თეა წულუკიანის განცხადებით, ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეომასალის გავრცელება „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება. წულუკიანის მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს გადაღებული კადრები მათივე ძალისხმევით, ხელიდან ხელში გადადიოდა. მინისტრი ამბობს, რომ საჭიროა ფაქტებზე მყისიერი რეაგირება, თუმცა მისივე განმარტებით, ახალი ტექნოლოგიების ხანაში მისი სწრაფ ვადებში აღმოფხვრა რთულია.
„ის, რომ 9 წლის განმავლობაში დაგროვებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფარულად ჩაწერილი სიბინძურე ქვეყნიდან არის გატანილი, ან არ არის გატანილი, მაგრამ მათივე დამსახურებით, მათივე ძალისხმევით, ხელიდან ხელში გადადიოდა, ამას რა თქმა უნდა, სჭირდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე მყისიერი რეაგირება, გამოძიება, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების ხანაში ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ბოლომდე, მოკლე ვადაში მათი ეს ქმედებები იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც ცნობილია, 12 ივნისს დაახლოებით 21 საათზე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტის, ლუკა ფეიქრიშვილის სოციალური ქსელის პირად გვერდზე უცნობმა პირმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ატვირთა. როგორც ფეიქრიშვილი აცხადებს, მასალას თან ახლდა მუქარის შემცველი ინფორმაცია, რომელიც მოუწოდებდა კონკრეტულ პირებს, რომ დარჩნენ ჩრდილში და არ უნდა მოახდინონ საზოგადოებისთვის ტვინის გამორეცხვა. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ გავრცელებული კადრები ახალი არ არის. საუბარია იმ კადრებზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ. უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი კადრები არ გავრცელებულა. პროკურატურაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ანუ ვის მიერ მოხდა აღნიშნული ვიდეოების ატვირთვა და საიდან. გამოძიება გრძელდება სსკ-ს 157-ე მუხლით. რაც თავის მხრივ მოიცავს ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტების გამოძიებას.
მაშ ასე, ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ვრცელდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წინ რთული წინასაარჩევნო პროცესი გველოდება და დაპირისპირების კვალდაკვალ იქნება კონპრომატების ომი. საარჩევო კამპანიის დაწყებოდან 5 დღეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება, ხელისუფლების დისკრეტიდაციის კარგი საშუალებაა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ დღეს უკვე შუძლებელია ამ დანაშაულის აღკვეთა და არ გამოვრიცხავს, რომ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი პირები იჩენდნენ ინტერესს და მანიპულირებისთვის იყენებდნენ ამ ჩანაწერებს. მისივე თქმით, ეს არის ფსიქოლოგიური ომის ნაწილი და მითუმეტეს წინასაარჩევნოდ.
„ჯერ სად ვართ! არ გამოვრიცხავ, რომ უფრო მძიმე კადრებიც არსებობდეს. არ გამოვრიცხავ, რომ მმართველი ძალის შიგნით შიდა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილიც იყოს. ამ ყველაფერზე, როგორც გამოქვეყნებაზე და შემდგომ მის გამოუძიებლობაზე ვინ არის დღეს პასუხისმგებელი? - რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ კადრების გავრცელებას. რადგან, კვირიკაშვილის წარუმატებულბა სხვა ძალის გამარჯვების საწინდარი შეიძლება იყოს.
მითუმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ვხვდებით განცხადებებს ვიღაცის ტრიუმფალური დაბრუნების შესახებ და ა.შ. შესაბამისად, ამ კონტექსტში განვიხილავ, სხვა ლოგიკა ამ შემთხვევაში არ არსებობს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც შეძლება მოჰყვეს პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაცია. პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ გამოძიებული იქნება და უმკაცრესად მოხდება იმ პირების დასჯა, ვის მიერაც მოხდა კადრების გვარცელება და რომ, არ დაუშვებენ მსგავსი კადების გავრცელებას, ამ განცხადების შემდეგ ისევ ხდება კადრების გავრცელება. ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი პოლიტიკური თამაშია“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
„ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ“, - ასე აფსებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და საქმის პოლიტიკურ მხარე საუბრობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რთული სათქმელია სამიზნე არის თუ არა პრემიერ-მინისტრი.
„გვახსოვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პერიდშიც გავრცელდა მსგავსი კადრები. ალბათ უფრო უპრიანი იქნება ვთქვათ, რომ ნებისმიერი პიროვნების მიუხედავად, ასეთი კადრების გავრცელება ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ამგვარი პრეცედენტებიდან დაიცვას თავისი მოქალაქეები და თუ ვერ ხდება მოსახლეობის დაცულობა, ასეთ შემთხვევაში პრეტენზიები გაჩნდება ხელისუფლების წინააღმდეგ და - სავსებით სამართლიანად. ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, ან ვიღაცის ავადმყოფური აკვიატების შედეგი“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, ქვეყნის უბედურებაა, როდესაც ასეთ არაკაცურ ქმედებაზე ხელი მიუწვდებათ სრულიად მახინჯი ცნობიერების მქონე ადამიანებს, ხოლო მათი გამოვლინებაც ასეთივე ადამიანების ხელშია, რის გამოც არავინ გამოვლენილა.
„ყოველი ასეთი ქმედება ვნებს ქართულ სახელმწიფოს. მე შემიძლია მხოლოდ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცნობოთ, რომ ეს არ გახლავთ ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანის სურვილი. დიდი პატივია ამ არამზადებისთვის მათი არაკაცურ ქმედებაზე კომენტარისთვის დროის ხარჯვა. რასაკვირველია, ვისი სამსახურეობრივი მოვალეობაა, რომ ასეთი დანაშაული არ ხდებოდეს ქვეყანაში, უკეთეს შემთვევაში უნდა შევთავაზოთ რიგითი პენსიონერობა, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, სულ ცოტა სამსახურეობრი მოვალეობის მიმაართ გულგრილი დამოკიდებულება, რაც დასჯადია“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.