საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ ამ პრინციპული გადაწყვეტილებით მათ აირიდეს განსაცდელი, რადგან არის საკითხები, რომელიც დოგმატიზმის დარღვევას ეხება და ეკუმენისტური აზროვნებისა და მოძრაობის სახით კატეგორულად ემიჯნება მართლმადიდებლურ სწავლებას.
„ჩვენთვის მთავარია მართლმადიდებლობა დავიცვათ ისე, როგორც დაიცვეს ჩვენმა წინაპრებმა ათასწლეულების განმავლობაში, სისხლის ფასად“, - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ.
მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა კი განმარტა, რომ არსებობს ფუნდამენტალური საკითხები, რომლებიც, წესით, უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ, მაგრამ ამ საკითხებს არ ითვალისწინებენ. ამიტომაც ჩვენი ეკლესია ამ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
წილკნის მიტროპოლიტი ზოსიმე აცხადებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დიპტიხის (მოსახსენებელი წიგნი, სადაც შედიან წმინდა ცხოვრების წესით გამორჩეული ადამიანები) საკითხი, რადგან საქართველოს ეკლესიას ბერძნული დიპტიხის მიხედვით თავისი ადგილი არ უჭირავს. სამწუხაროდ, ამას მსოფლიო კრებამ გვერდი აუარა, ისევე, როგორც საეკლესიო კალენდრისა და ქორწინების საკითხს, რომელიც საქართველოს ეკლესიამ აქტიურად დასვა. მეუფე ზოსიმეს თქმით, თუკი კრეტაზე გასამართ მსოფლიო კრებაზე სხვა ეკლესიებიც არ წავლენ, კრება მაინც ჩატარდება, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი, კანონიკურობის შემთხვევაში, მისაღები იქნება ჩვენთვისაც.
როგორც ცნობილია, მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.
მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საქართველოს ეკლესია არ არის ერთადერთი, რომელმაც კუნძულ კრეტაზე გამგზავრებისგან თავი შეიკავა. 14 ავტოკეფალური ეკლესიიდან მსოფლიო კრებაში მონაწილეობას არ მიიღებენ ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის ეკლესიები. სავარაუდოდ, მათ რიცხვს შეემატება რუსული ეკლესიაც, რადგან, როგორც ამბობენ, პატრიარქ კირილს მართლმადიდებლობის ტრადიციული წესების გალიბერალება არ მოსწონს. თუმცა გამორიცხული არც ის არის, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში პირველობისთვის ეპაექრებოდნენ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოები.
თეოლოგები უკვე საუბრობენ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდ განხეთქილებაზე. მართალია, მსოფლიო პატრიარქს სურს, ამ კრებამ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა დაანახოს მსოფლიოს, მაგრამ ყველაზე პირველმა ბულგარეთის ეკლესიამ შეიკავა თავი მსოფლიო კრებაში მონაწილეობისგან, რადგან სხვა საკითხებთან ერთად, მათ არ მოეწონათ ის, რომ მათ დელეგაციას წინა რიგში ადგილი არ მიაკუთვნეს.
რაც შეეხება მეორე უკმაყოფილოს-ანტიოქიის ეკლესიას, მათი პროტესტი გამოიწვია შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებულმა საკითხმა და, ასევე, ყატარის ეკლესიის იურისდიქციის საკითხით ამ კრების დაუინტერესებლობამ, რადგან ყატარის ეკლესიის კუთვნილების გამო ანტიოქია იერუსლიმის საპატრიარქოს უპირისპირდება.
სანამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მსოფლიო კრებაში მონაწილეობაზე უარს ოფიციალურად იტყოდა, ქართველი თეოლოგების ერთი ნაწილის მიმართვა გამოქვეყნდა. თეოლოგები მოუწოდებდნენ საქართველოს ეკლესიის მესვეურებს, დასწრებოდნენ კრეტაზე გასამართ მსოფლიო კრებას, რათა ამით ჩვენი ეკლესია იზოლაციაში არ მოქცეულიყო და კრეტაზე წაუსვლელობით მოსკოვის საპატრიარქოს გავლენა არ დადასტურებულიყო.
აღმოვჩნდებით თუ არა იზოლაციაში მსოფლიო კრებაში მონაწილეობის მიუღებლობით?!
თეოლოგი და სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ცაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მსოფლიო კრებაში მონაწილეობის მიუღებლობა სულაც არ ნიშნავს იზოლაციონიზმს, რუსეთის ეკლესიასთან კავშირს და საქართველოს ეკლესიის პოზიცია მისასალმებელია. თეოლოგის თქმით, ერთი პერიოდი რუსეთის ეკლესიამ თითქოს დათმო პოზიციები, მაგრამ საქართველოს ეკლესიას ისევ მტკიცე მართლმადიდებლური პოზიცია ეკავა. ასევე, არ მიდის ამ კრებაზე ანტიოქიის ეკლესია და ბულგარეთის ეკლესია და გამოდის, მათაც უნდა დასწამონ, რომ ისინიც თურმე რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფილან?!
„როგორც თეოლოგი, ვერაფრით გავიზიარებ ფსევდოთეოლოგების მოსაზრებას, რადგან იქ იხილება ისეთი საკითხები, რაც ყველანაირ წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ სწავლებასთან. აქედან გამომდინარე, ეს იზოლაცია კი არ არის, არამედ ეს არის სამყაროსთვის იმის მინიშნება, რა არის თეთრი და შავი. თუკი ჩვენი ეკლესია რაიმე სახით მაინც მიიღებს მონაწილეობას ამ კრებაში, მაშინ აუცილებელი იქნება, ჩვენმა დელეგაციამ მტკიცედ დაიცვას მართლმადიდებლური პოზიცია და ის პედაგოგიური როლი, რომლის ფუნქციაც აქვს ეკლესიას. ჩვენი ეკლესიის პოზიცია დამაფიქრებელი იქნება იმ სასულიერო პირებისთვის, რომლებიც გადახრილნი არიან მართლმადიდებლური მოძღვრებიდან და აღარ მისდევენ წმინდა მამებისა და მსოფლიო კრებების მიერ დადგენილ ჭეშმარიტ სწავლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეკლესია, მათ შორის, განსაკუთრებით, საქართველოს ეკლესია ცდილობდა, რაიმე შეცვლილიყო მსოფლიო კრების დოკუმენტებში და მართლმადიდებლურ სწავლებასთან შესაბამისობაში მოსულიყო, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვა. თავის დროზე, როდესაც ჩვენი ეკლესია გამოვიდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან, ე.წ. ლიბერალები მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს იყო იზოლაცია, კარჩაკეტილობა, მაგრამ ჩვენ არ ჩავკეტილვართ, ყველასთან გაგვიგრძელებია მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობა. ასევე, ამ კრებაზე არწასვლა არ ნიშნავს ვინმესთან ურთიერთობის შეწყვეტას, გაგრძელდება დიალოგები, მეგობრობა. უბრალოდ, ამით დავიცავთ ჩვენს მართლმადიდებლურ პოზიციას“, - აღნიშნა ლაშა ცაიშვილმა.
რაც შეეხება მსოფლიო კრებაზე განსახილველ კონკრეტულ საკითხებს, თეოლოგმა განმარტა, რომ მიუღებელია შერეული ქორწინების ლეგალიზაცია, რადგან არ შეიძლება მართლმადიდებლის ერთობლივი რელიგიური მსახურება სხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანთან. ჯვრისწერის დროს ისინი ერთად ლოცულობენ და ეს ერთობლივი მსახურება გამოდის, ამ დროს კი ერთობლივი ჯვრისწერა დასაშვები იქნება მაშინ, თუკი არამართლმადიდებელი მეორე ნახევარი გადმოვა მართლმადიდებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ეკუმენისტური ერთობა, ეკუმენისტური ლოცვა გამოვა, რაც სჯულის კანონით, წმინდა წერილითა და მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით დაუშვებელია.
ლაშა ცაიშვილის თქმით, ასევე, ამ კრებაზე იგეგმება ეკუმენიზმთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და არის საფრთხე იმისა, რომ ლიბერალური დამოკიდებულება გაჩნდეს სხვადასხვა რელიგიასთან, ქრისტიანულ კონფესიებთან გაერთიანებასთან დაკავშირებით.
„ზოგადად, მართლმადიდებლური თვალთახედვით, გაერთიანებაში ცუდი არაფერია, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ის ქრისტიანული დენომინაციები, რომლებიც ოდესღაც, სხვადასხვა საუკუნეებში ჩამოშორდნენ მართლმადიდებლობას (ან ახლად შექმნილნი არიან), მიიღებენ მართლმადიდებლურ სწავლებას და დაგმობენ თავიანთ არამართლმადიდებლურ შეხედულებებს. ხოლო, თუ ეს კონფესიები თავიანთ მწვალებლურ სწავლებას დაიტოვებენ და მოინდომებენ მართლმადიდებლობასთან აღრევას, ეს იქნება ქაოსი და ჭეშმარიტების შეურაცხყოფა, რაც სჯულის კანონით, წმინდა წერილით და წმინდა მამებზე დაყრდნობით მიუღებელია და, ვინც ქადაგებს, რომ ეს სწორია, ის ერეტიკოსია. გარდა ამისა, არც ნათესაური ქორწინებაა მისაღები. ამასთან, ამავე კრებაზე უნდა განიხილონ მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებები, ექნება თუ არა მას სამქადაგებლო მოღვაწეობის უფლება. შესაძლოა, ეს უფლება შეფარულად, ამ დოკუმენტების მიხედვით, აეკრძალოს ეკლესიას.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საუკუნეების განმავლობაში თავგანწირულად იცავდა და არასდროს უხვევდა მართლმადიდებლობიდან. ამას მოწმობს გიორგი მთაწმინდელის სიტყვებიც, რომ ჩვენ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაგვიხვევია, ყოველთვის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ვიდექითო და ეს ტრადიცია ჩვენს ეკლესიაში დღემდე გრძელდება. მწამს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ჩვენი ეკლესია ღირსეულად იქნება მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი“.
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევაში საქმე ეხება სწორედ თეოლოგიურ კამათს, თუ როგორ გვესმის ჩვენ თანამედროვე ეკლესია. თეოლოგის განმარტებით, აქ მთავარი რუსეთის გავლენა კი არ არის, არამედ მთავარია, რომ კრებაზე გატანილი საკითხები არანაირად არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას. ამდენად, კრება უნდა ჩატარდეს და საქართველოს ეკლესიამ მკაცრი პოზიცია არ უნდა გამოხატოს, რადგან ამ კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა დიდი ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ეკლესიისთვის.
„ეს არ იქნება ავტომატურად განხეთქილება, მაგრამ, რასაკვირველია, იქნება ბზარი მართლმადიდებლობაში. 50 წელზე მეტია მზადდება ეს კრება და ამ დროს შენ ორი თვით ადრე ამბობ, არ მივდივარო. რაც შეეხება ანტიოქიას, მას იერუსალიმთან აქვს პრობლემები, თუ ვინ დამწყემსავს არაბულ ქვეყნებს, კერძოდ, ყატარს. არც შერეული ქორწინებაა დიდი არგუმენტი, რადგან კარგა ხანია, მართლმადიდებელი ეკლესია უშვებდა კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ქორწინებას მართლმადიდებლურ ეკლესიაში მართლმადიდებლური წესით. ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი აუცილებლად მწვალებლობაა. იგივე საბერძნეთის ეკლესია უცხოეთში ასეთ ქორწინებებს უშვებს. რასაკვირველია, საქართველოს ეკლესიას შეუძლია თქვას, რომ არ შეიძლება ამის დაშვება, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, თუ სირბილეს არ გამოიჩენს ჩვენი ეკლესია, უბრალოდ დავკარგავთ უამრავ მრევლს, რადგან ყველას არ აქვს ისეთი რწმენა, რომ მაინცდამაინც მართლმადიდებელზე იქორწინოს და ის მართლმადიდებლობაზე გადმოიყვანოს. ამიტომ წავა და სხვაგან დაიწერს ჯვარს. მით უმეტეს, შერეული ქორწინებები ხშირია ევროპაში, ამერიკაში, ყოველი ათიდან რვა ქორწინება ქრისტიანობის სხვადასხვა განშტოებას შორის ხდება. ამიტომ ზედმეტი სიმკაცრე ხშირად ეკლესიას აზარალებს.
ეს არ არის 21-ე საუკუნის გამოგონება, ეკლესია ყოველთვის გადიოდა ორ უკიდურესობას შორის - არც ძალიან სიმკაცრე და არც ძალიან შერბილება, არამედ საშუალო გზა. კრება სწორედ იმისთვის არის, რომ ამ საკითხებზე იმსჯელონ. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ არავინ არ უნდა დაესწროს ამ კრებას და მაშინ ჩვენ ვიქნებით მართლმადიდებლობის შუქურა მთელ მსოფლიოში. არადა, კრება უნდა შედგეს, რომ მოგვარდეს ეს საკითხები და ამით ჩვენი ერთობა დავადასტუროთ“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ და შეკითხვის საპასუხოდ, ამჟამინდელი მსოფლიო სამღვდელო დასი რჩება თუ არა ერთგული ეკლესიის ფუნდამენტალური ღირებულებებისა, აცხადებს, რომ პრობლემა ისაა, საკუთარი თავი ყველას სწორი ჰგონია და არავინ იტყვის, მწვალებელი ვარო. როდესაც თეოლოგი ედიშერ ჭელიძე გამოდის და ამბობს, რომ მსოფლიო კრების დოკუმენტების სული არ ემთხვევა მართლმადიდებლური ეკლესიის სულს და საქართველოს ეკლესიას პარალელური კრების ჩატარებას მოუწოდებს, ეს ძალიან დიდი კადნიერებაა.
ამ დროს, თეოლოგის თქმით, საქართველოს ეკლესიის საკურთხეველში კათოლიკებსა და პროტესტანტებს აზიარებდნენ კიდეც.
„რა ვიცით, იქნებ, მაშინ იყო სწორი პატრიარქი, როდესაც ასეთი ხელგაშლილი იყო და ახლა ზედმეტი ფუნდამენტალიზმი მოსდის? ამის განმსჯელი ღმერთია, ღმერთი კი არის მთლიან ეკლესიაში“.