როგორც ყოველთვის - მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

როგორც ყოველთვის - მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - აღნიშნულ საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე წინასწარი პატიმრობის საკითხს მოიცავს. ნაციონალები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილებას ავტომატურად მოჰყვება მერაბიშვილის განთავისუფლება, თუმცა ასე არ ფიქრობს იუსტიციის მინისტრის, რომლის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება არ იგეგმება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფებას ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის განმავლობაში 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. თავად მოსარჩელე მხარე არამატერიალური ზარალისა და ხარჯების ანაზღურების მიზნით დაახლოებით 55 ათას ევროს ითხოვდა, კონკრეტულად ვანო მერაბიშვილი - 15 ათას ვროს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ 4 ათასი ევროს გადახდა დაადგინა.

სტრასბურგის სასამართლომ  ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის სათაური შემდეგია - „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა ამავე დროს, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოხდენის ხერხად“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფი  (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს; არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი (გონივრულ ვადებში სასამართლო გარჩევის ჩატარება ან სასამართლომდე გათავისუფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად ცნო. მისი თქმით, ეს არის მეშვიდე საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში, როდესაც კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევა დადგინდა.

„ეს არის უიშვიათესი საქმე. ევროპის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა, დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი.

ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც სასამართლომ დაადგინა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან. მისი პატიმრობის ყოველი საათი არის უაღრესად დამაზიანებელი საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება“, - აცხადებს ოთო კახიძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერია. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, გადაწყვეტილება გამოტანილია ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.

თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ძალაში მხოლოდ აგვისტოში შევადა ისიც, თუ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი, და სახელმწიფო უწყება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, მას არ გავასაჩივრებთ.

„ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ, მაგრამ როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, წინასწარ არ ვიცი, ალბათ, გაისად. მერებიშვილის საქმეზე დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც არის ოთხი ნაწილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ ორ წელიწდზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი.

აქედან გამომდინარე, ეს იყო მთავარი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს, მითუმეტეს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სახეზე იყო მაისურაძის გვარზე გაცემული ივანე მერებიშვილის გაყალბებული პასპორტი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, აუცილებლად გამოსაძიებელი იქნება 2014 წლის დეკემბერში მომხდარი ინციდენტი.

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, თითქოს, 2014 წლის დეკემბერში მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, ეს ინციდენტი არ იყო გამოძიებული და ამიტომ ალბათ არის მე-18 მუხლის დარღვევა. მთავარია, რომ ის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დასრულდა ორი წლის წინ, კანონიერად არის აღიარებული. გაჩნდა კითხვის ნიშანი ფარცხალაძის ეპიზოდთან და ესეც გამოსაძიებელი იქნება აუცილებლად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ხელისუფლება სამი თვის ვადაში მიმართავს დიდ პალატას, მათ შორის მე-18 მუხლთან დაკავშირებით, და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს გაასაჩივრებს, რადგან, ეს გარკვეულ წინააღმდეგობაშიც მოდის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც კანონიერად მიიჩნევს პატიმრობას. ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, თუ პატიმრობა კანონიერია, აქ ცხადია სხვა არავითარ მიზნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რაც მე-18 მუხლიდან გამომდინარეა.

„ხელისუფლება მიმართავს სამი თვის ვადაში დიდ პალატას მე-18 მუხლთან დაკავშირებით არსად წერია, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი ან გათავისუფლება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან, რაზეც საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. სასამართლოს შეეძლო მეტი დასაბუთებულობა. ეს ხარვეზი არის და ამის გამო ხელისუფლება მზად არის აღასრულოს გადაწყვეტილება. კომპენსაცია რაც არის დაკისრებული, არის ნამდვილად მცირე ოდენობა. სხვა რაიმე არსებით ხარვეზზე საუბარი არ არის“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

მისივე თქმით, გამოტანილ განაჩენში არც ერთი სიტყვა არ არის გამოყენებული, რომელიც რაიმე ფორმით პოლიტპატიმრობას დაასაბუთებს მერაბიშვილის მიმართ და არც იმაზეა საუბარი, რომ მერაბიშვილი გათავისუფლდეს, რასაც აცხადებს სრულიად არასწორად მისი ადვოკატი.

„გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ წინასწარ პატიმრობას. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ სასამართლომ თქვა, რომ პატიმრობის კანონიერებასთან არავითარ პრობლემა არ აქვს სასამართლო გადაწყვეტილებებს ანუ შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით არის დასაბუთებული. 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი ანუ საქართველოს კანონის და ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი“, - განახცადა მანანა კობახიძემ.

ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - აღნიშნულ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი. იან კელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ობიექტური და სამართლიანი ყველასთვის.

„ეს პროცესი დაიწყო ჩემს ჩამოსვლამდე და ასე, რომ ყველა დეტალი არ ვიცი. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ობიექტური და სამართლიანი ყველასთვის. რა თქმა უნდა, ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ საქმეს. მოხარული ვარ, რომ სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე საქმე მიმდინარეობს საერთაშორისო კუთხითაც. ასე რომ, მნიშვნელოვნია ყველა პროცესი ობიექტური იყოს“, - განაცხადა იან კელიმ.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ ექსპერტები. სამართლის ექსპერტის, ლევან ალაფიშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სტრასბურგის სასამართლო კონკრეტულ საპროცესო გადაწყვეტილებაზე მსჯელობს, ავტომეტური გადაწყვეტილება ამ საქმეზე არ დადგება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საპროცესო კანონმდებლობით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება.

რაც შეეხება კონკრეტული პროცესუალური საგამოძიებო შედეგის დადგომას, ან პირის ავტომატურად გათავისუფლებას, ალაფიშვილის განცხადებით, ეს შედეგი ავტომატურად ვერ დადგება იმის გათვალისწინებით, რომ სტრასბურგის სასამართლოს მანდატი არ არის ამ საკითხის შინაარსობრივი განხილვა და მათ შორის აღკვეთის საკითხის შინაარსობრივი განხილვა, ეს არის სახელმწიფოსა და შესაბამისი სასამართლო დაწესებულების სუვერენული უფლება.

„შესაძლებელია, სასამართლომ, თუნდაც წარსული კანონდარღვევის გამო, მიიღოს რაღაცა გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს განცხადებას ავტომატურად მოჰყვეს პირის განთავისუფლება, ეს არ იქნება. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო არ არის ის სასამართლო, რომელიც პოლიტიკური დევნილის სტატუსს განსაზღვრავს, განსხვავებით სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური თუ სხვა ინსტიტუტებისგან, სადაც სხვადასხვა დოკუმენტებში ვხვდებით პოლიტიკურ შეფასებებს. ასე რომ, სტრასბურგის სასამართლო არ ანიჭებდა და არც არავის არ მიანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იუსტიციის მინისტრმა, როგორც მხარემ და პოლიტიკური თანამდებობის პირმა.

„მინიმუმ დანაშაულებრივი არაკომპეტენტურობაა შესაბამისი ორგანოების მხრიდან და ამ აზრს მიძლიერებს იუსტიციის მინისტრის აბსოლუტურად წარმოუდგენელი კომენტარები. ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმდენი ყოვლად წარმოუდგენელი სისულელე თქვა, რომ ყველა რეკორდი მოხსნა. ქართულ იუსტიციას დღეს არც ერთი მტერი არ აყენებს ისეთ ზიანს, როგორსაც თეა წულუკიანი. თავისი არაკომპეტენტურობითა და ბოღმით არაფრით არ განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. მისი არაკომპეტენტურობის შედეგია ეს გადაწყვეტილება და მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურის არაკომპეტენტური მუშაობის გამო ჩვენ მივიღეთ საფრანგეთის სასამართლოს მიერ გამართლებული დავით კეზერაშვილი, საბერძნეთის მიერ განთავისუფლებული დათა ახალაია და ა.შ.

„მინიმუმ არაკომპეტენტურობაა და მაქსიმუმ საბოტაჟი, რომელიც აგრეთვე არ არის გამორიცხული. დიდი ბოდიში და, მურუსიძე რომ იქ გიზის, ის ხელისუფლებაზე მუშაობს? არა! მურუსიძე მუშაობს იმ სისტემაზე, რომელიც გუშინ მერაბიშვილს ემსახურებოდა და შეიძლება ფარულად ისევ მერაბიშვილს ემსახურება, ვინმემ იცის, რომ ასე არ არის? თუ, ბიძინა ივანიშვილი დაელაპარაკა და ანგელოზი გახდა?“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.