„მომდევნო კვარტალი ინვესტიციების კუთხით კიდევ უფრო აქტიური იქნება“

„მომდევნო კვარტალი ინვესტიციების კუთხით კიდევ უფრო აქტიური იქნება“

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 137 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, თურქეთიდან - 57 მილიონი დოლარის, გაერთიანებული სამეფოდან - 44 მილიონი დოლარის, კორეიდან- 32 მილიონი დოლარის, ნიდერლანდებიდან- 22 მილიონი დოლარის. 

ასეთია პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების უმსხვილესი პირველი ხუთეულის ჩამონათვალი, თუმცა რამდენად რეალურია ინვესტიციების მატება და როგორ აისახება ეს რიგით მოქალაქეებზე, ამის შესახებ For.ge-ს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ესაუბრა.

მთავრობა კმაყოფილია, რადგან წინა წელთან შედარებით პირველი კვარტალის მონაცემებით, ინვესტიციები 103%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. რომელმა საგარეო და საშინაო ფაქტორებმა განაპირობა ინვესტიციების მატება საქართველოში და რამდენად სანდოა ეს მონაცემები?

- არანაირი საფუძველი არ გვაქვს, საქსტატის მონაცემებში ეჭვი შევიტანოთ. ქვეყანაში შემომავალი დიდი რაოდენობით ფული და ინვესტიციები დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე. ქვეყნების ათეულის პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის თურქეთი. ამასაც აქვს გარკვეული მიზეზები გამომდინარე იქიდან, როგორი კრიზისი გადაიტანა მთელმა ჩვენმა რეგიონმა და, მათ შორის, საქართველომ.

მზარდი ინვესტიციების ფონზე რატომ არ შეინიშნება საქართველოს ეკონომიკის ზრდა 3 %-ზე მეტად? ეს იმითაც ხომ არ არის განპირობებული, რომ შიდა აქტიურობა არც ისე მაღალია?

- ეკონომიკური ზრდა რომ არ შეინიშნება, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ეს ზრდა შეინიშნება, მაგრამ რასაკვირველია, მესმის თქვენი პათოსი, რომ კარგია ეკონომიკური ზრდა გვქონდეს 10%-ით და უფრო მეტითაც, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ წინა პერიოდი, საიდან მოვდივართ, როგორი სიტუაციიდან, უნდა გავიხსენოთ ისიც, რა სიტუაციაში იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთლიანი რეგიონი და ჩვენმა მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა როგორი ეკონომიკური და სავალუტო შოკი განიცადეს. ამის მიუხედავად, ჩვენ რეგიონში გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. არ ვიძახი, რომ ეს ძალიან კარგია და სასწაულებს ვახდენთ, ასე არ არის, უფრო მეტი მაჩვენებელი უკეთესი იქნებოდა.

პირველი კვარტალი, როგორც წესი, ყოველთვის ნაკლებად არის დატვირთული ინვესტიციების კუთხით. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ მომდევნო კვარტალი კიდევ უფრო აქტიური უნდა გამოდგეს ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით ქვეყანაში. თუ რამ განაპირობა ინვესტიციების მატება საქართველოში? - ჩემი აზრით, ამ მხრივ დადებითად იმოქმედა ბოლო პერიოდში ლონდონში გამართულმა ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელზეც პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და 130-ზე მეტ ინვესტორს სიტყვით მიმართა, გააცნო ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ბიზნესგარემო. სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო სერიოზულ როლს ითამაშებს შემდგომი კვარტალების საინვესტიციო შემოდინებების მხრივ ქვეყანაში.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53%-ია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი 58 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე-ენერგეტიკის სექტორი 40 მლნ აშშ დოლარით. მუდმივად ასე რატომ ხდება? რატომ არ ჩანს ინტერესი სხვა ეკონომიკურ სექტორთა მიმართ?

- რაც შეეხება სექტორებს, აქ არ გვაქვს რადიკალური ცვლილებები და ყველაზე მეტი შემოდინება გვაქვს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სექტორებში. ტრადიციულად ეს არის ყველაზე პოპულარული სფეროები. აქვე მინდა გამოვყო ენერგეტიკის სექტორიც, სადაც წელს სერიოზული ზრდა შეინიშნება, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მაგალითისთვის, შემიძლია მოვიშველიო რამოდენიმე სერიოზული ჰესის მშენებლობა (მათ შორის, შუახევის ჰესის პროექტი 416 მლნ დოლარის ჯამური საინვესტიციო ღირებულებით); ინვესტიციების ზრდის კუთხით, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეასრულა ამ სექტორში 2015 წელს დაანონსებული პროექტების 2016 წელს გადმოწევამ. ასე რომ, ერთ-ერთ წამყვან სექტორად ნამდვილად შეიძლება ენერგეტიკის გამოყოფა. რაც შეეხება სხვა სექტორებს, მე არ ვთვლი, რომ საქართველო ინვესტიციების კუთხით რომელიმე ერთი კონკრეტული დარგის მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს. ჩვენ გვაქვს მრავალი პოტენციალი, უბრალოდ, ამ პოტენციალს სჭირდება კარგი წარმოჩინება ინვესტორთა თვალში, რომ მათ უღირდეთ სხვადასხვა დარგებში ინვესტიციების ჩადება. დღეს სიტუაცია შეცვლილია დადებითი კუთხით, ინვესტორები მიხვდნენ, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება დაცულია, ისინი ხედავენ, რომ ქვეყანაში ინსტიტუციები და სასამართლო ინსტუტიცია უმაღლეს დონეზეა და თავს დაცულად გრძნობენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ინვესტიციების მოცულობის ზრდას ბიზნესის კეთილგანწყობას უკავშირებს და პირველი კვარტალის ინვესტიციებს 2008 წლის შემდეგ ყველაზე მსხვილად მოიხსენიებს. წლების განმავლობაში ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ სხვადასხვა მთავრობისგან მაჟორულ ტონში დაანონსებული ინვესტიციების მატება თითოეული მოქალაქის ჯიბემდე არ აღწევდა. რამდენად აისახება ეს უცხოური ინვესტიციები ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე?

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას არ აქვს მყისიერი ეფექტი, ეს გათვლილია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე. თუ გავაანალიზებთ სიტუაციას, თითოეული საინვესტიციო პროექტი ნიშნავს რამოდენიმე ასეულ თუ არა, ათეულ დასაქმებულ მოქალაქეს. ცხადია, ეს მოქმედებს თითოეული ადამიანის ჯიბეზე და ამას მომავალში ექნება გავლენა როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეზე.

უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება -აზერბაიჯანი 36 %, თურქეთი-15%, გაერთიანებული სამეფო- 12 %, კორეა- 9 %, ნიდერლანდები- 6%. აზერბაიჯანი და თურქეთი რომ დაინტერესდება ჩვენთან ინვესტიციების ჩადების კუთხით, ეს გასაგებია თუნდაც პოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალი რატომაა?

- დანარჩენი ქვეყნების ციფრობრივი მაჩვენებელი დაბალია, თორემ ისინი ჩვენთან თანამშრომლობაზე მოდიან. ძალიან კარგი იყო „იბიარდის“ ფორუმი, რომელიც გასულ წელს გაიმართა ჩვენს ქვეყანაში და, რომელზეც რამოდენიმე სერიოზული პროექტი დაანონსდა. სწორედ ასეთი პიარკამპანიებით უნდა მოხდეს საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა იმ ინვესტორებისთვის, რომელთა წილიც დღეს ქართულ საინვესტიციო გარემოში ნაკლებია.