საინიციატივო ჯგუფი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ქორწინების განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს და დღეიდან ორასი ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს, რათა დაინიშნოს რეფერენდუმი საკითხზე - “გსურთ თუ არა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ოჯახი განისაზღვროს როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა?!”
პარალელურად, გააქტიურებულია ლევან ვასაძეც. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენს ეთნოფსიქიკაზე, ჩვენს გეოკულტურულ როლზე მორგებული ეროვნული კონსტიტუცია, რომელშიც ქვაკუთხედი ოჯახური ღირებულებები იქნება.
„ახლა ატყდება ამბავი - ეს რა თქვა! იცით, ვინ დაგიწერათ კონსტიტუცია?! ჰკითხოს ყველა მაყურებელმა თავისთავს, რომ ფიცულობთ რაღაცას. სახარება ვინ დაწერა, ვიცი, მაგრამ ვინ დაგიწერათ კონსტიტუცია, რა გიწერიათ შიგნით, რეები ჩაგიყარეს ხან მიშამ, ხან გრიშამ - რა არის ეს, რა საფიცარია. ჩვენ გვჭირდება არა ასლი, რაღაც გადმოკატავებული ფსევდო ლიბერალურ-დემოკრატიული სისულელის, არამედ გვჭირდება ჩვენს ეთნოფსიქიკაზე, ჩვენს გეოკულტურულ როლზე მორგებული ეროვნული კონსტიტუცია, რომელშიც ქვაკუთხედი ოჯახური ღირებულებები იქნება და, რომელსაც დაემორჩილება, და კაი ბიჭია და არ დაემორჩილოს, ყველაფერი”, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
რას ნიშნავს წინასაარჩევნოდ ოჯახის თემის გააქტიურება და რამდენად განიცდის ჩვენი კონსტიტუცია ნაკლოვანებას ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის ცნების განსაზღვრებისას? ასევე, რამდენად საჭიროებს საქართველოს კონსტიტუცია დახვეწას ეროვნული კუთხით?
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად მას ხშირად გამოუყენებია ტერმინი „ეროვნული კონსტიტუცია“, რადგან ჩვენი კონსტიტუცია უნდა პასუხობდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას საქართველო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი კონსტიტუციური და საკანონმდებლო მექანიზმებია საჭირო იმისთვის, რომ ამ ჭაობს თავი დავაღწიოთ და შევქმნათ თანამედროვე სახის ცივილური დემოკრატიული სახელმწიფო. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ყველა ქვეყანა საკუთარ კონსტიტუციას წერს უამრავი რამის გათვალისწინებით. ეს არის ერის ეთნოხასიათი, ისტორიული წარსული, აწმყო, მომავალი, რელიგია. ბევრ რამეს ექცევა ყურადღება და ბევრი რამეა ასახული კონსტიტუციაში. თუმცა რა მიზანი აქვს ლევან ვასაძეს, ეს ვახტანგ ძაბირაძისთვის უცნობია.
„ნამდვილად პრობლემატურია ის, რაზედაც დღეს კამათი მიმდინარეობს. ვთვლი, რომ ოჯახის ცნება კანონმდებლობაში საკმარისად არის ასახული. თუ საზოგადოებაში მაინც ჩნდება კითხვის ნიშანი, მართალია, ამას ცოტა არასერიოზულობის და არააკადემიზმის ელფერი დაკრავს, მაგრამ ჩვენ იმდენად ბევრი პრობლემა გვაქვს, იმდენად ვართ გათითოკაცებულნი, რომ კიდევ ერთი პრობლემის დამატება ნამდვილად არ ღირს. არის ოჯახური ღირებულებების ჩამატების აუცილებლობა კონსტიტუციაში? თუნდაც უმცირესობიდან ვიღაც თვლის ასე? კი ბატონო, არ ვართ ყველა სხვა პარამეტრით მოწინავე და სამაგალითო ერი და ახლაც ამ კონსტიტუციაშიც ავიტანთ დამატებითი განმარტების გაკეთებას. მე გამოვდივარ არა იქიდან, რომ კონსტიტუციით დღეს ნაკლებად დაცულია ოჯახის განმარტება, არამედ იქიდან, რომ კიდევ ახალი წყალგამყოფი არ უნდა გახდეს ეს თემა ორ პიროვნებას შორის. ამიტომ, თუ არის კონსტიტუციაში ოჯახური ღირებულებების დამატებით განმარტება საჭირო, შევიტანოთ, რა პრობლემაა. სჯობს, დათმოს იმან, ვინც კბილებით იცავს უკვე არსებულ კონსტიტუციას, ვიდრე კიდევ ერთმა განხეთქილების ვაშლმა იგოროს ისედაც დაშლილ-დაყოფილ საზოგადოებაში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისივე თქმით, თავის დროზე ჩვენ გვჭირდებოდა ქართული კონსტიტუცია, თორემ მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერთა და კონსტიტუციონალისტთა მიერ დაკომპლექტებული ვენეციის კომისია თავად დაგვიწერდა კონსტიტუციას; ასევე, ფულის გადახდის საფასურად კონსტიტუციას დაუწერდნენ ნებისმიერ ქვეყანას, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა, ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება კონსტიტუციების დაწერა. სწორედ ეს არის ეროვნული კონსტიტუცია, როცა ერი ითვალისწინებს საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და ხასიათს, კულტურასა და რელიგიას.
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ლევან ვასაძის მოსაზრებაც ეროვნული კონსტიტუციის შექმნის თაობაზე დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა სამწუხაროა, რომ ოჯახის სიწმინდის თემა პოლიტიკური ქულების დაგროვების საშუალებად იქცა იმ ამომრჩეველზე, რომელიც უფრო მემარჯვენე ნაციონალისტურ სენტიმენტებზეა ფოკუსირებული.
„როდესაც სამართლებრივ კატეგორიებზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონსტიტუცია არის ჩარჩო-კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ცხოვრებას და განვითარებას. რა არის ეროვნული საკითხი, ეს დიდწილად არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური, ან უფრო კულტუროლოგიური თემატიკაა. კონკრეტულ საკითხთან ან ცალკეულ ჯგუფთან დაკავშირებით (როგორი მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს ადამიანთა ეს ჯგუფის) კონსტიტუციაში ფოკუსირებულად რაიმე ასახული ვერ იქნება. ჩვენი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების კონსტიტუციებიც სწორედაც რომ ეროვნული კონსტიტუციებია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ხომ არ არის ნაკლული ჩვენი კონსტიტუცია ოჯახის სიწმინდის ცნების განსაზღვრებისას, კონსტიტუციაში ყველა საკითხი ასე სახელდებით დეტალურად მიმოხილული ვერ იქნება. უბრალოდ, ეს საკითხი დღეს პოლიტიკოსების მიერ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად არის გამოყენებული. ოჯახის თემა აქამდე არასდროს გამხდარა ვნებათაღელვის, განსაკუთრებული ზრუნვისა თუ მავანთა მჭმუნვარების საგანი. დღეს პოლიტიკურ სივრცეში მემარჯვენე ნაციონალისტური პოლიტიკური მიმართულების განვითარებისთვის ნიშის საჭიროება გაჩნდა. ეს მხარე თავისუფალია და ამის ათვისებას ცდილობს სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალა“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
აქვე განმარტავს, რომ კონსტიტუციის მიღების შემდეგ არსებობს ჩანაწერი, ასევე, არსებობს სამოქალაქო კოდექსი, სადაც სწორედ ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ურთიერთობაზეა საუბარი. ასე რომ, კონსტიტუციაში მხოლოდ ერთი მუხლის ერთი პუნქტი არ უნდა წავიკითხოთ, რადგან იმ 36-ე მუხლს აქვს სამი პუნქტი და ერთობლიობაში წაკითხვით ძალიან კარგად დასტურდება, რომ საუბარი სწორედ ქალისა და მამაკაცის კავშირზეა და არა ერთი სქესის წარმომადგენელთა კავშირზე. უფრო მეტიც, როდესაც იმავე კონსტიტუციაში ტერმინი „დედაა“ მოხმობილი, შეიძლება დედა მამას ნიშნავდეს?!