალგაზრდა დედები კვლავაც უპირატესობას ანიჭებენ საკეისრო მშობიარობას. ეს გასაკვირი არც არის, რადგან თუ ფიზიოლოგიურ მშობიარობას საშუალოდ 12-დან 16 საათამდე სჭირდება, საკეისროს შემთხვევაში, მაქსიმუმ, 30 წუთი საკმარისია.

ამიტომაც საქართველოში საკეისრო კვეთის თანაფარდობა ორჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.

ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პალიკო კინტრაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკეისრო კვეთა ხელწამოსაკრავი არ არის და, უკიდურეს შემთხვევაში, ის უნდა გამოიყენონ. თუმცა პალიკო კინტრაია დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ მომატებული საკეისრო კვეთების შესამცირებლად ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური გეგმა შეიმუშავა.

„საკეისრო კვეთა რომ აუცილებელი ოპერაციაა, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ ჩათვლის საჭიროდ, ზოგან საკეისრო კვეთის პროცენტულობა მეტია, ზოგან-ნაკლები. რა თქმა უნდა, საკეისრო კვეთის 50 % ბევრია. როგორ შეიძლება ყოველი მეორე ქალი საკეისროთი მშობიარობდეს? ეს იმას ნიშნავს, რომ სამშობიარო სახლის ადგილობრივი ხელმძღვანელი არ ვარგა, ასეთი გინეკოლოგი უნდა გააგდო, რადგან მან არ იცის მეანობა. აქ სახელმწიფო არაფერ შუაშია. ახლა სამინისტრომ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვისაც 25 %-ზე მეტი საკეისრო კვეთა ექნება, მას ჩაუტარებენ სპეციალურ გამოცდებს, იცის თუ არა მან საერთოდ, როდის უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა?! დღეს მსოფლიოში საკეისრო კვეთის ნორმად 15-20 % ითვლება. ღმერთმა ისე გააჩინა, რომ ქალმა უნდა იმშობიაროს ბუნებრივი გზით და სხვა უფრო უკეთესი გზა არ არსებობს. საკეისრო კვეთა ნახევარი საათი კი არა, 15 წუთიც რომ იყოს, წარმოიდგინეთ, ატმოსფერული წნევა 760 მილიმეტრია, მუცლის ღრუში არის უარყოფითი წნევა. გაკვეთენ თუ არა საშვილოსნოს, ეს წნევა ერთბაშად აწვება ნაყოფის თავს. სასარგებლოა თუ არა ეს, ახლა მკითხველმა განსაზღვროს. ამიტომ არის შემთხვევები, როცა საკეისროსგან თავი უნდა შევიკავოთ და პირიქით“, - აღნიშნა პალიკო კინტრაიამ.

მანვე განმარტა, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განკუთვნილი 500 ლარიც და საკეისროსთვის გამოყოფილი 800 ლარიც დღევანდელი ცხოვრების დონის მიხედვით მიზერულია, მაგრამ საკეისროს მიანიჭებს უპირატესობას თუ ფიზიოლოგიურ მშობიარობას, ეს დამოკიდებულია ექიმისა და პაციენტის ფსიქოლოგიურ განცდებთან, ასევე, იმ პირობებთან, რომელიც თან ახლავს მშობიარობას.

მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გადამეტებულ საკეისრო კვეთას კონტროლი სჭირდება და შეუძლებელია, ეს აკონტროლოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ, ამიტომ უმჯობესია დაწესდეს კონტროლის ფინანსური მექანიზმი. კერძოდ, ძალიან მარტივი ლოგიკით, თუკი ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარი ჯდება, ხოლო საკეისრო კვეთა - 800, ამ თანხების შეკრებით მიღებულ 1300 ლარს გავყოფთ ორზე და მივიღებთ საშუალო 650 ლარს. შესაბამისად, საკეისრო და ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განკუთვნილი თანხები უნდა გათანაბრდეს და მაშინ სამშობიარო სახლის მენეჯერისთვის ფინანსურად გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება ფიზიოლოგიური მშობიარობა, ვიდრე საკეისრო კვეთა.

„ფინანსური ინსტრუმენტი იქნება ამის ყველაზე კარგი მაკონტროლებელი. თორემ ახლა კლინიკის მენეჯერისთვის, რა თქმა უნდა, საკეისრო კვეთა უფრო მომგებიანია. ისინი ცდილობენ, მეტი მოგება ნახონ და საკეისრო კვეთის საფასურად 800 ლარი მიიღონ, რაც ფიზიოლოგიური მშობიარობის 500 ლარს ბევრად აღემატება. ამიტომაც ჩემი კოლეგებიც სცოდავენ ხოლმე და არ ცდილობენ, მშობიარე ქალს ეს მავნე პროცედურა გადააფიქრებინონ. ამიერიდან კი ნებისმიერი საავადმყოფოს მენეჯერი განგაშის ზარს ატეხავს, როდესაც საკეისრო კვეთა და ფიზიოლოგიური მშობიარობა ერთი თანხა დაჯდება, ვინაიდან საკეისრო კვეთა გაცილებით მეტ ხარჯს მოითხოვს, უფრო მეტი მასალა იხარჯება და მასში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს. როცა ხარჯი მაღალია, ცხადია, შეეცდებიან, უფრო „იაფად“, ანუ ფიზიოლოგიურად ამშობიარონ“, - აღნიშნა ზაზა სინაურიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ასაკში შესული ქალისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება უკეთესია, მეან-გინეკოლოგი ამას არ ეთანხმება. იგი განმარტავს, რომ, მართალია, კუნთოვანი ქსოვილი ასაკში შესვლისას ელასტიურობას კარგავს, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ ასე კატეგორიულად არ უნდა ვთქვათ, რადგან 35-ის ხართ, მაინცდამაინც საკეისრო უნდა გაიკეთოთო.

„ზუსტად ორი დღის წინ ფიზიოლოგიურად ვამშობიარე 46 წლის ქალბატონი, რომელმაც გადასარევად იმშობიარა, ნაჩხაპნიც არ ჰქონია არსად. ასე რომ, კატეგორიულად იმის თქმა, რომ ასაკი და საკეისრო კორელაციაშია ერთმანეთთან, არასწორია. რაც არ უნდა სტერილურ გარემოში მუშაობდეს მეანი, საკეისროს დროს მუცლის ღრუ იხსნება და ეს არის ინფექციის დამატებითი წყარო. ამიტომ რა ძალა გვადგას? ასეთი რისკები ხომ გაცილებით ნაკლებია ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს? რატომ უნდა გავაჩინოთ ინფექციის წყარო? გარდა ამისა, ხშირად ხდება დაზიანებები, რადგან მედიცინა არ არის ორჯერ ორი ოთხი, ხანდახან სისხლძარღვი ცოტა სხვანაირად არის განლაგებული და ხშირად ხდება, რომ კარგ ოპერაციას ველით, მაგრამ ის ოპერაცია რთულდება. ამიტომ ღმერთმა როგორც ბრძანა, ისე უნდა იმშობიაროს ქალმა, ანუ ფიზიოლოგიურად, თუკი არ არის რაიმე გადახრა და პათოლოგია. არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს საკეისრო კვეთა საერთოდ არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მკვეთრი ჩვენების ფონზე“,-აცხადებს ზაზა სინაურიძე.

შეკითხვის საპასუხოდ, გამოსავალს თუ ხედავს ისეთ შემთხვევებში, როცა ექიმები თავს იმართლებენ, რომ საკეისრო კვეთა მათ თავად პაციენტმა სთხოვა, მეან-გინეკოლოგი აცხადებს, რომ, პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია ექიმის პოზიცია, რომელმაც უნდა აუხსნას პაციენტს საკეისრო კვეთის ყველა შესაძლო რისკები. თავად ზაზა სინაურიძე არ მალავს, რომ მასთან მისული ათი ორსულიდან ცხრა თავიდანვე საკეისროს ითხოვს, თუმცა მისი კონსულტაციის შემდეგ რვა უკვე უარს იძახის საკეისროზე. ამიტომ მეტი სამუშაოა საჭირო, რომ ორსულებში ინფორმირებულობა გაიზარდოს.