ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ნახევარი წლით გაახანგრძლივებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ნახევარი წლით გაახანგრძლივებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნახევარი წლით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Financial Times-ი საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის თანახმად, სასანქციო რეჟიმი მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტამდე იმოქმედებს, რის შემდეგაც ბრიუსელი ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

უკვე ორი წელი გავიდა, რაც ევროკავშირმა რუსეთისთვის „მოიცალა“ და აშშ-თან ერთად სანქციები უკრაინის კონფლიქტში მისი ჩართვის გამო დააწესა. სანქციების თარიღის ათვლა 2014 წლის ივლისში დაიწყო. 2015 წლის დეკემბერში კი გადაწყდა, რომ ევროკავშირი რუსეთს სანქციებს დამატებით კიდევ 2016 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივებდა. იმხანად სანქციების გახანგრძლივების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გახლდათ. არასამხედრო, ე.წ. რბილი ძალის ფარგლებში დაწესებული სანქციები მიანიშნებდა, რომ დასავლეთი რუსეთს უკრაინის სამხედრო კონფლიქტში მონაწილე მხარედ მიიჩნევდა, რასაც თავად რუსეთი კატეგორიულად უარყოფდა. აღსანიშნავია, რომ არც ევროკავშირს და არც აშშ-ს შეიარაღებული ძალების გამოყენებით რუსეთისთვის პასუხის გაცემა ერთ-ერთ შესაძლებლობად არ განუხილავთ.

ცხადია, სანქციების დაწესებით განსაკუთრებულად ზარალდებიან ევროკავშირის აგრარულად დაწინაურებული ქვეყნები (ესპანეთი, პორტუგალია, იტალია), რადგან ეკონომიკური სანქციების დანერგვამდე რუსეთი ევროკავშირის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირი დათმობას კიდევ ექვსი თვით არ აპირებს.

დღემდე კითხვა კითხვად რჩება, აღწევს კი ევროკავშირი თავის მიზანს? რეალურად, რა არის ევროკავშირის მთავარი პრობლემა, დონბასის გათავისუფლება, ყირიმის დაბრუნება თუ უფრო მეტი - მოსკოვის რეჟიმის ცვლილება და უტოპიური მიზნის მიღწევა, რომ კრემლის სათავეში დემოკრატიული მმართველობა მოვიდეს? ხომ არ ხდება ისე, რომ ამ სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის მაჩვენებელი იკლებს, მაგრამ თავად რუსეთის პოზიციის შეცვლა ვერ ხერხდება?

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტაქტიკა გახლავთ ამგვარი, გარკვეული დროის გახანგრძლივებით რუსეთი იმ აზრამდე მიიყვანონ, სიტუაცია შეცვალოს. ჩვეულებრივ, ასეთი მიდგომა ტრადიციული და ფართოდ გავრცელებულია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის შემთხვევაში ტრადიციული სტანდარტული მიდგომები ხშირად არ მუშაობს. ამ შემთხვევაშიც, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა პრაქტიკულად ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ, ჯერჯერობით ეფექტი საკმარისი არ არის. თუმცა რუსეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიადგა და რუსეთი იძულებული გახდა, უკან დაეხია, უფრო სწორად, ხელი აეღო არაერთ აგრესიულ პროექტზე, რომლის განხორციელებასაც აპირებდა.

„ვერ ვიტყვი, რომ ეს აგრესიული პროექტები მაინცდამაინც საქართველოს შეეხებოდა, ჯერჯერობით ეს არსად ჩანდა და არ გვქონია ამის ნიშანი, მაგრამ არის უამრავი სამხედრო თუ სამხედრო პოლიტიკური პროექტი, რომელთა განხორციელების საშუალება რუსეთს უბრალოდ აღარ აქვს. ეს შეიძლება ჩაითვალოს ამ სანქციების დამსახურებად, მაგრამ უფრო ფართო სტრატეგიულ პლანში რუსეთს თავის გეგმებზე ხელი არ აუღია. ასე რომ, ამ სანქციებმა საბოლოო მიზანს ჯერჯერობით მაინც ვერ მიაღწია. რაც შეეხება საკითხს, კიდევ ნახევარი წლით სანქციების გახანგრძლივება მცირეა თუ არა რუსეთისთვის, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იქნება ეს 6 თვე, 8 თვე, თუ 12 თვე, მთავარია, ამან იმოქმედოს საერთაშორისო წესების დამრღვევ სახელმწიფოზე, მის პოლიტიკაზე და აიძულოს იგი თავისი კურსის კორექტირება მოახდინოს“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სანქციების თუნდაც ექვსთვიან გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ერთიანი კონსენსუსის მიღწევა ძალზე გაჭირდა ევროკავშირში გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მაგალითად, ესპანეთი, იტალია, გერმანია და მათი ბიზნესწრეები უკმაყოფილონი არიან ამ სანქციებით. ეს ქვეყნები კარგავენ რუსულ ბაზარს და მილიონობით ზარალს ნახულობენ ამ სანქციების შედეგად. აქედან გამომდინარე, ბიზნესწრეების მხრიდან გარკვეული ზეწოლა დღესაც მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებებზე, მათ ჰქონდათ კონსულტაციები საკუთარ მთავრობებთან და სულ უფრო ხშირად ითხოვენ, გადაიხედოს ასეთი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით.

„უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მაინც მოახერხეს და მკაცრი პოზიცია დაიჭირეს, რადგან რუსეთი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. თუმცა შემდგომში რა იქნება და რამდენ ხანს გაგრძელდება სანქციების შენარჩუნება, ცოტა რთული სათქმელია. ვფიქრობ, ნახევარწლიანი სანქციები რუსეთისთვის საკმარისი არ არის. უბრალოდ, ევროკავშირი იმის შანსს აძლევს რუსეთს, გადახედოს საკუთარ პოზიციას და გარკვეულ დათმობაზე წავიდეს უკრაინასთან მიმართებით. თორემ ახლა ორწლიანი სანქცია რომ დააკისრონ რუსეთის ხელისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ყველა გზას დაამსხვრევენ რუსეთთან ურთიერთობისთვის. ამიტომ შემოიფარგლებიან მოკლევადიანი სანქციებით და შედარებით იოლად ცდილობენ ფონს გასვლას“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.