წამების დანაშაულის შესახებ მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, ასეთ დანაშაულებთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა აეკრძალებათ.
დადგენილების პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ დადგენილებაში შეუძლიათ შეიტანონ პუნქტი, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება, ასევე, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აეკრძალებათ იმ ადამიანებს, ვინც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არიან (ან იქნებიან) ცნობილნი წამების დანაშაულებისათვის (ეს არის წამება, წამების მუქარა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა). ბესელიას თქმით, ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება პარლამენტარებისგან. პარლამენტის სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ კი კოლეგებს მიულოცა, რომ მათ წინა ხელისუფლების რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება შესძლეს.
სპეციალური დადგენილების თანახმად, არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება, ომის მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.
ის, რომ წამებასთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა აეკრძალებათ, წინასაარჩევნო პიარის ნაწილად მიაჩნიათ ყოფილ პოლიტპატიმრებს და მათი მწამებლების კანონის მიხედვით დასჯას ითხოვენ.
2011 წლის ვირტუოზული ყინწვისის სპეცოპერაციით დაზარალებული ოლეგ კეშელავა, რომელსაც ყინწვისში ჩადენილი „დანაშაულისთვის“ და რუსულ სამხედრო გადატრიალებასა და შეთქმულებაში „მონაწილეობისთვის“ დასდეს ბრალი, როცა ის რეალურად თბილისში იმყოფებოდა, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არანაირად არ შეიძლებოდა მათი მწამებლების სამსახურში დატოვება. ოლეგ კეშელავა თვლის, რომ თუკი სასამართლო პროცესები ნორმალურად ჩატარდებოდა, კარგად გამოჩნდებოდა წამების შემოქმედნი რა დონეზე უნდა დასჯილიყვნენ. ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტი იქნებოდა, მაგრამ მანამდე ისინი აუცილებლად უნდა მოშორებოდნენ სახელისუფლებო შტოებს.
„წამების დანაშაულთან დაკავშირებული პირების სახელმწიფო სამსახურებში შენარჩუნება დანაშაული იყო. ამ ადამიანებმა ამდენი ხნის განმავლობაში რომ შეინარჩუნეს სახელმწიფო სამსახურები, ამიტომაც აბრკოლებდნენ ჩვენი საქმეების გამოძიებას. ისინი სამსახურებში წინაურდებოდნენ, ყველანაირი სიკეთით სარგებლობდნენ. ეს ხომ იმის წინაპირობა იყო, რომ შემდეგი ხელისუფლებებიც ანალოგიურს გაიმეორებდნენ?! ეს ეხებათ გამომძიებლებს, პროკურორებს, ქალაქის სამმართველოს თანამშრომლებს, მოსამართლეს, ყველას, ვინც დაგვიჭირა. დღემდე მაინტერესებს, რისთვის დასჭირდათ ჩემი პიროვნება, რომ მიმაკერეს ყინწვისის ამბავს? მე ხომ არც ქმედება ჩამიდენია, არც რაიმე განცხადება გამიკეთებია. რატომ მიმაბეს ამ საქმეს? მათთან ერთად საერთოდ არ ვყოფილვარ და ერთ კაცს ვიცნობდი მხოლოდ სახელითა და გვარით. ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. ჩემთვის აბსოლუტურად ყველა უცხო იყო“, - აღნიშნა ოლეგ კეშელავამ.
მისივე თქმით, მასთან მოსალაპარაკებლად მიდიოდნენ, სთავაზობდნენ აღიარებით ჩვენებას, რის სანაცვლოდაც, ჰპირდებოდნენ, მაქსიმუმს არ მოგცემთ, მინიმუმს დასჯერდები და გახვალო. ეს პირდაპირი ვაჭრობა იყო.
„მე დამსჯელი ორგანო არ ვარ, მაგრამ აქ მთელი ინსტიტუტები იყვნენ ჩართულნი. მათი დაჭერის გარეშე დატოვება როგორ შეიძლებოდა? ხომ ნახეთ, რა პრეტენზიები გაუჩნდათ? ხედავთ, სიტუაცია როგორ ტრიალდება და ნაციონალებმა როგორ ამოიღეს ხმა? ამან შეიძლება ბევრად უფრო ცუდი მოვლენები შვას, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. კამერაში კი არა, სამ კვადრატულ მეტრში ვიყავი და იქ იჯდა ამავე საქმეზე დაკავებული კაცი და თავის ამბავს მიყვებოდა. ვუთხარი, მეც ყინწვისის სპეცოპერაციის გამო ვარ დაკავებული და შენ მე მიცნობ-თქო? არადა, იმავე პიროვნებამ დამადო ხელი სასამართლოზე, შეთქმულებს ეს ხელმძღვანელობდაო და ამ დროს ფიზიკურად არ ვენახე, მაგრამ წამებით აიძულეს ასე ეთქვა“.
ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ნაციონალებისდროინდელი გუანტანამოს წამების მეთოდები და მოხრჩობის იმიტაცია, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წამებაში მონაწილე პირებისთვის ციხეში უნდა მიეჩინათ ბინა, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ის ფაქტი, რომ ისინი აქამდე ინარჩუნებდნენ თანამდებობას, სახელმწიფოს მხრიდან მათი დაფარვის პოლიტიკა, დანაშაული იყო. ამ ჯალათების რიცხვი საკმაოდ იყო სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის, საუბარია პროკურორებზე და ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც უშუალოდ აწამებდნენ პოლიტპატიმრებს. მარტო ჩემს საქმეში ხუთი მწამებელი იყო და დღესაც ხუთივე მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში. ასე არ ხდება გერმანიაში, თუნდაც - ჩილეში. ჩილეში ყველა ასეთი ჯალათი სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი იყო დენიკინის შვილიშვილი, რომელიც ეგრევე დიდი ხნით ციხეში გაუშვეს. ავგუსტო პინოჩეტის დანაშაულს კი ხანდაზმულობა მოუხსნეს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო სამსახურებში ჯალათების შენარჩუნება ეს იყო კოაბიტაციის შედეგი, თუ დაუსჯელობის სუფთა ქართული მოვლენა, განმარტა: „ეს იყო პოსტსაბჭოთა მოვლენა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წინა ხელისუფლების დამქაშებს, დოქსოფულოებს ინარჩუნებენ, რადგან შემდგომი შავბნელი საქმეებისთვის სჭირდებათ. სანამ ამ პოსტსაბჭოთა დოქსოფულოების სინდრომს ვერ გადავეჩვევით, მანამ დემოკრატიული ქვეყანა ვერ გავხდებით. დღესაც მათთვის საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვა სხვა არაფერია, თუ არა სუფთა წინასარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ელემენტი“.