"ხშირად მინდება, როგორც ბავშვმა, ისე ვიმუშაო, იმდენად კარგები და მართლები არიან სამყაროს წინაშე“

საქართველოს პროფკავშირების შემოქმედთა კავშირმა, ქალბატონი სვეტლანა ჩოჩუას ხელმძღვანელობით „ნორჩ მხატვართა“ გამოფენა მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იქნა კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრები. კონკურსანტთა ასაკობრივი ზღვარი ხუთიდან თვრამეტ წლამდე ბავშვებს შეადგენდა, რომლებიც სხვადასხვა სკოლებს წარმოადგენდნენ. გამოფენა-დაჯილდოვების ცერემონია ცოცხალი მუსიკის ფონზე წარიმართა, სადაც მონაწილეებს I, II, და III ხარისხის დიპლომები გადაეცათ.

ჟიურიმ მოზარდთა ნახატები კომპოზიციური განაწილების, თემის, შესრულების მანერის და ზოგადად სურათის ესთეტიკურობის მიხედვით შეარჩია.

„არაჩვეულებრივად შესრულებული ნამუშევრებია. ჩვეთვის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბავშვის ნახატისადმი უშუალო დამოკიდებულებაშია, როდესაც გრძნობს და სუფთად გადმოსცემს იმას რაც სურს“, -აღნიშნა For.ge -სთან საუბრისას მხატვარმა დავით პოპიაშვილმა.
რაც შეეხება კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ ასლებს, როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, მათ ისინი არ შეუფასებიათ, რადგან მნიშვნელობა მოზარდის განცდას და შემოქმედებას მიენიჭა.

„ასლებს უპირატესობა არ მივანიჭეთ, რადგან ასლი არის სავარჯიშო წინსვლისთვის. იქ რთულია განსაზღვრო ბავშვის შემოქმედება და დამოკიდებულება ნახატისადმი, ან თემისადმი. რთულია გაიგო, ის რას განიცდის, ამიტომ ასლებს არანაირი შეფასება არ მივეცით“,- განაცხადა დავით პოპიაშვილმა.
„ნორჩ მხატვართა“ შემოქმედებაზე სამხატვრო აკადემიის პედაგოგმა დავით ბაძაღუამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვური, მაგრამ საინტერესო ემოციები იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით კი აქცენტი პატარა ასაკის ბავშვებზე გააკეთა, რომელთა შემოქმედება თავისას ჰგავს.

„ბავშვური ემოციებით შევივსე და ამას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემთვის, ჩემს ფერწერაში. ბავშვური, მაგრამ საინტერესო ემოციები იყო წარმოდგენილი. აქცენტს გავაკეთებ 5, 6, 7 წლის ბავშვებზე, რომლებიც საოცრად კარგები არიან. ხშირად მინდება, როგორც 5-6 წლის ბავშვმა, ისე ვიმუშაო იმდენად კარგები და მართლები არიან სამყაროს წინაშე“,- აღნიშნა დავით ბაძაღუამ.

სამხატვრო აკადემიის პედაგოგმა კონკურსში მონაწილე დების ანასტასია და სოფო ჯმუხაძეების ნამუშევრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო ნახატებია.
5 წლის ანასტასია ჯმუხაძის ნახატი „ქათამი“ კი, მისთვის თავისუფლების გამოხატულებაა.

„პირველად ანასტასიას ნახატზე - „ქათამი“, დიდი აქცენტი ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეის დირექტორმა გააკეთა. მართლაც იშვიათობაა მხატვარმა, თუნდაც დიდმა მხატვარმა, ასეთი კომპოზიცია მოიფიქროს, გადაწვიტოს გატიტვლებული, ფეჩში ჩასადებათ გამზადებული ქათამი დახატოს. ამ ბავშვმა ეს, რომ გადაწყვიტა ესე იგი მასში არის გადაწყვეტილების თავისუფლება და გამბედაობა რაც ყველას სჭირდება. მხატვრობაში ხომ უმთავრესი თავისუფლებაა“, -აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას დავით ბაძაღუამ.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს საქართველოს პროფკავშირების შემოქმადთა კავშირის თავმჯდომარემ სვეტლანა ჩოჩუამ განაცხადა, რომ ოქტომბერში იგეგმება გამოფენა, სადაც მონაწილეობა, როგორც ახალ, ასევე უკვე დაჯილდოვებულ მოზარდებს შეეძლებათ.

„ოქტომბერში ვგეგმავთ „ნორჩი მხატვრების“ ახალ გამოფენას, ეს არის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი ხალხური შემოქმედების ბავშვთა და მოზარდთა შორის, რომელიც ქობულეთში ტარდება სადაც 7 ქვეყანა ჩამოდის. კონკურსი თემატურია და ქვია „ჩემი ლამაზი ქვეყანა“.
პროფკავშირების შემოქმედთა კავშირის თავმჯდომარემ ასევე თბილისის მერიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონკურსებისადმი მერიის მხრიდან ნაკლები დაინტერესებაა.

„რამდენჯერმე მივმართეთ თბილისის მერიას მსგავსი კონკურსების ხელშეწყობისთვის, მაგრამ, მერია ნაკლებ ინტერესს იჩენს შემოქმედებისადმი. ახალგაზრდების ხელშეწყობა ჩვენი ძალებით გვიწევს“,- აღნიშნა For.ge -სთან საუბრისას სვეტლანა ჩოჩუამ